თსუ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესამუშავებლად ჯგუფებში მუშაობა იწყება

28 ოქტ 2016

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესამუშავებელი მორიგი სამუშაო შეხვედრა 1 ნოემბერს გაიმართება (107-ე აუდიტორია, თსუ-ის პირველი კორპუსი). სტრატეგიაზე მომუშავე გუნდი ყოველ სამშაბათს 4 საათზე იკრიბება. ამჟამად მიმდინარეობს 7 ერთეულად გაწერილ სამუშაო ჯგუფში დარეგისტრირების (ონლაინ რეჟიმში) პროცესი. ამ დროისთვის შექმნილია 7 მიმართულების ჯგუფი: 1) უნივერსიტეტის მართვა; 2) თსუ-ის ინფრასტრუქტურის განვითარება; 3) სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტთა მომსახურება; 4) სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა; 5) საგანმანათლებლო საქმიანობა; 6) თსუ-ის საქმიანობის ხარისხის შეფასება (performance assessment); 7) საზოგადოებასთან ურთიერთობა.

ჯგუფებში გაწევრიანება თსუ-ში მომუშავე ნებისმიერ აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, თსუ-ის ნებისმიერ სტუდენტსა თუ საზოგადოების წევრს შეუძლია. ამ ეტაპისთვის ჯგუფებში განსახილველი სავარაუდო საკითხებია: 1) თსუ-ის ავტონომიურობა, თსუ-ის მმართველობის/ადმინისტრაციული სტრუქტურა; მმართველობითი კომპეტენციების გამიჯვნა თსუ-ის ცენტრალურ ადმინისტრაციასა და ფაკულტეტებს/ინსტიტუტებს შორის: დეცენტრალიზაცია; თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაუმჯობესება მართვის პროცესში; ადმინისტრაციული ერთეულების საკადრო პოლიტიკა; 2) არსებული რესურსების აღრიცხვა და გასაჯაროება; ბიბლიოთეკა; გამომცემლობა; შშმ სტუდენტების მხარდაჭერა; ინფრასტრუქტურების იდენტიფიკაცია და ურთიერთობის სტრატეგია. 3) სტუდბილეთები; სტუდენტური ბაზები; კვება; საერთო საცხოვრებელი; სტიპენდიები; სტუდენტთა მომსახურება („ერთი ფანჯრის“ პრინციპი); დასაქმების ცენტრი; სტუდენტთა სტაჟირება თსუ-ში და გარეთ; შშმ სტუდენტების მხარდაჭერა; სტუდენტური გაერთიანებები და თვითორგანიზაცია; სტუდენტური ომბუდსმენი; 4) ქართველოლოგიური ცენტრები საზღვარგარეთ; თსუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ბაზები; სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ადმინისტრაციული მხარდაჭერა; საუნივერსიტეტო და ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტები: პრიორიტეტები და დაფინანსება; სამეცნიერო პერსონალის გაცვლითი პროგრამები; სამეცნიერო პროდუქციის წარმოება და გავრცელება; სამეცნიერო საქმიანობა; შედეგების შეფასება და წახალისების სისტემა; თსუ-ის მეცნიერების კავშირი პრაქტიკასთან და წარმოებასთან; 5) აკადემიური პერსონალის საქმიანობის სტანდარტები; აკადემიური პერსონალის მიღების კრიტერიუმები (კონკურსის პირობები); სტუდენტებისთვის უცხო ენების სწავლება; ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები; პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია; უცხოენოვანი პროგრამები; უცხოელი სტუდენტების რეკრუტირება; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები; აკადემიური პერსონალის საქმიანობა; შედეგების შეფასება და წახალისების სისტემა; აკადემიური პროგრამების რესურსებით უზრუნველყოფა; სამივე საფეხურის პროგრამების საჭიროებები; 6) წარმატების ინდიკატორების დადგენა; მონიტორინგი და შეფასება; შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურების/დაფინანსების სისტემა; საერთაშორისო რეიტინგებში მონაწილეობა; 7) თსუ-ის ვებ-გვერდის განახლება; საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება; სტუდენტებისა და პერსონალის შეტყობინების სისტემის სრულყოფა; ინგლისურენოვანი ინფორმაციის ადეკვატურობა და მუდმივი განახლება.

ამ დროისთვის შექმნილია ფეისბუქ-გვერდი - თსუ განვითარების სტრატეგია - რომელზეც განსახილველი დოკუმენტებია ატვირთული. აქვეა ონლაინ-აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ყველა მსურველს ჯგუფებში დარეგისტრირება შეუძლია.