„ქარის წისქვილები“ საქართველოშიც გამოჩნდა

28 ოქტ 2016

დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, გორის უღელტეხილზე, აუცილებლად შეავლებთ თვალს მთის წვერზე ჩამწკრივებულ თეთრფრთიან დანადგარებს, თუმცა არც ქარის წისქვილები და არც მათთან მებრძოლი დონ-კიხოტი არაფერ შუაშია - ეს ის ქარის გენერატორებია, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობა დღეს უკვე სიამაყით საუბრობს, რადგან ქვეყანაში უკვე დაიწყო ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება, რაც, სპეციალისტების აზრით, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ქარის ელექტროსადგური „ქართლი“, რომელიც გორის მიმდებარედ აშენდა, პირველი საპილოტე პროექტია, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა განახორციელა. მისი საინვესტიციო ღირებულებაა 34,3 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო აგრეგატისთვის საჭირო კონსტრუქციები და მოწყობილობები ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ფონდმა (EBRD) შეიძინა.

ელექტროსადგური ჯამში 6 ქარის ტურბინისგან შედგება. თითოეულის სიმძლავრე 3,45 მეგავატია, რაც, საერთო ჯამში, გამოიმუშავებს 20,7 მეგავატს, ანუ წელიწადში დაახლოებით 88 კვ/საათ ელექტროენერგიას. როგორც საქართველოს ენერგეტიკის მესვეურები აცხადებენ, გამომუშავებული ენერგია ექსპორტზე არ გავა და მთლიანად მოსახლეობას მოხმარდება. მისი გაშვება 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით, საქართველოს ტერიტორია დაყოფილია მაღალ, საშუალო და დაბალ სიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წლის განმავლობაში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კი წელიწადში 4000-5000 სთ-ს (165-200 დღე) შეადგენს. ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ცნობით, ქარის სადგურების მშენებლობის პერსპექტიული მოედნებია (წლიური გამომუშავება მლნ კვ/საათი): ფოთი (50,11), ჭოროხი (50,12), ქუთაისი (100,2), მთასაბუეთი I (150,45), მთასაბუეთი II (600,2), გორი-კასპი (200,5), ქარავანი (200,5), სამგორი (50,130), რუსთავი (50,15), ჯამში 1 450 416 კვტ/სთ. დღეისათვის მიმდინარეობს ამ ლოკაციების შესწავლა, რაც მომავალში ქარის ტურბინების დამატებითი რაოდენობის აგებასაც ითვალისწინებს. ვარაუდობენ, რომ 2022 წლისთვის საქართველოში ქარის ელეტროსადგურების მშენებლობა დასრულდება და საერთო ჯამში 900 მეგავატის მიღება იქნება შესაძლებელი, ხოლო ყველა პერსპექტიული ადგილის მაქსიმალურად ათვისების შემთხვევაში, სისტემაში დამატებით 3 500 მეგავატი ელეტროენერგია გაჩნდება, თუმცა ამას, სულ ცოტა 5 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

მეცნიერების აზრით, ქარის ენერგიის გამოყენება საქართველოს ენერგეტიკას დიდ შეღავათს მისცემს. ის მუდმივად განახლებადია, ეკონომიურია და ეკოლოგიურად ნაკლებ საფრთხეებს შეიცავს.

* * *

ნუგზარ გუბაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ფიზიკის დოქტორი:

„ქარის ენერგეტიკას, სხვა წყაროებთან შედარებით, ძალიან კარგი მახასიათებლები აქვს. თუ მას ენერგიის სხვა წყაროებთან მიმართებაში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მისი დადებითი მხარეები აშკარად მეტია, ვიდრე უარყოფითი. მაგალითად, ატომური ენერგეტიკა ეკოლოგიურად ძალიან სუფთაა, მაგრამ მისი სადგურის განთავსება სეისმურად საშიშ ზონაში საფრთხეს შეიცავს. ასევე დიდი ეკოლოგიური საფრთხის მატარებელია ჰიდროენერგეტიკული წყაროებიც, რადგან დიდი მასის წყლის საცავები, რაც ჰიდროენერგეტიკის წარმოქმნას სჭირდება, იწვევს კლიმატის შეცვლას, თბოენერგეტიკის გამომუშავების დროს კი გამონაბოლქვი აირები ჰაერის დაბინძურებას იწვევს. რაც შეეხება ქარის ენერგეტიკას, ის ეკოლოგიური თვალსაზრისით სუფთაა, არ იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს და აქვს მხოლოდ ორი წინააღმდეგობა, რაც, ასე თუ ისე, მოგვარებადია. თუ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ქარის გენერატორების მუშაობის არეალში წარმოიქმნება ინფრაბგერები (თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებში იმ სიმძლავრის ინფრაბგერა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, არ წარმოიქმნება) და იგრძნობა ვიბრაცია და ხმაური. გაზომილია, რომ ადამიანისთვის სმენისთვის ტკივილის ზღვარი 120 დეციბელია. ძველი ტიპის გენერატორებს მაქსიმალური ვიბრაცია აქვთ დაახლოებით 100 დეციბელი, ხოლო თანამედროვე გენერატორებისთვის მისი მაჩვენებელია, დაახლოებით, 30-40 დეციბელი (შედარებისთვის, საათის წიკწიკი 15-20 დეციბელია), რაც ჯანმრთელობისთვის საშიში სულაც არ არის. მიუხედავად ამისა, გენერატორების განთავსებას მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მაინც ერიდებიან და მას მოსახლეობისგან 300-350 მეტრში დგამენ. ეს დაცილება, ელექტროსადგურ „ქართლის“ შემთხვევაში, დაცულია.

ცვლის თუ არა ის გარემო პირობებს? აქამდე არსებული გამოკვლევებით, ის გარემოს არ ცვლის, თუ არ ჩავთვლით, რომ დიდი რაოდენობით გენერატორების განთავსება ანელებს ქარის სიჩქარეს (რაც კარგია) და ტენიანი ჰავის პირობებში, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის დროს, მის ფრთებზე ხდება ნალექის მიყინვა.

კიდევ ერთი რამ, რასაც ამ გენერატორების დაპროექტების დროს ითვალისწინებენ, არის ის, რომ ისინი არ უნდა იყოს განთავსებული გადამფრენი ფრინველების საფრენი ტრასების გადაკვეთაზე, რადგან იწვევს ფრინველების დაღუპვას. სხვა მხრივ, ქარის გენერატორები არის საკმაოდ მძლავრი საშუალება ენერგიის გამომუშავებისთვის და მას აქტიურად იყენებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, ქარის გენერატორების შენახვა იაფია და იმ ქვეყნებში, სადაც ის აქტიურად გამოიყენება, ტარიფებიც ნაკლებია. ქარის ელექტროსადგური, დაახლოებით, ორ წელში თავის ღირებულებას ამოიღებს. ამდენად ამ ტიპის გენერატორებში ინვესტიციის ჩადება მომგებიანია.

წლებია, რაც ვკითხულობ საგანს - „ალტერნატიული და ტრადიციული ენერგეტიკური წყაროები ეკოლოგებისთვის და ფიზიკოსებისთვის”. ეს საგანი იმდენად დიდ დაინტერესებას იწვევს, რომ 70 სტუდენტზე ნაკლები ამ საგანზე არ დარეგისტრირებულა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ალტერნატიული წყაროებისადმი ინტერესი ჩვენს ქვეყანაშიც გაზრდილია“.

* * *

ქარის ენერგიის გამოყენებას მსოფლი-ოში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მას სხვადასხვა მიზნით ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3200 წელს იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები, ხოლო 1200 წლიდან უკვე ევროპაშიც აქტიურად დაიწყო „ქარის მოთვინიერება“. უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის შუა საუკუნეებში ქარის წისქვილებს აშენებდნენ ესპანეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ამერიკაში.

დღეისათვის მსოფლიოში ქარის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 283 გვტ-ია (2012 წლის მონაცემებით), ხოლო ენერგიის გენერაცია 460 ტვტ/სთ, რაც ენერგეტიკის მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 3,2 პროცენტია. ვარაუდობენ, რომ 2018 წლისთვის ეს მაჩვენებელი 8 პროცენტით გაიზრდება. 2013 წლის ზოგადი მონაცემებით, დღეს ქარის ენერგეტიკას საკმაოდ დიდი წილი აქვს დანიაში (28%), ესპანეთში (16%), ირლანდიასა და პორტუგალიაში (14%), გერმანიაში (8%).

ქარის ენერგიის გამოყენებისთვის ბოლო პერიოდამდე გამოიყენებოდა ჩქარბრუნვიანი ტურბინები, რომელთა გავლენა გარემოზე საკმაოდ უარყოფითი იყო, ამჟამად კი შემუშავებულია ნელბრუნვიანი ტურბინები, რომლებიც სპეციალური რედუქტორებით არის მიერთებული სინქრონულ ან ასინქრონულ გენერატორებთან და გარემოსაც ნაკლებად აზიანებს.

ინტერვიუ კახა კალაძესთან

„პირველი მერცხალი“ - ასე უწოდა სოციალურ ქსელში გორის ელექტროსადგურ „ქართლის“ აგებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ინტერვიუში, რომელიც გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ მისცა, იგი ქარის და, ზოგადად, ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების განვითარების პერსპექტივაზე საუბრობს:

- ბატონო კახა, წლებია, რაც საქართველოში აქტიურად საუბრობენ ალტერნატიული ენერგოწყაროების გამოყენების აუცილებლობაზე, რადგან ზამთარში ჰიდროელექტროსადგურებს ხშირად ექმნება პრობლემები. რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა პირველი ქარის ელეტროგენერატორი გორის უღელტეხილზე. თქვენ პირველწყარო ხართ ამ თემასთან დაკავშირებით და, ამდენად, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რა არის ქარის გენერატორების ხიბლი?

