საქართველოს შრომის კოდექსზე ევროპელმა ექსპერტებმა კომენტარები შეიმუშავეს

28 ოქტ 2016

პირველად, საქართველოს ისტორიაში, შრომის კოდექსზე უცხოელი ექსპერტების კომენტარი გამოიცა. წიგნში თითოეული მუხლი დეტალურად არის გაანალიზებული. შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენებით განხილული და განმარტებულია შრომითი ურთიერთობის, სამუშაოს შესრულების, შესვენებისა და დასვენების დროის, ცვლაში მუშაობის განსაზღვრული დროის, შვებულების, შრომის ანაზღაურების, შრომის პირობების დაცვის, დავების განხილვებისა და გადაწყვეტის და სხვა საკითხები, რომლებიც შრომის სამართლის რეფორმის პროცესში სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარზე“ 18 იტალიელი და ერთი ბრიტანელი ექსპერტი მუშაობდა.

„სამუშაო ერთობ მოცულობითი იყო, რადგან ეს პირველი პროექტი გახლდათ ქართული შრომის სამართალში და ძნელად მოიძებნებოდა სხვა (სარწმუნო) წყაროები. უფრო მეტიც, ყველაფერთან ერთად, შედარებითსამართლებრივი მეთოდი იძლევა ძირითადი სამართლებრივი სისტემების მსგავსებებისა და განსხვავებების დანახვის შესაძლებლობას და ქართველ კანონმდებელს სთავაზობს გლობალური მოდელების შესახებ ცოდნას, რაც, ამავდროულად, ქვეყნის სამართლებრივი განვითარებისთვის სოლიდური საფუძველია“, - აღნიშნა „საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის“ რედაქტორმა და თანაავტორმა ანდრეა ბორონიმ.

საქართველოში შრომის სამართალი ევროპული ტრადიციებისა და სტანდარტების გათვალისწინებით ახლა იწყებს განვითარებას. 2006 წლამდე მოქმედებდა საბჭოთა შრომის კანონთა კოდექსი. 2013 წელს კი ამოქმედდა სრულიად ახალი რედაქცია, რომელიც შინაარსობრივი თვალსაზრისით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბდა. კანონი დაიხვეწა, თუმცა პრაქტიკაში იმპლემენტაციის პრობლემა ისევ დგას. აღსრულების პრობლემები კარგად ჩანს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომლებიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის საფუძველზე შემუშავდა.

კომენტარის ქართული თარგმანის გამოცემა ევროკავშირის პროექტის - „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ – ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. წიგნი აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„არაერთი განმცხადებელი მოგვმართავდა და აღნიშნავდა, რომ საჯარო სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსები ფორმალურ ხასიათს ატარებდა და თანამდებობებზე წინასწარ შერჩეული კანდიდატების დანიშვნა ხდებოდა. განცხადებების შესწავლის დროს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც არ ხდებოდა კონკურსანტებთან გასაუბრების ამსახველი ოქმების სრულყოფილი სახით შედგენა, ასევე, ვერ დგინდებოდა, კონკრეტულად რა კრიტერიუმი გახდა სხვა პირისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი, რაც იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ კონკურსები სამართლიანად არ ტარდებოდა. ზოგადად, ეს საკითხები მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ქვეყანაში შრომის უფლების სათანადო დაცვის კუთხით და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს. წინამდებარე კომენტარები ხელს შეუწყობს ამ სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენას, ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას და საზოგადოების უკეთ ინფორმირებას შრომის კოდექსის პრაქტიკაში იმპლემენტაციის საკითხებზე“, - აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანეიშვილის წინასიტყვაობაში, რომელიც „საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარს“ აქვს დართული.

„საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის“ ბეჭდური გამოცემა და ელექტრონული ვერსია უკვე გავრცელდა სასამართლო უწყებებში - საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში. ნაშრომით დაინტერესდნენ ამ სფეროში მომუშავე როგორც სამთავრობო უწყებები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შრომის სამართლის აქტუალიზაციას, აქტიური დისკუსიებისა და განხილვების დაწყებას, რაც, თავის მხრივ, მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.

„მოხარული ვარ, რომ ეს ნაშრომი ითარგმნა ქართულ ენაზე. საერთოდ უჩვეულოა, როდესაც კანონის კომენტარს უცხოელები წერენ, რადგან კომენტატორები, ძირითადად, ნაციონალური სამართლის წარმომადგენლები არიან. პრინციპში, ეს არის ექსტრაორდინალური სიტუაცია და მადლობა ამ უჩვეულო და ძალიან კარგი წამოწყებისთვის“, - განაცხადა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი ბურდულმა.

„საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის“ წარდგენა და იტალიელი ავტორების საჯარო მოხსენება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ოქტომბერს მოეწყო. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში იტალიის ელჩი, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„სახელმწიფოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დასაქმებულისა და დამსაქმებელთა უფლებების განხილვის პროცესში ჩაერთოს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს შრომითი უფლებების დაცვას, ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. მიმაჩნია, რომ საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელია შრომითი სასამართლოს, როგორც ცალკე ინსტიტუტის ამოქმედება“, - აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

„საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის“ გამოცემა კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა მოერგოს ჩვენი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ეს თემა ეხება შრომით უფლებებს, ევროპელი კანონმდებლების მხრიდან დიდი ყურადღება დაიმსახურა და უცხოელი ექსპერტების კომენტარის განხილვა იტალიის პარლამენტშიც შედგა. ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და მომავალში კიდევ ბევრი საშუალება გვექნება ვიმუშაოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ამ ფორმატში უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის უცხოელი ექსპერტების მიერ კომენტარის შექმნის იდეა იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მიმართულების ასისტენტ გიორგი ამირანაშვილსა და პროფესორ ანდრეა ბორონის ეკუთვნით.

„დიდი სიამოვნებით მინდა, გავიხსენო ის დრო, როდესაც პროფესორ ანდრეა ბორონისთან ერთად, რამდენიმე წლის წინ, დაგვებადა იდეა, უცხოელი ექსპერტების მიერ შექმნილიყო საქართველოს შრომის კოდექსის მუხლობრივი კომენტარი, რომლის რედაქტორი და თანაავტორი თავად იქნებოდა. მიხარია, რომ ამ იდეას ხორცი შეესხა და 2014 წელს გამოიცა კომენტარის ინგლისური ვერსია, რომელმაც ბინა დაიდო ქ. ჰამბურგის მაქს-პლანკის ინსტიტუტისა და ჰარვარდის სამართლის სკოლის ბიბლიოთეკებში. აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომის წარდგენა უჩვეულო და შთამბეჭდავი იყო იმ თვალსაზრისით, რომ იგი შედგა ქ. რომში, იტალიის პარლამენტში, მიმდინარე წლის 30 მარტს. ძალზე სასიხარულოა, რომ დღეს უკვე მისი თარგმანიც მოგვეპოვება და ქართული შრომის სამართლით დაინტერესებული მკითხველის ბიბლიოთეკას ასეთი წიგნი შეემატა“, – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა და წიგნის თანამთარგმნელმა, იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მიმართულების ასისტენტმა, გიორგი ამირანაშვილმა.

იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის ინსტიტუტი მორიგი მსგავსი პროექტის განხორციელებას უკვე გეგმავს. უახლოეს მომავალში, დაიწყება „საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის“ მსგავსი ნაშრომის შექმნა, რომელიც ქართული სადაზღვევო სამართლის სფეროს შეეხება.

იტალიელი პროფესორების თსუ-ში ვიზიტი 21 ოქტომბერს გამართული საჯარო ლექციით დასრულდა. ანდრეა ბორონიმ და ფრანჩესკო ბაჩინიმ საჯარო ლექცია წაიკითხეს თემაზე - შრომის სამართლის ადგილი კერძო სამართლის სისტემაში. საჯარო ლექცია იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის, ა(ა)იპ „თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრისა“ და შპს „იუსტიციის საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო.