დადებული ნაძლევი და „აუდიტორია 115“-იდან წევრთა გამოყოფის მიზეზი

05 ოქტ 2016

გიორგი შარვაშიძის რექტორად არჩევის დღეს ,,აუდიტორია 115”-ის წევრმა გიორგი ჯავახაძემ და „აუდიტორია 115”-ის ყოფილმა წევრმა ალექსანდრე ცაგარელმა ნაძლევი დადეს. გიორგი ჯავახაძე ყოფილ თანაგუნდელს დაჰპირდა, რომ ახალ რექტორს 4 წლამდე დაატოვებინებენ პოსტს. ალექსანდრე ცაგარელი კი რექტორ გიორგი შარვაშიძის პრინციპულობასა და პროგრესზე ორიენტირებულობაშია დარწმუნებული და თვლის, რომ გიორგი შარვაშიძეს, კარგი იქნება, თუ დააცლიან უნივერსიტეტისთვის რეალურად სასიკეთო საქმის კეთებას.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში თსუ-ს ეყოლება პროგრესზე ორიენტირებული რექტორი. ვულოცავ ბატონ გია შარვაშიძეს. დროა თსუ-ის ჭაობი გაირღვეს“, - ასე გამოეხმაურა ახალი რექტორის არჩევას სოციალური ქსელის საშუალებით თსუ-ის დოქტორანტი, „აუდიტორია 115“-ის ყოფილი წევრი ალექსანდრე ცაგარელი. როგორც გავარკვიეთ, ალექსანდრე ცაგარელმა დაახლოებით სამი თვეა, რაც „აუდიტორია 115“ დატოვა და თანამოაზრეებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართვას გეგმავს. მისი ინფორმაციით, სტუდენტური გაერთიანებიდან კიდევ ბევრი სტუდენტი წამოვიდა. „აუდიტორია 115“-ის წევრი გიორგი ჯავახაძე ადასტურებს, რომ ალექსანდრე ცაგარელი სტუდენტური მოძრაობის წევრი აღარ არის, თუმცა ამბობს, რომ იგი თავისი ნებით არ წასულა, ატარებდა პარტიულ ინტერესებს, რის გამოც „აუდიტორია 115“-მა წასვლა აიძულა.

„ჩემ გარდა ძალიან ბევრი წამოვიდა, რადგან მთავარი ნიშნული და ღირებულებები, რაც ამ გაერთიანებას ჰქონდა, დაიკარგა. დღეს, უბრალოდ, არსებობს სახელი „აუდიტორია 115“ და მის გარშემო გაერთიანებული რამდენიმე ათეული ადამიანი. მე ჩემი პოზიცია მაქვს, ვიცნობ გიორგი შარვაშიძეს, ვიცი მისი ხედვა, თუ როგორ სურს უნივერსიტეტის განვითარება და, შესაბამისად, მაქვს დადებითი პოზიცია. ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ, თუ რატომ არ უნდა დამეჭირა მხარი მისთვის. რა თქმა უნდა, ვიღაცებს განსხვავებული პოზიცია ექნებათ, მათ შორის „აუდიტორია 115“-საც და სტუდენტურ თვითმმართველობასაც. თუმცა, როგორც ჩანს, მათ თავისი პირადი ინტერესები გააჩნიათ. სასწავლო წლის დაწყების ცერემონიის ჩაშლა რაღაც შოუ იყო, სურთ მიიქციონ ყურადღება, რადგან მედია მათ ქმედებებს იმდენად აღარ აშუქებს. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველას შეუძლია აზრის გამოხატვა, მაგრამ მთავარია - ადამიანები რამდენად არიან შედეგზე ორიენტირებულები. თუ რექტორთან შეხვედრის შემდეგ კიდევ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ, მაშინ ვერ ვხვდები - რა სურთ. გიორგი შარვაშიძემ შესთავაზა თანამშრომლობა და უნივერსიტეტის წესდებაში იმ ცვლილებების შეტანა, რაც მათ სურთ. თუმცა, ეს ცვლილებები არგუმენტირებული უნდა იყოს და აკადემიურ საბჭოსა და სხვა ორგანოებთან ერთად შეჯერებული“, - განაცხადა ალექსანდრე ცაგარელმა.

გიორგი ჯავახაძემ ალექსანდრე ცაგარელის განცხადებას 26 სექტემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ამორალური უწოდა. მისი თქმით, იგი არის ადამიანი, რომელიც სტუდენტურ მოძრაობაში პარტიული ინტერესების გატარებას ცდილობდა, ოფიციალურად არის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი და „აუდიტორია 115“-ის წევრებმა ტყუილშიც გამოიჭირეს.

„აუდიტორია 115“-ში ხშირად იყო საუბარი, რომ მას პარტიულობის გამო მოძრაობა უნდა დაეტოვებინა. ალექსანდრე ცაგარელი „აუდიტორია 115“-ში პირველად 9 მარტს მოვიდა, იმავე დღეს უთხრეს მოძრაობის წევრებმა, რომ უნდა წასულიყო. თუმცა, შემდეგ აქტიური პროტესტი დაიწყო და არავის ეცალა ამ საკითხისთვის. 18 მარტიდან ისევ დაიწყო საუბარი მისი წასვლის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ პლატფორმას. ალექსანდრე ცაგარელს ამ ყველაფერს ვუხსნიდით, თუმცა იგი მაინც არ მიდიოდა. საბოლოოდ იძულებული გავხადეთ - მოძრაობა დაეტოვებინა, ამ საკითხზე საკმაოდ მწვავე საუბარი გვქონდა. მან მოგვატყუა, რომ თითქოს დაუკავშირდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და რაღაც საბუთების გადაგზავნას ითხოვდნენ. და ახლა, როდესაც ეს ადამიანი „აუდიტორია 115“-ის ქმედებას პოპულისტურად აფასებს, უბრალოდ ამორალურია. ალექსანდრე ცაგარელთან ერთად „აუდიტორია 115“ ოფიციალურად დატოვა დაახლოებით 10-მა ადამიანმა, რომლებიც მას მიზნების განხორციელებაში ეხმარებოდნენ“, - აღნიშნა „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი ჯავახაძემ.

„აუდიტორია 115“-ს გარკვეულ გარიგებებში ბრალს სდებს ალექსანდრე ცაგარელიც.

„სწავლის დაწყების დღეს აქცია უჩვეულო არაა და დამკვიდრებულია 2011 წლიდან. რაც შეეხება ჩემ წინააღმდეგ ბრალდებებს, ერთხელ მაინც კონკრეტული რამე თქვან. მე დავტოვე „აუდიტორია 115“, რადგან ვამხილე გიორგი არობელიძე და ნათია ქარჩილაძე თვითმმართველობასთან ფარულ კომუნიკაციაში, რაც მათ აღიარეს; ასევე, იმ მიზეზების გამო, რომ ადამიანები ინტრიგებზე გადავიდნენ. მე არასდროს დამიმალავს ჩემი პოლიტიკური პრეფერენციები, მაგრამ „აუდიტორიის 115“-ის წევრი სენატის წევრი სტუდენტები ჩუმად პაპავასთან კომუნიკაციაში რომ იყვნენ, ეგ რა წესია? ან პაპავა ჩემზე მესიჯებს რომ წერდა, „სუს“-ის აგენტიაო... მოკლედ, ზედმეტად ბევრი სიბინძურეა და ახლა არ ვაპირებ შევყვე ჭორაობას. თანაც, მხოლოდ 10 კაცს რომ არ დაუტოვებია „აუდიტორია 115“, ფოტოებსაც ეტყობა,“ - აღნიშნა ალექსანდრე ცაგარელმა.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი თორნიკე ჩივაძე „აუდიტორია 115“-ის დატოვების ფაქტს ასე ხსნის: „აუდიტორია 115“ დავტოვე იმის გამო, რომ არ იყო სამუშაო გარემო შექმნილი, წევრების უმრავლესობას, განსაკუთრებით კი წამყვან წევრებს, არ აღმოაჩნდათ საკმარისი პოლიტიკური ცნობიერება და თანმიმდევრულობა, რაც საჭიროა სტუდენტური მოძრაობისთვის. მე უარი ვთქვი იმ მუდმივ წვრილმან დაპირისპირებებსა და ინტრიგებზე, რაც შეუძლებელს ხდიდა მათთან მუშაობას. მაგალითად, ორჯერ მოვაწყვეთ კონფერენცია გარე რეფერირების და ტენუირების საკითხის შესახებ, რასაც მოძრაობის წევრების ძალზედ მცირე ნაწილი ესწრებოდა, სანაცვლოდ კი პირადი საკითხების განხილვებისას და უშინაარსო სკანდალების დროს ივსებოდა ხოლმე 115-ე აუდიტორია. ზურგს უკან მოძრაობის რამდენიმე წევრზე, მათ შორის, ჩემზეც ავრცელებდნენ ჭორებს, რამაც საბოლოოდ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ ორგანიზაცია უუნაროა - გახდეს ფუნდამენტური ცვლილებების კატალიზატორი და დავტოვე მოძრაობა“.

რაც შეეხება „აუდიტორია 115“-დან სხვა სტუდენტების წასვლის საკითხს, გიორგი ჯავახაძის ინფორმაციით, მოძრაობაში გაწევრიანების არანაირი ოფიციალური პროცედურა არ არსებობს, „აუდიტორია 115“ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებს და, შესაძლოა, ზოგიერთი სტუდენტი, რომელიც ამა თუ იმ მოთხოვნას არ ეთანხმება - დროებით გვერდზე გადგეს, ზოგიერთი მათგანი კი შეუერთდეს და ისინი იმ ეტაპზე ავტომატურად „აუდიტორია 115“-ის წევრები ხდებიან.

P.S. გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ სხვა სტუდენტებსაც დაუკავშირდა, რათა განემარტათ „აუდიტორია 115“-ის დატოვების მიზეზი, თუმცა ბევრმა თავი შეიკავა პასუხისგან.