შეზღუდული მხოლოდ გარემოა, რომელშიც მათ სწავლა და ცხოვრება უწევთ

18 ნოე 2016

2014 წელს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ეს გეგმა შშმ პირებისთვის ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე უწყვეტი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა შეიქმნას სპეციალური და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემა, უნდა წარმოებდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საჭიროებების უწყვეტი ანალიზი და, ასევე, ისინი უნდა უზრუნველყონ საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით. საინტერესოა, რამდენადაა ადაპტირებული საქართველოს პირველი უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთათვის.

უახლესი მონაცემებით, უნივერსიტეტში სხვადასხვა ფაკულტეტზე 9 შშმ სტუდენტი სწავლობს, ამდენად განსხვავებულია მათი საჭიროებებიც.

პირველ რიგში, ეტლით მოსარგებლე სტუდენტმა რომ შეძლოს სრულფასოვანი ინტეგრირება უმაღლესი სასწავლებლის გარემოში და მიიღოს ხარისხიანი განათლება, აუცილებელია სპეციალური ინფრასტრუქტურული მოწყობა. თსუ-ის 12 კორპუსიდან მხოლოდ რამდენიმეშია შესაძლებელი მათი გადაადგილება, სადაც სამოძრაოდ პანდუსებია მოწყობილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პანდუსები ოთხ კორპუსშია დამონტაჟებული, ლიფტით სარგებლობა კი მხოლოდ I და X (მაღლივი) კორპუსებშია შესაძლებელი. მოწყობილია სპეციალური კუთხე, სადაც მხედველობის პრობლემების მქონე სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური კომპიუტერითა და პრინტერით.

მხედველობის პრობლემის მქონე სტუდენტებს ესაჭიროებათ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი მასალები და ხელშეწყობა გამოცდების ჩასაბარებლად. მათ შორისაა ესმა გუმბერიძე. მან 2012 წელს 202-ე უსინათლოთა სკოლა დაამთავრა და თავიდან თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, სწავლების მეორე წელს თსუ-ში გადმოვიდა.

დღეს ესმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. უნივერსიტეტში გადმოსვლამდე ესმამ ადმინისტრაციასთან შეათანხმა სწავლებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი და დახმარების პირობა მიიღო. ესმა საუბრობს უნივერსიტეტში შექმნილ პრობლემებზე: „ბიბლიოთეკის სტუდენტური დასაქმების ფარგლებში 2 სტუდენტს მისცეს 10-10 საათი ჩემთვის მასალების წასაკითხად, მაგრამ მათთან ცხრილი ვერ შევათანხმე, ამიტომ შემდგომში ჩემთვის წაკითხვის მოვალეობა გადანაწილდა იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის თითქმის ყველა თანამშრომელზე და ბიბლიოთეკაში მუშაობის საათებში ეთვლებათ ჩემთვის მასალების წაკითხვა“, - ამბობს იგი.

ესმას აზრით, მთავარი პრობლემა ამ კუთხით უნივერსიტეტში არის ის, რომ რეალურად შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი გარემო არაცენტრალიზებულია. როგორც იგი აღნიშნავს, „ეს შშმ სტუდენტთა მცირე ოდენობითაც არის განპირობებული. უნივერსიტეტში არ არსებობს შშმ პირთა ცალკე დეპარტამენტი ან თუნდაც ერთი კოორდინატორი, რომელიც დააგროვებდა უნივერსიტეტში სხვადასხვა წლების მანძილზე არსებულ გამოცდილებას და დააკვალიანებდა შშმ სტუდენტებს“.

2014 წლიდან უნივერსიტეტში შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ორიენტირებულია სპეციალური საჭიროების სტუდენტების ინტერესებსა და მათი პრობლემების მონიტორინგზე. ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაძე ძირითად სირთულეებზე საუბრობს: „გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არც ერთ უნივერსიტეტში მსგავსი კვლევითი დაწესებულება არ არსებობს, რომელიც შშმ სტუდენტების პრობლემებს შეისწავლის, სწორედ ამიტომაც მივმართეთ მაშინდელ რექტორს ვლადიმერ პაპავას იდეით და საბოლოოდ ცენტრი ჩამოყალიბდა. ამავდროულად, ამ ცენტრის არსებობა შეესაბამება გაეროს კონვენციის ჩვენ ქვეყანაში რატიფიცირებას, რომლის მიხედვითაც ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი გარემო ხარისხიანი განათლების მისაღებად. ჩვენი ცენტრი კვლევითი ნაწილისაა, ის ახორციელებს მონიტორინგს“, - ამბობს იგი.

ორწლიანი არსებობის განმავლობაში ცენტრმა ორი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და ორივე შშმ პირების დასაქმების პრობლემას შეეხებოდა. თამარ მახარაძის განცხადებით, იკვეთება ძირითადი სირთულეები, რაც დაკავშირებულია დასაქმების არათანაბარ პირობებთან, დამსაქმებლისა და საზოგადოების მხრიდან სტიგმასთან.

ცენტრის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ასევე უნივერსიტეტში მომუშავე პროფესორებისა და აკადემიური პერსონალის გადამზადების აუცილებლობაზე: „გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, რაც საკმაოდ თვალშისაცემია ჩვენს უნივერსიტეტშიც და სხვაგანაც, ასევე პრობლემაა თავად მომუშავე პერსონალის დამოკიდებულება შშმ სტუდენტების მიმართ. ხშირად არასწორია ქცევა, დამოკიდებულება თუ სწავლების მეთოდები, რაც ხარისხიანი განათლების მისაღებადაა აუცილებელი. ვაპირებთ და მზად ვართ, გადავამზადოთ პერსონალი, რადგან ამ ადამიანური რესურსის გამოყენება შეიძლება სასიკეთოდ“, - გვითხრა მან.

ინკლუზიური განათლება უმაღლეს სასწავლებლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხია, რომელიც ლოკალურ დონეზე ადამიანური სტიგმებით იწყება და საბოლოოდ მასშტაბურ დონეზე საგანმანათლებლო სისტემაში პრობლემებით იკვეთება.

ესმა კი ისევ თსუ-ში აგრძელებს აქტიურად და წარმატებით სწავლას და ამტკიცებს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, შეზღუდულია მხოლოდ გარემო, რომელშიც მას სწავლა და ცხოვრება უწევს.

ანა ურუშაძე,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკისა და მასობრივი
კომუნიკაციის მიმართულების
სტუდენტი