გაცვლით პროგრამაში მონაწილე გამოცდილებას გვიზიარებს

18 ნოე 2016

სტუდენტისთვის საზღვარგარეთ სწავლა წარმატებული მომავლისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. თითოეულ სტუდენტს სურს, რომ განათლება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღოს. ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო გზა კი სწორედ გაცვლითი პროგრამებია. საქართველოში უკვე ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებმაც სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის საშუალებით განათლება სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს. 

მარი ლეკიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების III კურსის სტუდენტია. ის ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანია, რომელიც დღეს ევროპაში სწავლის გამოცდილებას სხვებს თამამად უზიარებს:

- მარიამ, რომელ გაცვლით პროგრამაში მიიღე მონაწილეობა და მოკლედ რომ გვესაუბრო მის შესახებ.

- გაცვლითი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, „ერასმუს + “-ია. ეს არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც ერთ სემესტრიანია და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება. „ერასმუს +“ აგრეთვე ახორციელებს პროექტებს განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებებით. მის მიზანს განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ტრენინგების განხორციელება და ახალგაზრდებთან მუშაობა წარმოადგენს.

- როგორ აღმოჩნდი ამ პროგრამაში?

- გაცვლითი პროგრამების არსებობის შესახებ, სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, მანამდეც ვიცოდი. ასე რომ, როგორც კი მეორე კურსზე გადავედი, გავიგე როდის იყო ტესტის წერის თარიღი და გამოცდაზე გავედი. ჩემი შედეგების მიხედვით მეორე ტურში გადავედი. ამის შემდეგ საჭირო იყო საბუთების შეგროვება და გასაუბრება. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ გერმანიიდანაც დადებითი პასუხი ჩამოვიდა. შესაბამისად, პირველივე ცდით მოვხვდი აღნიშნულ პროგრამაში.

- რა არის ყველაზე მთავარი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად, როგორ უნდა მოემზადო გასაუბრებისთვის?

- სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა გქონდეს კარგი სამოტივაციო წერილი, ლექტორის რეკომენდაცია, მაღალი აკადემიური მოსწრება და, ბოლოს, წარმატებული გასაუბრება. ამ 4 კრიტერიუმს აქცევენ ყურადღებას. საბუთების შეგროვებისა და გადაგზავნის შემდეგ მეორე დღესვე მქონდა გასაუბრება, ოღონდ ისე, რომ ამის შესახებ გასაუბრების დღეს, რამდენიმე საათით ადრე გავიგე. ჩემს შემთხვევაში გასაუბრებისათვის მოსამზადებელი დრო, ფაქტობრივად, არ მქონდა. ჩემი აზრით, ამ საკითხს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. გასაუბრებიდან გამოსული ახალგაზრდები ყოველთვის სხვადასხვა ინფორმაციას ფლობდნენ. ზოგს, მაგალითად, სირიის კრიზისზე ეკითხებოდნენ, ზოგს კი ლიტერატურულ პერსონაჟებზე. საბოლოოდ, ვასკვნი, რომ გასაუბრება წარიმართება იმ კუთხით, როგორი კუთხითაც მას სტუდენტი „წაიყვანს“. შესაბამისად, გასაუბრებაზე უნდა ილაპარაკონ ისე, რომ ყველანაირ ქვეკითხვაზე არგუმენტირებული პასუხი ჰქონდეთ. გამსაუბრებელს წინ უდევს სამოტივაციო წერილი და მან მეტი არაფერი იცის შენს შესახებ, არც წინასწარ დაწერილი რაიმე კითხვა აქვს, გამომდინარე აქედან, შენი ბედი მთლიანად შენს ხელშია.

- რა უპირატესობა აქვს დასავლეთის განათლების სისტემას ქართულ სისტემასთან შედარებით?

- დასავლური განათლების სისტემა მთლიანად ორიენტირებულია წაკითხული მასალის ანალიზზე, მის შენეულ ინტერპრეტაციაზე. იქ არავინ გთხოვს რაიმე მოვლენის დაზეპირებას, ჩვენთან ძალიან გავრცელებული ქუიზის სისტემაც არაა იქ პოპულარული. ძირითადად ითხოვენ, რომ მასალა წაიკითხო და ამ მასალაზე შენი მოსაზრება, შენი კრიტიკული აზრი გამოთქვა.

შეფასების სისტემაც რადიკალურად განსხვავდება ქართულისაგან. მართალია, იქაც არსებობს სხვადასხვა სახის შეფასება, თუმცა, ძირითადად, ტენდენციურია ის, რომ იქ საბოლოო ნიშანი მთელი სემესტრის მანძილზე დაგროვებული ქულათა ჯამით არ იწერება. გაქვს უფლება აირჩიო საბოლოო გამოცდის ტიპიც. არსებობს ზეპირი გამოკითხვა და არსებობს შემაჯამებელი წერითი გამოცდაც - წერ 15-20 გვერდიან თემას განვლილი მასალიდან და, აქედან გამომდინარე, გიწერენ საბოლოო შეფასებას. ლექციებზე დასწრება სავალდებულოა, ორ-სამ გაცდენაზე მოკლე ესეს დაწერა გიწევს.

ასევე არსებობს მხოლოდ სემინარის ტიპის საგნები. კითხულობ მასალას და ამ მასალაზე საუბრობ, გამოთქვამ შენს მოსაზრებას, კრიტიკას - რაში ეთანხმები, რაში - არა. მთელი 1,5 საათი ამაზე მსჯელობ, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ლექტორი ხსნის მასალას და შემდგომ ვამუშავებთ ამას სახლში. ასეთი სემინარის ტიპის საგნებზე იქ პირიქით ხდება: ჯერ შენ კითხულობ მასალას, ხოლო შემდგომ განიხილავ სემინარზე.

- როგორი დამოკიდებულება აქვთ იქაურ სტუდენტებს ქართველებისა და, ზოგადად, უცხოელი სტუდენტების მიმართ?

- გამოკვეთილი დამოკიდებულება ქართველების მიმართ, რომ მოსწონთ ან არ მოსწონთ, არ შემიმჩნევია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე „ცივ ერთან” მქონდა 5 თვის განმავლობაში შეხება, უცხოელი სტუდენტების მიმართ მათი ცუდი დამოკიდებულება არ მიგრძნია. თუმცა უნდა ვაღიარო ისიც, რომ ჩვენ მიმართ დიდი დაინტერესებაც არ ჰქონიათ. ისინი თავის საქმეს აკეთებდნენ, ჩვენ ჩვენსას, მაგრამ როცა რაიმე კითხვა გამიჩნდებოდა, ყოველთვის მზად იყვნენ დასახმარებლად. თუ ვეუბნებოდი, რომ გაცვლითი პროგრამით და, ამავდროულად, პირველად ვიყავი საზღვარგარეთ, ყოველთვის იყო მათგან ე.წ. საქებარი სიტყვები. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანიაში პირველად ვიყავი, 19 წლის ასაკში გერმანული ნორმალურად ვიცოდი და უკვე უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ამასთან ერთად, ისეთი რთული საგნები მქონდა აღებული, რომელიც თვითონ გერმანელებსაც უჭირდათ.

- აქვთ თუ არა გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს მუშაობის უფლება?

- გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს, უშუალოდ, გერმანიაში მუშაობის უფლება არ აქვთ, ვინაიდან წასვლა სასწავლო ვიზით ხდება.

- როგორია სტუდენტური ცხოვრება საზღვარგარეთ?

- იქაური სტუდენტური ცხოვრება ნამდვილად ისეთი იყო, როგორიც ბავშვობაში წარმომედგინა და როგორსაც ფილმებში ვნახულობდი. ხარ სრულიად დამოუკიდებელი, გიწევს ყველაფრის შენს თავზე აღება - საჭმლის გაკეთებიდან დაწყებული მთელი თვის ბიუჯეტის გადანაწილებით დამთავრებული. პოლონეთისა და გერმანიის საზღვარზე მდებარე ქალაქ ფრანკფურტში ვცხოვრობდი. ერთი ხიდი აკავშირებდა პოლონეთის ქალაქ სლუბიცესთან და დაახლოებით 4-5 წუთში გადავდიოდით ყოველგვარი კონტროლის გარეშე. სლუბიცეში საჭმელებიც და პროდუქტებიც გერმანიასთან შედარებით 2-ჯერ იაფი იყო. ამ მხრივ, ნამდვილად გაგვიმართლა გერმანიაში მყოფი სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით. ბერლინამდე მატარებლით 1 საათი-1.10 წუთი გვჭირდებოდა. ჩემი საცხოვრებელი პატარა სტუდენტური ქალაქი იყო, სადაც ბევრი ღონისძიება იმართებოდა. საკმაო რაოდენობის ბარი და კლუბია გასართობადაც. იყო ერთი ბარი, სადაც ყოველ კვირა სხვადასხვა ნაციონალობის წარმომადგენლები საკუთარ, ნაციონალურ კერძებს აკეთებდნენ. ერთხელ, ჩვენ, ქართველებსაც მოგვიწია ჩვენი სამზარეულო გაგვეცნო სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.

გარდა ამისა, უნდა ვისაუბრო იქ მყოფ ქართველ სტუდენტებზეც, რომლებიც ჩემამდე ერთი სემესტრით ადრე „Eრასმუს Mუნდუს Hერმეს“-ის პროგრამით იმყოფებოდნენ. მათი დამოკიდებულება ჩემდამი ნამდვილად ბევრს ნიშნავდა, რადგან საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა - მარტო როგორ უნდა მეცხოვრა უცხო ქვეყანაში.

იმ ყველაფრის ფონზე, რომ სწავლობ დამოუკიდებლობას, მარტო ცხოვრებას, ეცნობი სხვა ქვეყნის კულტურას, ცხოვრების ტიპს, ღირებულებებს და საკუთარი თავი მთლიანად შენ გეკუთვნის - ეს ყველაფერი მიმზიდველი, მარტივი ჩანს, მაგრამ, ამასთანავე, ეს დიდი პასუხისმგებლობა და, უპირველეს ყოვლისა, გამოწვევაცაა - საკუთარი თავის გამოცდა; რამდენად შეგიძლია სრულიად მარტო რეალიზებულ პიროვნებად ჩამოყალიბდე; მიიღო გადაწყვეტილებები, რომელზეც პასუხისმგებელი ხარ მხოლოდ და მხოლოდ შენ.

- საზღვარგარეთ ყოფნის დროს ყველაზე მეტად რა გენატრებოდა?

- ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა წავიდოდი, აუცილებლად გავძლებდი და არ მომენატრებოდნენ ჩემთვის უახლოესი ადამიანები. თუმცა ცხოვრებამ გაკვეთილი ჩამიტარა. დამანახა, რომ ყველასა და ყველაფრის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ჩემი წარმოდგენა ასეთ ცხოვრებაზე სრული სიცრუე აღმოჩნდა. ერთი-ორად გამიმძაფრდა მონატრების გრძნობა ჩემთვის უახლოესი ადამიანების მიმართ. დიახ, ინტერნეტით ხშირი კავშირი მქონდა, თუმცა, როცა მათ გვერდით არ ხარ, რთულია ასე სოციალური ქსელით ცხოვრება და ურთიერთობა. კიდევ ალუჩა მენატრებოდა (იღიმის), ოღონდ მართლა. დანარჩენი ყველაფერი იმ რაოდენობით გამატანეს, რაც სამყოფი იყო ხუთი თვის განმავლობაში.

- რას ურჩევდი იმ სტუდენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ განათლების მიღება?

- რაც შეეხება უშუალოდ განათლების მიღებას, ჩემი აზრით, ის უნივერსიტეტი, რომელშიც ახლა ვსწავლობ, ბაკალავრის დონეზე არსებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს; გაძლევს ცოდნას, რომელიც შემდგომ მაგისტრატურაში უნდა გააღრმავო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დასავლური განათლება კარგია მას შემდეგ, როდესაც უკვე რაღაც საფუძველი გაგაჩნია პროფესიაში და მასზე დაშენება, მისი უფრო მეტად გაღრმავება გსურს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგეც მყავს ამ საკითხში. ჩემი გამოცდილება გერმანიაში, გერმანულად სწავლასთან დაკავშირებით, მაძლევს იმის უფლებას, რომ ზემოთ აღნიშნული ვთქვა. იქ ცოტა განსხვავებული აზროვნებაა, სხვანაირი სწავლის ტიპი, ასე რომ, საჭიროა რაღაც ცოდნა გაგვაჩნდეს, რათა იქ, ჩვენ, როგორც პიროვნებები, არ დავითრგუნოთ და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მოგვეცეს.

ჟუჟუნა ყანჩაშვილი,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკისა და მასობრივი
კომუნიკაციის მიმართულების
სტუდენტი