ნახევრად დაზღვეული ჯანმრთელობა

28 ოქტ 2016

ჩვენი ცხოვრება სავსეა უსიამოვნო სიურპრიზებით: ხდება ხანძარი, სტიქიური მოვლენები, ძარცვა... ზოგჯერ თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ. ყველა აღნიშნული უსიამოვნებისგან სწორედ სადაზღვევო პოლისი გვიცავს - მისი არსებობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ კომპენსაცია. სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას თქვენ მშვიდად და უსაფრთხოდ იქნებით, რადგან ზარალის შემთხვევაში მიიღებთ შესაბამის მხარდაჭერას. სწორედ ამაში მდგომარეობს დაზღვევის მთავარი უპირატესობა და სარგებელი.

2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედებული ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ამ სექტორში განხორციელებულ წარმატებულ პროექტად მიიჩნევა. ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. პროგრამის თანახმად, ბენეფიციარი გეგმიური სტაციონარული და ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციას მისთვის სასურველ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებაში გადის. თუ პირი არც ერთ პოლიკლინიკაში არ არის დარეგისტრირებული და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, იგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ავტომატურად ერთვება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კითხვაზე პასუხი, თუ ვის ემსახურება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, ჩამონათვალში სტუდენტიცაა - საქართველოს მოქალაქე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დაზღვევის სერვისით სარგებლობს, ასევე, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სწავლობს „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურებზე და ის პირები, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი, ანა ვარდოსანიძე იმ სტუდენტებს შორისაა, რომლებიც სტუდენტური დაზღვევით სარგებლობენ: „როგორც კი უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე მაშინვე გავიგე სტუდენტური დაზღვევის არსებობის შესახებ - მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა ტელეფონზე. სტუდენტური დაზღვევით ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ვსარგებლობ. გამოკვლევები დამჭირდა ფარისებრ ჯირკვალზე, ჯერ ოჯახის ექიმთან მივედი და მან გამიშვა ანალიზების ასაღებად, მიმართვაც დამიწერა ენდოკრინოლოგთან. სტუდენტური დაზღვევის გამოყენებისას გავიგე, რომ დაზღვევის ფარგლებში ექიმთან კონსულტაციები უფასოა, უფასოა ასევე სისხლის საერთო ანალიზის აღებაც. კმაყოფილი ვარ და ვიყავი კიდეც დაზღვევით. მონდომებით ცდილობდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ, რაც გამოკვლევებისთვის მჭირდებოდა, ყურადღებით მოუსმინეს ჩემს პრობლემას და შესაბამისი გამოკვლევებიც ჩამიტარეს”, - ამბობს იგი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციის მიხედვით, სტუდენტებისთვის სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება სწავლის საფეხურის შესაბამისად:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურებისა და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის - 36 თვე;

ბ) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის - 48 თვე;

გ) დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის - 60 თვე;

დ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის – 24 თვე;

ე) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის - 12 თვე;

თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი მარიამ ზიბზიბაძე კერძო დაზღვევით სარგებლობს: „სტუდენტური დაზღვევით არასოდეს მისარგებლია, რადგან მთელ ოჯახს სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფის” საოჯახო დაზღვევის პაკეტი აქვს. მეც ავტომატურად ამ დაზღვევით ვსარგებლობ. საოჯახო დაზღვევით უმეტესი მომსახურება სრულად ფინანსდება, გააჩნია შემთხვევებს. სანამ ოჯახურ დაზღვევაში ჩავერთვებოდი, არც მანამდე გამომიყენებია სტუდენტური დაზღვევა. თუმცა, ვიცი, რომ ამ დაზღვევის პირობებში ოჯახის ექიმთან ვიზიტი უფასოა. თუ კერძო დაზღვევა არ მექნება, იმ შემთხვევაში ვიფიქრებ სტუდენტურ დაზღვევაზე”, - გვითხრა მან.

ოჯახის ექიმი ბაბულია ბოსტოღანაშვილი, რომელიც თსუ-ის სტუდენტებს ემსახურება, გვეუბნება, რომ სტუდენტები თითქმის ყოველდღე აკითხავენ სტუდენტური დაზღვევის გამოყენების მიზნით: „არის შემთხვევები, რომ 5-6 სტუდენტს ვიღებ დღეში, ხანდახან - ერთსაც, თუმცა, სტუდენტური დაზღვევის გამოყენებაზე ყოველთვის არის მოთხოვნა. ჩემი მიმართვით სტუდენტი უკვე იმ კლინიკაში მიდის, რომელთანაც თსუ-ის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ჩვენთვის ასეთი კლინიკა „მედსია”. კლინიკაში მისვლის შემთხვევაში, ვიწრო სპეციალისტების კონსულტაცია, როგორიცაა, მაგალითად, თვალისა და ყურის ექიმი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი და ა.შ., უფასოა. უფასოა ასევე გამოკვლევები და ანალიზები. მედიკამენტები ამ დაზღვევით არ ფინანსდება. თუმცა, რადგან ჩვენ ამ კლინიკასთან ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, შეღავათებია ფასიან ანალიზებზე, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევისთვის საჭირო ანალიზები. ასევე აქვთ 80%-იანი ფასდაკლება ოპერაციებზე. მინდა, გითხრათ, რომ არსებული პირობების გათვალისწინებით, სტუდენტებისთვის დაზღვევის საუკეთესო პაკეტია შემოთავაზებული”.

დაზღვევის მოქმედება წყდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სადაზღვევო პერიოდის დასრულებისას;

ბ) დაზღვეული პირის გარდაცვალებისას;

გ) სტუდენტის მხრიდან დაზღვევაზე უარის თქმისას;

დ) თუ სტუდენტი იმყოფება პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;

ე) თუ სტუდენტს შეუწყდა ან შეუჩერდა სტატუსი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სტატუსის შეჩერება დაკავშირებულია ორსულობასთან, მშობიარობასთან, ბავშვის მოვლასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, არაუმეტეს ერთი კალენდარული წლისა.

სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სადაზღვევო პერიოდი გაგრძელდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუმცა, ჯამურად, დაზღვევის მოქმედების ვადა ვერ იქნება სწავლის შესაბამისი საფეხურისთვის განსაზღვრულ სადაზღვევო პერიოდზე მეტი.

ჩვენი ცხოვრება სავსეა უსიამოვნო სიურპრიზებით: ხდება ხანძარი, სტიქიური მოვლენები, ძარცვა.. თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ. ყველა აღნიშნული პრეცედენტისგან სწორედ სადაზღვევო პოლისი გვიცავს, ანდა გვინდა, რომ გვიცავდეს. თუნდაც ნახევრად უფასო მომსახურებით, ნახევრად უფასო ოპერაციებით, შეღავათიანი გამოკვლევებით, მაგრამ მაინც იმის იმედით, რომ სტუდენტს დახმარებისთვის ვიღაც ან რაღაც ეგულება.

ჟუჟუნა ყანჩაშვილი,

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ

მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი