დათო მაღრაძის კრებულის პრეზენტაცია თსუ-ში

18 ნოე 2016

დათო მაღრაძის ლექსები ყველგან და ყოველ დროს სათქმელი ლექსებია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი პოეზია უკვე მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნება და მის შემოქმედებას მხოლოდ საქართველოში არ ჰყავს მკითხველი. ალბათ ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ მწერალმა როსტომ ჩხეიძეს მას „მოგზაური“ და „ქართული კულტურის დესპანი“ უწოდა.

„უსადაურო“ მიმაჩნია არა მარტო დათო მაღრაძის შემოქმედებაში ერთ საუკეთესო კრებულად, არამედ ბოლო წლების ქართულ პოეზიაში წარმატებულ მონაპოვრად. ასეთი სრულფასოვანი კრებული იშვიათია... იმ არა ერთი სტატიისა, რაც დათო მაღრაძის პოეზიაზე დაწერილა ჩვენში თუ უცხოეთში, არც ერთი დასათაურებულა ამგვარად: დათო მაღრაძე - პოეტი-მოგზაური - ყოფით-სიმბოლური ორიენტირებით ყველაზე უკეთ მიგვანიშნებს მისი და მისი ლირიკული გმირის პიროვნულ ბუნებასა და ცხოვრების სტილზე. მის მიერ შემოწერილი მარშრუტის აღდგენაც განა ნაკლებ წაგვადგება ჩვენი ეპოქის ცივილიზებული სამყაროს ზოგადი სურათის წარმოსახვისთვის? მისმა მკითხველმა შეიძლება ხელშესახებად განიცადოს ის საზოგადოებრივ-კულტურული რეალობა, თუ რა ფონზე მიიკვლევს გზას ჩვენი სახელმწიფო ადგილის დასამკვიდრებლად საკაცობრიო ცხოვრებაში. დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებული - „უსადაურო“, გამჭვირვალე ტექსტებითა და მინიშნებებით, მხატვრულ შთამბეჭდაობასთან ერთად, საზოგადოებრივი სიმძაფრითაც განმსჭვალულა და განგაშის ზარივით ხმიანებს.

კრებული მომცროა, რაც ნიშანდობლივია დათო მაღრაძის შემოქმედებითი ნატურისა და სტილისთვის - მხოლოდ აუცილებლობის დროს ამოთქვას სათქმელი და არა პოეტური ტექნიკის დემონსტრირებისთვის, უმეტესწილად ერთფეროვნების დაღს რომ ასვამს ხელხვავიან და არც თუ უნიჭო ლირიკოსთა ბომბორა წიგნებს. დათო მაღრაძის პაწია წიგნი კი იმ შინაგანი სივრცითაა განათებული, ასე აუცილებელი რომ გამხდარა საბედისწერო მოსახვევში მდგარი ერისათვის, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა დააღწიოს თავი ხიფათს და რომელიც უნდა შეიქნას ბუნებრივი, სრულუფლებიანი მონაწილე საკაცობრიო ცხოვრებისა (და არა ვიღაცის კუდიმდევარი)”, - ამბობს როსტომ ჩხეიძე. იგი კრებულის სახელწოდებას ასე განსაზღვრავს: „ეს სიტყვა „უსათაუროს“ ასოციაციას რომ იწვევს, ერთმანეთს ფსიქოლოგიური ეფექტით ანუ მონაცვლეობით რომ უნდა წაეფაროს და (უსადაურობა და უსათაურობა) ამ ორმაგობით უფრო ხელშესახებად რომ განგვაცდევინოს მცირერიცხოვანი ერის შვილის ყოფა - მოქცეული მსოფლიო მღელვარებაში, სწორედ ესაა ამ სახელწოდებაში ჩადებული. უსადაურობის ზღურბლზე მდგარი ხალხის მიერ საკუთარი ფესვების შენარჩუნებისკენ სწრაფვა და, ამ ზღურბლიდან შემოტრიალების შემთხვევაში, დავიწყებისთვის, უსათაურობისთვის განწირულობა - ესაა კრებულის სახელწოდების არსი“, - წერს როსტომ ჩხეიძე დათო მაღრაძის შემოქმედებაზე.

„საგულისხმოა, რომ სათაურიდანვე პოეტი შეეხმიანება რუსთაველს - „სადაურსა სად წაიყვან!“ - და, ამ შემთხვევაში, „უსადაურობა“, ალბათ, იმასაც გულისხმობს, რომ პოეტი თავისი ლექსებით მთელ სამყაროს ელაპარაკება და ამიტომ სამყაროს შვილია. შეიძლება ითქვას, რომ დათო მაღრაძეს „გაუმართლა“ იმ თვალსაზრისითაც, რომ მისი პოეზია მსოფლიოს რამდენიმე ენაზეა თარგმნილი და ეს მეტაფორული ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობითაც შეგვიძლია გავიგოთ,“ - აღნიშნა მწერალმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მაია ჯალიაშვილმა.

დავით მაღრაძის ახალი კრებულის განხილვას დაესწრო უნგრელი ქართველოლოგი ჰაინალკა ბაბირაკი, რომელმაც პოეტი მსოფლიო მოქალაქედ მოიხსენია.

დათო მაღრაძის ახალი კრებულის განხილვას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა, რომელმაც პოეტს საჩუქრად თსუ-ის გამომცემლობის წიგნები: „დონ კიხოტი“ და „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.

„დათო მაღრაძე დღეს ცნობილი პოეტია, რომლის შემოქმედებას იცნობენ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპასა და სხვა ქვეყნებშიც. იგი დღეს თავის მშობლიურ „93-ე აუდიტორიაში“ დაბრუნდა. სასიხარულოა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები კვლავ ბრუნდებიან უნივერსიტეტში და გვაცნობენ თავიანთ შემოქმედებას“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

შეხვედრაზე დათო მაღრაძემ თავისი ახალი კრებულიდან ლექსები წაიკითხა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა: ,,მიხარია, რომ ჩემი წიგნის განხილვა უძვირფასეს ადგილას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ აუდიტორიაში გაიმართა, რომელთანაც ბევრი ძვირფასი მოგონება მაკავშირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი პრეზენტაცია. ჩემი შემოქმედების შესახებ არა ერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება მოვისმინე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებასა და ჟურნალს „ჩვენი მწერლობა“, განსაკუთრებით კი როსტომ ჩხეიძეს, ასევე თსუ-ის ხელმძღვანელობას და დამსწრე საზოგადოებას, რომლებმაც ჩემს ირგვლივ არაჩვეულებრივი გარემო შექმნეს“, - განაცხადა „პოეტმა-მოგზაურმა“ დათო მაღრაძემ.