რა უსამართლო კონკურსზე საუბრობს და რას ითხოვს ვახტანგ ჭარაია

05 ოქტ 2016

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს უსამართლო აკადემიური კონკურსის ჩატარებაში ადანაშაულებს. ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებულ კონკურსში ვახტანგ ჭარაია მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის მიმართულებით იღებდა მონაწილეობას. მის კანდიდატურაზე უარის თქმის საფუძვლად კომისიის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: „პრეტენდენტს აქვს ვაკანსიის პროფილის შესაბამისი პედაგოგიური გამოცდილება, თუმცა არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია სასწავლო მეთოდურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ვახტანგ ჭარაიას სამოტივაციო წერილის დიდი ნაწილი ეთმობა მის გამოცდილებას, მას აქვს მაღალი აქტივობა სხვადასხვა ღონისძიებებში, რაც საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდა დადებითად, თუმცა სამოტივაციო წერილში არ ჩანს, თუ რატომ აირჩია პრეტენდენტმა მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის პროფილი. შესაბამისად, არ იკვეთება მისი მოტივაცია - დაიკავოს ამ მიმართულებით ვაკანტური თანამდებობა. ამასთანავე, ვ. ჭარაიას მიერ შესაფასებლად წარმოდგენილ ნაშრომებთან დაკავშირებით საკონკურსო კომისიამ აღნიშნა, რომ სტატიას აქვს სათანადო მეცნიერული ღირებულება, მაგრამ არ შეესაბამება „მენეჯმენტის“ პროფილს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონკურსო კომისიამ ვ. ჭარაიას კანდიდატურის მიმართ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ“.

ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა და წარდგენილი დოკუმენტები, მათ შორის, სამეცნიერო სტატიებიც შეესაბამებოდა მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პროფილს. პარალელურად, მან გაავრცელა განცხადებაც, სადაც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. დოკუმენტში მოყვანილია შესაბამისი არგუმენტებიც, რის საფუძველზეც თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი აკადემიურ კონკურსს ასეთ შეფასებას აძლევს:

უსამართლო კონკურსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

გვესაუბრება ვახტანგ ჭარაია

ადამიანისთვის, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მხოლოდ 18 წლის ასაკში დაუბრუნდა ქვეყანას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პატივისცემის მოპოვებასა და ადგილის დამკვიდრებას თავის სამშობლოში. ამ მიზნის მისაღწევად არც თავის დაზოგვა არის გამართლებული და არც სიმართლის დათმობა, მით უმეტეს, თუ ზურგს პატიოსნება, გამოცდილება და კვალიფიკაცია გიმაგრებს.

2016 წლის შემოდგომაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე ამავე ფაკულტეტის დეკანის ხელმძღვანელობით მოხერხდა და ჩატარდა იმდენად უსამართლო კონკურსი, რომლის მსგავსი უკვე „ბანანის რესპუბლიკებშიც“ კი არ იმართება.

ფაკულტეტმა 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაიწუნა კანდიდატი ასისტენტ-პროფესორის ვაკანსიაზე, რომელიც ამ კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტი გახლდათ; დაიწუნა კანდიდატი, რომელსაც სხვადასხვა დროს უსწავლია და უმუშავია ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი, ბრემენის უნივერსიტეტი, პასსაუს უნივერსიტეტი, პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტი და მრავალი სხვა; დაიწუნა ადამიანი, რომელიც 29 წლის ასაკში ეკონომიკის აღიარებული ექსპერტია საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე და შესაბამისი მოწვევები აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციებიდან, რო­გორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი; დაიწუნა ადამიანი, რომელსაც მოპოვებული აქვს ათეულობით სხვადასხვა ქვეყნების და ორგანიზაციების ჯილდოები, გრანტები და სტიპენდიები; ბოლოს და ბოლოს, დაიწუნა ადამიანი, რომელიც თავისი პატიოსანი შრომით მთელი თავისი ცხოვრება ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესებს.

ზოგიერთმა შეიძლება გაიფიქროს და მართალიც იქნება (კონკურსი ხომ ყოველთვის - შედარებითობაა). დიახ, სწორედ ამაზე მაქვს საუბარი, რომ ჩემს კონკურენტთან შედარებით (რომელსაც თავის გზაზე წარმატებებს ვუსურვებ) აშკარა და თვალნათელი უპირატესობა გამაჩნდა:

ა) სტატიებში, როგორც რაოდენობრივად (33 სტატია 16-ის საწინააღმდეგოდ), ასევე ხარისხობრივად, მათი პუბლიკაციის ადგილებიდან გამომდინარე. კერძოდ, სტატიები გამოქვეყნებული მაქვს ევროპულ და ამერიკულ რეიტინგულ გამოცემებში, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით.

ბ) გამაჩნდა ციტირების ინდექსი 6 ერთეულის ოდენობით, რომელიც საკმაოდ იშვიათია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და სულ რამდენიმე პროფესორს გააჩნია. სამწუხაროდ, ჩემი კონკურენტის ციტირების ინდექსი - 0-ის ტოლია;

გ) მოზიდული მქონდა 16 გრანტი, ჩემს კონკურენტს კი მონაწილეობა მიღებული ჰქონდა 1 საგრანტო პროექტში ბოლო 6 წლის განმავლობაში; უფრო მეტიც, ჩემ მიერ უნივერსიტეტში მოზიდული საგრანტო პროექტების წყალობით საზღვარგარეთ სასწავლებლად და სხვადასხვა კონფერენციებზე გაემგზავრა ათეულობით თსუ-ის სტუდენტი. ამჟამად თსუ-ის 3 პროფესორთან და 15 სტუდენტთან ერთად ვმუშაობთ მიმდინარე საგრანტო პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს ეროვნულ დონეზე.

დ) საერთაშოროსო კონფერენციების ორგანიზება და მონაწილეობის გამოცდილება მიმიღია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ათეულობით ქვეყანაში, რაშიც ჩემი კონკურენტი პრაქტიკულად გამოუცდელია; უფრო მეტიც, მოხსენებები მაქვს განხორციელებული მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მრავალი სხვა უმაღლესი დონის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღონისძიებებზე, რაც უკიდურესი იშვიათობაა არათუ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დონეზე, არამედ ქვეყნის მასშტაბით.

ე) მაქვს კავშირები მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და უნივერსიტეტთან, რომელსაც ვიყენებ ჩვენი უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ და რომელიც არ გააჩნია ჩემს კონკურენტს; აქტიურად ვთანამშრომლობ 10-ზე მეტ სამეცნიერო ცენტრთან მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ჰარვარდის ბიზნეს სკოლასთან და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან, რომელთან ურთიერთობაც თავად განსაზღვრავს ჩემი შესაძლებლობების ხარისხს.

ვ) ვარ თსუ-ის მიერ დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი და ვასახელებ ჩემს უნივერსიტეტს ყველა შესაძლო გზით, მათ შორის მედია სივრცეშიც, მაღალხარისხიანი პროდუქტის მიწოდების გზით. ხელს ვუწყობ ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკულ განვითარებას, მათ დასაქმებას, სტაჟირებას, კონფერენციებში მონაწილეობას, საზღვარგარეთ მივლინებებს, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების მმართველებთან შეხვედრების ორგანიზებას და მრავალ სხვა ღონისძიებებს, რისთვისაც აბსოლუტურად არავითარ ანაზღაურებას არც აქამდე ვითხოვდი უნივერსიტეტისგან და არც მომავალში ვაპირებ. ამ ყველაფრის პრაქტიკული გამოცდილება არათუ ჩემს კონკურენტს (არ მომერიდება და ვიტყვი), არამედ მთლიანად ფაკულტეტს არ გააჩნია, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ერთეულს (საუბარი არ მაქვს ცალკეული პროფესორების ინდივიდუალურ აქტიურობაზე).

ზ) გამაჩნდა უმაღლესი შეფასება უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდან - 5.0., რაც უიშვიათესი შემთხვევაა ფაკულტეტის მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ჩემს კონკურენტს სტუდენტების მიერ მათი ლექტორისადმი გამოხატული სიყვარულითაც ვჯობნი, რაც შესაბამის ქულებშია გამოსახული. და ეს ყველაფერი არ არის...

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ მქონდა ბედნიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მომეპოვებინა ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის პროექტი, რომელმაც გზა გაუხსნა ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში აკრედიტირებული რამდენიმე კურსის წაკითხვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელიც „დიდი მონდომებით“ და კანონდარღვევით უარყოფილ იქნა უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მხრიდან, ფაკულტეტის დეკანის აბსოლუტურად გაუგებარი განმარტებით, რომ ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის კურსი „იყო სუსტი კურსი“, რაც, თავად განსაჯეთ, საკითხისადმი რამდენად ჯანსაღ მიდგომაზე მიუთითებს... დეკანის თემურ ბერიძის მოსაზრებით, ჰარვარდის უნივერსიტეტში უნდა გამეგზავნა წერილი, სადაც მე, როგორც თსუ-ის ლექტორი, ვიწუნებდი მათ კურსს და მას „სუსტ კურსად“ მოვიხსენიებდი. ჩემთვის მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია და მე ამ საკითხის სასამართლოს გზით ვაპირებ გასაჩივრებას, რადგანაც დაირღვა ამერიკელებთან დადებული კონტრაქტის პირობები და აგრეთვე შეურაცხყოფილ იქნა ჩემი პირადი დამსახურება მოცემული შესაძლებლობის მოპოვების ნიველირებით, არადა აღნიშნული პროექტის ფარგლებში საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ 3 საათის დათმობა არჩევითი საგნის დასარეგისტრირებლად (ყველანაირი სხვა წინაპირობის გარეშე).

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა მრავალ უპირატესობას ჩემს კონკურენტთან მიმართებაში, რაც, ჯამში, 363 გვერდიან აპლიკაციაში გამოიხატებოდა სერტიფიკატების, დიპლომების, ჯილდოების და სხვა დოკუმენტაციის სახით, შესაბამისმა კომისიამ კატეგორია - საშუალო - მიანიჭა. ხოლო ჩემს კონკურენტს კი, რომელსაც ჩემთან შედარებით რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც ბევრად ცოტა და ნაკლები ღირებულების საბუთები გააჩნდა, მიანიჭა კატეგორია - მაღალი, რისთვისაც იგი არჩეულ იქნა მოცემულ ვაკანტურ ადგილზე, ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე.

საუბარიც კი ზედმეტია იმაზე, რომ კომისიამ მისი უსამართლო გადაწყვეტილების გასამართლებლად შესაბამის დასკვნაში მოიყვანა სრულიად აბსურდული ახსნა-განმარტება ჩემი სტატიის არამიზნობრიობასთან და მოცემული ვაკანტური ადგილის დაკავების მოტივაციის არქონასთან დაკავშირებით. ეს ახსნა-განმარტება შემდგომი გასაჩივრების შემდეგაც სააპელაციო კომისიამ უცვლელი დატოვა.

ჩემი დასკვნით, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესურა, რომელიც, ერთი შეხედვით, მომავალი თაობების გამზრდელად და ხელისშემწყობად უნდა გვეგულებოდეს, მათი ჩაგვრისკენაა მიდრეკილი. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებში ყველა პროფესორი არ მოიაზრება, თუმცა სამწუხარო ფაქტია, რომ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა და ორიენტირი - არა საქმესა და ხარისხზეა, არამედ ერთმანეთთან ბრძოლასა და კონკურენტების განადგურებაზე. ეს სამწუხარო რეალობაა.

მოვუწოდებ აკადემიურ საბჭოს, მოითხოვოს ხელახალი კონკურსის ჩატარება კონკრეტულად ჩემი მიმართულებით, ახალი და სანდო კომისიის მოწვევით, რომელიც დაკომპლექტებული იქნება არა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაპირებ, აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივრო სასამართლოს გზით და გავაშუქო მოცემული საკითხი მედია სივრცეში.

წარმატებებს ვუსურვებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს!

P.S. ვახტანგ ჭარაიას მიერ გავრცელებული განცხადების თაობაზე კომენტარი ვთხოვეთ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეს, ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თეიმურაზ ბერიძეს, თუმცა მან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის ვახტანგ ჭარაიას განცხადებას, ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ.