აკადემიური საბჭოს მყისიერი პასუხი მეამბოხე სტუდენტებს

05 ოქტ 2016

26 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ აკადემიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის ახლად არჩეულმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საბჭოს წევრებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის დაწყება შესთავაზა და სტუდენტთა რეგისტრაციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. თსუ-ის რექტორმა აკადემიურ საბჭოს სტუდენტთა იმ ჯგუფის მოთხოვნები გააცნო, რომლებიც ადმინისტრაციული და აკადემიური ვადების გახანგრძლივებას ითხოვდნენ. საბჭომ ამ საკითხის მოგვარების გზებზეც მყისიერად იმსჯელა. რექტორის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებთან უნივერსიტეტი გააფორმებს შეთანხმებას დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ.

თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დალი კანდელაკის ინფორმაციით, უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ შემოსულია განცხადებები, რომელთაც აქვთ წინა სემესტრების საფასურის დავალიანება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინდივიდუალურად თითოეული განცხადების შესწავლა. სტუდენტებს რომ პრობლემები არ შეექმნათ, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია 3 ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა.

თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრის, პროფესორ ამირან ბერძენიშვილის ინფორმაციით, ახლად არჩეულმა რექტორმა საბჭოს წევრებს კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მისეული ხედვა გაუზიარა: „ჩემი აზრით, ბევრი რამ, რასაც სტუდენტები ითხოვენ, სამართლიანია და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ამ და სხვა პრობლემების დარეგულირებაზე იმსჯელებს. მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ახალ ხელმძღვანელობას აქვს მზაობა, ერთად გამოვიდეთ ამ რთული სიტუაციიდან“, - განაცხადა ამირან ბერძენიშვილმა.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პრობლემების გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და სტუდენტებს ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა: ,,უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა - ეს იქნება ღია დოკუმენტი, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევიმუშაოთ, რადგან რაც უფრო მაღალი იქნება საზოგადოებრივი კონტროლი და რაც უფრო ბევრი პროფესიონალი ჩაერთვება ამ საქმეში, უკეთესია. ამიტომ ვთხოვეთ საბჭოს წევრებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, განსაკუთრებით განათლების სპეციალისტები და იურისტები, რადგან ბევრი საკითხი ჩვენი მოსაგვარებელია. გარდა ამისა, ზოგიერთი საკითხი, უნივერსიტეტის კომპეტენციას სცდება, კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ინიცირებაც უნდა მოხდეს. საბედნიეროდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს იმის ინტელექტუალური რესურსი, რომ გახდეს პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორი“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრების განცხადებით, სხდომაზე დასმული საკითხების გადაწყვეტას საბჭო უახლოეს მომავალში გეგმავს და თსუ-ის რექტორის ინიციატივით, ამ პროცესში სტუდენტებიც აქტიურად ჩაერთვებიან. თსუ-ის პროფესორის აკაკი ყულიჯანიშვილის თქმით, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობა უახლოეს დღეებში დაიწყება და ახალ წლამდე დამთავრდება, სტუდენტთა მოთხოვნები კი გათვალისწინებული იქნება.

აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს სტუდენტებმაც. სტუდენტთა დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ და, ასევე, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადების გახანგრძლივების თაობაზე საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მეამბოხე სტუდენტთა დიდი ნაწილი დადებითი შეფასებებით გამოეხმაურა. „აუდიტორია 115“-ის წევრის გიორგი ჯავახაძის თქმით კი, ისინი მომავალშიც კატეგორიულები და რადიკალურები იქნებიან, რაც საპროტესტო გამოსვლებით გამოიხატება იმ შემთხვევაში, თუკი თსუ-ის ხელმძღვანელობა ყურადღებას მოადუნებს აუცილებლად და დროულად გადასაწყვეტი საკითხების მიმართ.