- კონკრეტული პროექტიდან დავიწყებ. ჩემი მინისტრად დანიშვნის პირველივე დღიდან დავიწყეთ მუშაობა ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისებაზე, რადგან საქართველოში არის პოტენციალი როგორც ქარის, ასევე მზის სადგურების პროექტის განხორციელებისა. უნდა ითქვას, რომ პირველი პროექტი - ქარის სადგური, რომელიც გორთან ახლოს განვახორციელეთ, წარმატებულია და 20 მეგავატის სიმძლავრისაა. ვფიქრობ, ეს იქნება ლოკომოტივი, რომელიც სხვა ალტერნატიული წყაროების ათვისებას ძალიან დიდ ბიძგს მისცემს. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია - ეს არის სახელმწიფოს საკუთრება და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისა და ინვესტორების დიდი ინტერესი, რომ ინვესტიციები ჩადონ ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე დავიწყეთ მუშაობა მზის ენერგიის პროექტზეც და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იქნება პირველი პროექტი მზის ელექტროენერგიაში.

დღევანდელი ჩვენი ელექტროსისტემიდან გამომდინარე, ქარის ელექტროსადგურების მეშვეობით, დაახლოებით, 300 მეგავატის გამომუშავებაა შესაძლებელი, თუმცა, პოტენციალი უფრო მეტია.

- ეს იქნება ადგილობრივი წარმოება?

- ყველა პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, იქნება ეს ჰიდრო თუ ქარის ელექტროსადგურები, ჩვენი პროდუქტია. მე მათ ვუყურებ, როგორც ჩვეულებრივ საწარმოს, რომელიც კონკრეტულ პროდუქციას აწარმოებს და თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მოიხმარს. წყალუხვობის პერიოდში, გაზაფხულ-ზაფხულში, როდესაც ჩვენ საჭიროზე მეტ ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ, შესაძლებლობა გვექნება საქართველოში წარმოებული პროდუქტი - ელექტროენერგია - გავიტანოთ თურქეთში, ხოლო თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში. რას გვაძლევს ეს? პირველი - უზრუნველყოფილი ვართ ჩვენი ელექტროენერგიით და შეგვიძლია მივიღოთ საქართველოში და არა მეზობელ ქვეყნებში წარმოებული ელექტროენერგია, რაც ძვირია და ამ ქვეყნებზე დამოკიდებულებას იწვევს; მეორე - ამ პროექტების განხორციელება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მშენებლობის დასრულების შემდეგ. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას, ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება და, დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.

- მოსახლეობას აინტერესებს, რამდენ ადამიანს მიეწოდება ელექტროენერგია ამ პროექტების განხორციელებით?

- ეს ენერგია სრულიად საქართველოზე ნაწილდება და არ არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ერთ რეგიონზე. გამომუშავებული ელექტროენერგია შედის მთლიან სისტემაში და ხდება გადანაწილება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე.

- ასეთი ადგილობრივი წარმოების განვითარება ტარიფის გაიაფებას თუ შეუწყობს ხელს?

- თუ დავაკვირდებით მსოფლიოში დამკვიდრებულ ტენდენციას, ბოლო წლებში (თუ არ ჩავთვლით გასულ წელს, რადგან ნავთობზე ფასის ვარდნამ ელექტროენერგიის ფასებზეც გარკვეული ცვლილებები გამოიწვია) ფასები შედარებით ქვემოთ წამოვიდა. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მისი მოხმარების მაჩვენებელი, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით იზრდება, საქართველოში კი - ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 5-6%-ია. რაც უფრო წინ წავა ეკონომიკა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ამ განხორციელებული პროექტებით შევძლებთ, რომ, მინიმუმ, შევინარჩუნოთ არსებული ფასები. ჩვენ ყოველთვის ვაკონტროლებთ, რომ ფასები ზემოთ არ წავიდეს. თუ დამოკიდებული ვიქნებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, ეს გარდაუვალი იქნება, რადგან შემოტანილი ელექტროენერგია გაცილებით ძვირია. შესაბამისად, რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას შემოვიტანთ, ეს აისახება თითოეული ჩვენთაგანის ჯიბეზე. ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ არსებული რესურსების რაციონალურ ათვისებას.

- ანუ რესურსი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით წარმოება გაფართოვდეს და მეტი ადგილობრივი ელექტროენერგია მივიღოთ?

- წარმოიდგინეთ, ამ პატარა ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით 25 ათასი მდინარე და აქედან 300 მდინარე არის ენერგეტიკულად საინტერესო. ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში დაახლოებით ვგეგმავთ 3 მილიარდის ინვესტიციების განხორციელებას, ეს არის მცირე და საშუალო ჰიდროელექტრო სადგურები, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავებას. ბევრი საუბრობს, რად გვინდა ამდენი ელექტროენერგიაო, მაგრამ, ვიმეორებ - ეს არის ჩვეულებრივი საწარმო, რომელიც კონკრეტულ პროდუქტს „უშვებს“ და თუ ჩვენ არ დაგვჭირდება შიდა მოხმარებისთვის, შესაძლებელია, ეს ელექტროენერგია გავიტანოთ და, უცხოეთში გაყიდვის შემდეგ, შემოსული თანხებით ქვეყანამ ისარგებლოს.

მაია ტორაძე

ნინო კაკულია