თამაზ ვაშაყმაძის ჯილდო - „მთელი ცხოვრება მათემატიკის სამსახურში“

05 ოქტ 2016

ძნელია, მათემატიკური სიზუსტით დაითვალო მისი დამსახურებები თუ ჯილდოები, მაგრამ მათემატიკის ქართველი პატრიარქისთვის ბოლო დროს მიღებული ჯილდო მართლაც განსაკუთრებულია. „მთელი ცხოვრება მათემატიკის სამსახურში“ - ასე ჰქვია საპატიო სიგელს, რომელიც ცნობილმა ქართველმა მათემატიკოსმა და პედაგოგმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირებისა და რიცხვითი მეთოდების მიმართულების ხელმძღვანელმა, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილმა წევრმა, თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს მექანიკოსთა კავშირის ერთერთმა დამფუძნებელმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა, მექანიკისა და მათემატიკის ურთიერთქმედების საერთაშორისო საზოგადოების წევრმა, პრეზიდენტის ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენების და ივანე ჯავახიშვილის მედლების ორგზის კავალერმა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ილია ვეკუას პრემიის ლაურეატმა, პროფესორმა თამაზ ვაშაყმაძემ იმისთვის მიიღო, რომ თავისი ცხოვრება სწორედ ამ დარგის განვითარებისათვის მიეძღვნა.

2016 წლის 12-14 მაისს თურქეთში გამართულ მათემატიკოსთა რიგით VI კონფერენციის საზეიმო სხდომაზე, მათემატიკოსთა საზოგადოების “MATDER”-ის ინიციატივით, თამაზ ვაშაყმაძეს გამოყენებითი მათემატიკის, კერძოდ, უწყვეტი გარემოს მექანიკის რიგ პრობლემათა გადაჭრისა და მათთვის ეფექტური და ოპტიმალური პროექციულ-სხვაობიანი მეთოდების შექმნისა და რეალიზაციის მიმართულებით გადაეცა საპატიო ჯილდო „მთელი ცხოვრება მათემატიკის სამსახურში“.

„თქვენ ძალისხმევას არ იშურებთ საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო სკოლაში მონაწილე არა მხოლოდ ქართველი, არამედ თურქი მოსწავლეებისთვის მათემატიკის შესაყვარებლად, აგრეთვე თურქი ინჟინრებისთვის სტრატეგიული თემების შეთავაზებისა და მათი მიზანმიმართულად შესწავლის მიმართულებით“, - ასე მიმართა ქართველ მეცნიერს დაჯილდოების ცერემონიაზე თურქეთის მათემატიკოსთა კავშირის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ომარ აკინმა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მეცნიერის საქმიანობა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და თამაზ ვაშაყმაძის ნაშრომებს საზღვარგარეთის ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებშიც იცნობენ; მათ შორის აღსანიშნავია მისი სახელმძღვანელო The Theory of Anisotropic Elastic Plates, რომელიც ორჯერ გამოიცა (1999-2010 წლებში კლიუვერსა და შპინგერის გამომცემლობათა მიერ) და რომელიც გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის დარგებში 2000-2015 წლების ბესტსელერად არის აღიარებული. იგი მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლების შესაბამის დარგებში ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვანელოდ ითვლება.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მეცნიერს მჭიდრო სამეცნიერო-პედაგოგიური ურთიერთობა აქვს თურქეთის უნივერსიტეტებთან. იგი რეგულარულად მონაწილეობს კონფერენციებში, როგორც მომხსენებელი და საორგანიზაციო კომიტეტების წევრი; სამეცნიერო სემინარების მუშაობაში; მისივე ინიციატივით, თურქი მეცნიერების მონაწილეობით შეკრებები იმართება საქართველოშიც. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ თამაზ ვაშაყმაძის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის მოწვევითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის ნოემბერში თურქეთის სამოქალაქო და თავდაცვითი ავიაციის ერთ-ერთი ლიდერი, 1982-1990 წ.წ. სტენფორდის უნივერსიტეტის და NANASA-ს წამყვანი მეცნიერი, ტობის პროფესორი უნვერ კაინაკი სტუმრობდა საქართველოს. მან და თამაზ ვაშაყმაძემ საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს აკადემიის სხდომათა დარბაზში.

„ჩემი საქმიანობა თურქეთში საინტერესოა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული გახლდათ თურქი დოქტორანტი იუსუფ გულვერი, რომელიც ჩემი ნაშრომებითაც დაინტერესდა. გარდა ამისა, ჩვენვე ჩამოვაყალიბეთ „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ფარგლებში საერთაშორისო-სამეცნიერო-სასწავლო მათემატიკური სკოლა სახელწოდებით: „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისკენ“, სადაც მოსწავლეები თურქ და ქართველ მაღალი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებელთა გულისხმიერი და უანგარო მოღვაწეობით ეუფლებიან მათემატიკის საფუძვლებს. ამ სკოლამ დადებითი შედეგი გამოიღო და თურქული და ქართული საზოგადოებრიობის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩემთვის პიროვნულად ძალზე მნიშვნელოვანია მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი დაინტერესება მათემატიკის დარგით“, - აღნიშნავს საუბარში თამაზ ვაშაყმაძე.

