დამოუკიდებლობა, რომელიც ოჯახურ გარემოზე მეტია

28 ოქტ 2016

ყოველწლიურად თბილისში ძალიან ბევრი სტუდენტი ჩამოდის განათლების მისაღებად. ამის ერთ-ერთი მიზეზი სხვა ქალაქებში საგანმანათლებლო დაწესებულებების სიმცირეა. დღეს საქართველოში 75 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მაგრამ მხოლოდ 31-ში არის შესაძლებელი უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლა. ამ 31-დან 25 უნივერსიტეტი თბილისშია, დანარჩენი ექვსი კი - 5 სხვადასხვა ქალაქში (ქუთაისი - 2, ბათუმი, თელავი, ახალციხე, ფოთი - 1). აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი განათლების მისაღებად დედაქალაქს სტუმრობს. ეს „სტუმრობა“ კი ბევრ მათგანს ძალიან ძვირი უჯდება, რაც, პირველყოვლისა, საცხოვრებლის პოვნასთან და გარემოსთან შეგუების არც თუ იოლ პროცესთან არის დაკავშირებული.

„თსუ-ის“ მე-4 კურსის სტუდენტი სოფო ბუჩუკური ფასანაურიდანაა. მთელი ცხოვრება სოფელში გაატარა, ამიტომ, როგორც თვითონ ამბობს, თავიდან თბილისში გადმოსვლა ძალიან გაუჭირდა.

„ქალაქისა და სოფლის ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. სოფელში ყველა ყველას იცნობს, ყველა ერთმანეთს ეხმარება და ერთობლივი ძალებით ცდილობენ პრობლემებთან გამკლავებას. ამის შემდგომ, როდესაც ქალაქში ჩამოდიხარ, ჩემი აზრით, სრულიად განსხვავებულ სიტუაციას ხვდები. თბილისში ჩამოსვლისას ძალიან დიდი ხანი დაბნეული ვიყავი. თავი სრულიად სხვა სამყაროში მეგონა. დამოუკიდებელ ცხოვრებას იმდენად მიუჩვეველი ვიყავი, რომ ვერაფერს ვასწრებდი. როდესაც მეგობრებისგან მსგავს საუბრებს ვისმენდი, არ მჯეროდა, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელი იყო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, დავრწმუნდი, რომ განსხვავება სოფელსა და ქალაქს შორის ძალიან დიდია. ძალიან მენატრებოდა ჩემი სოფელი. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდა. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ადაპტაციაა, რომელიც, ჩემ შემთხვევაში, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა“, - ამბობს იგი.

რა თქმა უნდა, სოფოს მსგავსად ბევრს უჭირს „ქალაქურ“ ცხოვრებაზე გადასვლა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თბილისში თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ: „თბილისში ცხოვრების ტემპი გაცილებით სწრაფია, ვიდრე ეს სოფლებშია. სწორედ ამიტომ მომწონს აქაურობა. ბავშვობიდან აქტიური ცხოვრება მიყვარდა და, ვფიქრობ, თბილისი, ამ მხრივ, ჩემს სოფელს ნამდვილად ჯობია. ყველაზე კარგი არის ის, რომ მივეჩვიე დამოუკიდებლობას. ნელ-ნელა ფულის რაციონალურად გამოყენებაც ვისწავლე და მივხვდი, რომ დამოუკიდებლობა ძალიან მაგარია. მიუხედავად ამისა, მაინც მქონდა რაღაც პრობლემები. შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად ტრანსპორტის პრობლემამ შემაწუხა. ვერაფრით ვისწავლე ავტობუსების მარშრუტი და თავიდან ხან სად და ხან სად ამოვყოფდი ხოლმე თავს, მაგრამ ნელ-ნელა ესეც „დავამუღამე“. ერთადერთი, რაც ქალაქში არ მომწონს, ის არის, რომ სახლიდან უნივერსიტეტამდე მისასვლელად თითქმის 1 საათი, ზოგჯერ მეტიც მჭირდება, თანაც 3 და, თუ გამიმართლა, 2 ტრანსპორტის გამოცვლა მიხდება. ეს ნამდვილად სიახლე იყო ჩემთვის, რადგან სოფლის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე ყოველთვის ფეხით მიწევდა სიარული. ხშირად მესმოდა უფროსებისგან, რომ სტუდენტური ცხოვრება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. ადრე ამას ვერ ვაანალიზებდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ისინი მართლები იყვნენ“, - გვიამბობს „სდასუ-ს“ სტუდენტი ბაჩო მაზანაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტური ცხოვრება, შეიძლება ითქვას, პირდაპირ კავშირშია დამოუკიდებელ ცხოვრებასთან, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მას ძალიან ბევრი პრობლემაც ახლავს თან. ელენე ბაქრაძე, „ჯიპა“-ს სტუდენტი:

„თბილისში სასწავლად ჩამოვედი. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე მარტივად არ მოხდა, როგორც მინდოდა. ბინის პოვნა იმდენად გამიჭირდა, რომ პირველი სემესტრი, ფაქტობრივად, გავაცდინე, რადგან სახლის ქირაობა მხოლოდ მცხეთაში მოვახერხე. ჩემს ოჯახს არ ჰქონდა იმდენი შემოსავალი, რომ სწავლის ფულთან ერთად ბინის ქირაშიც გადაეხადა საკმაოდ დიდი თანხა. საბედნიეროდ, შემდეგ გამიმართლა და თბილისშიც ვიქირავე ბინა. სამწუხაროა, როდესაც სტუდენტი ასეთი პრობლემების პირისპირ დგება. ჩემ გარდა ძალიან ბევრ სტუდენტს ჰქონდა ბინის პრობლემა. იმედი მაქვს, სახელმწიფო იზრუნებს ამ საკითხის მოგვარებაზე“.

რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები ძალიან ხშირად ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან - ენატრებათ მშობლიური კუთხე, მეგობრები, ემოციურად განიცდიან შეჩვეული გარემოს მიტოვებას, ეწყებათ დეპრესია და ხშირად გარბიან თავის შესაფარებლად იქ, სადაც ოჯახური სითბო და მზრუნველობა ელით. ფსიქოლოგი, ეკა იაკობაშვილი ასეთი სტუდენტების პრობლემებზე საუბრობს: „გარემოს შეცვლა იოლი არ არის. რთულია, შეეგუო ახალ ცხოვრებას, როდესაც 15-20 წელი სრულიად განსხვავებულად ცხოვრობდი. მქონია შეხება მსგავს სტუდენტებთან და ხშირად ისინი თავად ანელებდნენ ადაპტაციის პროცესს. ისინი ხშირად ათვალიერებდნენ ძველ სურათებს, კითხულობდნენ ძველ ჩანაწერებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარემო ახალი შეცვლილი გაქვს. მათ ხშირად ვეუბნები, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ქმედებებისგან. მესმის, ძალიან რთულია ამის გაკეთება, მაგრამ, თუ გინდა ყველაფერი მალე მოგვარდეს, ეს საუკეთესო საშუალებაა“, - ამბობს იგი.

როგორც ვნახეთ, სოფლიდან ქალაქში ჩამოსულ სტუდენტებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ: ბინით დაწყებული - გარემოსთან ადაპტაციით დამთავრებული. ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის დავალებით, სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ლისის ტბის ფერდობზე 320-ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ააშენა. როგორც კომპანიის დირექტორი ლევან თარგამაძე აღნიშნავს, საცხოვრებელი 320 სტუდენტზეა გათვლილი და იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულია. საერთო საცხოვრებელი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის არის გათვლილი.

ყველაფერი პირველი ნაბიჯებიდან იწყება და, რა თქმა უნდა, ლისის საცხოვრებელიც კარგი დასაწყისია, მაგრამ, მას სხვა ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს, რომ რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს, გარემოსთან ადაპტირების პრობლემასთან ერთად, ბინის პრობლემებიც არ აწუხებდეს. სოციალურად ისეც შეჭირვებულ ფენას, რომელსაც სწავლის გადასახადის გადახდა უჭირს, შვილის საცხოვრებლად დამატებითი ხარჯების გადახდა აღარ უნდა სჭირდებოდეს.

მირიან დარსალია,

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ

მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი