2016 წლის საუკეთესო ქართველ მეცნიერად თსუ-ის პროფესორი დასახელდა

28 ოქტ 2016

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე, აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მიმდინარე წლის 17 სექტემბერს 2016 წლის საუკეთესო მეცნიერად დაასახელა.
თუ ბატონი ბეჟანის სამეცნიერო ინტერესებს, კვლევების მნიშვნელობას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო განვითარებაში შეტანილ წვლილს გადავხედავთ, აღიარება მეტად დროულად და სამართლიანად მოგვეჩვენება. მისი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კერძოდ, ფიზიკური ქიმია, ნივთიერებათა დაყოფის მეთოდები; ქირალური ანალიზი; ფარმაცევტული და ბიოსამედიცინო ანალიზი;
ბეჟან ჭანკვეტაძის, როგორც მეცნიერის, პროდუქტიულობას კი scopus-ისა და google scolar-ის სამეცნიერო ბიბლიომეტრული ბაზების მიხედვით შედგენილი სტატისტიკა მოწმობს (Scopus-ით ბეჟან ჭანკვეტაძის სტატიების რაოდენობა 202; c-6578; h-index - 47; ხოლო google scolar-ით c-7472; h-index - 48; g-index - 79);

ბეჟან ჭანკვეტაძე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღზრდილია. საშუალო სკოლის და უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იგი ჩაირიცხა ასპირანტურაში და საკანდიდატო დისერტაციის შესასრულებლად მიავლინეს ქ. მოსკოვში ნ. ზელინსკის სახელობის ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ, სამეცნიერო მუშაობისათვის, თბილისის უნივერსიტეტმა იგი ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი იაპონიაში - ნაგოიას უნივერსიტეტში გაგზავნა. საზღვარგარეთის აღიარებულ სამეცნიერო ცენტრებში მან მალე მოიხვეჭა სახელი ენანტიომერული ნარევების კვლევის დარგში და მსოფლიოს წამყვან მეცნიერად აღიარეს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მკვლევარმა, სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, გამოსცა 550-გვერდიანი მონოგრაფია “Capillary Electrophoresis in Chiral Analysis” (გამომცემლობა ჟ. Willey and Sons, Chicherter, UK and New York, USA, 1997, 555 pp). ეს იყო მსოფლიოში პირველი მონოგრაფია, მიძღვნილი საბუნებისმეტყველო მეცნიერების ამ მეტად პერსპექტიული სფეროსადმი. ეს წიგნი მსოფლიოს ამ დარგის მკვლევარების სამაგიდო წიგნადაა მიჩნეული.
ბეჟან ჭანკვეტაძემ საფუძველი ჩაუყარა კვლევების რამდენიმე ახალ მიმართულებას. პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების გამოცნობის თეორიულად დასაბუთებულმა და ექსპერიმენტით აღიარებულმა მისმა ახალმა მეთოდმა ფართო აღიარება მოიპოვა და პრაქტიკულად დაინერგა მთელი რიგი მოწინავე ქვეყნების (აშშ, იაპონია, გერმანია, ბელგია) ქიმიურ და ფარმაცევტულ მრეწველობაში.
ბეჟან ჭანკვეტაძის მეთოდით მომზადებულია პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზები მონოლითური და არაფოროვანი გულის მქონე სილაკაგელის საფუძველზე, დამუშავებულია ქირალული კაპილარული ელექტროფორეზის თეორია. სპეციალურ ლიტერატურაში გზამკვლევის ადგილი დაიმკვიდრა მისმა თეორიამ მოლეკულათშორისი ამოცნობისა და ურთიერთქმედების შესახებ. ბეჟან ჭანკვეტაძის ორიგინალური ფუძემდებლური შრომების ფასეულობა დასტურდება მათი ციტირების მაღალი ინდექსით (6500-ზე მეტი).
მნიშვნელოვანი და მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო კვლევების ავტორი არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად. მისი უშუალო ძალისხმევით აქტიური და საინტერესო სასწავლო და სამეცნიერო პროცესი მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.
ბეჯან ჭანკვეტაძის ხელმძღვანელობით, თსუ-ის ფიზიკური ქიმიის კათედრას მოპოვებული აქვს გერმანიის კვლევების ასოციაციის (DFG), ჰაინრიხ-ჰერცის ფონდის, იაპონიის კულტურული ასოციაციის, იაპონიის მეცნიერების მხარდამჭერი ასოციაციის (JSPS), UNESCO-ს, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ამერიკული კომპანია „Merck Research Laboratories“, იაპონური კომპანია „Sumitomo Chemical“-ის და სხვა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრების დაფინანსება და გრანტები.
იგი არის იტალიის, ბელგიის, ავსტრალიის, პოლონეთის, ნიდერლანდების და ჩეხეთის საგრანტო კომიტეტების წევრი, ცხრა საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი და საერთაშორისო ჟურნალ „journal of Pharmaceutical and Biomedical Analysis“ (Elsevier, Amsterdam) მთავარი რედაქტორი, ხოლო 2007 წლიდან ამერიკული კომპანია „Phenomenex“-ის (ტორანსი, კალიფორნია) კონსულტანტი მეცნიერების დარგში.
2005 წ., 2006 წ., 2010 წლებში ბ. ჭანკვეტაძეს ერთ-ერთ ყველაზე ციტირებული ნაშრომისათვის მიენიჭა გამომცემლობა „Elsevier“-ის „Top Coted Article Award“-ის პრემია, ხოლო 2006 წელს - ბელგიის ფარმაცევტული ასოციაციის აღიარების პრემია (The Belgian Society of Pharmaceutical Sciences Award of Recognition).
როგორც მისი აღმზრდელი, პროფესორი შოთა სიდამონიძე ამბობს, სტუდენტების საყვარელი ლექტორი, საქართველოში ყოველწლიურად იწვევს ცნობილ მეცნიერებს, მართავს პროფესორებისა და სტუდენტების „შერეულ” კონფერენციებს. სტუდენტები ამ სამეცნიერო კონფერენციებზე მოხსენებით ინგლისურ ენაზე გამოდიან. ბატონი ბეჟანი გამარჯვებულ მომხსენებელს - ავტორ-სტუდენტებს - ხშირად მივლინებით აგზავნის მსოფლიოს აღიარებულ სამეცნიერო ცენტრებში (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვ.)
ბეჟან ჭანკვეტაძის თავდადებული გულისხმევით აღჭურვილი ულტრათანამედროვე ლაბორატორიები თსუ-ის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრაზე ყოველთვის სავსეა საკვლევ თემებზე მომუშავე სტუდენტებით.
რას ნიშნავს მისთვის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღიარება და როგორ ხედავს მეცნიერების განვითარების გზებს საქართველოში, ამ საკითხებზე მას გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ ესაუბრა.

- ბატონო ბეჟან, რას ნიშნავს თქვენთვის, მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული მეცნიერისთვის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2016 წლის საუკეთესო ქართველ მეცნიერად აღიარება?

- ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველი მეცნიერისთვის, პირველ რიგში ძალიან ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააარსა ასეთი პრემია. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ გამარჯვებული მეცნიერის გამოვლენა ხდება პროფესორის მიღწევების შესაფასებლად მსოფლიოში აღიარებული გაზომვადი კრიტერიუმების მიხედვით. გარდა მეცნიერის წმინდა სამეცნიერო მიღწევებისა (პუბლიკაციების რაოდენობა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მათზე ციტირებათა რიცხვი და ციტირების ინდექსი, მიწვეული მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე), კრიტერიუმები მოიცავს მეცნიერის სასწავლო კომპონენტს, ახალგაზრდა თაობასთან (დოქტორანტებთან) მუშაობას, საერთაშორისო აღიარებას სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტებსა და სარედაქციო კოლეგიებში თანამშრომლობის თვალსაზრისით და ა.შ.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო ამ პრემიის პირველი მფლობელი.

- მოკლედ გვიამბეთ თქვენი ბოლოდროინდელი სამეცნიერო ინტერესების და საკვლევი თემების შესახებ.

- ჩვენი კვლევების ძირითადი მიმართულება გახლავთ ქირალური გამოცნობის ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმების კვლევა და ენანტიომერული ნარევების დაყოფა. ორიოდე სიტყვით მსურს გაზეთის მკითხველს მოვახსენო, რა არის ამ კვლევების პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობა: ადამიანის მიერ შექმნილი, ისევე როგორც ბუნებაში არსებული ბევრი ნივთიერება ხასიათდება ქირალური ბუნებით, ანუ წარმოადგენს ორი სხვადასხვა ნივთიერების ნარევს, რომლებიც ისე შეესაბამება ერთმანეთს, როგორც ადამიანის მარცხენა და მარჯვენა ხელი. ამ ორ განსხვავებულ ნივთიერებას ენანტიომერები ეწოდება.

ქირალურ ნივთიერებათა ენანტიომერული შედგენილობა მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე ძირითადად უგულებელყოფილი იყო, რადგანაც ენანტიომერების ქცევა ჩვეულებრივ იზოტროპულ (აქირალურ) გარემოში ერთნაირია (ლღობის და დუღილის ტემპერატურა, მოლეკულური სპექტრების უმრავლესობა, მასა და ა.შ.). აქედან გამომდინარე, მათი ერთმანეთისგან დაცილების მწვავე აუცილებლობა არ არსებობდა, ისევე, როგორც არ არსებობდა მათი დაცილების მისაღები ხერხები.

1950-იანი წლების ბოლოს გერმანული კომპანია გრიუნენტალის მიერ შემუშავებული იქნა ძალზე ეფექტური ანტისედატიური საშუალება თალიდომიდი, რომელიც თავისი, თითქოს უსაფრთხო მოქმედების გამო (გვერდითი ეფექტების არარსებობა), ძირითადად, რეკომენდებული იყო ფეხმძიმე ქალთა სამკურნალოდ. რამდენიმე წელში აღმოჩნდა, რომ თალიდომიდი ხასიათდებოდა მძიმე ტერატოგენული მოქმედებით, ანუ იწვევდა ძალზე სერიოზულ სიმახინჯეებს იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც თალიდომიდს იღებდნენ ფეხმძიმობის დროს.

1970-იანი წლებიდან აღმოჩნდა, რომ ტერატოგენული თვისებებით ხასიათდებოდა თალიდომიდის მხოლოდ ერთი ენანტიომერი და ამ მაგალითზე ცხადი გახდა ენანტიომერული ნარევების ანალიზური და პრეპარატული დაცილების აუცილებლობა. ასეთი დაყოფები ემყარება ენანტიომერების სელექტიურ არაკოვალენტურ ურთიერთქმედებას სხვა ქირალურ ნივთიერებასთან, ე.წ. ქირალურ სელექტორთან. ჩვენი კვლევების ძირითადი მიზანი არის სწორედ ახალი ტიპის სელექტორების შექმნა, სელექტორ-სელექტანდის ურთიერთქმედების ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმების კვლევა და გრძელვადიან პერსპექტივაში ქირალური გამოცნობის თანამედროვე თეორიის ჩამოყალიბება.

ამ მიმართულებით ჩვენი ჯგუფი აღიარებულია როგორც მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო სკოლა. ჩვენ მიერ შექმნილ ქირალურ სელექტორებს აწარმოებს იაპონური კომპანია დაიცელი (Daicel Chemical Industries) ამერიკული კომპანია ფენომენექსი (Phenomenex) და რამდენიმე სხვა კომპანია. ეს მასალები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს ყველა წამყვან ფარმაცევტულ კომპანიაში, ისევე როგორც უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში.

- თქვენი აზრით, რა ეტაპზეა დღეს ქართული სამეცნიერო საზოგადოება - ხდება თუ არა მისი ინტეგრაცია მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებასთან (მხედველობაში მაქვს სამეცნიერო კვლევების განვითარება)?

- ხდება, მაგრამ ძალიან ნელა.

ამ მხრივ მისასალმებელია ჩვენი ქვეყნის მთავრობის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივები - მხარი დაუჭიროს ასეთ ინტეგრაციას სხვადასხვა სახის საგრანტო პროგრამებით, მეცნიერების მივლინებით საერთაშორისო კონფერენციებზე, ახალგაზრდა მეცნიერთა ხანგრძლივი მივლინებით უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში, საერთაშორისო კონფერენციების და სკოლა-სემინარების ჩატარების ფინანსური მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში და ა.შ. ჩემი აზრით, აუცილებელია ამ მხრივ დახარჯული ფინანსების ოპტიმიზაცია, კიდევ უფრო ეფექტური პროგრამების ამუშავება (მაგალითად, საჭიროა არსებობდეს წამყვანი უცხოელი მეცნიერების ჩვენს ქვეყანაში მოწვევის შესაძლებლობა რამდენიმე კვირით ლექცია-სემინარების ჩასატარებლად და, სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირების მიზნით, ბილატერალური კვლევითი პროგრამების ამუშავება, მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით, წამყვან სახელმწიფოებთან. ასეთი პროგრამები უკვე არსებობს რამდენიმე სახელმწიფოსთან (იტალია, საფრანგეთი) და ძალიან სასარგებლოა). საჭიროა აგრეთვე არსებობდეს პოსტდოქტორანტების სტიპენდიები, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის. ჩვენს ჯგუფში სამუშაოდ ჩამოსვლის მრავალი უცხოელი მსურველიდან მხოლოდ ერთეულების მიღებას ვახერხებთ. ამას ხელს უშლის ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღესდღეობით გამართული კვების ბლოკები და საერთო საცხოვრებლებიც არ აქვს.

- რა პრობლემებს ხედავთ ზოგადად საქართველოში და, კონკრეტულად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის კუთხით?

- ამ კუთხით ვხედავ, სამწუხაროდ, ძირეულ პრობლემებს. გაზეთი არ არის ამ პრობლემებზე კონსტრუქციული საუბრის იდეალური პლატფორმა. გაზეთის საშუალებით შემიძლია დავაფიქსირო მხოლოდ ჩემი მზადყოფნა, რათა ჩემი მოსაზრებები ამ მიმართულებით გავუზიარო იმ პირებს და უწყებებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მოისმინონ ჩემი და, ზოგადად, მეცნიერთა ხედვა ამ პრობლემებთან დაკავშირებით.

- რა მიმართულებით უნდა წარიმართოს ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომ შედეგად მივიღოთ რეალურად კვლევითი უნივერსიტეტები და ხელი შეეწყოს ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარებას?

- ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს უნივერსიტეტების გახსნის ბიზნესი იმის გამო, რომ არსებობს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მზად არის სტუდენტის სტატუსის შესაძენად თანხა გადაიხადოს. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი ე.წ. სტუდენტი და ასევე ე.წ. უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტი გვყავს (მათი უმრავლესობა უმუშევარია), მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას, დღევანდელი და უახლოესი მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე, უფრო მეტად სჭირდება საშუალო საფეხურის რეალური პროფესიონალები (სხვადასხვა დარგის პროფესიონალი ხელოსნები და ფერმერები, ვაჭრობის და ტურიზმის დარგის სპეციალისტები და ა.შ.). ამ სფეროებს დღეს არაპროფესიონალები ემსახურებიან და ამის გამო ქვეყანა და მისი იმიჯი ძალიან ზარალდება. თბილისში ტაქსის მძღოლებს თუ დაუჯერებთ, მათი უმრავლესობა უნივერსიტეტის დიპლომს ფლობს. ამ მხრივ ტაქსის მძღოლი, თითქოს, მგზავრთან თავს იწონებს, მაგრამ, სინამდვილეში, აცხადებს, რომ იმ საქმის პროფესიონალი არ გახლავთ, რასაც ემსახურება. ვინ იტყვის, რისთვის სჭირდება ქვეყანას ასეთი უნივერსიტეტდამთავრებული ტაქსის მძღოლი, ვინც არც ის საქმე იცის, რაც უნივერსიტეტში უნდა ესწავლა და არც ტაქსის მძღოლობა, რადგანაც ეს უკანასკნელი არ უსწავლია. ქვეყნის სასწავლო დაწესებულებები უნდა ამზადებდნენ იმდენ იურისტს, იმდენ ტაქსის მძღოლს და ა.შ., რამდენი იურისტიც, ტაქსის მძღოლიც და ა.შ. სჭირდება ქვეყანას დღეს და დასჭირდება 10-20 წლის პერსპექტივიდან გამომდინარე.

საქართველოში უნდა განვითარდეს ინდუსტრია (არა მხოლოდ სამრეწველო, არამედ აგრარული, ტურისტული და ა.შ.) და კადრების მომზადება მოხდეს ძირითადად რეალური საკადრო მოთხოვნებიდან და არა ამა თუ იმ ტიპის დიპლომის პრესტიჟულობიდან, ანუ სასწავლო დაწესებულების მიერ დიპლომის „გასაყიდი ღირებულებიდან“ გამომდინარე.

განათლება და მეცნიერება თავის მხრივ რომ ძალიან რენტაბელური სფეროა, ეს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილებით დამტკიცებულია. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ განათლებასა და მეცნიერებაში ინვესტიცია პირდაპირი მოგების მიზნით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არ უნდა ხორციელდებოდეს. განათლებული თაობა ქვეყანას აუცილებლად დიდ ეკონომიურ სარგებელს მოუტანს და მის იმიჯსაც მკვეთრად გააუმჯობესებს, მაგრამ აქ დღეს სწორად ჩადებული ინვესტიცია შედეგს ათეული ან ათეულობით წლების შემდეგ მოიტანს. ამ ტიპის ინვესტიციას კერძო ბიზნესმენი, როგორც წესი, არ აკეთებს და ეს სახელმწიფოს გასაკეთებელია.

ჩემთვის პირადად მიუღებელია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის მქონე სასწავლო დაწესებულების დაფინანსება ძირითადად სტუდენტების სწავლის საფასურით. სახელმწიფო უნივერსიტეტი ამზადებს, ყოველ შემთხვევაში, უნდა ამზადებდეს, მოხელეს (კადრებს) სახელმწიფოს საჭიროებისთვის და მას ძირითადად სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს.

- როგორ უყურებთ ნიჭიერი ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების პრობლემას და რა ბაზა უნდა შეიქმნას, რომ უცხოეთში სასწავლებლად ან კვლევითი მიზნებისთვის წასული ახალგაზრდა მეცნიერი დაუბრუნდეს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეს?

- პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ამ პრობლემას განსაკუთრებით კარგად ვიცნობ. 90-იანი წლების დასაწყისში მეც მომიხდა საქართველოდან უცხოეთში საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრება, თუმცა უნივერსიტეტთან და ჩვენს ქვეყანასთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია და ჩემს კარიერაში არცერთი სამეცნიერო ნაშრომი არ მაქვს გამოქვეყნებული, სადაც ჩემს დამსაქმებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მოხსენიებული. ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს ახლაც უცხოეთთან თანამშრომლობა წარმოადგენს. ამის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ჩვენს ქვეყანაში ამჟამად არსებული მწირი მატერიალური და ფინანსური რესურსით თანამედროვე დონის ექსპერიმენტული კვლევების განხორციელება.

ახალგაზრდების გამგზავრება უცხოეთში პროფესიული დახვეწის მიზნით ბუნებრივი პროცესია და ამ პროცესის შეჩერება არც სასურველია და არც არავის ძალუძს. ამ ახალგაზრდების ის ნაწილი, ვისაც ცხოვრებისეულ მისიად თავის ქვეყნის და ერის სამსახური მიაჩნია, ნებისმიერ შემთხვევაში (პირობების მიუხედავად) დაბრუნდება საქართველოში. ასე დავბრუნდი მე და მრავალი სხვა. სხვათა შორის, ჩემმა უფროსმა ვაჟმა ახლახან დაამთავრა უნივერსიტეტი გერმანიაში და სამუშაოდ საქართველოში დაბრუნდა. ვინც არ დაბრუნდება და უცხოეთში გაუთქვამს სახელს ჩვენს ქვეყანას თავისი კეთილსინდისიერი და მაღალპროფესიული საქმიანობით, ესეც ჩვენი ერის ღირსეული და ძალიან დასაფასებელი სამსახურია.

ამ საკითხს თუ უფრო პრაგმატულად მივუდგებით, დოქტორანტების და პოსტდოქტორანტების ვაკანსიების შექმნა უნივერსიტეტებში, ისევე, როგორც მოქნილი, შედარებით მცირე ზომის, თანამედროვე პრობლემატიკებზე ორიენტირებული კვლევითი ინსტიტუტების სისტემის შექმნა უნივერსიტეტებთან ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, ხელს შეუწყობდა მაღალპროფესიული ახალგაზრდა კადრების როგორც ქვეყანაში შენარჩუნებას, ასევე მათ დაბრუნებას უცხოეთიდან.

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთხელ იწყება მნიშვნელოვანი ძვრების პერიოდი. ფიქრობთ თუ არა, რომ რეფორმირება ამ ეტაპზე საჭიროა და რომელ სეგმენტებს გამოარჩევდით ამ კუთხით, რომ უნივერსიტეტმა აღზარდოს განათლებული, აქტიური სამოქალაქო პოზიციის თაობა?

- რეფორმა უნივერსიტეტში უნდა დაიწყოს ადმინისტრაციით. თვითშეწირვა ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია. უნივერსიტეტი არსებობს სტუდენტისთვის. ამის შემდეგ უმთავრესი არის პროფესორი, ვინც თავისი მაღალი მორალით და პროფესიონალიზმით უნდა დააინტერესოს ახალგაზრდა, რომ გახდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღირსეული სტუდენტი. ადმინისტრაცია უნდა არსებობდეს, რათა უზრუნველყოს სტუდენტებისა და პროფესორების ეფექტური თანამშრომლობა მინიმალური დანახარჯებით. უნივერსიტეტში ეს ბალანსი დარღვეულია. თუ გვსურს მდგომარეობის რეალურად შეცვლა, ეს ბალანსი და იერარქია უნდა აღსდგეს და ამის შემდეგ სტუდენტსაც და პროფესორსაც მოვთხოვოთ - იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღირსეული წარმომადგენელი. ვინც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, მისი ადგილი უნივერსიტეტში არ უნდა იყოს.

რბილად რომ ვთქვათ, აქტიური, უფრო სწორად კი აგრესიული, სტუდენტების ჯგუფის ხშირად ზომასგადასული და გაუმართლებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ უნდა იყოს უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ურთიერთობის ფორმა. ამ გზით ძირეული საუნივერსიტეტო პრობლემები ვერ გადაწყდება.

აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ დღეისათვის ისეთ უნივერსიტეტზე საუბარი, სადაც სტუდენტს ვერ სთავაზობენ ნორმალური კვების ბლოკს და საერთო საცხოვრებელს, ცივილიზებული სტანდარტით საკმაოდ უხერხულია.

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები საუკეთესო პირობებს სთავაზობენ პროფესორებს, ვისაც აქვთ კავშირი მრეწველობასთან, გარეშე დამფინანსებელთან და ამ გზით, ჯერ ერთი, სტუდენტებისთვის განათლების მიცემას ახერხებს იმ ასპექტების გათვალისწინებით, რაც კურსდამთავრებულს უადვილებს დამსაქმებლის მოძებნას და, გარდა ამისა, თავისი შემოსავლით ახერხებს არა მარტო მხარი დაუჭიროს თავის საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებს უნივერსიტეტში, არამედ, მისი პატენტების და ლიცენზიების გაყიდვით, უნივერსიტეტი ფინანსურ მოგებასაც იღებს. ჩვენთან ამ კუთხით მიდგომა ჯერ კიდევ კომუნისტური აზროვნების ფარგლებს არ გასცილებია, ასეთი პროფესორი არააკადემიურად ითვლება და, არსებული საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო რეგულაციებით, დასჯადია. სამწუხაროა, რომ დღევანდელი შრომითი ხელშეკრულების ჩარჩოებში, ისევე, როგორც 40-50 წლის წინ, დღესაც ის პროფესორი გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად უნივერსიტეტის კედლებში, ვინც რეგულარულად ცხადდება სამსახურში, სამუშაო დღეს პოლიტიკასა და სპორტზე საუბარში ატარებს, კითხულობს გაზეთებს, ერთობა ინტერნეტში და საღამოს „ვალმოხდილი“ ბრუნდება ოჯახში.