„მეექვსეს“ კარის თამაშები

28 ოქტ 2016

იყო და არა იყო რა, იყო საქართველოში, და არა მხოლოდ, პირველი უნივერსიტეტი და მას 12 შვილობილი კორპუსი „ჰყავდა“. მათ შორის ყველაზე სადა, უბრალო და მოკრძალებული „მეექვსეს“ სახელით იყო ცნობილი. ის ქალაქის ცენტრში იდგა და მაინც არ ჰგავდა სხვებს. ის იყო უბრალო, ადამიანური და ბუნებრივი სახის მქონე, ყოველგვარი ზედმეტისა და ზედმეტობების გარეშე - პატარებისთვის დაწერილი ეს ზღაპარი ოთხი წლის წინ მე ამიხდა. ახლაც არ მავიწყდება ჩემი რეაქცია, როცა, ისედაც დაბნეულს, უფრო დიდმა დაბნეულობამ შემომიტია, როდესაც აღმოვაჩინე, რომ პირველ კორპუსში კი არა, იმ შენობაში ვისწავლიდი, რომელიც, რატომღაც, საცხოვრებელ კორპუსს უფრო მივამსგავსე იმ დროს. და რა ვიცოდი, მე, პატარა და დაბნეულმა გოგომ, რომ წლების მერე ეს შენობა მართლაც გახდებოდა ჩემი სახლი, საცხოვრებელი და მუდმივი სამყოფელი.

ჰო, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ, ახლაც, ჩემი სტუდენტობის მეოთხე წელსაც, აქტიურად ვატარებ მშობლიურ მეექვსე კორპუსში და ყველაზე მეტად სწორედ მისი მოკრძალებულობა და უბრალოება მომწონს.

ზოგადად, მეექვსე კორპუსი ჟურნალისტებთან ასოცირდება.

„მეექვსე“ - ნიშაა, ბრენდია და მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.

უთქვამთ, რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი რომ ხარ, ეს შენც გხდის განსაკუთრებულსო.

ჰოდა, მე მეექვსე კორპუსელი ვარ და ეს ბევრს, ძალიან ბევრს ამბობს ჩემზე.

იმას, რომ მე ყოველ დილით ნაცნობი ადამიანების და მეგობრების გარემოცვაში შემიძლია საათობით ფოიეს რბილ სავარძლებზე ნებივრობა ისე, რომ არც დაცვა და არც მოსამსახურე პერსონალი შევაწუხო; ის, რომ შემიძლია სიმღერაც, ცეკვაც და წეროების თამაშიც ისე, რომ ამას არავინ ჩათვლის გიჟობად, სხვებიც ხომ არ არიან დიდად „ნორმალურები“...

ეს „მეექვსეს“ ჟურნალისტებია.

ეს ჩვენ ვართ.

ჩვენ გვაქვს ყველაზე რბილი სავარძლები, უსაყვარლესი აივანი, ულამაზესი 303 და გვყავს მეზობლად სახელგანთქმული გელა.

ჩვენთან სითბოა და მხოლოდ გათბობისგან - არა.

ჩვენთან სინათლეცაა და მხოლოდ ნათურებისგან - არა.

ჩვენთან მოძრაობაა მუდმივი და ეს არცაა გასაკვირი.

მეექვსე კორპუსის პროფესია იცოდით. ის ჟურნალისტია. დიახ, ის ყველაზე დაუღალავი, ერთგული და მართალი ჟურნალისტია, რომელსაც თავისი საქმე ძალიან უყვარს.

მეექვსეს სქესი არ აქვს. ის გენდერულადაც თანასწორია... (აი, აქ კი აშკარად დიდ ილუზიაში გადაეშვა ჩვენი ანა... ჩვენ ხომ ჟურნალისტიკაზე მუდმივად განვიცდით მამრობითი სქესის წარმომადგენელთა ნაკლებობას – მ. გვარამია)

„მეექვსე“ ჩემთვის უნივერსიტეტია.

ის ჩემთვის მთელ თსუ-ს აერთიანებს.

და ყველაზე მთავარი, მეექვსე კორპუსი ჩემთვის მეგობრობაა, აქ შეძენილი და ნაპოვნი მეგობრები საინტერესო ადამიანები არიან, რომლებმაც მე უკეთესი გამხადეს და ამიტომ ისინი მუდამ, მუდამ იქნებიან ფერადნი ჩემი ცხოვრების ტილოზე.

- შენ კიდევ აქ ხარ? მგონი აქ ათენებ და აღამებ! - მესმის მორიგი რეპლიკა ჩემი მისამართით, მეც უხალისოდ ვუღიმი და დაზეპირებულ ფრაზას მეასეჯერ ვიმეორებ: - სხვაგან სად მაქვს წასასვლელი?

მე იმ უბრალო მეექვსე კორპუსში ვარ, რომელშიც წლების წინ შემოვაბიჯე და წლების წინ შევადარე საცხოვრებელ კორპუსს, ახლა კი ის მართლა იქცა ჩემ მუდმივ და სასიამოვნო სამყოფელად.

ბევრი რამ პარადოქსულად ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ბევრიც - დაუგეგმავად და მოულოდნელად.

თსუ-ში ჩაბარება არ ყოფილა მოულოდნელობა, მაგრამ „მეექვსე“ კი ნამდვილად იყო და მე მეოთხე წელია ამ მოულოდნელობის ნაწილი ვარ.

ის იმსახურებს, რომ იყოს ძალიან ლამაზი, იმაზე მეტადაც, ვიდრე ახლაა..

ის იმსახურებს, იყოს უფრო მეტად დაფასებული და ცნობადი, ვიდრე ახლაა და მის დასახასიათებლად სიტყვების: „ეს ისაა, პირველი კორპუსის წინ რომაა“ - არ მჭირდებოდეს.

ის იმსახურებს, რომ იყოს აქტიური, უფრო მეტად, ვიდრე ახლაა.

ვისურვებდი, რომ წლების მერე, როცა „მეექვსეში“ მოვალ და, ვიცი, ამას აუცილებლად ვიზამ, დავინახო მეტი ენთუზიაზმით სავსე და ხალისიანი სახე, უფრო მეტი ხალისიანი პერსონალი და უფრო ლამაზი გარემო.

თსუ-ის მეექვსე კორპუსი ან, უბრალოდ, „მეექვსე“ კი ყოველთვის იქნება ჩემში ყოველგვარი კარგის, თბილის და უბრალოს სინონიმი. ის ჩემში განცდაა, რომელსაც ბევრი ვერ შეცვლის, რომელიც სამუდამო ვალენტობაა და შეცვლასა და გაქრობას არ ექვემდებარება.

ანა ურუშაძე,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი