საბჭოს გადასაწყვეტია, კანდიდატთა რა პლუსებს მიანიჭებს უპირატესობას

22 სექ 2016

ინტერვიუ ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან

- დაინიშნა რექტორის არჩევნები, კენჭს იყრის სამი კანდიდატი. რით ახსნით კანდიდატთა სიმწირეს?

- კადრების სიმწირე, მოვიბოდიშებ უნივერსიტეტთან, თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს. ვხედავთ, რომ არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ადვილი არ იყო რექტორის კანდიდატურის წამოყენება და ბევრგან იგივე რექტორი დარჩა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც გვახსოვს, რომ ლადო პაპავას გამოჩენამდე ბუნდოვანი იყო - ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო რექტორი. ლადო პაპავას აკადემიურმა წონამ ეს საკითხი მაშინვე გადაწყვიტა. ასეთი დიდი წონის აკადემიური ფიგურები (პროფესორი ყველაა), რომლებიც უსიტყვოდაც კი უნდა აირჩიო რექტორად, ძალიან ცოტა დარჩა. არის მეორე ასპექტი - ორგანიზაციული. მე ვიყავი საუნივერსიტეტო ცხოვრების ნაწილი მაშინ, როდესაც უნივერსიტეტის რექტორი ორგანიზაციული ფიგურა იყო, ანუ აკადემიური წონა არ ჰქონდა, მაგრამ ორგანიზაციულ საკითხებს ართმევდა თავს. სტუდენტობა მომიწია ილია ვეკუას დროს, რომელიც საერთოდ არ იყო უნივერსიტეტის კადრი, მაგრამ აკადემიური წონაც ჰქონდა და ჰქონდა უზარმაზარი ადმინისტრაციული გამოცდილებაც. მომხდარა ისეც, რომ დიდი აკადემიური წონის ფიგურებს (უხერხულობის გამო ვერ დავასახელებ მათ), მართვის შესაბამისი უნარების არქონის გამო თავი ვერ გაურთმევიათ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის. ...და ეს ორი მხარე, ადმინისტრაციული მართვის უნარი და აკადემიური წონა - ერთად იშვიათად იყრის ადამიანში თავს. ძირითადად, მოდიან აკადემიური თავდაჯერებით, რომ აკადემიურ მხარეს მოაწესრიგებენ, მაგრამ უნივერსიტეტი უზარმაზარი სისტემაა, რომელსაც მართვა უნდა. ამ სირთულის გამო, რომ ეს ორივე მხარე მოეთხოვება რექტორს, ვფიქრობ, გააზრებული აქვთ და უმეტესობამ, ალბათ, ამიტომ აარიდა თავი დღევანდელ კონკურსში მონაწილეობას, რაც გასაგები და ლოგიკურია. თუკი გადავხედავთ იმ კანდიდატებს, რომელთაც კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტეს, მათზე შემიძლია ერთი რამ ვთქვა: გიორგი ბარამიძე ფილოსოფოსია, ერთად ვსწავლობდით და ვიცნობ (როგორც პროფესიონალი, უდავოდ კარგია). ასევე კარგი პროფესიონალია კავკასიოლოგიაში ცირა ბარამიძე. სავარაუდოა, რომ, გია შარვაშიძისგან განსხვავებით, მათ უნივერსიტეტის შიდა სამზარეულო უფრო კარგად ეცოდინებათ. მათ უდავოდ აქვთ ის პლუსები, რომლებიც შეიძლება ბევრის თვალში ხარვეზად ჰქონდეს გია შარვაშიძეს (ვგულისხმობ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მეტ ჩართულობას). აქედან, ზოგადად, გამოდის, რომ დადებითი მხარეები თითოეულ კანდიდატს აქვს. საბჭოს გადასაწყვეტია რა პლუსებს მიანიჭებს უპირატესობას.

- ვინაიდან სტუდენტები აქცენტს უფრო მეტად აკეთებენ გიორგი შარვაშიძის კანდიდატურაზე (მაგალითად, „სტუდენტური თვითმმართველობა“ ღიად აპროტესტებს მისი მინისტრის მოადგილეობის პოსტიდან წამოსვლისთანავე რექტორის კანდიდატად დარეგისტრირების ფაქტს, რასაც ცალსახად ავტონომიურობის დარღვევად აფასებენ), მინდა სწორედ ამ კანდიდატის თაობაზე გკითხოთ... თქვენ როგორ თვლით, არის ეს ავტონომიურობის შელახვა, როდესაც სახელისუფლო გუნდიდან წარმომადგენელი მოდის რექტორის პოსტზე?

- ჯერ ერთი, სახელისუფლებო გუნდიდან გია შარვაშიძე არ მოდის - ახლა გვყავს ახალი მინისტრი, გია შარვაშიძე კი არის ძველი მინისტრის მიერ მოყვანილი თავის დროზე, ამიტომ სიტყვა - „გუნდის წევრის“ გამოყენება, ამ შემთხვევაში, ადეკვატური არ არის; მეორე, რას ნიშნავს უნივერსიტეტის ავტონომიურობის დარღვევა? მაშინ ნებისმიერი არასაუნივერსიტეტო კადრის მოსვლა ამ პოსტზე უნივერსიტეტის ავტონომიურობის დარღვევად უნდა აღვიქვათ... გამოდის, რომ ჩემ მიერ ნახსენები ილია ვეკუაც არ უნდა ყოფილიყო დანიშნული რექტორად (მაშინ ინიშნებოდა რექტორი). რომ ჩამოსულიყო შარვაშიძე (იგი მუშაობდა უნგრეთში) ბუდაპეშტიდან და ეთქვა, რომ ვაპირებ რექტორობასო, მაშინ არ იქნებოდა მისი რექტორის კონკურსში მონაწილეობა ავტონომიურობის დარღვევა, ხომ? სასაცილო სიტუაციაა. ერთი და ორი წელიწადი სამინისტროში მუშაობა რატომ არის ისეთი „დამღა“, რომელიც აუცილებლად ცვლის ადამიანს? ბევრი თანამდებობის პირია, რომელიც არჩევის ან დანიშვნის შემდეგ ამა თუ იმ სამინისტროს ექვემდებარება. როგორი რექტორიც უნდა ავირჩიოთ, მას განათლების სამინისტროსთან გარკვეული ურთიერთობა მაინც ექნება, და თუ ლოიალური იქნა სამინისტროს მიმართ რექტორი, ეს იქნება ავტონომიის დარღვევა? ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის თანამდებობრივ წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა! მე ვიცნობ გიორგი შარვაშიძეს, თან გაცილებით დიდი ხანია (ჯერ სკოლის მასწავლებელი იყო, სამინისტროშიც ვიცი - რასაც აკეთებდა), იგი წარმართავდა საერთაშორისო ტიპის ურთიერთობებს, ანუ, ძირითადად, იყო უცხოეთში. იგი უნივერსიტეტების უცხოეთთან ურთიერთობის დამყარებაზე იყო ორიენტირებული. ეს არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, როგორ დაიცვას უნივერსიტეტის ავტონომიურობა, იმ კანდიდატებისგან განსხვავებით, რომელთაც საუნივერსიტეტო ცხოვრების მექანიზმის ეს მხარე, შეიძლება, ასე სიღრმისეულად არც იცოდნენ. შარვაშიძემ კარგად იცის - როგორ შეიძლება განვითარდეს უნივერსიტეტი დასავლეთთან ურთიერთობის მხრივ (დღეს ხომ ჩვენ ყველაფერზე მეტად ვცდილობთ დასავლეთზე, გავიდეთ), მათ შორის უნივერსიტეტებიც ცდილობენ დასავლურ ცხოვრებაში ჩაერთონ... როგორ უნდა მოხდეს ეს ჩართვა ისე, რომ „არც მწვადი დაიწვას და არც შამფური“? - ამას ცოდნა უნდა და ეს ცოდნა აქვს გია შარვაშიძეს. მან იცის დასავლეთის უნივერსიტეტების მთელი ქსელი და, რაც მთავარია, მასში ჩართვის მექანიზმი. ასეთი პიროვნება უნივერსიტეტს არ სჭირდებაო, რომ ვთქვათ, ძალიან არ უნდა გვენაღვლებოდეს უნივერსიტეტის ბედ-იღბალი... რაც შეეხება, იმას, რომ სამინისტროს პოლიტიკას ატარებსო, რა პოლიტიკა აქვს თავად სამინისტროს? სტუდენტთა ნაწილის აჟიოტაჟი ხომ მხოლოდ შარის მოდების მექანიზმია (რომ, რადგან სამინისტროდანაა, იმიტომ არ გვინდა). რამდენი ხანია, რაც სამინისტრო აღარ ერევა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში? თუ ვინმეს მოუნდება უნივერსიტეტის ცხოვრებაში ჩარევა, მერწმუნეთ, ხელისუფლებას უამრავი მექანიზმი აქვს ისეთი, რომ ნებისმიერი რექტორის პირობებში ჩაერევა. ანალოგიური მოვლენები ყველას გვახსოვს...

- შეგახსენებთ, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობამ პირველი შიმშილობა რომ დაიწყო ბატონი ლადოს წინააღმდეგ, მაშინ მოსთხოვეს რექტორს, რომ განათლების მინისტრი უნივერსიტეტში მოსულიყო მათთან სასაუბროდ, რა შემთხვევაშიც შეწყვეტდნენ შიმშილობას...

- ეს ავტონომიურობის გამოხატულებაა, ალბათ?! (ამას ღიმილით ვამბობ).

- როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი - ჰყავდეს თავისი კანდიდატურა უნივერსიტეტში?

- ყველაზე მარტივი დასარწმუნებელია, ამოვიდეთ კითხვიდან - რა ამოცანა აქვს ხელისუფლებას უნივერსიტეტთან მიმართებაში?

- ხომ შეიძლება 2006 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ჩატარებული კონკურსების წესით მოსული პროფესურის ერთგვარი გაკონტროლება უნდოდეს დღეს ხელისუფლებას... ფაქტია, რომ უნივერსიტეტში გარედან დღეს ძნელად თუ შემოდის ახალი კადრი, რადგან საუნივერსიტეტო საზოგადოების ძირითადი ბირთვი ისევ და ისევ კონკურსების გზით ინარჩუნებს პოზიციას და იქნებ ამის დასასრულის დასაწყისს ელოდება ხელისუფლება? - მსგავსი ბევრი მიზეზია, რომ ხელისუფლებას უნდოდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტზე გარკვეული გავლენის მოპოვება... თუმცა საკითხავია, ერთი კადრი (რექტორი) შეცვლის ამ ყველაფერს?

- გაცილებით უფრო ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან ილიას უნივერსიტეტში პოლიტიკური ნიშნით (გიგი თევზაძე იყო რექტორი და მოგეხსენებათ მისი სიახლოვე ნაციონალურ მოძრაობასთან - ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მთელი ილიაუნი), ბენდუქიძის უნივერსიტეტში... ვინმე ცდილობს, რომ ზემოდან ჩარევის გზით რაიმე ცვლილებები შეიტანოს რომელიმე ამ უნივერსიტეტში? რამე პრობლემა გაგვიგია ამ მიმართულებით?

- არა, მაგრამ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაინც ფლაგმანად მოიაზრება, რადგან საზოგადოებრივი აზრის მომწიფების და წარმართვისთვის ერთგვარი კერაა, ოდითგანვე, სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი...

- აბა ჰკითხეთ ილიაუნს, იგი თავის თავს თვლის ფლაგმანად. რა აუცილებლობაა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში პოლიტიკური ნიშნით დაიწყო კადრების ცვლილება, როცა სხვაგან გაცილებით უფრო კონცენტრირებულია ის ხალხი, რომელიც პოლიტიკურად არ ემხრობა ამ ხელისუფლებას. მაგრამ იმ უნივერსიტეტებში, ამ მხრივ, არ არის კორექტირება შეტანილი. ანუ არ უცდია ამ ხელისუფლებას შეეცვალათ პროფესურა... რატომ უნდა ცდილობდეს ჯავახიშვილში ამას? აი, ეს საკითხია გაუგებარი.

- რატომ არ „აწყობდა“ ამ ხელისუფლებას ლადო პაპავა (ვციტირებ, რადგან ბევრი სწორედ ასე სვამს კითხვას)? ეს ხომ გამოჩნდა... მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა შიმშილობის გამო არ დაუტოვებია მას თანამდებობა, როგორც შემდეგ გაირკვა...

- არ ვიცი, რადგან ვფიქრობ, დიდი დანაკარგია უნივერსიტეტისთვის ლადო პაპავას წასვლა. მაგრამ, მეორე მხრივ, პრობლემა ის კი არ იყო, რომ ლადომ ვერ შეცვალა კადრები, პრობლემა იყო სხვა რამეში - მან დატოვა ყველა კადრი, მაგრამ ამით პრობლემური საკითხები არ მოიხსნა და სულ იყო ძიძგილაობა უნივერსიტეტის შიგნით... ხელისუფლებას, ისევე როგორც ყველა მენეჯერს, სჭირდება, რომ მასზე ქვემოთ ვინც მუშაობს, იმან მას პრობლემები არ შეუქმნას. ანუ იმუშაოს ისე, რომ მისი ჩარევა არ გახდეს საჭირო. თუ ყველა საკითხში მისი ჩარევა გახდა აუცილებელი, მაშინ მას ასეთი ხელმძღვანელი ქვედა რგოლში არ აწყობს. ვფიქრობ, ამიტომაც სტუდენტების გადასაწყვეტი გახდა, თითქოსდა, ლადო პაპავას საკითხი... ამ ადამიანმა კი იმოქმედა „ადამიანობიდან“ გამომდინარე მხოლოდ... შარვაშიძის შემთხვევაში კი, შეიძლება, მის კანდიდატურას მხარს უჭერდეს ვინმე სახელისუფლო გუნდიდან არა იმიტომ, რომ მათი კანდიდატია, არამედ იმიტომ, რომ მართლაც კარგი სამენეჯერო გამოცდილების მქონეა და სწორედ რომ ამიტომ აღარ შეიძლება დასჭირდეს ჩარევა...

- მეორე მოტივაცია, რის გამოც გია შარვაშიძის კანდიდატურის მიუღებლობას ასახელებენ, არის ის, რომ იგი არ არის უნივერსიტეტელი...

- ილია ვეკუა და ბევრი ვინმე სხვაც, მაშინ, არ უნდა გვყოლოდა ხელმძღვანელ პოსტებზე... მე პირიქით ვიტყვი - ეს კარგია, რომ უნივერსიტეტელი არ არის. დიპლომატს უცხო ქვეყანაში წელიწადზე მეტ ხანს არ აჩერებენ, გამონაკლისების გარდა და რატომ? - შემდეგ იგი ჩაებმება იმ ქვეყნის ცხოვრებაში, გააბამს კავშირებს და ობიექტურობას დაკარგავს. უნივერსიტეტის კადრს თუ მოიყვანთ (ან ნებისმიერ დაწესებულებაში), მას ხომ თავისი ადამიანური სისუსტეები ექნება ვიღაცების და რაღაცების მიმართ და არ არის გამორიცხული, რომ ეს სისუსტეები თავს გამოავლენს... მერე ამას რა ვუყოთ? შემდეგ ამის გამოვლენის ფონზე უნდა გამოვიდეთ საპროტესტო აქციებით, რომ აი, სუბიექტურიაო... ეს სუბიექტურობა ნაკლებია მაშინ, როდესაც ადამიანი გვერდიდან მოდის...

- „აუდიტორია 115“ გია შარვაშიძეს არ პატიობს იმას, რომ მან მინისტრის მოადგილეობის დროს არ გააუქმა თვითმმართველობა და კანონში ცვლილებების ინიცირებას არ შეუწყო ხელი...

- კანონმდებლობას ვერ შეცვლიდა ეს პიროვნება. დაპირების შესრულება ყოველთვის ადვილი არ არის. დავუშვათ, ვისაუბროთ თვითმმართველობის გაუქმებაზე. ამას ხომ ერთ უნივერსიტეტში ვერ გააკეთებ? აუცილებელია, რომ კანონში შეიტანო ცვლილება. პარლამენტზე მინისტრის მოადგილე როგორ იქონიებდა გავლენას? თუ ადამიანებს რაღაცას ჰპირდები და არ გამოდის, მაშინ უნდა ანახო ამ ადამიანებს - რა რისკებია? უნდა უთხრა - ეს შეიძლება ვერ შეასრულო ამიტომ და ამიტომ (თუ ეს მან არ ახსნა, შეცდომა დაუშვია). შეიძლება თავად კი უნდოდა ძალიან რაღაც სახის ცვლილება, მაგრამ ვერ გააკეთა - ეს უკვე სხვა თემაა. თუ არადა, რომ ეთქვა, არც გპირდებით და არც გაგიკეთებთო, რას უზამდნენ? არაფერს, მაგრამ არ უთქვამს ეს, რამდენადაც ვიცი... მეც ვთვლი, რომ ძალიან ხარვეზიანი მექანიზმია თვითმმართველობა, როგორც სტრუქტურა, მაგრამ, რომ მომთხოვოს ვინმემ ამ სტრუქტურის გაუქმება, ალბათ, დიდი დრო დამჭირდება საფიქრელადაც კი, რომ მოვიფიქრო ისეთი რამ, რითაც არაფერი დაშავდება. რაღაც ახალი ფორმა თვითმმართველობისა უდავოდ საჭიროა. ანუ საკითხი შესასწავლია და შემდეგაა ვერდიქტი გამოსატანი არა ცალკეული ჯგუფების მოთხოვნის საფუძველზე (რაც უნდა გულანთებულები იყვნენ ისინი), არამედ უფრო კონკრეტული უარყოფითი გამოცდილებების გათვალისწინებით, რაც ეხება თვითმმართველობის პრივილეგირებულობას. ამ მხრივ კი, რამდენადაც ვიცი, რექტორობის კანდიდატი ფიქრობს.

- თუკი რექტორის არჩევნებში გია შარვაშიძე გაიმარჯვებს, სტუდენტები აანონსებენ საპროტესტო აქციებს... რას გამოიწვევს ეს გაუთავებელი პროტესტი?

- არ გამოვრიცხავ, რომ ამ საპარლამენტო არჩევნების წინ სტუდენტთა საპროტესტო აქციები ხელისუფლების ოპონენტმა პარტიებმა სათავისოდ გამოიყენონ და შემდეგ მთელი დისკურსი გაჩაღდეს იმაზე, რომ, აი, ხელისუფლებას სურს გააკონტროლოს უნივერსიტეტი და გავლენა იქონიოს მასზე... სტუდენტების ეს პროტესტი ძალიან ადვილად შერწყმადი იქნება თუნდაც იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ რიტორიკასთან... აი, თუნდაც დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც აგორდა პროტესტის ტალღა... ესეც ხომ არ არის რაღაცის მანიშებელი? ისე, ძალიან მაინტერესებს, ამ სტუდენტებს ვინმე უნდათ რექტორად?

- მაგალითად, რამდენადაც ვიცი, „აუდიტორია 115“ პროფესორ, სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს უჭერს მხარს და მისი კანდიდატურის წამოყენებაც უნდოდათ...

- მე კი ვიცი, რომ იაგო კაჭკაჭიშვილს ორჯერ არ დაუჭირა მხარი თავისი ფაკულტეტის საბჭომ ცვლილებებზე ორიენტირებული მისი პროგრამული იდეების გამო და ჩნდება კითხვა – უნდა დღეს უნივერსიტეტს ცვლილებები? უნდა სერიოზული რეფორმები? გარედან არ მოგვწონს კანდიდატი, რომელიც უდავოდ პროფესიონალია განათლების სფეროში, შიგნით მხარს არ უჭერენ ასევე პოპულარულ და მყისიერად ცვლილებების მოთავე კადრს... კრიზისია უნივერსიტეტში და რაღაც კონსესუსი ხომ უნდა მოიძებნოს, დიალოგი ხომ უნდა დაიწყოს... „შარიანობა“ ხომ უნდა დამთავრდეს? ჯერ შიგნითაა გასაჯანსაღებელი ვითარება იმ უნივერსიტეტში, რომლის ავტონომიაც ასე გვწყურია...