პროფესიული „ნათლობა“ და სტუდენტური ჟურნალების წარმოების პრაქტიკა

18 ნოე 2016

თეორიული და პრაქტიკული სწავლების ეფექტურობის საუკეთესო მაგალითი აჩვენეს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებმა, რომლებმაც  4 ნოემბერს საუნივერსიტეტო საზოგადოებას ჟურნალები - „გზავნილი ხარაგაულიდან“ და „გზავნილი ჭიათურიდან“ წარუდგინეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა და ამავე ჯგუფების მიერ თიანეთიდან და საგარეჯოდან მომზადებული ჟურნალების პრეზენტაცია.

მაისში თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების 35 სტუდენტი სასწავლო საგნის - „ბეჭდური მედია 2-ის“ ფარგლებში, 5-5 დღით ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ. მედია ტურის განმავლობაში სტუდენტებმა მოიძიეს საინტერესო მასალები და რესპონდენტები შეხვდნენ გამგეობის ხელმძღვანელებს, გაეცნენ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს, რეგიონის კულტურულ და სპორტულ ცხოვრებას. 

„უკვე მეოთხე წელია, რაც პროექტი - „გზავნილი რეგიონებიდან“ - სასწავლო კურსის – ბეჭდური მედია-2-ის ფარგლებში თსუ-ის სტუდენტების მონაწილეობით ხორციელდება. ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროდუქტის ხარისხსა და რეგიონებიდან ჩამოტანილი გზავნილების აქტუალობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები და თემატიკა დიდხანს რჩება ქართული მედიის ყურადღების ცენტრში. ჟურნალისტიკის, როგორც სპეციალობის, სწავლებისას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იმ თეორიულ ბაზისზე, რომელსაც სტუდენტები პირველი ორი წლის განმავლობაში იძენენ, დაშენდეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რათა ჩვენი მიმართულების სტუდენტებმა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა შეძლონ მედიის შრომით ბაზარზე დამკვიდრება. ეს პროექტი სწორედ ამას უწყობს ხელს, რადგან სტუდენტები პრაქტიკაში სწავლობენ უცხო გარემოში თემების შერჩევას, პრიორიტეტების მიხედვით მათ დალაგებას, საჭირო, საკმარისი და ადეკვატური წყაროების მოძიებასა და გადამოწმებას, შექმნილი პროდუქტის „შეფუთვასა“ და მკითხველისთვის მიწოდებას. აღსანიშნავია, რომ ეს ჟურნალები მთლიანად მათი შემოქმედებაა, დაწყებული დაგეგმვიდან, დასრულებული დაკაბადონებითა და პრეზენტაციით. ვფიქრობ, სწორედ ამგვარი ექსპედიციები ასრულებენ ერთგვარი სახელოსნოს როლს, რომელსაც კიდევ მეტი განვითარება სჭირდება“, - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ.

პრეზენტაციაზე, ჟურნალის რედაქტორებმა: მარიამ ჯინჯიხაძემ („გზავნილი თიანეთიდან“), გვანცა დევიძემ („გზავნილი ჭიათურიდან“), მარიამ გვარამიამ („გზავნილი საგარეჯოდან“) და მარიამ ტყეშელაშვილმა („გზავნილი ხარაგაულიდან) სტუმრებს ჟურნალზე მუშაობის პროცესის მნიშვნელოვანი დეტალები გააცნეს და იმ სირთულეებსა და გამოცდილებაზე ესაუბრნენ, რომელიც თან ახლდა „გზავნილების“ მომზადებას. 

სტუდენტებს პირველი დამოუკიდებელი ჟურნალისტური პროდუქციის გამოშვება მიულოცეს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ, ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ, პროფესორმა მანანა შამილიშვილმა, მოწვეულმა სტუმრებმა ხარაგაულიდან და ჭიათურიდან. 

„პროექტი „გზავნილი რეგიონებიდან“ კარგი და საინტერესო პროექტია, რომელიც ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ნაყოფიერ და აქტიურ საქმიანობას წარმოაჩენს. სტუდენტები პროფესიას, ხელობას არა მარტო საგნობრივად, არამედ პრაქტიკული კუთხითაც სწავლობენ. მოხარული ვიქნები, თუ ეს პროექტი ტრადიციული გახდება და სტუდენტების პროფესიულ ნათლობას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჟურნალზე მუშაობამ შეთანხმებული და ორგანიზებული, გუნდური მუშაობა გვასწავლა. ეს არის პირველი პრაქტიკული გამოცდილება, პირველი ნაბიჯი ჟურნალისტიკაში, რომელიც შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში მოგვეხმარება“, - ასეთია ჟურნალ „გზავნილი ჭიათურიდან“ რედაქტორის გვანცა დევიძის შთაბეჭდილება.

პრეზენტაციაზე სტუდენტებმა ასევე აჩვენეს მცირე ფორმატიანი დოკუმენტური ფილმი ჭიათურის შესახებ (ავტორები ნიკოლოზ თოდუა და გიორგი ქართველიშვილი), ასევე ვიდეოები მულტიმედია პროდუქციისთვის (ავტორები ანა ურუშაძე და მარიამ ტყეშელაშვილი).