წლის საუკეთესო პედაგოგები

14 სექ 2015

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა გამოკითხვის შედეგად, საუკეთესო მაჩვენებლების მქონე პედაგოგები გამოვლინდნენ (მეთოდოლოგია გახლდათ: გამოკითხვებში ჩართულ სტუდენტთა რაოდენობის, შეფასების მაქსიმალური ქულის, საშუალო ქულისა და გადახრის მედიანის სინთეზი. შეფასების კრიტერიუმად აღებულია საშუალო გადახრა, საშუალო ქულა. ასევე მითითებულია სტუდენტთა რაოდენობა (რამდენი სტუდენტი იყო ჩაწერილი პედაგოგთან და რამდენმა შეაფასა პედაგოგი).
კითხვარი შედგენილია თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2014 წლის ნოემბერში დამტკიცებული ბრძანების საფუძველზე. მის შემუშავებაში ჩართული იყო როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ცენტრალური აპარატი, ასევე, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები, ფაკულტეტების ადმინისტრაციები და პროფესურა. ამ კითხვარის მიხედვით, სტუდენტთა გამოკითხვა ჩატარდა 2-ჯერ - შემოდგომის სემესტრის და გაზაფხულის სემესტრის დასასრულს.

თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თამარ ვეფხვაძის თქმით, გამოკითხვა ლეგიტიმურია და ეფუძნება არა მხოლოდ ლექტორისადმი სტუდენტის ემოციური დამოკიდებულების ფაქტორს, არამედ სიღრმისეულ გამოკითხვას, რომელიც აფასებს მთლიანად საგანს და საგნის წარმმართველ პერსონალს. „შედეგებით კმაყოფილი ვართ, რადგან მასში უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტების 40-პროცენტზე მეტი იყო ჩართული, რაც ურიგო შედეგი არ არის. გამოკითხვის მიზანი გახლდათ სტუდენტების კმაყოფილების ხარისხის გამჟღავნება. გამოკითხვა გულისხმობდა სტუდენტების კმაყოფილების გაზომვას სასწავლო კურსით და ამ კურსის განმახორციელებელი პერსონალით (იქნება ეს ლექციის, სემინარის თუ პრაქტიკული მეცადინეობის წარმმართველი). იგი სიღრმისეულ კითხვარსაც შეიცავს, რის მიხედვითაც შესაძლებელია გარკვეული ხარვეზის გამოვლენა და რეკომენდაციების გაცემა. ამ შედეგების გათვალისწინებით მაქსიმალური ქულების მქონე პედაგოგების გადამოწმება მოხდა, ასევე, კომენტარების ნაწილს გადავხედეთ და მივიღეთ ის სურათი, რაც გვაქვს. ამ ტიპის გამოკითხვების შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პედაგოგების არჩევის ობიექტურობის ხარისხი მეტია, ვიდრე სტუდენტის უბრალო გამოკითხვისა – ვინ მიაჩნია საუკეთესოდ“, - აღნიშნა ქალბატონმა თამარმა ჩვენთან საუბარში. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის საუკეთესო პედაგოგებად დასახელდნენ: ქეთევან ჩიტალაძე (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი), მარიამ ხოფერია (იურიდიული ფაკულტეტი), რუსუდან ქარსელაძე, თეიმურაზ ჯორბენაძე (მედიცინის ფაკულტეტი), სიმონ წერეთელი, იური პაპავა (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), თამაზ ჯოლოგუა (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი), მაია მესტვირიშვილი (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი), ნანი გელოვანი, ნინო გოგიაშვილი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი), რომან ხარბედია (ტურიზმის საერთაშორისო სკოლა), ხათუნა გელაშვილი (ენების ცენტრი).

გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ დაინტერესდა, რას გრძნობენ სტუდენტების რჩეული პედაგოგები და რამდენად მასტიმულირებელია მათთვის საუკეთესო პედაგოგად დასახელების ფაქტორი.

 

Tamaz Jologua
თამაზ ჯოლოგუა, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი:

- სტუდენტების ასეთი არჩევანი ჩემთვის სასიამოვნოა და მარწმუნებს, რომ შრომა, რომელსაც უნივერსიტეტში ვეწევი, სასარგებლო შრომაა. ვითვალისწინებ რა ჩვენი ფაკულტეტის აკადემიურ შემადგენლობას - ლოგიკური იქნებოდა, ჩემს ადგილზე სხვა აღმოჩენილიყო (სხვათა შორის, რამდენიმე მათგანის დასახელებაც შემიძლია, მაგრამ დელიკატური თემაა და ამიტომ თავს შევიკავებ). გულწრფელად რომ ვთქვა, ეს არჩევანი ჩემთვის განსაკუთრებული სტიმულის მომცემი არ არის, რადგანაც მასწავლებელი ვარ და დღემდე, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად „სტიმულირებული“ ვმუშაობ. რასაკვირველია, ასე იქნება მომავალშიც - ვიდრე აუდიტორიაში შესვლის სურვილი და საშუალება მექნება.

ამ ეტაპზე ვასწავლი ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის შესავალსა და მე-19 საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას (ბაკალავრიატი), აგრეთვე, ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას (მაგისტრატურა). „შესავალში“ საკუთარი კვლევის შედეგებს (ვგულისხმობ გამოქვეყნებულ ნაშრომებს) ვერ გამოვიყენებ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ სფეროში ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომები პრაქტიკულად არც მაქვს. ამიტომ აქ სხვების ნაშრომებით ვკმაყოფილდები. რაც შეეხება დანარჩენ ორ საგანს, საკუთარი კვლევის შედეგებს მათი სწავლებისას, ცხადია, ვიყენებ. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მე-19 საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორია ათეული წლებია ჩემი მეცნიერული და ადამიანური ინტერესების სფეროა. ამას გარდა, მე-19 საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორია ჩვენთან ისწავლება ჩემ მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი, რომელიც, ზოგადად ამ ტიპის ტექსტის ბუნებიდან გამომდინარე, საკითხის გარშემო არსებულ ლიტერატურას კი ეყრდნობა, მაგრამ მასში საკუთარი კვლევის შედეგებიც არის ასახული.

რა კრიტერიუმების მიხედვით შემარჩიეს სტუდენტებმა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი (სხვათა შორის, არც ის ვიცი, საერთოდ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ასეთ შემთხვევაში). გამიხარდებოდა, თუ ჩემი სტუდენტები გრძნობენ იმ გულწრფელ პატივისცემას, რომელიც თითოეული მათგანის მიმართ მაქვს, მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მათი ცხოვრებისა თუ აზროვნების წესს, ამა თუ იმ შეხედულებას ან პოზიციას. განსხვავებულთა თუ განსხვავებულობათა მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების აუცილებლობაში ჩვენ (მე და სტუდენტი) ადვილად ვთანხმდებით, ეს საქმე ბუნებრივად გამოგვდის და, ჩანს, ახალგაზრდებს ეს მოსწონთ. ზოგჯერ ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობა ჩვენს შორის პოლემიკაში გადაიზრდება ხოლმე და ამ დროს ვცდილობ, მაქსიმალურად იყოს დაცული მხარეთა თანასწორუფლებიანობა. მსიამოვნებს, როცა სტუდენტი თავის სიმართლეში მარწმუნებს. ასე რომ, ვცდილობ, სტუდენტთან ურთიერთობა იყოს პარტნიორული და აქვე ვიტყვი - მე არა მარტო ვასწავლი ახალგაზრდებს, ზოგ რამეს მათგანაც ვსწავლობ.

 

Maia_mestvirishvili
მაია მესტვირიშვილი, თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი:

- სტუდენტთა ეს არჩევანი ჩემთვის ნიშნავს ნდობას და აღიარებას, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ყველას სურს იცოდეს, რამდენად ეფექტურია იმ საქმის შედეგი, რაშიც ენერგიას დებს. შესაბამისად, ყველა პროფესორს აინტერესებს, რამდენად აქვს აზრი იმას, რასაც აკეთებს. თუ სტუდენტები კმაყოფილები არიან, ნიშნავს, რომ, ნაწილობრივ მაინც, შენი საქმიანობა გამართლებულია. 

