რატომ უნდა გაძლიერდეს ფიზიკური დატვირთვები ახალგაზრდებში კვლევა/რეკომენდაცია

18 ნოე 2016

რა იწვევს სკლეროზს? რატომ არ უნდა მივიღოთ პურ-ფუნთუშეული გაუხუხავად? რა განაპირობებს აგრესიის შემცირებას და რატომ უნდა მივმართოთ რჩევებს ახალგაზრდებში მეტი ფიზიკური დატვირთვის თაობაზე? - საზოგადოებისთვის ამ აქტუალურ თემებს ეხმიანება პროფესორი ნუგზარ ალექსიძე, რომელმაც 29-30 ოქტომბერს ქუთაისში გამართულ დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება: „ფუნქციური ნეიროქიმიის მიღწევების ფსიქოლოგიაში გამოყენების პერსპექტივების შესახებ“.

მოხსენებაში განხილული იყო რამდენიმე პრობლემატური საკითხი, რომელიც შეეხებოდა მეხსიერების ფორმირების საკითხებს, სარკისებრი ნეირონების როლს მოზარდი ბავშვების ინტელექტუალურ ფორმირებაში, მკვლელი და თვითმკვლელი ორგანიზმების ფორმირების პრობლემებს და დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიის“ მოდიფიცირების ნეიროქიმიურ დასაბუთებას.

1960 წელს, მეხსიერების ფორმირების მექანიზმების საკითხებთან დაკავ­შირებით გამოქვეყნდა შვედი მეცნიერის ჰოლგერ ჰიდენისა და პაულ ლანგეს სამეცნიერო შრომები, რომლებშიც მეხსიერების მატერიალურ სუბსტრატად აღიარეს ნეიროსპეციფიკური ცილა S-100 და ნუკლეინის მჟავები.

1966 წელს ნუგზარ ალექსიძის (პ. ქომეთიანთან თანაავტორობით) მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში – „მეხსიერების ბიოქიმიური საფუძვლები“ - გაანა­ლიზდა ჰოლგერ ჰიდენისა და პაულ ლანგეს თეორია და უარყოფილი იქნა მათი მოსაზრებები აღნიშნული ნივთიერებების განახლებადი ბუნების გამო. ნუგზარ ალექსიძემ, თანამშრომლებთან ერთად, თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში შეისწავლა ცილა S-100-ის რაოდენობრივი განაწილება ცხოველთა ახალი ქცევითი რეაქციის დასწავლისას - მოიპოვოს საკვები არადამახასიათებელი თათით. ეს მოდელი აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, ნეიროქიმიური კორელატები შესაძლებელია გამოვლინდეს მხოლოდ ისეთ პირობებში, როდესაც მეხსიერების არსებული ენგრამა ვერ აკმაყოფილებს ახალი ქცევითი რეაქციის გამომუშავებას. ექსპერიმენტულად დასაბუთებული იქნა, რომ დასწავლის შედეგად მართლაც ხდება ცილა S-100-ისა და ნუკლეინის მჟავების რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა, მაგრამ დასწავლის დამთავრების შემდეგ, მათი რაოდენობა კვლავ ნორმას უბრუნდება. ამიტომ, ჰიდენისა და პაულ ლანგეს მოსაზრება ცილებისა და ნუკლეინის მჟავების მეხსიერების მატერიალურ სუბსტრატად აღიარება უარყოფილი იქნა.

მოხსენების მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა ასაკთან დაკავ­შირებულ მეხსიერების გაცუდების პრობლემას. ნუგზარ ალექსიძის მიხედვით, ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია ქოლესტე­როლისა და გლიცერიდების რაოდენობრივი მატებით (მათი რაოდენობა შესაძლებელია შემცირდეს ანაერობული პირობების შექმნით, ღრმად ჩასუნ­თქვითა და გახანგრძლივებული ამოსუნთქვით), აღმოჩენილი იქნა, რომ მეხსიერების გაცუდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თავის ტვინში ნადფ H დისულფიდრედუქტაზული აქტიურობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს თავის ტვინის ხსნადი დაბალმოლეკულური ცილების აგრეგაციას დისულ­ფიდური ხიდაკებით და რაც საგრძნობლად აცუდებს ინფორმაციის შენახვასა და რეპროდუქციას. საგულისხმოა, რომ მეხსიერების გაცუდების პრე­ვენციის მექანიზმის შესწავლის შედეგად გამოვლენილი იქნა ჰიდროკორტიზონი, რომლის ორგანიზმში ინექციის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ნადფ H დისულფიდრედუქტაზული აქტიურობა და 70%-ით გაუმჯობესდა ცხოველთა ახალი ქცევითი რეაქციების დასწავლა. ავტორის აზრით, საჭიროა შესწავლილი იქნეს ადამიანზე ჰიდროკორტიზონის მოქმედება და მისი პროფილაქტიკის მიზნით გამოყენების პერსპექტივა.

