სტატისტიკა და რეალობა მუდმივ ძიებაში - სად დასაქმდნენ სტუდენტები?

28 ოქტ 2016

საქართველოში დასაქმების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, ხოლო საკუთარი პროფესიით დასაქმება, ბევრისთვის, წარმოუდგენელიც კი არის. პრობლემად რჩება სამსახურები იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც, სწავლის პარალელურად, მუშაობა და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ. ისინი სამუშაო ადგილების ან შესაბამისი ხელშეწყობის არარსებობას უჩივიან.

სტუდენტების ნაწილისთვის სწავლასთან ერთად მუშაობა მნიშვნელოვანია. განათლების მიღება გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. ამასთან, ყველა სტუდენტი ვერ იღებს სახელმწიფო გრანტს. რაიონებიდან დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ ახალგაზრდებს, გარდა სწავლისა, საცხოვრებლის ხარჯების დაფარვაც უწევთ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი, შესაძლოა, სტუდენტის ოჯახის საშუალო შემოსავალს აღემატებოდეს კიდეც. აქედან გამომდინარე, ისინი თვითონ იწყებენ სამსახურის ძებნას.

ნინი შარაშიძე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მისი აზრით, დღეს სტუდენტები ახერხებენ სწავლის პარალელურად მუშაობას, თუმცა, მეორე საკითხია, რის ფასად უჯდებათ ეს. „უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, სხვა გამოსავალი არ აქვთ სტუდენტებს და მუშაობა უწევთ. ბევრ გზას მივმართე - ჯერ სტაჟირება და მერე დასაქმების პერსპექტივაც, პირდაპირ მუშაობაც, თუმცა, საბოლოოდ, მაინც რთულია, 19-დან 25 წლამდე ასაკში იპოვნო ნორმალური სამსახური და საკუთარი შემოსავალი გქონდეს, თან სწავლაშიც ხელი არ შეგეშალოს“, - ამბობს ის.

სოფო ივანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის, ერთ-ერთ აფთიაქში ასისტენტად მუშაობს. „როგორც სტუდენტს, მართლა ძალიან მიწყობენ ხელს. მგონია, რომ ხელშეწყობის გარეშე ძალიან ძნელი იქნებოდა“, - ამბობს სოფო.

თსუ-ის სტუდენტია ანა არაბიძეც. მისი შეფასებით, სწავლისა და მუშაობის შეთავსება სრულყოფილად, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ძალიან იშვიათად უწყობენ ხელს დამსაქმებლები სტუდენტებს: „ნებისმიერ დასაქმების საიტზე ისეთი მოთხოვნები აქვთ, დასაქმებაზე ვერც იოცნებებ... ამას ემატება არაადეკვატური ანაზღაურება, რაც კიდევ ცალკე თემაა“, - აღნიშნავს ანა.

სტუდენტთა ამ პრობლემის მიზეზების გასარკვევად ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტს შოთა გულბანს მივმართეთ. იგი სტუდენტთა მასობრივი უმუშევრობის მთავარ პრობლემად შრომის ბაზრის სიმცირეს ასახელებს: „აღარაფერს ვამბობ იმგვარ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც სტუდენტის გრაფიკზე იქნება მორგებული. ასეთი რამ დღეს სტუდენტებისთვის შეუძლებლის ტოლფასია. თუ მუშაობის დაწყება ბაკალავრიატზე სწავლის პარალელურად გადაწყვიტე, უარის თქმა გიწევს სწავლაზე, რაც, შემდგომში, უნივერსიტეტიდან მიღებულ მინიმალურ საბაზისო ცოდნაზე უარყოფითად აისახება“, - განმარტავს გულბანი. ის არ ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტების დასაქმებას და, ამ კუთხით, კერძო სექტორი დაავალდებულოს. მიიჩნევს, რომ უფრო შედეგის მომცემი იქნება, სახელმწიფომ არსებული რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო სექტორის სტიმულირებაზე მიმართოს, რათა გაზრდილი შრომის ბაზრის პარალელურად გაჩენილმა მოთხოვნამ მუშახელზე უმუშევარი სტუდენტების რაოდენობის შემცირება განაპირობოს: „იმის გამო, რომ სტუდენტებს ხელს აძლევთ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, დამსაქმებლებიც მათ ისეთ პირობებს, ან სამუშაოს შესრულებას სთავაზობენ, რაც, ერთი შეხედვით, არ არის მიმზიდველი და ანაზღაურებაც დაბალია. ყველაზე მოთხოვნადი, დამსაქმებლების მხრიდან, სტუდენტებისთვის ე.წ. გარე გაყიდვების მენეჯერია“, - ამბობს ბატონი შოთა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმება-უმუშევრობის საკითხთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს. გთავაზობთ 20-24 წლის (სტუდენტური ასაკის) ასაკობრივ სტატისტიკას: 2014 წლის მონაცემებით, ამ ასაკობრივ ჭრილში, სამუშაო ძალას 145,8 ადამიანი შეადგენდა; აქედან დასაქმებული იყო 101, 3 ადამიანი. პროცენტულად, აქტიური მოსახლეობის დასაქმების დონე 40,9 % იყო, ხოლო უმუშევრობის დონე - 30,5 %. 2015 წლის მონაცემებით, 20-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, აქტიურ მოსახლეობას 140, 1 ადამიანი შეადგენდა. აქედან, დასაქმებული იყო 95,3 ადამიანი. პროცენტულად, უმუშევრობის დონეს შეადგენდა სამუშაო ძალის 32, 0%, დასაქმების დონეს კი - 41,6 %.

მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, სწავლის პარალელურად სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებით რეალობა ერთია - სტუდენტების გარკვეული ნაწილისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ იმუშაოს. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა სტუდენტს თავად უწევს სწავლის ხარჯების დაფარვა. ამ შემთხვევაში, მათთვის საკუთარი შემოსავლის ქონა მათი მომავლის გარანტიც კი არის.

მარიამ ტიელიძე,

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ

მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი