„აუდიტორია 115“-ელი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ერთვება თვითმმართველობის არჩევნებში

18 ნოე 2016

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში სანდრო ტაბატაძე დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე „აუდიტორია 115“-ის აქტივობების, აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ, ამ ეტაპზე მოძრაობის სახელით აღარ საუბრობს. მან დამოუკიდებლად მოქმედება „აუდიტორია 115“-ის წევრთა უმრავლესობისგან განსხვავებული შეხედულების გამო გადაწყვიტა, რომლებიც სტუდენტური თვითმმართველობის დაგეგმილ არჩევნებს არაკონსტიტუციურს უწოდებენ. სანდრო ტაბატაძე, ასევე, არ ეთანხმებოდა „აუდიტორია 115“-ის მიერ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ოთახების დაკავებას. მისი თქმით, „სტუდენტური თვითმმართველობის ოთახების დაკავება და მათი „გამოძევება“ არ არის „აუდიტორია 115“-ის სტილი“.

„ვერ ვიტყვი, რომ „აუდიტორია 115“-დან წამოვედი, რადგან ჩემთვის „აუდიტორია 115“ არის უმაღლესი განათლების პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა, თავისუფლების და ცვლილებების წყარო, რომელიც დაიწყო მარტში. ეს გაერთიანება მოიცავს ბევრ პროგრესულ იდეას, რომელთა ფორმირებაში, სხვა სტუდენტებთან ერთად, მეც მივიღე მონაწილეობა. უბრალოდ, რაღაც საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები მაქვს და ეს არ ნიშნავს, რომ გაერთიანება დავტოვე“, - განმარტა სანდრო ტაბატაძემ.

სანდრო ტაბატაძემ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთი მიზნით - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოში მოსახვედრად გადაწყვიტა.

„სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ჩემთვის საშუალებაა, რომ საფაკულტეტო საბჭოში მოვხვდე. ორი ვარიანტი იყო – დავლოდებოდი ცვლილებებს, რომ არჩევნების წესი შეეცვალათ და კენჭისყრა პირდაპირი წესით ჩატარებულიყო, ან ახლავე მემოქმედა. მე მეორე ვარიანტი ავირჩიე. მგონია, რომ, როგორც საფაკულტეტო საბჭოს წევრი, ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებ, ვიდრე უმოქმედობით. საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტებს 9 კვოტა აქვთ და მნიშვნელოვანია, რომ ერთი დამოუკიდებელი სტუდენტი მაინც იყოს, რომელიც ფაკულტეტის წესდების, ბიუჯეტის დამტკიცების და სხვა აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში მიიღებს მონაწილეობას. მიმაჩნია, რომ მე და „აუდიტორია 115“-ის წევრებს გვაქვს საერთო მიზანი. უბრალოდ მიზნის მისაღწევად განსხვავებულ საშუალებებს ვიყენებთ - მათ ბოიკოტის ფორმა აირჩიეს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე, ჩემი გადაწყვეტილებით კი საქმე ბევრად მოკლე ვადებში გაკეთდება“, - აღნიშნა სანდრო ტაბატაძემ.

აღსანიშნავია, რომ ახალი წესის მიხედვით საფაკულტეტო საბჭოებში ის სტუდენტები მოხვდებიან, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ. თითოეულ საბჭოში სტუდენტებისთვის 9 კვოტაა გამოყოფილი.