ჩემზე ბევრად ძლიერი ლექტორები ასწავლიან ჩვენს ფაკულტეტზე, ამიტომ ეს არჩევანი გამართლების ფაქტორიცაა, რადგან, როგორც ჩანს, გამოკითხვაში მოხვდნენ უმეტესად ის სტუდენტები, ვინც კმაყოფილია ჩემთან მუშაობით.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დიდი სტიმულის მომცემია ჩემთვის ამგვარი არჩევანი, მიმაჩნია, რომ პოზიტიური უკუკავშირი ყოველთვისაა საქმიანობის მასტიმულირებელი და მიხარია, თუ სტუდენტებს მოსწონთ ჩემთან მუშაობა. ეს ყოველთვის ორმხრივი პროცესია: თუ სტუდენტი იღებს ცოდნას, ვითარდება და სიამოვნებს პროფესორთან ურთიერთობა, შეუძლებელია, პროფესორიც იგივეს არ განიცდიდეს: სტუდენტებთან ურთიერთობა დიდი სიამოვნება, გამოწვევა და პატივია. დღეს ჩვენს ფაკულტეტზე არიან ადამიანები რომლებმაც წლების წინ, ჩემზე, როგორ სტუდენტზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, მათგან ბევრი ვისწავლე და წლებთან ერთად მათთან ურთიერთობა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ეს ნიშნავს, რომ პროფესორის და სტუდენტის მუშაობა შედგა.

ჩემი საგნები სემესტრების და სასწავლო წლების მიხედვით ვარირებს: ფსიქოლოგიის საფუძვლები, სტიგმა და სტრესი, სელფი და იდენტობა, ვიზუალური კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში - ეს ძირითადი კურსებია.

პიროვნების და კლინიკური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს ორი წლის ვადით ვხელმძღვანელობ. ინსტიტუტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და მიმდინარე წელს ორი კვლევითი გრანტის მოპოვება შეძლო. მე და ჩემი კოლეგები სხვადასხვა თემებზე ვმუშაობთ, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე, სოციალურ იდენტობაზე, მათ დინამიკასა და ტრანსფორმაციაზე, სოციალურ სტრესზე და დაძლევის გზებზე. თუ ჩემი ან ჩემი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შესაბამისია ლექციის თემატიკასთან, რა თქმა უნდა, მასზე ვსაუბრობ. სწავლების პროცესში უფრო მეტად კვლევის პროცესის გამოცდილების გაზიარებაა მნიშვნელოვანი და თუ პროექტი გვაძლევს საშუალებას, ვცდილობ, უშუალოდ სტუდენტები იყვნენ ჩართულნი ჩვენს კვლევებში.

არ ვიცი, სტუდენტებმა რა კრიტერიუმით მიიღეს გადაწყვეტილება. ჩემი მათთან ურთიერთობის პრინციპი მარტივი და ძალიან ჩვეულებრივია: მნიშვნელოვანია ინტერესის და ცნობისმოყვარეობის გაღვიძება, რადგან დაინტერესებული ადამიანის მოტივირება გაცილებით იოლია. ვცდილობ ფაქტობრივი ცოდნის გადაცემას, მინდა, ისწავლონ კვლევაზე დაფუძნებული ცოდნით „აღიარებული სიმართლის“ გადაფასება, თეორიის და კვლევის ანალიზი, ინტერპრეტაცია, საკუთარი შეხედულებებზე ფიქრი და მათი სწორად წარდგენა, და ბოლოს, ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ისწავლონ დისკუსიის კულტურა და სხვისი აზრის პატივისცემა. მიხარია, თუ ნაწილობრივ მაინც ვახერხებ ამას ჩემს სტუდენტებთან.

Roman_Khaberdia
რომან ხარბედია, თსუ-ის ტურიზმის საერთაშორისო სკოლა, ეკონომიკის
დოქტორი:

- ჩემთვის ეს შეფასება ძალიან დიდი სტიმულის მომცემია. ადამიანური თვისებაა, რომ ასეთი შეფასება ყოველთვის გსიამოვნებს. ფუკუიამას აქვს ასეთი ფრაზა – ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ ვიღაცამ აღიაროს და შინაგანად მიისწრაფვის ამისკენ. მგონია, რომ ეს მართალია, მით უმეტეს, მაშინ, როცა ლექტორი ხარ. იმაზე დიდი ჯილდო, ვიდრე სტუდენტის აღიარებაა, ლექტორისთვის არ არსებობს. რა არის ამისთვის საჭირო? გიყვარდეს სტუდენტი და აგრძნობინო, რომ მის მიმართ ამ გრძნობას განიცდი.

