სტუდენტური პოზიციები რექტორობის კანდიდატებზე

22 სექ 2016

რექტორობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი უნივერ­სიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა თსუ-ის ვებ-გვერდზეა განთავსებული და ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ინფორმაციის სიმწირეზე მაინც საუბრობენ. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები ნეიტრალურ სტუდენტებთან შედარებით ინფორმირებულები არიან. ერთადერთი რექტორობის კანდიდატი, ვის მიმართაც სტუდენტური ჯგუფების წარმომადგენლებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, გიორგი შარვაშიძეა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ახალგაზრდების ნაწილი უნდობლობას უცხადებს. „აუდიტორია 115“-ს პრეტენზიები აქვს აკადემიური საბჭოს მისამართითაც. მათი ინფორმაციით საბჭოს წევრებთან გარიგებები მიმდინარეობს.

სტუდენტური თვითმმართველობა მიიჩნევს, რომ გიორგი შარვაშიძის რექტორად არჩევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვა იქნება. ამავე დროს, მათ პრეტენზიები, ზოგადად, თსუ-ის მიმართაც აქვთ. აცხადებენ, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოებამ ვერ შეძლო გაერთიანება და რექტორის პოსტზე ისეთი კანდიდატის წარდგენა, რომელიც უნივერსიტეტის ინტერესებს ნამდვილად დაიცავს.

„სამწუხაროდ უნივერსიტეტმა ჩუმი და ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, ვერ წარმოადგინა კანდიდატი, რომელიც კარგი მეცნიერი, კარგი მენეჯერი და კარგი უნივერსიტეტელი იქნებოდა. ჩვენ აკადემიურ საბჭოს ორჯერ შევხვდით, ვკითხეთ მოსაზრებები, თუმცა ისინი კონკრეტულ პოზიციას ვერ აფიქსირებენ. მართალია, ეს აკადემიურ საბჭოს ყველა წევრს არ ეხება.

ბატონ გიორგი შარვაშიძესთან პიროვნული პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ცუდი ფაქტია, როდესაც ადამიანს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტიდან პირდაპირ უნივერსიტეტის რექტორად სურს გადმოსვლა. ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩარევა. დანარჩენი ორი კანდიდატის - გიორგი ბარამიძისა და ცირა ბარამიძის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. შევისწავლით მათ კონცეფციებს, შევხვდებით და ჩვენს პოზიციას შემდეგ დავაფიქსირებთ. არ ვაპირებთ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას, რადგან არ გვინდა, ეს საუნივერსიტეტო საზოგადოებამ აღიქვას, როგორც ზეწოლის თუნდაც პოზიტიური ფორმა. მთავარია, რომ თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საბჭოს წევრებს“, - განაცხადა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა.

თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ რექტორის კანდიდატებთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით გამოკითხვა ორჯერ ჩაატარა. ერთ შემთხვევაში თსუ-ის სტუდენტებს მათთვის სასურველი კანდიდატი უნდა დაეფიქსირებინათ (შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის). რაც შეეხება მეორეს - უშუალოდ გიორგი შარვაშიძის კანდიდატურას უკავშირდებოდა. გამოკითხვაში, როგორც თვითმმართველობის წევრები ამბობენ, 1000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და 80%-ზე მეტმა რესპონდენტმა დააფიქსირა მოსაზრება, რომ გიორგი შარვაშიძე უნივერსიტეტის ავტონომიას შეზღუდავს.

„ჩვენ ეს შედეგები გავაცანით აკადემიურ საბჭოს და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. ჩვენი პროტესტი მათმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, თითქოს სტუდენტების წინაშე პასუხისმგებლები არ არიან. არადა, მათ პროფესორ-მასწავლებლების გარდა სტუდენტების ლეგიტიმაციაც აქვთ. აქვე აღვნიშნავ, რომ გავრცელებული ხმები, თითქოს სტუდენტურ თვითმმართველობას სურდა ერთი კანდიდატის გაყვანა, უბრალოდ ჭორებია და სასაცილოა. იმედია, აკადემიური საბჭო რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა რეზო ჯაჭვლიანმა.

ამ დროისთვის „აუდიტორია 115“ გიორგი ბარამიძესა და ცირა ბარამიძესთან დაკავშირებით გარკვეულ პოზიციას არ აფიქსირებს. სტუდენტური გაერთიანება აღნიშნული კანდიდატების შესახებ განცხადებებს მათთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელებს. რაც შეეხება გიორგი შარვაშიძეს, „აუდიტორია 115“-ს მასთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე აქვს და რექტორობის კანდიდატს უმოქმედობაში ადანაშაულებს, აქედან გამომდინარე უნდობლობას უცხადებს.

„ცირა ბარამიძე აქტიურად იყო ჩართული მარტის მოვლენებში და ცდილობდა მაშინ არსებული დაპირისპირების მოგვარებას. სიმართლე გითხრათ, ამის მეტი ჩვენ ამ კანდიდატის შესახებ არაფერი ვიცით. გია ბარამიძესთან დაკავშირებით ჩვენი მეგობრებისგან, რომლებიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობენ, გაგვიგია, რომ კარგი პროფესიონალია, მეტი არაფერი. ამ ორ კანდიდატზე უკეთესი წარმოდგენა პროგრამების გაცნობის შემდეგ გვექნება. გიორგი შარვაშიძე გაზაფხულზე მიმდინარე მოვლენებისას ჩვენთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ძალიან ბევრი რამ მოგვატყუა. მაისში, როდესაც პრემიერთან შეხვედრა მიმდინარეობდა, მოგვცა დაპირება, რომ საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა არჩევის წესი შეიცვლებოდა, რაც ამ დრომდე არ მომხდარა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კითხვები. თუ მას სურდა ცვლილებების განხორციელება, ამას მინისტრის მოადგილის პოსტიდან უკეთ შეძლებდა, რადგან რექტორს უფლება არ აქვს, რომ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები შესთავაზოს. თუ ნამდვილად სურდა, რომ რექტორის არჩევის წესი შეეცვალა, ან სტუდენტური თვითმმართველობების კუთხით რეფორმა განეხორციელებინა, რატომ არ გააკეთა აქამდე? შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ გიორგი შარვაშიძის შემთხვევა სანდრო კვიტაშვილის რექტორად გადმოყვანის ანალოგიური მოდელია, რისი საშუალებითაც „ქართული ოცნება“ უნივერსიტეტში თავისი კადრის მოყვანას ცდილობს“, - აღნიშნა „აუდიტორია 115“-ის წევრმა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა გოჩა ლობჟანიძემ.

„აუდიტორია 115“ მოვლენების განვითარებას ელოდება და ჯერჯერობით კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვს. თუმცა, გაერთიანების წევრებს პრეტენზიები აქვთ აკადემიური საბჭოს მისამართით. მათი ინფორმაციით, გავრცელდა ხმები, რომ საბჭოს წევრებთან გარიგებები მიმდინარეობს და ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია.

„კარგია, რომ ორი დამოუკიდებელი კანდიდატი, პროფესორიც იყრის კენჭს. იმედი გვქონდა, რომ მეტი მსურველი იქნებოდა. ახლა რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია. ვრცელდება ხმები, რომ აკადემიური საბჭოს წევრებს პირადად ესაუბრებიან და მოუწოდებენ, რომ თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე გახდეს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებისას ბევრად მეტი კანდიდატი იყო. ეს ფაქტიც იმაზე მიუთითებს, რომ თითქოს ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია და ჩვენ ამას გამოხმაურების გარეშე არ დავტოვებთ“, - აცხადებს „აუდიტორია 115“-ის წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ნანეიშვილი.

ერთი შეხედვით, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და „აუდიტორია 115“ ერთ პოზიციაზე დგას - გიორგი შარვაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები ემთხვევა. თუმცა, „აუდიტორია 115“-ის წევრები ამბობენ, რომ თვითმმართველობა საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის.

„სტუდენტური თვითმმართველობა გიორგი შარვაშიძის შემთხვევას უნივერსიტეტის ავტონომიის შებღალვად აფასებს. თუმცა, გავიხსენოთ მარტის მოვლენები, როდესაც მათ აქციაზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები იდგნენ. ჩნდება კითხვა - ეს არ არის ავტონომიაში ჩარევა? გარდა ამისა, ისინი არაფერს ამბობენ შიდა კლანების შესახებ. მათ მოსწონდათ დარეჯან თვალთვაძის კანდიდატურა. ჩვენ დარეჯანის მიმართაც გვქონდა კითხვები, გვაქვს გია შარვაშიძესთანაც“, - გვითხრა „აუდიტორია 115“-ის წევრმა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა გოჩა ლობჟანიძემ.

რექტორობის კანდიდატებზე და, ზოგადად, არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას თითქმის არ ფლობენ ის სტუდენტები, რომლებიც თსუ-ში არც ერთი სტუდენტური გაერთიანების წევრები არ არიან. ისინი ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლებიან და აცხადებენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სახელმწიფო სტრუქტურების ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირი არ იყოს და არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს.

„მხოლოდ ის ვიცი, რომ წინა წლებთან შედარებით რექტორობის კანდიდატთა რიცხვი ძალიან მცირეა. როგორც გავიგე, სულ სამი კანდიდატი იყრის კენჭს, აქედან კი უნივერსიტეტთან უშუალო შეხება მხოლოდ ორს აქვს.

სამწუხაროდ, დასვენების პერიოდში საჭირო ინფორმაციაზე ხელი არ მიმიწვდებოდა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მხოლოდ ახლა ვეცნობი სიახლეებს. რაც შეეხება რექტორის არჩევნებს, იმის აღნიშვნით შემოვიფარგლები, რომ ამ მოვლენამ გამჭვირვალედ და ყველანაირი პროცედურის დაცვით უნდა ჩაიაროს.

სტუდენტებს უფლება გვაქვს ვიცოდეთ ნებისმიერი ინფორმაცია პოტენციური რექტორების შესახებ. პირადად მე, საკუთარი მწირი გამოცდილებიდან გამომდინარე, არც ერთ კანდიდატზე ინფორმაცია არ მაქვს. სასურველია, სხვა, ჩემ მდგომარეობაში მყოფ სტუდენტებს, სწრაფად და მარტივად მიეღოთ ცნობები რექტორობის კანდიდატების თაობაზე“, - გვითხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა გიორგი ვახტანგაშვილმა.

„როგორც ვიცი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის გამორჩეული კანდიდატები არიან: თსუ-ის ყოფილი პროფესორი და ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე; თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე და განათლების და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე. ვისურვებდი, რომ რექტორობის კანდიდატების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მქონოდა. მართალია, ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელია მათი მოღვაწეობის შესახებ მშრალი მონაცემების მოპოვება, თუმცა, ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა გამეგო პირდაპირი მოტივაცია (კონკრეტულად და დეტალურად ჩამოყალიბებული, თუ რატომ უნდათ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა) და მათი წვლილი (თუ რა აქვთ აქამდე გაკეთებული უნივერსიტეტისთვის და სტუდენტებისთვის). აქვე დავძენდი, რომ ჩემთვის, როგორც რიგითი, თუმცა აქტიური და იდეების მქონე სტუდენტისთვის, ყველაზე მეტად მისაღებია რექტორი, რომელსაც არ ექნება არანაირი ზეწოლა სამთავრობო წრეების მხრიდან; შეეცდება მოაწესრიგოს მართვის ორგანოები; ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეიქმნას უფრო თავისუფალი გარემო ახალი იდეების განსახორციელებლად; ჩვენ გვჭირდება მეტი კვლევა, მეტი სამეცნიერო აქტივობა, მეტი დისკუსია და შეხვედრები, განხილვები, ახალ-ახალი პროექტები გამოცდილების ასამაღლებლად და პროფესიული განვითარებისთვის - ეს კი აპრიორს უნდა წარმოადგენდეს კავკასიაში საუკეთესო უნივერსიტეტის რექტორისთვის. იმედი მაქვს, აკადემიური საბჭო 23 სექტემბერს გააზრებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და იმ კანდიდატზე შეაჩერებს არჩევანს, რომელსაც ზემოხსენებული საკითხების ღირსეული გამკლავება შეეძლება“, - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა მარიამ ხუროშვილმა.

„უნივერსიტეტთან მხოლოდ სწავლის კუთხით ვარ დაკავშირებული. არ მაქვს ინფორმაცია რექტორის არჩევნებისა და დარეგისტრირებული კანდიდატების შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ისეთი რექტორი უნდა აირჩიონ, რომელიც სტუდენტების აზრს გაითვალისწინებს, განავითარებს მენეჯმენტს, სწავლების, კვლევის ხარისხს და არ დაარღვევს უნივერსიტეტის ავტონომიას“, - ასეთი პოზიცია აქვს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IVკურსის სტუდენტს საბა ბერიაშვილს.

თსუ-ის რექტორობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრების მოწყობას როგორც სტუდენტური თვითმმართველობა, ასევე „აუდიტორია 115“ უკვე გეგმავს.

ნატო ობოლაძე