განსაკუთრებით ფასეულია ქართველი მათემატიკოსის მონაწილეობა თურქ და ამერიკელ მეცნიერებთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების დარგში. ამ ხაზით შექმნეს და წარადგინეს ერთობლივი პროექტი: „უპილოტო თვითმფრინავებისთვის ფრთის გათვლის თეორია და პრაქტიკა“, რომელიც ნატოს სპეციალისტთა მიერ შეფასდა, როგორც ძალზე ორიგინალური, მაღალი დონის სამეცნიერო-სიანჟინრო პერსპექტიული მიმართულება.

თამაზ ვაშაყმაძე ამბობს, რომ თურქეთის მხარესთან ამგვარი საქმიანი ურთიერთობა გახდა მიზეზი მისი ასეთი საპატიო დაჯილდოებისა (კონკურსში 2016 წელს მონაწილეობდა 15 უცხოელი პრეტენდენტი). თამაზ ვაშაყმაძე პირველია იმ უცხოელ მეცნიერთა შორის, რომელმაც ეს საპატიო წოდება დაიმსახურა. „ეს ჯილდო არის ფაქტიურად თურქეთის მათემატიკის საზოგადოების აღიარება იმ მათემატიკური ღვაწლისა, რასაც უცხოელი მათემატიკოსები აკეთებენ, პირველ რიგში, თურქეთში ამ დარგის განვითარებისთვის, ამიტომ ჩემთვის ეს დიდი პატივია“, - აღნიშნავს მეცნიერი.

პროფესორ თამაზ ვაშაყმაძის მონაწილეობა, როგორც წარდგენის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დაიწყო ანკარის ტობის უნივერსიტეტის დოქტორანტთან იუსუფ გიულვერთან სამეცნიერო ურთიერთობით. იგი გაეცნო პროფ. თ. ვაშაყმაძის მათემატიკური ფიზიკის ამოცანების მიახლოებითი ამოხსნის მეთოდებს და გამოაქვეყნა ერთობლივი სტატია, რომელმაც დააზუსტა რიგი შედეგებისა, რომელიც მიღებული იყო ლ. გეკელერის, ლ. კანტოროვიჩისა და ს. მიხლინის მიერ. ამის შემდეგ ქართველი მეცნიერი იყო მიწვეული AMAT-ის ორ კონფერენციაზე პლენარული მოხსენებებით. კუნძულ როდოსზე, ანკარის ტობის უნივერსიტეტებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებში თავის მოწაფეებთან ერთად გააკეთა ორ ათეულამდე მოხსენება რიცხვით ანალიზსა და მათემატიკური ფიზიკის ამოცანების ამოხსნის პირდაპირ მეთოდებში. იუსუფ გულერთან ერთად შექმნა და დააფუძნა სკოლა ,,ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“, რომელიც მე-5 წელია ფუნქციონირებს, სადაც ჩატარდა 11 საგაზაფხულო და საშემოდგომო სკოლები, მასში 500-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ამ მიმართულებით, აღსანიშნავია თურქ მოსწავლეთა და მასწავლებელთა მონაწილეობაც. ეს სკოლა ხელს უწყობს ქართველი და თურქი მოსწავლეების სამეცნიერო-სასწავლო ხასიათის კონაქტების გაღრმავებას არა მარტო მათემატიკაში, არამედ მის გამოყენებას საინჟინრო დარგებში.

სწორედ ამ დამსახურებების შედეგი იყო ის ფაქტი, რომ თურქეთის მეცნიერების ჯგუფმა თამაზ ვაშაყმაძე ამ ჯილდოზე წარადგინა, რომლებსაც მხარი ქართველმა მათემატიკოსებმაც დაუჭირეს. კონკურსის მნიშვნელობასა და პრესტიჟზე მიუთითებს თურქეთის მხარის აქტიური რეაქცია. უნდა აღინიშნოს, რომ საზეიმო სხდომისა და დაჯილდოების ცერემონია თურქეთის ტელევიზიის თითქმის ყველა ოფიციალური არხით გადაიცა.

თამაზ ვაშაყმაძე მადლიერებით აღნიშნავს, რომ მის მოღვაწეობას უკანასკნელ პერიოდში სამეცნიერო-სასწავლო დარგების განვითარების მიმართულებით ხელს უწყობდა ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვა. Pპროფესორ უ. კაინაკისა და პროფ. თ.ვაშაყმაძის აზრით, ის ფაქტი, რომ თურქეთს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტსა (Tubitak) და რუსთაველის სამეცნიერო ეროვნულ ფონდს შორის დაიდო საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა დარგებში თანამშრომლობას, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ქართველი და თურქი მეცნიერების ერთობლივმა მოღვაწეობამაც.

როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის 3-6 ოქტომბერს ქ. ანკარაში „თურქეთის ახალი სტრატეგიული კვლევის ცენტრის” მიერ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. კონფერენციის ჩატარებას, როგორც აღნიშნავს ცენტრის პრეზიდენტი პროფ. ჰ. სელალ გიუზლი, გარდა მრავალი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა, გამორჩეულად მხარს უჭერს თურქეთის პრეზიდენტი რ. ერდოღანი, თურქეთის მთავრობის სახელით პრემიერ-მინისტრი ბ. იულდემირი, ასევე მეცნიერების, ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის მინისტრი ფაკურ იოზლუ. თამაზ ვაშაყმაძის მონაწილეობა განაპირობა ორგანიზატორების მიერ მისი შედეგების უშუალოდ გამოყენების ინოვაციურმა პერსპექტივამ ახალი მათემატიკური მოდელების და მათი შესაბამისი ტექნოლოგიის შექმნისა და ფუნქციონირების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატებისა და მილსადენების მშენებლობაში.