იმედი მაქვს, რომ რექტორის არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის

22 სექ 2016

დარეჯან თვალთვაძე, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
- უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ რექტორის არჩევნები გამოცხადდა და, მანამდე, უნივერსიტეტისთვის რთული გაზაფხულის შემდეგ მოხერხდა აკადემიური საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტება. მოგეხსენებათ, რომ დღეს საბჭოში უკვე გვყავს 36 არჩეული წევრი თსუ-ის ფაკულტეტებიდან (თითო ფაკულტეტიდან 3 წევრი) და შემოერთებული სამეცნიერო ინსტიტუტებიდან (თითო ინსტიტუტიდან 1 წევრი). სწორედ, ახლად არჩეული ეს აკადემიური საბჭო არის ის ლეგიტიმური ორგანო, რომელმაც 23 სექტემბერს უნდა აირჩიოს თსუ-ის რექტორი. საბჭოს წევრები გაეცნობიან თითოეული კანდიდატის ხედვას, კონცეფციას, სამოქმედო გეგმას, მოუსმენენ მათ, რის შემდეგაც გაიმართება კენჭისყრა და გამარჯვებულად გამოცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა ნახევარზე მეტს. თუ პირველ ტურში არ გამოვლინდება გამარჯვებული, უნივერსიტეტის წესდების თანახმად, იმავე დღეს ინიშნება მეორე ტური საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ ამ შემთხვევაშიც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საბჭოს წევრების ხმათა ნახევარზე მეტი, გამოცხადდება ახალი არჩევნები.
იმედი მაქვს, რომ რექტორის არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა და აკადემიური საბჭო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც სასიკეთო იქნება უნივერსიტეტისთვის.