გოგონა, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს...

28 ოქტ 2016

ესმა გუმბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია; სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე; ჩართულია სამოტივაციო ჯგუფში „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“, რომელიც მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დასაცავად და მათი უფლებების რეალიზებისთვის; ეს არის გოგონა, რომელიც ყველასგან გამორჩეულია, განსაკუთრებულია და არავის ჰგავს - იგი ძლიერია, მიზანდასახული და შრომისმოყვარე, ამასთან ხალისიანი, თბილი ღიმილითა და საოცრად კეთილი გულით... ესმა არის გოგონა, რომელიც ბავშვობიდანვე იბრძოდა საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის, იბრძოდა უკეთესი გარემოს შესაქმნელად; გოგონა, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს; თავისუფლად ლაპარაკობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე; გაცვლითი პროგრამებით ნამყოფია გერმანიაში, ამერიკაში, ბრიტანეთში, ლატვიაში, პოლონეთში, უკრაინასა და რუსეთში.

დაიბადა ბაღდათში, თუმცა ოჯახი ქუთაისში საცხოვრებლად მალევე გადმოვიდა. ესმა რვა წლის იყო, როდესაც ოჯახმა მისი სწავლის გამო კიდევ ერთხელ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. მის მშობლებს კარგად ესმოდათ, რომ გოგონა სრულფასოვან განათლებას ვერ მიიღებდა ისეთ სკოლაში, სადაც არ ჰქონდა ბრაილის შრიფტის მქონე სახელმძღვანელოები და არ ჰყავდათ სპეცმასწავლებლები. სწორედ ამიტომ, თბილისში ჩამოსვლა და ესმას N202-ე საჯარო სკოლაში მიყვანა გადაწყვიტეს.

სკოლას ჰქონდა საერთო საცხოვრებელი, სადაც ბავშვები დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ და მთელ დროს იქ ატარებდნენ. იმის გამო, რომ არ იყო ნორმალური საცხოვრებელი პირობები, ესმა საცხოვრებელში არ დარჩენილა. ყოველ დილით მიდიოდა სკოლაში და გაკვეთილების შემდეგ მშობლებს სახლში მიჰყავდათ. იგი იხსენებს, რომ სკოლის საერთო საცხოვრებელს არ ჰქონდა გათბობა, ცხელი წყალი, საკმარისი რაოდენობის საკვები, ამას ემატებოდა ისიც, რომ პედაგოგები და აღმზრდელები ძალიან ცუდად ექცეოდნენ ბავშვებს.. ალბათ, პატარებს ყველაზე უკეთ მძაფრი მოგონებები რჩებათ მეხსიერებაში და ჰოდა, ის დრო ესმასაც მძაფრად დარჩა გონებაში: „მაშინ, როდესაც შემთხვევით გავიგონე მშობლების ლაპარაკი, თუ რა სასტიკად ექცეოდნენ სკოლის პედაგოგები ბავშვებს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, საოცრად განვიცადე. მინდოდა რითიმე დავხმარებოდი მათ, რადგან მათაც ისეთივე ღირსეულ და თბილ გარემოში ეცხოვრათ, როგორიც მე მქონდა. ნელ-ნელა გარემოც შეიცვალა - ვიზრდებოდი და ვხედავდი, როგორ ვითარდებოდა სკოლა, იცვლებოდა ინფრასტრუქტურა, უკვე გვქონდა განახლებული შენობა, გვყავდა ახალი და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებლები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ჩვენთვის განათლება მოეცათ“, - იხსენებს ესმა.

ჯერ კიდევ ბავშობაში გამოირჩეოდა აქტიურობით. უყვარდა ლაპარაკი, გაუთავებელი კითხვები, მშობლებთან და მეგობრებთან გატარებული საინტერესო საღამოები. ყოველთვის სურდა გარემოს შეცვლა, ჯერ კიდევ სამი-ოთხი წლის ბავშვი გაუცნობიერებლად ცდილობდა შეექმნა სასურველი გარემო. აშენებდა ყველაფრისგან... პლასტილინისგან, სიგარეტის ბლოკებისგან: „სულ მინდოდა, რომ ჩემი კუთხე მქონოდა, ყოველთვის ვცილობდი, გამომეყო ჩემი პატარა სივრცე, ადგილი, სადაც კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, ადგილი, როგორიც ოცნებაში მქონდა წარმოდგენილი. დღესაც ამას ვცდილობ... ვცდილობ უკეთესობისკენ შევცვალო გარემო და ადამიანები და, რა თქმა უნდა, მეც შევიცვალო“, - ამბობს იგი.

2008 წლის ომის შემდეგ სკოლაში დაბრუნებულებს სულ სხვა გარემო დახვდა - ლტოლვილებით სავსე შენობა, მთავრობა, რომელიც არ ცდილობდა პრობლემის სწრაფად მოგვარებას... სწორედ აქედან იწყება ესმას ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი, წინააღმდეგობით აღსავსე ეტაპი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება არ შეეძლოთ, არ გაჩერებულან - აკითხავდნენ განათლების სამინისტროს და მოითხოვდნენ ალტერნატიული შენობის მოძებნას ლტოლვილებისთვის. ცდილობდნენ, სწავლა რაც შეიძლება მალე დაეწყოთ და ამ მხრივ საკუთარი უფლებები დაეცვათ.

„იმიტომ კი არ უნდა ვაკეთოთ რაღაც, სხვებს რომ უნდათ, სხვა რომ ვასახელოთ, სხვას რომ ასე უნდა, არამედ ჩვენთვის, ჩვენი საკუთარი თავისთვის“, - ასე ხსნის საკუთარ აქტივობას ესმა. სწორედ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ცოდნის გასაღრმავებლად იღებდა მონაწილეობას ოლიმპიადებსა თუ გაცვლით პროგრამებში და კიდევ იმიტომ, რომ სხვამ თუ შეძლო, ისიც შეძლებდა. რა თქმა უნდა, შეძლო და სხვებზე კარგადაც გამოუვიდა. დამამთავრებელ კლასში გაიმარჯვა და „ფლექს“-ის პროგრამით ერთი წლით ამერიკაში წავიდა. თავად სწავლობდა და სხვასაც ეხმარებოდა სწავლაში. იქ ყოფნის დროს, ესმა ყოველ დილით მარტო მიდიოდა სკოლაში, რომ ესწავლებინა ბრაილის შრიფტი აუტიზმის სპექტრის სინდრომის მქონე ბავშვისთვის.

ბავშვობიდანვე ზუსტად იცოდა, რა უნდოდა. იცოდა, რომ უნდა ესწავლა, უნდა ებრძოლა, საკუთარი თავი და გარემო შეეცვალა უკეთესობისკენ. სწორედ, ამის გამო გადაწყვიტა სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარება. სწავლას დღესაც დიდ დროს უთმობს. კითხულობს, უკითხავენ და უსმენს, რათა საკუთარ პროფესიაში წარმატებული და ძლიერი იყოს.

გოგონა თავისუფალ დროს მეგობრებთან ატარებს, ბევრს სეირნობს მათთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. უხარია, როდესაც მის გვერდით წარმატებული და ბედნიერი ადამიანები არიან. უხარია, როდესაც ადამიანებთან თავისუფლად, გულახდილად შეუძლია ლაპარაკი, როდესაც უგებენ და მის აზრსა და შეხედულებებს ყურადღებით ეკიდებიან. კითხვაც ძალიან უყვარს და ფილმების ყურებაც. თუმცა მისი მთავარი ჰობი მაინც სულ სხვა, უჩვეულოა (თვითონ ასე მიიჩნევს) – ძალიან უყვარს სოციალურ ქსელში პოსტების წერა. რადგან ფიქრობს, რომ აზრების გამოთქმა და გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც კარგად ესმის, რომ, შესაძლოა, ეს აზრი არ იყოს სწორი, მაგრამ სწორად ამან მიიყვანოს სხვა სწორ აზრამდე. გოგონა ამ გზითაც ცდილობს საკუთარი თავისა და ნიჭის რეალიზებას, რადგან კარგად იცის, რომ „ჭეშმარიტება კამათში იბადება“.

„როცა ადამიანი არ არის თვითრეალიზებული, მას ძალიან გაუჭირდება სხვების წახალისება თუ გამხნევება. ძალიან მიყვარს სიტყვები, რომლებიც ჩემი ცხოვრების დევიზად ვაქციე: „იყავი ის ცვლილება, რომლის დანახვაც გინდა“, - ამბობს იგი.

ესმა დღესაც მზადაა ყველანაირი წინააღმდეგობისთვის. მისი მთავარი ძალა და ღირსება სწორედ ისაა, რომ მას ბრძოლა შეუძლია. არასდროს ცდილობს საკუთარ თავში ჩაკეტვას. როგორც თავად ამბობს, ადვილად გამოდის კომფორტის ზონიდან. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების გარეშე თითქმის არ შეუძლია, რადგანაც მათთან რაღაც სხვა, ძლიერი ემოციური ძალა აკავშირებს, ესმამ არაერთხელ იცხოვრა დამოუკიდებლად და სასწავლებლად უცხოეთში წავიდა. უდიდესი წინ გადადგმული და გაბედული ნაბიჯები იყო, როცა არ იცოდა სად მიდიოდა, არ იცოდა, რა ელოდა, როგორ პირობებში მოუწევდა ცხოვრება, როგორ შეეჩვეოდა გარემოს, შეძლებდა თუ არა საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენასა და გაუმჯობესებას. ესმას შრომისმოყვარეობის, გამბედაობისა და მიზანდასახულობის წყალობით, ყოველ ჯერზე ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

საკუთარი ქვეყანა უყვარს, თუმცა არ მოსწონს მისი არაადაპტირებული გარემო. ძალიან სწყინს, როდესაც არ უსმენენ, როცა არ თვლიან საჭიროდ, რომ მოუსმინონ - მის შეხედულებას არაფრად აგდებენ და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ცდილობენ მის დარწმუნებას.

უნივერსიტეტში სწავლის დროს პრობლემები არასდროს ჰქონია. რამდენიმე დღეში შეისწავლა მთელი შენობა, ყოველი ოთახი თუ კაბინეტი. არ გასჭირვებია ლექტორებთან თუ სტუდენტებთან ურთიერთობა, სახელმძღვანელოების მოპოვება და სწავლა. არ უწევს გამოცდების ჩასაბარებლად გამოცდების ცენტრში ასვლა, რადგან წინასწარ შეუთანხმდა დეკანის მოადგილეს, რომ გამოცდებს იმავე კორპუსში ჩააბარებდა, რომელშიც სწავლობს. მისთვის სწავლა დღეს უფრო მარტივია, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. არსებობს გამხმოვანებელი პროგრამა, რომელიც უკითხავს, რა ხდება ეკრანზე, ის ახმოვანებს ნებისმიერ შეტყობინებას, ინფორმაციას. ახმოვანებს „WORD“-სა და „PDF“ ფაილებს. ერთადერთი, რისი პრობლემაც არსებობს, ესაა - „TaCpanela“ - ესმას მისი გამოყენება არ შეუძლია, თუმცა ყველაფერს კლავიატურის გამოყენებით ახერხებს.

ყველაზე მეტად რაღაც ისეთის გაკეთება უნდა, რომ მის გარშემო შეიცვალოს გარემო, დამოკიდებულება, დაინახოს დიდი ძვრები და იყოს ამ აღმავლობის მონაწილე, ინიციატორი თუ წამახალისებელი. დღეს ესმა კვლავ ამერიკაში წასვლაზე ფიქრობს და სამომავლოდ სწავლის გაგრძელებასაც იქ გეგმავს. წინ მთელი ცხოვრება აქვს, ბევრს მიაღწია და კიდევ ბევრს მიაღწევს.

მარიამ ლეკიაშვილი,

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ

მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი