ბუნებაში ხეტიალი ეკოლოგიის დაცვის მიზნით თსუ-ის ეკომოლაშქრეთა კლუბი

28 ოქტ 2016

მოლაშქრეთა კლუბების განსაკუთრებული სიმრავლის ფონზე ნელ-ნელა ჩნდებიან ეკომოლაშქრეები - ერთის მხრივ, ბუნების სიყვარულისა და, მეორე მხრივ, პროფესიული ინტერესის წყალობით ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდები. ნინო ინასარიძე, ნინო ტაბატაძე, გვანცა ერისთავი, თემო ნაფეტვარიძე და რატი გელაშვილი - ესენი თსუ-ის ის სტუდენტები არიან, რომლებმაც ეკომოლაშქრეთა კლუბის შექმნით მიიღეს ლაშქრობისა და ეკოლოგიის ერთგვარი ნაზავი - შეიძლება ითქვას, რომ ,,ზუსტებმა“ ზუსტად ის ნიშა მოუძებნეს ბუნებაში ხეტიალს, რომელიც მას აქამდე არ ჰქონია.

კლუბის პრეზიდენტისა და ტექნიკური საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენლის რატი გელაშვილის თქმით, ეკომოლაშქრეთა მთავარი მიზანი, ლაშქრობასთან ერთად, არსებულ გარემოსდაცვით აქტივობებზე ორიენტირებაა:

„ჩვენ უკვე გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე მოხალისეები“. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმართულება არის ეკოლოგია და ეკო ლაშქრობების დაგეგმა-ორგანიზება. რა თქმა უნდა, ორგანიზაციას თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით შეუძლია აქტივობების განხორციელება, მაგრამ გვინდოდა, ეს აქტივობები უნივერსიტეტშიც შემოგვეტანა. თუმცა თსუ-ს უკვე ჰყავდა მოლაშქრეთა კლუბი. ბუნებრივია, ჩვენც დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი იდეით შეგვძლებოდა განსხვავებულის, ახლისა და საინტერესოს შემოტანა საუნივერსიტეტო სივრცეში.

თავდაპირველად 2-3 კვირის განმავლობაში ვაზუსტებდით და ვხვეწდით ჩვენს იდეას. ვფიქრობდით იმ პროცედურებზე, რომელთა გავლაც მოგვიხდებოდა, სანამ კლუბს ოფიციალურად დავაარსებდით. სწავლის დაწყებასთან ერთად გავაქტიურდით და იდეა მხოლოდ იდეის დონეზე არ დავტოვეთ. მონდომებით მოვეკიდეთ რეკლამასა და ფეისბუქ-გვერდის პოპულარიზაციას.

საწყის ეტაპზე მივმართეთ მიმართულების ერთ-ერთ ყოფილ წევრს პაატა ბახტურაძეს, რომელმაც საორგანიზაციო საკითხებში გაგვიწია კონსულტაცია. გავარკვიეთ, რომ საჭირო იყო პროექტის დაწერა, რომელსაც განიხილავდა დეკანატი და, ასევე, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. საბოლოოდ კი მივიღეთ ნებართვა და აქედან დავიწყეთ უშუალო ფუნქციონირება“.

ნინო ინასარიძე, რომელიც კლუბის განათლებისა და ტრენინგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ გარემოსდაცვითი აქტივობები უფრო შედეგიანს, ინფორმაციულს, შემეცნებითსა და სახალისოს ხდის თითოეულ ტურს საქართველოს გარშემო: „ჩვენი მიმართულება არ არის მხოლოდ ლაშქრობა, ეს პარალელურად გარემოსდაცვით განათლებასაც მოიცავს. იგეგმება ისიც, თუ როგორ გავაცნოთ მოლაშქრეებს შერჩეული ადგილის ფლორა-ფაუნა, გეოლოგიური აგებულება და ჩავუტაროთ მათ შესაბამისი ტრენინგი. დაგეგმვამდე აუცილებლად ვეცნობით ამინდის პროგნოზებს და შესაბამისად ავირჩევთ ადგილსაც. სამომავლოდ იგეგმება დასუფთავებისა და გამწვანების აქციები. კლუბს დაემატება გასართობი და ექსტრემალური ღონისძიებებიც - გაზაფხულისთვის, მაგალითად, პარაპლანით ფრენა. გვინდა, რომ სეზონის დახურვამდე მოვასწროთ რამდენიმე გასვლა, კლუბის წევრების გამოცდილების ზრდასთან ერთად, გაიზრდება სალაშქრო მარშრუტების სირთულეც. როდესაც სალაშქრო ამინდი არ იქნება, ჩატარდება საჯარო ლექციები დედამიწაზე, ასტრონომიაზე და სხვა საინტერესო თემებზე“, - ამბობს იგი.

ეკომოლაშქრეებს კლუბის წევრობის 140 მსურველი უკვე ჰყავთ. გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე. წევრობა გააქტიურდება მაშინ, როდესაც მსურველები გადაიხდიან საწევრო გადასახადს - 5 ლარს, რომელიც სრულიად მოხმარდება იმ აქტივობებსა და პრიზებს, რომლებსაც ეკომოლაშქრეები გასცემენ. რადგან კლუბი კომერციული არაა, ამ ფუნქციას უნივერსიტეტშიც ვერ შეითავსებს. უნივერსიტეტი მათ, ძირითადად, ინვენტარის მოპოვებაში ეხმარება. თუმცა, კლუბის წევრები თანხმდებიან იმაზე, რომ ფინანსები განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ამიტომ ბიუჯეტის შედგენასთან ერთად სპონსორების მოძიებაზეც აქტიურად აპირებენ მუშაობას.

კლუბს ეყოლება მოლაშქრე-გამყოლი, რომელიც 10-კაციანი ჯგუფის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ლაშქრობამდე მითითებებისა და წინასწარი ინფორმაციის მიწოდებაც სწორედ მოლაშქრე-გამყოლს ევალება, რომელიც აღჭურვილი იქნება ეკიპირებით. ეკოლოგიის მიმართულებაზე რამდენიმე ლექტორმაც კი გამოთქვა სურვილი - გაძღოლოდა ეკომოლაშქრეების ექსკურსიებს. უსაფრთხოებას უზრუნველსაყოფად კლუბმა აფთიაქის ყუთიც შეიძინა.

არ აქვს მნიშვნელობა - გამოცდილი ხარ თუ გამოუცდელი, მთავარია, გიყვარდეს ლაშქრობა. თუმცა კლუბის წევრები იმასაც ამბობენ, რომ ისინი განსაკუთრებით პირველკურსელებზე არიან ორიენტირებულები. რატომაც არა? რა სჯობს, როდესაც აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას დასაწყისშივე გაუგებ გემოს?

ეკომოლაშქრეთა გეგმა გრძელვადიანია, მიუხედავად იმისა, რომ 5-ვე დამაარსებელი ბოლო წელს ატარებს თსუ-ში სტუდენტის სტატუსით. იმედოვნებენ, რომ მათი აქტივობები არ ამოიწურება და გამოჩნდებიან კლუბის სხვა წევრებიც, რომლებიც ასევე დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით მოეკიდებიან ეკოლაშქრობების განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხს.

მანამდე კი თსუ–ის ბაზაზე არსებული მოლაშქრეთა კლუბი შეეცდება მიზანი განახორციელოს და ლაშქრობასთან ერთად ადამიანისა და ბუნების ურთიერთობას შემეცნების კომპონენტიც დაუმატოს.

გვანცა დევიძე,

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ

მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი