ახალგაზრდა პოეტების საღამო თსუ-ში

18 ნოე 2016

ზურა ინასარიძემ თსუ-ის გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა ილიას უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას მაგისტრატურაზე. წერა 12 წლიდან დაიწყო - მაშინაც და დღესაც მისი ლექსების მთავარი თემა სიყვარულია. ზურას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს, იშრომოს, რათა სერიოზული სიტყვა თქვას, რომ ბავშვური გატაცება სერიოზულ პროფესიად აქციოს. „საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, ბევრს ვკითხულობ და ვსწავლობ, ვეძებ ახალ ფორმებს და ამიტომ ექსპერიმენტებსაც არ ვერიდები. დიდი სურვილი მაქვს, საკუთარი წიგნი გამოვცე, მაგრამ ამას გარკვეული ფინანსები სჭირდება. იქნებ, მომავალში, თუ ამას დავიმსახურებ, სპონსორიც კი გამოჩნდეს. დღეს საქართველოში პოეტების ნაკლებობა ნამდვილად არ არის, ბევრი წერს, მაგრამ მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ვინ ქმნის ღირებულს. ახალგაზრდობას განსაკუთრებით სჭირდება ხელშეწყობა. მიხარია, რომ დღეს საშუალება მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გავაცნო ჩემი შემოქმედება. კარგი იქნება, თუ მომავალში თსუ-ის გამომცემლობაც დაინტერესდება ახალგაზრდა ხელოვანების შემოქმედებით და გამოსცემს კრებულს, სადაც ჩვენი ქმნილებებიც დაიბეჭდება“, - ამბობს ზურა.

ფრიდონ მენთეშაშვილიც ბავშვობიდან წერს და როგორც თვითონ ამბობს, ფურცელს ანდობს თავის ემოციებს და გრძნობებს. წერს იმაზე, რაც ახარებს, რაც სწყინს და ტკივილს აყენებს... ფრიდონის პოეზია სატრფიალოც არის და პატრიოტულიც, სატირულიც და ნაღვლიანიც... განსაკუთრებული სიყვარულით თავის მშობლიურ კუთხეს, ქიზიყს იხსენებს და მიაჩნია, რომ მისი სოფელი ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი ადგილია დედამიწაზე. „პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის პატრიოტი გახლავართ და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ჩემი სოფლის სიყვარული თან დამყვება იმდენად, რომ, როდესაც სტუდენტი გავხდი, მშობლიურ კერასთან და მშობლებთან განშორება ძალიან გამიჭირდა. ამ თემაზეც დავწერე ლექსი: ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს საფიქრალს სხვებსაც უზიარებ, ამიტომ უკეთესია, ახალგაზრდა შემოქმედებს უფრო ფართო ასპარეზი ჰქონდეთ“, - ამბობს ფრიდონი.

ნიკა ქიმერიძე ხაშურში დაიბადა და გაიზარდა. პოეზიაში პირველი ნაბიჯებიც იქ გადადგა. „ჩემი ბავშვობა სრულიად მოკლებული იყო კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, უმეტეს დროს ქუჩაში თამაშსა და წიგნის კითხვაში ვატარებდი. პირველი ლექსი სკოლაში, როგორც „საშინაო დავალება“, ისე მომცა მასწავლებელმა. ეს ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდა იყო. რამდენიმე სტროფი დიდი წვალებით დავჯღაბნე, მაგრამ ეს შემთხვევა საკმარისი აღმოჩნდა პოეზიასთან დასამეგობრებლად. მას შემდეგ ვწერ და ბევრს ვკითხულობ, ვცდილობ, ჩემი წერის სტილი მქონდეს, საკუთარი გრძნობები ჩემეულად გადმოვცე... პოეზია ჩემი ცხოვრების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. ვწერ, როდესაც მიჭირს, როდესაც მილხინს და ყოველთვის, როდესაც გრძნობები მეძალება - ლექსი ყველაზე ერთგული მეგობარია. ჩემი, როგორც პოეტის პირველი დებიუტი, სკოლაში შედგა. პატარა პოეტური კრებულიც - „სიყვარული ეძებს ვნებას“ - მაშინ გამოიცა. დღეს ვთვლი, რომ ნელ-ნელა მივაღწევ მიზანს. თანამედროვე მწერლობა, ჩემი აზრით, უფრო თავისუფალია იდეოლოგიისგან და მას საზღვრები არა აქვს. მეც ვცდილობ, ვიყო თავისუფალი ჩემი გრძნობების გამოვლენისას, მზად ვარ, როგორც ჯარისკაცმა, დავიცვა პოეზიის უსასრულო საზღვრები. დღეს შესაძლოა ჩემი ისტორია ბევრისთვის არც თუ ისე საინტერესოა, მაგრამ იმედია, ოდესმე შევაღებ პოეზიის იმ კარებს, რომლისკენაც ნელ-ნელა მივაბიჯებ.

კახა წიგნაძე საჩხერის რაიონში, სოფელ მერჯევში ცხოვრობს. სკოლა ჭორვილაში დაამთავრა. მისთვისაც თავისი ქვეყნის სიყვარული იმერეთის მშობლიური გარემოდან იწყება. პოეზიის სიყვარულიც 15 წლისას, სკოლაში ეწვია, თუმცა, ლექსების წერა მოგვიანებით, სტუდენტობისას დაიწყო. იგი დღეს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტია და პროფესიას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, თუმცა, პოეზია, როგორც თვითონ ამბობს, მისი სულის განუყოფელი ნაწილია. „ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობ, ძალიან მიყვარს ლიტერატურა. ჩემი საყვარელი პოეტი იოსებ გრიშაშვილია, საყვარელი მწერალი - კონსტანტინე გამსახურდია. ვფიქრობ, დღეს ბევრი საინტერესო მწერალი ცდილობს გამოვიდეს შემოქმედებით ასპარეზზე, მაგრამ მათ ხშირად სათანადო ხელშეწყობა არ აქვთ. დღევანდელი ღონისძიება კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად სჭირდებათ ახალგაზრდა მწერლებს ხელშეწყობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ მხრივ მრავალწლიანი ტრადიცია აქვს და კარგი იქნება - თუ მომავალში ახალგაზრდა მწერლებს უფრო ხშირად ექნებათ საშუალება, თავიანთი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გააცნონ“, - ამბობს კახა.