პირადად მე არასოდეს ვსაყვედურობ მათ, რატომ გააცდინეს ლექცია ან რატომ არ ისწავლეს კონკრეტული საკითხი. მიმაჩნია, რომ საგნით თავად უნდა დააინტერესო ახალგაზრდა. თუ ამას შეძლებ, იგი მოვა და ისწავლის, თუ – ვერა, წავა და სხვაგან გაატარებს დროს. სტუდენტი არ ცდება. იგი გრძნობს, რომ მხოლოდ მოვალეობას არ იხდი, მხოლოდ ლექციაზე დროის გაყვანაზე არ ფიქრობ და ცდილობ, რაც შეიძლება მეტი ასწავლო.

არ ვიცი, რა კრიტერიუმის მიხედვით შემარჩიეს სტუდენტებმა, ვიცი მხოლოდ ის, რომ მე მათ ვასწავლი ისე, როგორც შეიძლებოდა მესწავლებინა საკუთარი შვილებისთვის. სტუდენტი იმ სასწავლო პირამიდის თავშია, რომელსაც უნივერსიტეტი ჰქვია. იგია ყველაზე მთავარი ფიგურა, ჩვენ, დანარჩენი, მას ვემსახურებით და ვალდებული ვართ, განათლების მისაღებად ყველა პირობა შევუქმნათ.

 

Mariam Khoperia
მარიამ ხოფერია, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი:

- პირველ რიგში, თითოეულ სტუდენტს მადლობას ვუხდი ჩემი შეფასებისთვის. ზოგადად, მიმაჩნია, რომ სტუდენტი არის მომთხოვნი და ობიექტური შემფასებელი. მათი ასეთი არჩევანი ჩემთვის დიდი პატივი და ერთგვარი „ჯილდოა“, რაც მე, როგორც პედაგოგს, მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს, მეტ ენთუზიაზმს მძენს, მიბიძგებს ინტენსიურად ვიმუშაო საკუთარ თავზე, მასალა კიდევ უფრო საინტერესოდ მივაწოდო მათ და განვუვითარო სამართლებრივი ინსტიტუტების რაობის მნიშვნელობის შეფასება-შედარების უნარი. ამ მხრივ, ჩემი საგნებიდან გამომდინარე, მაქვს ძალზე ფართო არეალი მათ დასაინტერესებლად; დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების შედარებით, ისტორიული მაგალითების მოხმობით, პარალელების გავლებით, სამართლის ისტორიის მიმართულებით გამოვკვეთო სამართლებრივი ინსტიტუტების მნიშვნელობა.

ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფებს ვუძღვები შემდეგ დისციპლინებში: რომის სამართლის საფუძვლები, ისლამური სამართალი, საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია, ქართული სამართლის ისტორია და შესავალი სამართლის ფილოსოფიაში. გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაო ჯგუფებში ვმუშაობ, ვხელმძღვანელობ პროფესორის მიერ შედგენილი სილაბუსით.

ასევე მაქსიმალურად ვიყენებ რომის სამართლის წყაროებს და ჩემ მიერ ასოცირებულ პროფესორ მარინა გარიშვილთან თანაავტორობით გამოცემულ ორ სახელმძღვანელოს: „რომის სამართალი“ და „საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია“. ასევე, ვიყენებ ჩემ მიერ შედგენილ სამართლის ისტორიის ტერმინთა ლექსიკონს.

ვფიქრობ, სტუდენტების არჩევანი განაპირობა რამდენიმე არსებითმა ფაქტორმა: ვცდილობ, თითოეული სტუდენტი დავაინტერესო და შევაყვარო საგანი. სტუდენტებს, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ჩემი საგნებისადმი, დამატებით ვუწევ კონსულტაციას და ზოგჯერ პირადი ბიბლიოთეკიდანაც ვაწვდი ლიტერატურას სხვადასხვა ენაზე. უპირატესობას ვანიჭებ ყოველკვირეულ ზეპირ გამოკითხვას, განვლილი მასალის გამეორებას - მიმაჩნია, რომ ასეთი მეთოდი პირველკურსელ სტუდენტს ეხმარება შეძენილი ცოდნის განმტკიცებაში; მათ ყოველი სემინარის დასრულებისას ვუცხადებ ქულას. სტუდენტებმა იციან, რომ თითოეული მათგანის კოლოკვიუმის ქულა დათქმულ დროს არ გადასცდება (ზოგჯერ დროზე ადრეც აისახება ბაზაში), რისთვის ხშირად მადლობაც მიმიღია მათგან.

მართალია, როგორც ლექტორი, ძალიან მომთხოვნი ვარ, მაგრამ ეს ეფუძნება ობიექტურობას, მეგობრულ დამოკიდებულებას, მათთვის სწორი და კარგი რჩევების მიცემას; არც იუმორთან ვარ მწყრალად, რაც დამატებითი ფაქტორია სტუდენტებთან კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში. ვფიქრობ, მათი არჩევანი ამ ფაქტორებმა განაპირობეს.

nani_gelovani
ნანი გელოვანი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი:

- სტუდენტთა ამგვარი შეფასება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და პასუხისმგებლობაა და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, ვინც ასეთი ნდობა გამომიცხადა. ლექტორისთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა აუდიტორიიდან წამოსული სითბო და ყურადღება, რომელსაც პირადად მე წლების განმავლობაში ვგრძნობ. დამატებით დავასახელებდი კიდევ რამდენიმე ფაქტორს, რაც, ვფიქრობ, სტუდენტებს ჩემთან ურთიერთობას უადვილებს: ეს გახლავთ მათდამი დიდი სიყვარული და კეთილგანწყობა, მათი ინტერესებისა და მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინება. ჩემთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ყველა ასპექტი, დაწყებული სტუდენტის აკადემიური მოსწრებიდან, მათი კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებამდე. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობ, დავეხმარო მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და პროფესიულ ზრდაში. 

ნიშანდობლივია ასევე სტუდენტთა მზარდი ინტერესი ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და ისლამური სამყაროსადმი და შესაბამისად, მრავალრიცხოვანი აუდიტორია (ბაკალავრიატში ვკითხულობ შემდეგ დისციპლინებს: „ისლამი (რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია)”, „აღმოსავლური კულტურა”, „თანამედროვე არაბული ქვეყნები”).

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ყველა დისციპლინაში, რომელსაც ვკითხულობ ბაკალავრიატშიც და მაგისტრატურაშიც, შექმნილი მაქვს ელექტრონული კურსები. სალექციო კურსში გათვალისწინებულია როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი ლიტერატურა. თან ერთვის კითხვების ბანკი, აუდიო და ვიდეო მასალა, ელექტრონული რესურსები. ამდენად, რაც სტუდენტს ამა თუ იმ დისციპლინის ასათვისებლად სჭირდება, შეუძლია მოიძიოს ამ ელექტრონულ კურსებში, საგამოცდო საკითხების ჩათვლით. ამასთანავე, მათ შეუძლიათ ჩემგან მიიღონ კონსულტაცია ნებისმიერ დროს.

ჩემი კვლევის თემატიკაა ისლამი და გენდერი ახლო აღმოსავლეთში. ვარ რამდენიმე სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის ავტორი თუ თანაავტორი, გამოქვეყნებული მაქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. ამ კვლევების შედეგებს ვიყენებ სწავლების პროცესში.

 

Nino Gogiashvili
ნინო გოგიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, პროფესორის ასისტენტი:

- სიმართლე გითხრათ, ეს შედეგი ჩემთვის მოულოდნელი იყო. დოქტორანტი გახლავართ და გასულ სემესტრში პირველად მქონდა სტუდენტებთან შეხება. წინა სემესტრის დასრულების შემდეგ გამიჩნდა გრძნობა, რომ ჩემი ურთიერთობა სტუდენტებთან შედგა, მაგრამ გამოკითხვის შედეგების გაცნობის შემდეგ სამყარო თითქოს სხვა ფერებში დავინახე. ვგრძნობ, რომ კიდევ მეტი შემიძლია და ახალი ენერგიით ვაპირებ სწავლებას.

სემინარზე შევდიოდი ქალბატონ ქეთი კაკიტელაშვილის საგანზე - „კულტურულ-პოლიტიკური ორიენტაცია IV-XII საუკუნე“. კულტურის კვლევების ცენტრში თავად შემომთავაზეს საათები, როგორც დოქტორანტს. საგანი იმდენად საინტერესო იყო, რომ სტუდენტების მხრიდანაც იგრძნობოდა აქტიურობა. მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის კვლევების ცენტრის თანამშრომლებს და მის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ჩიქოვანს, რომ დიდი სტიმული მომცეს კვლევისა და სწავლებისთვის.

 

Khatuna Gelashvili
ხათუნა გელაშვილი, ენების ცენტრის პედაგოგი:

- ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი და სასიამოვნო შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ სტუდენტები ჩემ მიმართ კეთილგანწყობილები არიან, ეს შეფასება მაინც დიდი სტიმულის მომცემია, რისთვის მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს.

ზოგადად, სტუდენტის და ლექტორის ურთიერთობაში მარტო სიყვარული არ კმარა. აქ თუ პროფესიონალიზმიც არ არის ჩართული, სტუდენტს მხოლოდ კეთილგანწყობა არ დააკმაყოფილებს. უნდა არსებობდეს მათ შორის ნდობის ფაქტორი და საგნის ინტერესი. ვცდილობ, პოზიტივი გავცე მათ მიმართ. ჩემი მიზანია – სტუდენტმა ლექციის დასასრულს იცოდეს იმაზე მეტი, ვიდრე ლექციაზე შემოსვლის წინ იცოდა. ახალი ამბავი არაა, რომ ახალგაზრდები უნივერსიტეტში მოდიან მაღალი დონის ინგლისურის ცოდნით და ზოგჯერ იგივე ლიტერატურის გავლა უწევთ, რაც ისეც იცოდნენ. ამიტომ ვცდილობ, ეს პროგრამა ისე მივაწოდო, რომ მათთვისაც საინტერესო და სახალისო იყოს. დღევანდელ სტუდენტს მხოლოდ ქულები არ აინტერესებს, მან ცოდნაც უნდა წაიღოს უნივერსიტეტიდან. ამიტომ ვახერხებ იმას, რომ მათთვის ყოველ ჯერზე მქონდეს ახალი და საჭირო მასალა. ვფიქრობ, ჩემი სტუდენტები გრძნობენ ჩემს ამგვარ დამოკიდებულებას საგნისადმი და ამითაც იყო განპირობებული მათი არჩევანი.

Ketevan Chitaladze
ქეთევან ჩიტალაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პროფესორის ასისტენტი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი:

- პედაგოგისთვის უფრო დიდი ჯილდო, ვიდრე სტუდენტის შეფასებაა, არ არსებობს. დიდი მადლობა ჩემს სტუდენტებს ასეთი ნდობის გამოცხადებისთვის.

პირადად მე ასე მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს სტუდენტებთან ურთიერთობა და ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის თუ ისინიც გრძნობენ ამას.M ძირითადად სემინარები მიმყავს და ვცდილობ, თითოეულმა სტუდენტმა, მიუხედავად მათი განსხვავებული უნარებისა, ერთნაირად გაიგოს და შეითვისოს მასალა. ამ პროცესში მხოლოდ სიმკაცრე, რა თქმა უნდა, არ იქნება სასურველი შედეგის მომტანი, მე უპირატესობას უფრო ობიექტურობასა და წამახალისებელ მომთხოვნელობას ვანიჭებ. საგანი, რომლის სემინარზეც შევდივარ - „სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის-1“, არ არის მარტივად აღსაქმელი და დამატებით ძალისხმევას საჭიროებს რომ სტუდენტს ხელში დაზეპირებული მასალა არ შერჩეს. მიხარია, რომ ისინი გრძნობენ ჩემს დამოკიდებულებას.

Rusudan Karseladze
რუსუდან ქარსელაძე, მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი:

- ეს ჩემთვის დიდი ჯილდოა, რადგან საოცრად მიყვარს სტუდენტები. კლინიკური საქმიანობა (პედიატრია) იმდენად მძიმეა, რომ სტუდენტებთან ურთიერთობა ერთგვარ ნათელ წერტილად შეიძლება მივიჩნიოთ. მიყვარს მათთვის იმ გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, რაც ჩემი კლინიკური საქმიანობის დროს დავაგროვე. ამ საქმეში მთელ სულს და გულს ვაქსოვ - არასოდეს შევდივარ ლექციაზე წინასწარ მომზადებული საკითხებით და ყოველთვის ვცდილობ არ გამოვტოვო მცირე სიახლეც კი. ცხადია, საგნის ფუნდამენტი იგივე რჩება, მაგრამ მასალას მუდმივად ვაახლებ. ალბათ ეს დაინახეს ჩემმა სტუდენტებმა, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

უნდა აღვნიშნო - მიუხედავად იმისა, რომ თავად სამედიცინო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დიდი გულშემატკივარი ვარ და ვიყავი ყოველთვის. მეტიც – ვოცნებობდი აქ სწავლაზე და ბიოფიზიკის ფაკულტეტი მინდოდა, მაგრამ მერე ბავშვების სიყვარულმა გადამძალა და პედიატრიაში წავედი. იმ კათედრას, რომელსაც ახლა მე ვხელმძღვანელობ მედიცინის ფაკულტეტზე, ბუმბერაზი ადამიანები ედგნენ სათავეში და ეს ორმაგად საპასუხისმგებლოა ჩემთვის. იცით, რომ მედიცინის ფაკულტეტზე სწავლება სპეციფიკურია. აქ კლინიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ უნდა აჩვენო მთელი სიძნელე, რაც ამ სფეროშია და მერე უნდა შეაყვარო სპეციალობა ისე, რომ ახალგაზრდას პედიატრობა მოუნდეს.

კლინიკური სწავლების ძალიან ბევრ მეთოდს გავეცანი და ჩემი სილაბუსიც ისე ავაგე, რომ სტუდენტისთვის სწავლა საინტერესო იყოს. მაგალითად, პირველივე შეხვედრაზე ვთხოვ მათ, რომ იმ ბაზისური ცოდნით, რითაც ჩემთან მოდიან პედიატრიაში, დასვან დიაგნოზი და გამოკვეთონ, რომელი ჯგუფის პრეპარატს დანიშნავენ. იმდენად ამახსოვრდებათ შეცდომა, რომელსაც უშვებენ, რომ მუდმივად ცდილობენ, მომავალში იგივე აღარ დაემართოთ. ძალიან მიხარია, რომ თავიდან, როცა მოდიან და ვეკითხები ვის სურს პედიატრობა, ერთი-ორი თუ ასწევს ხელს, სემესტრის ბოლოს კი მსურველთა რაოდენობა სამმაგდება.

მომთხოვნი ვარ. ეს ისეთი სპეციალობაა, სადაც კომპრომისი ცოდნასთან მიმართებაში არ შეიძლება - ხვალ მათთან ნებისმიერი ჩვენგანის შვილი ან შვილიშვილი შეიძლება მოხვდეს, ამდენად, თუ ახლავე არ ისწავლა ის რაც ფუნდამენტურია, მერე ამას ვეღარ დაეწევიან.

ცხადია, სწავლის პროცესში ჩართული მაქვს ჩემი კვლევის შედეგებიც. ვიკვლევ გენეტიკას, სადაც საჭიროა ჩავრთო ის მონაცემები, რაც მაქვს და მათაც ვუზიარებ. ბედნიერი ვარ, რომ სტუდენტებს ეს საგანი ძალიან აინტერესებთ და მას არა მხოლოდ მედიკოსები, არამედ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც ირჩევენ.

 

Teimuraz Jorbenadze
თეიმურაზ ჯორბენაძე, მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი:

- დიდი ხანია უკვე ვასწავლი უნივერსიტეტში. საკმაოდ ბევრი სტუდენტი გავზარდე და თამამად შემიძლია ვთქვა, საუკეთესო პედაგოგად დასახელება არის ძალიან დიდი პატივი და სიამაყის გრძნობა. მადლობა ჩვენს სტუდენტებს, რომ ასე შეაფასეს ჩემი მათდამი დამოკიდებულება და პედაგოგიური საქმიანობა. 

სტუდენტი უნდა გრძნობდეს, რომ ის გიყვარს. არაფრით არ შეიძლება მას აგრძნობინო, რომ შენ მასზე დიდი ხარ. ის შენი თანატოლია, უბრალოდ, შენ მეტი გამოცდილება გაქვს და ამ გამოცდილებას გადასცემ მას.

დიდი ხანია უკვე ვკითხულობ პათოლოგანატომიური გაკვეთის კურსს, სასამართლო მედიცინას, პათოლოგიურ ანატომიას, პათოლოგიურ ფიზიოლოგიას. ზოგს აინტერესებს ეს საგნები, ზოგს - არა, მაგრამ ვცდილობ ერთნაირად დავაინტერესო. მადლობა ღმერთს, შესანიშნავი ახალგაზრდობა გვყავს და სამართლიანობის გრძნობა არ ღალატობთ. მათ შესანიშნავად იციან, რა სჭირდებათ.

რაც შეეხება მეთოდებს, არ მგონია, რომ ამ თაობასთან სიმკაცრე ამართლებდეს. მათთან სხვა მიდგომა და ტაქტია საჭირო. ცხადია, არც დაუსჯელობის სინდრომი უნდა გაჩნდეს, მაგრამ ყველა შენიშვნა ურთიერთგაგების ატმოსფეროში უნდა მიეცეთ, რომ მათ შემდეგში ცოდნის გაღრმავების სურვილი გაუჩნდეთ. სიმკაცრეს თავისი დოზა აქვს, მან სტიმული არ უნდა დაუკარგოს სტუდენტს.

Iuri Papava
იური პაპავა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:

- ამ შედეგების გაცნობის შემდეგ კაცი იფიქრებს, რომ ტყუილად არ გიცხოვრია. სტუდენტის შეფასება სხვაა და კოლეგების შეფასება - სხვა. ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია, თუმცა სტუდენტი – მთელი ჩემი ცხოვრებაა და მათი არჩევანი ორმაგად სასიხარულოა.

ჩემი პედაგოგიური პრინციპები რამდენიმე პუნქტს მოიცავს: 1) სტუდენტი ყოველთვის მართალია. შესაძლოა მასთან ურთიერთობაში ემოციური სიტუაციაც შეიქმნას, მაგრამ ლექტორი ემოციას არ უნდა აჰყვეს; 2) არასოდეს აგრძნობინო სტუდენტს, რომ შენ სადღაც ზემოთ ხარ და იგი დაბლაა. უნდა ცდილობდე, სტუდენტმა დაინახოს, რომ შენ დაინტერესებული ხარ მისთვის ცოდნის მიცემით. ანუ მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა, რეალურად უნდა ასწავლო და გააგებინო; 3) არასოდეს ეცადო, პოპულარობა მოიპოვო მოთხოვნის ხარისხის თამასის დაწევით. შენ თუ ნახევარ ლექციას ანეკდოტების მოყოლაში გაატარებ, სტუდენტის პატივისცემას ვერასოდეს დაიმსახურებ. აქ მინდა გავიხსენო, რომ, წლების წინ, როცა პირველად ჩატარდა ასეთი გამოკითხვა, საუკეთესოს წოდება მოიპოვა ყველაზე მკაცრმა ლექტორმა, ოთარ ნაფეტვარიძემ, რომლის საგნითაც უნივერსიტეტიდან ყველაზე მეტი სტუდენტი ირიცხებოდა. უბრალოდ, ახალგაზრდებმა დაინახეს მასში ადამიანი, რომელიც ცდილობდა მეტი რამ ესწავლებინა მათთვის სპეციალობაში. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ სიბერის ჟამს ძალიან დიდი სტიმული მომცა ამ შეფასებამ, მიუხედავად იმისა, რომ წინა სემესტრში ცოტა სტუდენტთან მქონდა შეხება.

Svimon Tsereteli
სიმონ წერეთელი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:

- სტუდენტის შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანია და როცა საუკეთესო ლექტორად გასახელებს, ამაზე დიდი და საამაყო შეგრძნება არ არსებობს. მადლობელი ვარ ამისთვის ჩემი სტუდენტების. მიუხედავად ასაკისა, ეს ჩემთვის იმდენად დიდი სტიმულის მომცემია, რომ ენერგია მომემატა.

ვფიქრობ, სტუდენტი ყველაზე კარგად გრძნობს შენს დამოკიდებულებას. იგი ხედავდეს შენს პროფესიონალიზმს და თავდადებას. მე არასოდეს დამიზოგავს დრო მათთან ურთიერთობაში, ყოველთვის მზად ვარ, დავეხმარო საკითხის შესწავლაში და ნებისმიერი გზით ავუხსნა მისთვის რთული ამოცანა. როგორც ჩანს, ეს დააფასეს.

საკმაოდ რთულ საგნებს ვკითხულობ. ესენია: გამოყენებითი ბირთვული ფიზიკა, სუბატომური ფიზიკა, კოსმოსური სხივების ფიზიკა, ფიზიკა ეკოლოგებისათვის, რადიაციული ეკოლოგია და სხვა. ბევრს სჭირდება დახმარება, მაგრამ არასოდეს მაქვს ჩასაფრებულის პოზიცია. საერთოდაც, არ მომწონს ძალიან მკაცრი ლექტორები. მიმაჩნია, რომ უნდა იყო სამართლიანი და ობიექტური, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ თუ რამე ვერ გაიგო ახალგაზრდამ, უნდა დაუჯდე, ასწავლო და მერე მოსთხოვო, მით უფრო, რომ დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა - არ არის საკმარისი რაოდენობით წიგნები ნათარგმნი, გაძნელებულია მათზე ხელმისაწვდომობა და ა.შ.