„იცოდეს ისტორიამ...“

28 ოქტ 2016

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო 2004-2013 წლებში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის ავტორობითა და ავთანდილ არაბულის რედაქციით გამოცემული კრებული „დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი”.

კრებულში შესულია როგორც გამომცემელთა და სხვადასხვა ავტორთა მიერ მედიაში უნივერსიტეტისა და ბოლონიის პროცესის შესახებ გამოქვეყნებული მოსაზრებები და პუბლიკაციები, ისე ე.წ. „ხულიგანი პროფესორების საქმესთან” დაკავშირებული სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტური მასალა, რომელიც შეკრულია გიორგი გოგოლაშვილის საავტორო ტექსტით. სწორედ დოკუმენტურობაა აღნიშნული ნაშრომის მთავარი ღირსება, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველსა თუ მკვლევარს საშუალებას აძლევს - ობიექტური წარმოდგენა შეექმნას უნივერსიტეტის უახლესი ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდისა და ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი ამბების შესახებ. „დიახ, დე იცოდეს ისტორიამ...“, – ეს სიტყვები ავტორ-შემდგენელს გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნის, რომელსაც აღნიშნული მოვლენები უშუალოდ შეეხო. 

მაინც, რა უნდა იცოდეს ისტორიამ, რომელიც, შეიძლება ითქვას, დღემდე არ დასრულებულა და უნივერსიტეტში კვლავაც გრძელდება პროცესები, რომელთა ობიექტური შეფასება ჯერაც არ მომხდარა?

„ათასწლეულის მიჯნაზე აშკარა და დაუფარავი ბრძოლა დაიწყო ქართული უნივერსიტეტის წინააღმდეგ... უმაღლესი განათლების „რეფორმატორები” ისეთი შთაბეჭდილების შექმნას ცდილობდნენ, თითქოს აქ, დედაუნივერსიტეტში ინგრეოდა ქვეყანა: აქ არის კორუფციის, არაპროფესიონალიზმისა და სხვა ათასი უბედურების ბუდე“... – როგორ ხდებოდა ე.წ. „შავი პიარის” აგორება, უარყოფითი განწყობების ფორმირება და მართვა რევოლუციური ხელისუფლებისათვის არასასურველი საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ავტორიტეტული პერსონების წინააღმდეგ, ეს ყველას გვახსოვს, თუმცა, ჯერაც არ გაკეთებულა ამ მოვლენების სრულფასოვანი ანალიზი და შეფასება, რაც საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს ქმნის საიმისოდ, რომ ნებისმიერმა დაინტერესებულმა ჯგუფმა მისთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცეს იმ პერიოდის მოვლენებს. გიორგი გოგოლაშვილის მცდელობა - დოკუმენტური მასალის თავმოყრით შექმნას ბაზა საიმისოდ, რომ მავანმა, ვინც ოდესმე მოინდომებს, გაერკვეს უნივერსიტეტის ისტორიის ამ პერიოდში, ნამდვილად დასაფასებელია. კრებულში წარმოდგენილი მასალით ირკვევა, როგორ ხდებოდა განათლების სისტემის კორუფციიდან გაწმენდის სახელით დარტყმების მიყენება უშუალოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე მაშინ, როდესაც ათწლეულების განმავლობაში კორუფცია ყველა უმაღლეს სასწავლებელში უნივერსიტეტზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ იყო ფეხმოკიდებული. 

რატომ აღმოჩნდა 21-ე საუკუნის დასაწყისში ასპარეზზე გამოსული ახალი პოლიტიკური ძალის მთავარი სამიზნე უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია, მწერალთა კავშირი? – ამაზე ავტორს თავისი დასაბუთებული მოსაზრება აქვს: „საზოგადოებაზე საკუთარი დიქტატის დამყარების სურვილი და განათლებისა და მეცნიერების განვითარების უდაბლესი დონიდან დაწყება – არის მიზეზი ქართულ უნივერსიტეტთან გამართული ომისა“, – ამ პოზიციას 2002 წლიდან ახმოვანებენ მეცნიერები, თუმცა, იმ პერიოდის პრესას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მათ მოსაზრებებს თეა თუთბერიძის, დავით კირკიტაძის, გიგი თევზაძის, გივი თარგამაძის და სხვათა საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური შეხედულებები უპირისპირდებოდა, რასაც მხარს უჭერდა მაშინდელი მმართველი პარტია. ასევე, მხარდაჭერილი აღმოჩნდა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე გიორგი ხუბუას არჩევა და შემდეგ მის მიერ გატარებული ფაკულტეტების, სამეცნიერო კაბინეტების და პროფესორ-მასწავლებლების ოპტიმიზაცია. ვინ რა როლი შეასრულა ამ ოპტიმიზაციაში? – ეს ამბები დეტალურადაა გადმოცემული კრებულში, რომელიც ბევრისთვის საკმაოდ არასასიამოვნო აღმოჩნდება, თუმცა, ისტორიას აქვს თავისი წესები: ის წყაროებს და ფაქტებს ეფუძნება, ჩვენს დროში კი ასეთი წყარო, თვითმხილველების მოგონებების გარდა, მედია და სამართლებრივი დოკუმენტაციაა. 

კრებული „დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი გამოცემაა, რომელიც უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა და დღეს მისი ყიდვა თსუ-ის პირველ კორპუსში, წიგნის მაღაზიაშია შესაძლებელი.