ჩვენ პროცესების დაკვირვების რეჟიმში ვართ

05 ოქტ 2016

სტუდენტური თვითმმართველობა „აუდიტორია 115“-ის პროტესტის გამოხატვის ფორმას აკრიტიკებს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობს. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბახვა კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ ამისათვის თსუ საერთო მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს.

- ერთერთ ტელე-გადაცემაში ახსენეთ, რომ პირველკურსელების მიღების საზეიმო ცერემონიაზე აპირებდით პოზიციის დაფიქსირებას, კონკრეტულად რის თქმას გეგმავდით?

- როგორც მოგეხსენებათ, 26 სექტემბერს პირველკურსელებთან შეხვედრა ჩაიშალა კონკრეტული პირების მარგინალური ქმედების გამო, რის შედეგადაც ჩვენი პირველკურსელები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის ნაცვლად აღმოჩნდნენ რამოდენიმე ადამიანის პიარ-აქციაზე. ამ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, სტუდენტურ თვითმმართველობას უნდა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს უნივერსიტეტში არ არის ჯგუფებად დაყოფის დრო. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი მოსაზრება და დამოკიდებულება, მაგრამ მიზანი საერთო უნდა იყოს, კერძოდ, უნივერსიტეტში იმ რეალური პრობლემების მოწესრიგება, რომელიც დღეს არსებობს. ეს საკითხები კი გადასაჭრელია ქმედითი ნაბიჯებით, რომელიც საბოლოოდ დადებით შედეგს მოგვცემს და არა პოპულისტური აქციით. უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და პირველ რიგში ეს ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ სტუდენტებმა. აი, ეს მინდოდა მეთქვა ჩემს გამოსვლაში.

- რას ფიქრობთ „აუდიტორია 115“-ის მიერ 26 სექტემბრს გამართულ საპროტესტო აქციაზე და, ზოგადად, მათ მოძრაობაზე?

- „აუდიტორია 115“-ის აქცია იყო უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო საზოგადოების და პირველკურსელების უპატივცემულობა. არ შეიძლება, როცა ადამიანი პირველად მოდის უნივერსიტეტში და ცუდ მაგალითს აძლევ, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს პროტესტის გამოხატვის სწორი ფორმა, რითაც არ შეიზღუდება სხვა ადამიანის უფლებები და ინტერესები. ეს ჯგუფი კი არის მარგინალური და ყველა დამოკიდებულებას გამოხატავს არეულობით, დაძაბულობით და პროტესტის მსგავსი ფორმებით. რეალურად კი ეს გახლავთ საკუთარი თავის პიარი და არა საქმის კეთების, უნივერსიტეტის განვითარების სურვილი. კარგი იქნება, თუ ერთხელ მაინც, ეს ადამიანები პრობლემის დასახელებასთან ერთად გადაჭრის გზებსაც შემოგვთავაზებენ.

- რას გეგმავს სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?

- სტუდენტური თვითმმართველობა არის განვითარების გზაზე, პროცესში, როდესაც აუცილებელია ცვლილებები, რათა სტრუქტურა გახდეს უფრო მოქნილი, ვიდრე არსებობს და, რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ბოლო ორი წლის ტენდენცია არსებობდა, არის განათლების მიმართულებით მუშაობა. ჩვენ, უნივერსიტეტში სტუდენტების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლობითი ორგანო, ობიექტურად დავაკვირდებით ყველა პროცესს, რაც წარიმართება უნივერსიტეტში და გვექნება მყისიერი რეაქცია - თუ რაიმე გადაცდომას დავინახავთ. 

და ბოლოს, ნოემბერში გაიმართება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები და დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტებს მოგვეცემა საშუალება - გავაკეთოთ რეალური არჩევანი და არ იქნება კონკრეტული პირების მხრიდან რაიმე ჩარევის მცდელობა.