სადამდე მივყავართ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას?

18 ნოე 2016

საღამოს სამსახურიდან გამოსული ახალდაოჯახებული ახალგაზრდა, იმის მაგივრად, რომ სახლში თავის ორსულ ცოლთან წასულიყო, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და კაზინოს კარი შეაღო. თავიდან მისთვის ეს უბრალოდ  გასართობი და დროის გაყვანის საშუალება იყო, მაგრამ ნელ-ნელა, 10 და 20 ლარით დაწყებული  გართობა, საბოლოოდ, 3 სახლის დაკარგვით დასრულდა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა გიორგი ნებიერიძემ  ვეღარც ოჯახის შენარჩუნება მოახერხა, რადგან უსახლკაროდ დატოვა არასრულწლოვანი შვილი და მეუღლე. ყველაფრის გარეშე დარჩენილს საცხოვრებლად დედასთან გადასვლა მოუწია, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მუშაობა დაიწყო და კაზინოსაც თავი დაანება, აღარც სათამაშო ფული ჰქონდა, მაგრამ აზარტულმა თამაშებმაც განიცადეს პროგრესი - აზარტის მოყვარულმა გიორგიმ ცდუნებას ვეღარ გაუძლო და თამაში ონლაინ რეჟიმში გააგრძელა: მართალია იმდენი აღარ წაუგია, რამდენიც კაზინოში „დატოვა“, თუმცა, საბოლოოდ, ვალების გამო ქვეყნის დატოვება მოუწია და უკანასკნელი სამი წელია უცხოეთში ცხოვრობს.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია უამრავ მსგავს შემთხვევათა შორის, რომლებიც სოციალური ნარკოტიკივით მოედო თანამედროვე ახალგაზრდობას და კაზინოებიდან ინტერნეტ-სივრცეში გადაინაცვლა. ამ ბოლო ტენდენციამ კი უფროსებთან ერთად არასრულწლოვანებშიც ღრმად გაიდგა ფესვი. თუ 21 წლამდე ასაკის ადამიანს ეკრძალება კაზინოში შესვლა, ონლაინ კაზინოებში ამის კონტროლი ვერ ხერხდება, ახალგაზრდები უფროსი მეგობრების პირადობის მოწმობით რეგისტრირდებიან და მოგებული თანხის გამოტანის დროსაც პირადობის მფლობელებს იყენებენ.

სახლიდან გაუსვლელად ფულის მოგების პერსპექტივა მხოლოდ ახალგაზრდებს არ ხიბლავს, ამ „საქმიანობაში“ ჩართულია ყველა ასაკისა და სქესის ადამიანი. 

თამაშის დროს ახალგაზრდებისთვის გაჩერება დიდ პრობლემას წარმოადგენს, ზოგი მცირე თანხაზე თამაშს აღარ სჯერდება და საქმე ათასობით ლარს ეხება: „ერთი თვის წინ 3000 ლარი მოვიგე პოკერში, რამდენიმე დღე ვთამაშობდი, დავამრგვალე ბოლო დღეს. ღამე სახლში ვბრუნდებოდი ტაქსით, კაზინო აჭარას რომ ჩავუარე, ტაქსისტმა მითხრა: - გუშინ ვიყავით მე და ჩემი ძმაკაცი და „რულეტკიდან“ „კარგი ფული მოვხსენითო“. მე საღერღელი ამეშალა, თამაში მომინდა, გავაჩერებინე ტაქსი და კაზინოში შევედი. სახლში წამოსასვლელი 10 ლარის გარდა, მთელი ფული იქ დავტოვე“, - გაამხილა თავისი ისტორია საბა ბრეგვაძემ.

ეს ფაქტი ერთჯერადი არ არის და მსგავსი პრობლემა ქართველი ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს აწუხებს. სოციოლოგ გიორგი ნუსხელაძის (სამაგისტრო ნაშრომის - „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ქართველ ახალგაზრდებში“ - ავტორი) თქმით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები იწვევს, ხოლო უშუალოდ ქართველი ახალგაზრდების კვლევისას შემდეგი მიზეზები გამოიკვეთა: გართობა, იღბლის გამოცდა, ფულის შოვნის წყარო და აზარტული ჟინის მოკვლა.

თავდაპირველად ყველა ვერც აცნობიერებს, რომ ნელ-ნელა ფულის მოგების სურვილი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაში იზრდება. ფსიქოლოგ ლიკა ბარამაძის აზრით, ქცევით დამოკიდებულებაში ფულს უმნიშვნელო ადგილი უკავია: „როგორც წესი, ეს არის პრობლემა ადაპტაციასთან, პრობლემა სამყაროში არსებობასთან, თვითდამკვიდრებასთან. ადამიანს უჭირს იმ სამყაროს წესებით თამაში, რომელშიც ის ცხოვრობს, ამიტომ მიმართავს სათამაშო დაწესებულებებს”. 

კაზინოებზე „ხანდაზმული“ ტოტალიზატორები სპორტს ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. გულშემატკივრობა მაშინ, როცა პარალელურად ფულის მოგებაც შეგიძლია, როგორც აღმოჩნდა, გაცილებით აზარტული და ეშხიანია, ვიდრე უბრალოდ საყვარელი გუნდის ქომაგობა. „ხშირად არა, მაგრამ ტოტალიზატორშიც დავდივარ და ბილეთებს ვწერ ხოლმე, როცა კარგი თამაშებია. შაბათ-კვირას ფეხბურთის ყურებას და თან ყოველ წამს ბილეთის შემოწმებას სულ სხვა „მუღამი“ აქვს. გოლს ორმაგად ელოდები და შესაბამისად ორმაგად გიხარია“, - ამბობს არასრულწლოვანი ლუკა გელოვანი, რომელიც, კანონით, საერთოდ არ უნდა დაიშვებოდეს ტოტალიზატორში.

უკონტროლოა ტოტალიზატორებში ადამიანების შესვლა, ინტერნეტ- სამყაროში კაზინოს სტუმრობა, მოგებული ფულის განაღდება. თითქოს კანონი იძლევა ყოველივე ამის პრევენციის საშუალებას, მაგრამ მხოლოდ ლმობიერად. იურისტი ლევან ალაფიშვილის თქმით, „მკაცრი, აკრძალვითი მიდგომით, ყველა შემთხვევაში, უკუშედეგს მივიღებთ, რადგან ძალიან დიდი სექტორი მიდის კანონმიღმა, რასაც ძალიან ცუდი შედეგები ექნება“. 

საკუთარ თავსა და საქციელზე კონტროლის დაკარგვა, საყვარელი ადამიანების რჩევებისა და თხოვნების უგულებელყოფა, ფულის არამიზნობრივი ხარჯვა - ეს ნარკოტიკების მოხმარების კლასიკური გამოვლინებებია, თუმცა, მხოლოდ ჰეროინის, ოპიუმის ან რომელიმე ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების თანმდევი შედეგები არ გახლავთ. როდესაც ადამიანი რაიმე ცუდზე და მისთვის საზიანოზე ხდება დამოკიდებული, იგივე შედეგებს იღებს, კარგავს კონტროლს და ეტაპობრივად ეშვება მის სიღრმეებში. ნარკოტიკი თუ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ანადგურებს ადამიანს, ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) მას მატერიალურ და მორალურ ზიანს აყენებს. ადამიანები, როგორც წესი, ნელ-ნელა ეშვებიან ამ მორევში, რომლისგან თავის დაღწევასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება. მათ, უბრალოდ, მავნე ჩვევებზე უარის თქმა უჭირთ, ხოლო ბევრად უფრო ძლიერი დამოკიდებულების გამჩენი აზარტული თამაშების „გადაგდება“ მით უფრო რთულია.

თაზო ერისთავი,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკისა და მასობრივი
კომუნიკაციის მიმართულების
სტუდენტი