26 სექტემბერს საზეიმო მისალმების ჩაშლის გამო პირველკურსელები „აუდიტორია 115“-ის მოქმედებებს სხვადასხვაგვარად აფასებენ

05 ოქტ 2016

პირველკურსელები, რომლებიც 26 სექტემბრის დილას თსუ-ის პირველი კორპუსის წინ შეიკრიბნენ, საზეიმო ღონისძიების ჩაშლის გამო გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ. მათი პოზიციები განსხვავებული გახლდათ: სტუდენტების ნაწილი საერთოდ ვერ მიხვდა - რა ხდებოდა და რატომ? ნაწილი „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნებს ეთანხმებოდა, პროტესტის გამოხატვის ფორმას კი - არა; ნაწილი ყველა მოთხოვნას იზიარებდა; ნაწილმა ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირა. რამდენიმე პირველკურსელმა უკვე იცოდა „აუდიტორია 115“-ის არსებობის შესახებ და გაერთიანებაში გაწევრიანებასაც გეგმავდა, თუმცა საზეიმო ღონისძიების ჩაშლის არსებული ფორმის მიუღებლობის გამო გადაიფიქრა. ჩვენ მიერ გამოკითხული პირველკურსელების უმეტესობამ აღნიშნა, რომ თსუ-ში პრობლემები არსებობს, მათაც სურთ უნივერსიტეტის ავტონომია, დაფინანსების გაზრდა, თუმცა აღნიშნული საკითხები, მათი აზრით, მოლაპარაკებების ფორმატში უნდა გადაწყდეს.

გთავაზობთ თსუ-ის პირველკურსელების

კომენტარებს:

თაკო ძიძიკაშვილი, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - სულ სხვა რაღაცას ველოდით და დაგვხვდა არეულობა, აყალ-მაყალი, ალბათ, მალე წავალთ. ერთი რამ გავიგეთ, სურთ განათლების რეფორმა, თუმცა, კონკრეტულად რა უნდათ, ვერ ვხვდებით. უზრდელური ფორმით აზრის გამოხატვა ჩემთვის მიუღებელია“.

არაქართულენოვანი სტუდენტების მოსამზადებელი კურსის სტუდენტი (სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა): - ვარ ქართულ ენაში მოსამზადებელი კურსის სტუდენტი. ჩემი აზრით, „აუდიტორია 115“ ასე არ უნდა მოქცეულიყო. უნივერსიტეტის ავტონომიის საკითხით უბრალოდ ითამაშეს. მესმის, რომ უნივერსიტეტში ბევრი პრობლემაა, სურთ ავტონომია და რეფორმების გატარება, მაგრამ გამოხატვის ასეთი ფორმა არასწორია. ეს უნივერსიტეტის იმიჯზე ცუდად მოქმედებს და შეეძლოთ სხვანაირად მოქცეულიყვნენ.

ლევან ჩეგიანი, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - დემოკრატიაა და ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა პირველკურსელებისთვის შესაბამისი დახვედრა უფრო კარგი იქნებოდა. ზოგიერთი პირველკურსელი იმედგაცრუებულია.

თეონა დემეტრაშვილი, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - ვფიქრობ, რომ რა უფლებებსაც თვითონ მოითხოვენ, იგივე უფლებები დაურღვიეს სხვა სტუდენტებს.

თამთა ბარბაქაძე, თსუ-ის სტუდენტი: - კარგი იქნებოდა, რომ ახალი სასწავლო წელი საზეიმო ცერემონიით დაწყებულიყო და ეს ყველაფერი დიალოგის რეჟიმში გაგრძელებულიყო. ვფიქრობ, მოთხოვნები სრულიად სამართლიანია, მაგრამ უმჯობესია მათი მშვიდობიანი გზით მოგვარება.

ქეთი წულუკიძე, თსუ-ის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი: - ვეთანხმები ყველა მოთხოვნას, გაოცებული ვარ იმით, რაც დამხვდა. ეს პრობლემები სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ყველანაირად მიუღებელია. ყველა მოთხოვნას ვეთანხმები.

სალომე ვაწაძე, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - არ მომწონს აქციის ფორმატი, რადგან ჩვენ, პირველკურსელებს, არ გვაცადეს გაგვეცნო რექტორი, გაგვეცნო უნივერსიტეტი და, ფაქტობრივად, ჩაშალეს ღონისძიება.

ანა ტურიაშვილი, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - ჩემი აზრით, სხვა ფორმით უნდა გამოეხატათ საკუთარი სათქმელი. ანუ ამ ფორმით აქცია ჩემთვის მიუღებელია, თანაც სხვა დროს ჯობდა ამ აქციის მოწყობა.

მაია აბულაძე, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - როგორც „აუდიტორია 115“ მოიქცა, ცივილიზებული ფორმა არ არის. პირველკურსელების თვალში ცუდად გამოჩნდა. აქამდეც ვიცოდი ამ გაერთიანების შესახებ, ვაპირებდი გაწევრიანებას, თუმცა დღეს გადავიფიქრე.

ნათია ბერაძე, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - გასაგებია, რომ ეს მათი მოთხოვნებია, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება უნდა მისცენ. საჭიროა, რომ პირველკურსელები უნივერსიტეტის ცხოვრებაში გაერკვნენ. პროტესტის გამოხატვის ასეთი ფორმა ჩემთვის მიუღებელია.

თამთა ბერაძე, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - უკეთეს დღეს ველოდი, უფრო სხვანაირს, თუმცა ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება და იმედია, პრობლემები მოგვარდება.

ნინა ხურციძე, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - ჯერჯერობით არ ვიცი - რა ხდება, არ ვიცი - თითოეული მხარე რისთვის იბრძვის. ავტონომიის მოთხოვნა გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად რას ითხოვენ, ვისი იმედი აქვთ, ვისგან აქვთ მხარდაჭერა - არ ვიცი, ამიტომ ვერ შევაფასებ.

ნანა ბალიაშვილი, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - საზეიმო ღონისძიებას ველოდებოდი და ვერ მივხვდი - ახლა რა ხდება.

ზურა გოგლიჩიძე, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - საერთოდ არ ვიცი რა ხდება, რას ითხოვს ეს ხალხი... მივხვდი, თვითმმართველობის დამხობას ითხოვენ და მეცნიერების პრიორიტეტად გამოცხადებას. ამ სიტუაციის შეფასება მიჭირს, რადგან, ზოგადად, არ ვიცი რა ხდება თსუ-ში.

მარიამ თედიაშვილი, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - მივხვდი, რაც სურთ და რის გამო გამართეს აქცია, მაგრამ არ ვიცი - უნივერსიტეტში რა სიტუაციაა, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.

ელენე დავლაძე, თსუ-ის პირველი კურსის სტუდენტი: - ვფიქრობ, რომ როდესაც რექტორს ირჩევდნენ, იმ დღეს ჯობდა ეს აქცია გაემართათ. გასაგებია, რომ პირველკურსელების ინფორმირება სურდათ და ამიტომ დაგეგმეს დღევანდელი დღე, მაგრამ პირველკურსელ სტუდენტებში უფრო მეტად დაბნეულობა გამოიწვიეს. ჩვენ ჯერ არ ვიცით - შიგნით რა ვითარებაა და როდესაც ასეთი სიტუაცია დაგვხვდა, გაურკვევლობაში ჩავვარდით. გვესმის მათი მოთხოვნები, ჩვენც გვინდა, უნივერსიტეტს მეტი დაფინანსება და ავტონომია ჰქონდეს, თუმცა გამოხატვის ფორმა მიუღებელია.