გამოთვლითი მანქანების ისტორია საქართველოში უნივერსიტეტიდან იწყება

28 ოქტ 2016

ქართულის თარგმნა ციფრულ ენაზე დღევანდელობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს სწორედ უნივერსიტეტიდან დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ახალი დროის გამოწვევებისთვის მზად ყოფილიყო ჩვენი მეცნიერება. ბატონი ჯემალ ანთიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა. მისი ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში ინფორმატიკის სწავლება დაიწყო და მრავალი სამეცნიერო პროექტიც განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 80 წელი შეუსრულდა, ჯემალ ანთიძე კვლავ განაგრძობს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას და ლექციებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს. ინფორმატიკის დარგში მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერს წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი გადაეცა. საიდან იღებს სათავეს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლა და როგორია დარგის განვითარების სამეცნიერო პოტენციალი? - ამ თემებზე სასაუბროდ ბატონ ჯემალ ანთიძეს უნივერსიტეტში შევხვდით.

ჯემალ ანთიძე:

- 1953 წელს ოქროს მედალზე დავამთავრე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხევის საშუალო სკოლა და სწავლა განვაგრძე უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. თავიდანვე ძალიან მომწონდა მათემატიკა და ძლიერიც ვიყავი ამ საგანში. აკადემიკოსი შალვა მიქელაძე იყო ჩემი ხელმძღვანელი, იმ დროს კომპიუტერული მეცნიერებები ის-ის იყო იწყებოდა და ბატონმა შალვამ გადაწყვიტა უნივერსიტეტში ეს დარგი განევითარებინა და სპეციალისტები მოემზადებინა საამისოდ. მისი ინიციატივით გავემგზავრე მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიაში, სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციის საკავშირო ინსტიტუტში, რომელსაც პროფესორი ლევ გუტენმახერი ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით დავამთავრე ასპირანტურა. გუტენმახერმა პირველმა შექმნა საბჭოთა კავშირში ელექტრონული მანქანა, თუმცა, მანამდე ერთი უკვე შექმნილი იყო ამერიკაში. მოსკოვში ასპირანტურის დამთავრების შემდეგ 1961 წელს დავბრუნდი თბილისში, სადაც მიქელაძის თაოსნობით უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გაიხსნა ელექტრონული გამოთვლითი მანქანების განყოფილება. დავინიშნე ამ განყოფილების გამგის მოადგილედ და თან ლექციებს ვკითხულობდი. ახალი საგნით დაინტერესება თავიდანვე დიდი იყო სტუდენტების მხრიდან. მოგვიანებით კი ეს მიმართულება კიბერნეტიკის ფაკულტეტად იქცა. 

ჩემამდე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში უკვე მუშაობდა ქალბატონი ლენა დეკანოსიძე, რომელსაც ასევე ნასწავლი ჰქონდა მოსკოვში გამოთვლით ცენტრში. იგი 1956 წელს ჩამოვიდა თბილისში და თავიდან ჩემი მასწავლებელი იყო, შემდეგ კი კოლეგა. შეიძლება ითქვას, რომ გამოთვლითი მანქანების ისტორია საქართველოში უნივერსიტეტიდან იწყება. ლექციებს ვკითხულობდი კომპიუტერულ ლინგვისტიკაში, მათ შორის ფილოლოგებთანაც, მანქანურ თარგმანში და, შემიძლია ვთქვა, რომ მე შევქმენი ეს მიმართულება უნივერსიტეტში. ვასწავლიდით პროგრამირებას და სიტყვების კოდირებას. დავიწყეთ ლექსიკონების შექმნა კომპიუტერებისთვის. 1966 წელს სწორედ ამ მიმართულებით დავიცავი დისერტაცია – ქართული ენიდან მათემატიკური ტექსტების საცდელი თარგმანი რუსულად. ამ პერიოდშივე შეიქმნა კომპიუტერებისა და გამოყენებითი მათემატიკის კვლევითი ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც იყო ილია ვეკუა. შემდეგ ეს ლაბორატორია გადაკეთდა კვლევით ინსტიტუტად. 

1978 წელს უნივერსიტეტში ჩემი თაოსნობით ფინანსური და სამეურნეო მართვის ავტომატიზირებული სისტემა შევქმენით. ინოვაციური სისტემის შექმნის ინიციატორი უნივერსიტეტის მაშინდელი ადმინისტრაცია იყო. 1981 წელს უკვე ე.წ. სწრაფად მოქმედი გამომთვლელი ელექტრონული მანქანა 6-სთვის დიალოგური ტრანსლატორი გავაკეთეთ, რომელიც დიალოგის რეჟიმში ადგენდა პროგრამებს. ამის შემდეგ უკვე ალჟირში გამაგზავნეს, სადაც 4 წლის მანძილზე ვკითხულობდი ლექციებს. ამის აუცილებლობა იმით იყო გამოწვეული, რომ საბჭოთა კავშირმა ელ ჰაჯარში მეტალურგიული ქარხანა აუშენა ალჟირელებს და სპეციალისტების მომზადება გახდა საჭირო. გავზარდე რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც ჩემი რეკომენდაციით ალჟირის მთავრობამ ევროპასა და ამერიკაში გაგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. 

1991 წლიდან აქტიური მონაწილე ვიყავი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესების და, როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი იმ ძალებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდიოდნენ. კომპიუტერულ ლინგვისტიკაში ენათმეცნიერებთან ერთად ვმუშაობდი და ახლო კავშირი მქონდა ენათმეცნიერების ინსტიტუტთან, რომელიც ყოველთვის მკაფიო პოზიციას იჭერდა ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით. თანამშრომლობა კი იმით დაიწყო, რომ ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი ძალიან დაინტერესდა კომპიუტერული ლინგვისტიკის მიმართულების განვითარებით.

90-იან წლებში შემოვიდა ინტერნეტი და უნივერსიტეტში ჩემი ხელმძღვანელობით გაკეთდაE პირველი ვებ-გვერდი უნივერსიტეტისთვის. ძალიან მონდომებული იყო მაშინდელი ადმინისტრაცია და რექტორატი, ფინანსურად კი ევრაზიის ფონდი დაგვეხმარა ამ საქმეში. 1997 წელს კი, სოროსის ფონდის დაფინანსებით, შევქმენით პირველი ქართულ-ინგლისური კომპიუტერული ლექსიკონი. ამავე პერიოდში განვახორციელეთ უნივერსიტეტის სტამბის ავტომატიზაცია. მოკლედ, აქტიურად ვმუშაობდით ქართული ენის კომპიუტერიზაციის მიმართულებით – მორფოლოგიური და სინტაქსური ანალიზი გავაკეთეთ, სხვებიც მუშაობდნენ ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენთან გამოიყენებოდა უახლესი მათემატიკური მიღწევები, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საიმისოდ, რომ შემდეგ პროგრამებმა ხარვეზების გარეშე იმუშაონ. მათემატიკური ცოდნის ნაკლებობა საგრძნობია დღევანდელი ლექსიკონების უმრავლესობაში. Aამ პერიოდში 7 დოქტორანტი გავზარდე, მინდოდა უნივერსიტეტში დარჩენილიყვნენ, მაგრამ უნივერსიტეტს აღარ ჰქონდა საშუალება მათთვის შესაფერისი პირობები შეექმნა, ამ მიზეზით, წავიდნენ უცხოეთში და ახლა საკმაოდ წარმატებული მეცნიერები არიან. ერთ-ერთია ირაკლი ქარდავა, რომელმაც გაახმოვანა ქართული სიტყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერი ხმამაღლა კითხულობს ტექსტს და, პირიქით, ხმას აქცევს ტექსტად. მის გამოგონებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი დაფინანსება, რათა დიდი ლექსიკონი შეიქმნას. რუსთაველის ფონდის გრანტებს ვიღებთ ყოველწლიურად, ამჟამად მივიღეთ გრანტი ჰესკელის ენის გაფართოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს სფეროში და მას მაისისთვის დავასრულებთ.