პროფესორმა ნუგზარ ალექსიძემ ისაუბრა მეხსიერების გაცუდების კიდევ ერთი პრობლემის, კერძოდ, ხორბლის ჩანასახში არსებული ლექტინ WGA-ის, როგორც კარდიოტოქსიკური, ნეიროტოქსიკური და იმუნოტოქსიკური ნივთიე­რებების შესახებ. მისი თქმით, არის მონაცემები, რომ WGA-ს გავლენით იზრდება ალცჰაიმერის, ათეროსკლეროზისა და რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი. პრევენციის მიზნით, პროფესორი ნუგზარ ალექსიძე გვირჩევს, საკვებად გამოვიყენოთ გახუხული პური, როცა ხდება WGA-ს დენატურაცია და ტოქსიკური თვისებების დაკარგვა. გარდა ამისა, ის გვირჩევს, რომ საკვები დავღეჭოთ მანამ, სანამ ის კარგად არ გაჯერდება ნერწყვით, ვინაიდან სწორედ ნერწყვში არსებული გლიკოპროტეინ მუცინით ხდება WGA-ის შებოჭვა და მისი დეტოქსიკაცია.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ სარკისებრი ნეირო­ნების როლის შესახებ ახალშობილებისა და მოზარდი ბავშვების ინტელექტის ფორმირებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა არ იციან არც წერა და არც კითხვა, სწორედ სარკისებრი ნეირონების ჩართულობით ადვილად სწავლობენ ლაპარაკს. სარკისებრი ნეირონების ფორმირებაში აღმოჩნდა გენდერული განსხვავება. მათი ფორმირება უფრო ინტენსიურად ხდება გოგონებში. ალბათ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გოგონები გაცილებით ადრე იწყებენ ლაპარაკს ვიდრე ვაჟები. პროფესორმა ნუგზარ ალექსიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ პერსპექტივაში, სარკისებრივი ნეირონების ფორმირებისა და სათანადო ტესტების საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლებში ბავშვების მიღება. 

როდესაც სოციალურად გამდიდრებულ გარემოში 80 დღის განმავლობაში განათავსეს ცხოველები, ვირთაგვებში აღინიშნა თავის ტვინის ქერქის ძლიერი განვითარება და მემბრანული ენზიმების აქტიურობის გაზრდა. აღნიშნულ პრობლემასთანაა დაკავშირებული ასევე ახალშობილებისა და მოზარდი ბავშვე­ბისთვის ოჯახში სათამაშოებით გამდიდრებული გარემოს შექმნა. მეცნიერის თქმით, არ უნდა დავუშალოთ ბავშვებს მათი დაშლა და ხელახლა აწყობა, ვინაიდან ეს მათი ცნობიერების ფორმირების საპასუხო რეაქციაა. ახალშო­ბილებისა და მოზარდი ბავშვების კულტურის ჩამოყალიბებაში, ოჯახში არსებული ფსიქოემოციური მდგომარეობის გავლენით, სარკისებრი ნეირონებით ემფატიკურად ხდება ბავშვის ირგვლივ არსებული პიროვნებების მეტყველებისა და ქცევების ათვისება, რაც გუ­ლისხმობს სარკისებრი ნეირონებით საკუთარი თავის სხვის მდგომარეობაში ჩაყენებას და მათი ქცევების შეცნობასა და ათვისებას. ოჯახში არსებული, არაჯანსაღი გარემო პირობები ძალზე სახი­ფათოა ბავშვების აგრესიული ფსოქოლოგიური განწყობის ჩამოყალიბები­სთ­ვის.

საზოგადოებამ დიდი ინტერესით მოისმინა ნუგზარ ალექსიძის მოხსენების ის ნაწილი, სადაც განხილული იყო მკვლელი და თვითმკვლელი ორგანიზმების ფორმირების ნეიროქიმიური საფუძვლები.

კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ მკვლელი ორგანიზმების ფორ­მირება გამოწვეულია ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების მამრობითი სასქესო ჰორმონის რაოდენობის გაზრდითა და სეროტონის რაოდენობის შემცირებით. მაგალითად, ვირთაგვების დაკოდვისა და წყალში ცურვით ინტენსიურად დაღლის შემდეგ ისინი ტოლერანტული გახდნენ თაგვებისა და ბაყაყების მიმართ და მათი მკვლელობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამიტომ ნუგზარ ალექსიძე რეკომენდაციას იძლევა სკოლებში გაკვეთილებს შორის გაძლიერდეს ფიზიკური დატვირთვები.

მისივე რეკომენდაციით, აგრესიული ქცევების პრევენციის მიზნით, სასურველია საკვები დანამატის სახით მივცეთ ბავშვებს სეროტონინის წინა­მორბედი ამინომჟავებით გამდიდრებული საკვებდანამატი (მგ/100გ): ჰოლანდიური ყველი (790), მდნარი ყველი (500) და სხვ. საჭიროა აგრეთვე ვიკვებოთ ნახ­შირ­წყლებით მდიდარი მცენარეული საკვებით, რაც იწვევს ორგანიზმში სერო­ტონინის წინამორბედი ამინომჟავა ტრიპტოფანის რაოდენობის მატებას (ხორ­ბალი, კარტოფილი, ნახშირწყლებით მდიდარი ბოსტნეული). ორგანიზმში სერო­­ტონინის რაოდენობა იზრდება ფიზიკური დატვირთვისას, თერაპიული მასაჟით (იოგას ვარჯიშები), სეროტონინის შემცველობაზე დადებით გავლენას ახდენს აგრეთვე კლასი­კური მუსიკა და სასიამოვნო ლიტერატურის კითხვა. ამავე ფაქტორების გავლენით უმჯობესდება მეხსიერებაც.

კონფერენციის დასრულების შემდეგ გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ კვლევის შედეგებით^ დაინტერესდა და რამდენიმე კითხვით მიმართა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნუგზარ ალექსიძეს:

- ბატონო ნუგზარ, თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა იწვევს სკლეროზს, რითი დამტკიცდა ამ დაავადებასთან პურ-ფუნთუშეულის კავშირი?

- უკვე აღიარებულია, რომ ხორბლის ჩანასახში არის ლექტინი WGA, რომელიც ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა და იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას, ასევე იზრდება ათეროსკლეროზისა და რევმატოიდული არტრიტის განვითარების რისკი. საბედნიეროდ, ბუნებამ თავად შექმნა მისი შემბოჭავი და გამანეი­ტრალებელი ნივთიერება ნერწყვის სახით, რომელშიც წარმოდგენილია გლიკო­პროტეინი მუცინი, რომელიც ბოჭავს მას და ახდენს მის დეტოქსიკაციას. რატომ გვირჩევენ ექიმები საკვების ხანგრძლივად ღეჭვას? იმიტომ, რომ დაიშალოს? არა, მთავარია, რომ ღეჭვის დროს საკვები იყოს გაჯერებული ნერწყვით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ლექტინ WGA-ს უარყოფითი მოქმედება.

რაც შეეხება პურს, ის გახუხული უნდა იყოს, რადგან WGA არის ცილოვანი პეპტიდი, რომლის დენატურაციაც ხდება მაღალ ტემპერატურაზე. ამ დროს ის კარგავს აქტიურობას. ამიტომ გახუხული პური ძალიან სასარგებლოა. თუ ჩვენ გახუხულ პურს მივირთმევთ, მაშინ თავიდან ავიცილებთ რევმატიულ არტრიტსაც. ეს სერიოზული საკითხია. თუ გინდათ, რომ ნორმალურად იკვებოთ, უნდა ჭამოთ 2 წილი ბოსტნეული და ერთი წილი ხორცეული. 

ყველაზე ბევრი ტოქსინი სწორედ ხორცშია, ამიტომ რაც ნაკლებს მიირთმევთ, ნაკლები ტოქსინი წარმოჩინდება თქვენს ორგანიზმში. 

- არადა ხორცის დიეტები არსებობს...

- ხორცის ცილას, ჯობია სხვა ცილა მიიღოთ, ნადუღით ან კვერცხით. კვერცხი ძალიან სასარგებლოა, ვიტამინებით მდიდარია, მაგრამ იქაც არის ერთი ნივთიერება, კერძოდ ავიდინი, რომელიც ბოჭავს ვიტამინ ბიოტინს და იწვევს ანტივიტამინოზურ მდგომარეობას. ამიტომ კვერცხი უმად არ უნდა მივირთვათ, საკვებად უმჯობესია მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, ასეთ პირობებში ხდება ცილა ავიდინის დენატურაცია და ის კარგავს ბიოტინის შებოჭვის უნარს. 

- თქვენ საინტერესოდ ისაუბრეთ აგრესიაზე და აღნიშნეთ ფიზიკური დატვირთვის აუცილებლობის თაობაზეც. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ აგრესიის დასათრგუნად ფიზიკური დატვირთვის საჭიროებაზე ბევრი არ საუბრობს...

- აგრესია განპირობებულია ნივთიერებათა მოშლით სოციალურად აგრესიული გარემოს შექმნის გამო. გავიხსენოთ საქართველოში უშუქობის, სიცივისა და სიბნელის პერიოდი. ჩვენ მიერ ასეთ პირობებში ერთი თვის განმავლობაში ცხოველთა განთავსებისას, ცხოველების თავის ტვინში, სეროტო­ნინის რაოდენობა 50%-ით შემცირდა, შედეგად ვირთაგვები გახდნენ ძლიერ აგრე­სი­ულები. ალბათ, გახსოვთ, 90-იან წლებში, თუ როგორ აგრესიულობას ამჟღავ­ნებდნენ ადამიანები ერთმანეთის მიმართ. ფიზიკური დატვირთვის დროს რა ხდება? იშლება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, მათ შორის ჰორმონებიც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს აგრესიას. სიარული, სირბილი, ვარჯიშები, ფიზიკური დატვირთვა (სკოლებში განსაკუთ­რებით), აუცილებელია ჰორმონების შესამცირებლად, რაც თავისთავად გამო­იწვევს აგრესიის შემცირებას.