დავით მაღრაძე: პირდაპირ „მმართველებად“ ნუ ჩააბარებენ უნივერსიტეტში...

22 სექ 2016

ბლიც-ინტერვიუ პოეტ დავით მაღრაძესთან

- თვლით თუ არა, რომ ხელისუფლება დღეს ერევა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში? მიგაჩნიათ თუU არა, რომ ავტონომია იზღუდება იმის გამო, რომ, კერძოდ, გიორგი შარვაშიძე მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვების შემდეგ პირდაპირ აპირებს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? - ამ ორ ფაქტორს ერთმანეთთან სტუდენტური ჯგუფები აკავშირებენ...

- ვფიქრობ, რომ უკეთესობისკენ შეიძლება წარიმართოს საგანმანათლებლო პროცესი, ზოგადად, საქართველოში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტშიც, პირველყოვლისა. იმ კრიზისის მიზეზებზე აღარ ვისაუბრებ, რაც დღესაა...

რაც შეეხება კანდიდატურის მიმართ ამ აქცენტებით გამოხატულ პროტესტს, ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია სტუდენტური აქტიურობა და ეს სიცოცხლის ნიშანს ატარებს (ხშირად სწორი პოზიცია ჰქონიათ და დამიჭერია კიდეც მხარი სტუდენტებისთვის, მათ შორის ბოლო მოვლენების დროსაც), ოღონდ ერთი რამ არის - მე ნამდვილად ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ხელისუფლება რაიმე ზეწოლას ახორციელებდეს, ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემაში და კონკრეტულად უნივერსიტეტში. ეს ხელისუფლება არანაირ ზეწოლას არ ახორციელებს არსად და, მათ შორის, არც უნივერსიტეტში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ, ასეთი ნახტომი დემოკრატიის მხრივ, რაც დღეს საქართველოშია, არ გვღირსებია და მე მგონი ამის დაუნახაობა ტოლფასია იმისა, რომ ან შარზე უნდა იყოს ადამიანი ან უბრალოდ მხედველობის პრობლემა უნდა ჰქონდეს. ახლა, აუკრძალო შენ მინისტრის ყოფილ მოადგილეს არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მინისტრის მოადგილე იყო, ამან შეიძლება მიიღოს სტუდენტების მხრიდან ზეწოლის ხასიათი. მე, მაგალითად, ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ცუდად არ ვსწავლობდი, გიორგი ახვლედიანის სახელობის სტიპენდიაც მქონდა დანიშნული და არასოდეს, ხუთი წლის მანძილზე, ისეთ რამეს არ გაუვლია ჩემს ფიქრშიც კი, რომ მემართა უნივერსიტეტი. ამას ისე, თვალსაჩინოებისთვის ვამბობ. თუმცა აქვე დავამატებ, რომ პირდაპირ `მმართველებად~ ნუ ჩააბარებენ უნივერსიტეტში, სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, გამოსადეგი და სასარგებლო.