აკადემიური საბჭოს რა წინასწარ განწყობებზე საუბრობს „აუდიტორია 115“?

22 სექ 2016

გავრცელდა ჭორები, რომ „აუდიტორია 115“ დაიშალა, თუმცა, მისი წევრების თქმით, ეს მტკნარი სიცრუეა და რექტორის არჩევნების წინ აქტიურ კამპანიას იწყებენ უნივერსიტეტის ავტონომიისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით – ეს განცხადება „აუდიტორია 115“-ის წევრებმა 17 სექტემბერს, სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთეს, სადაც ასევე ცნობილი გახდა, რომ რექტორის არჩევნებამდე „115“-ის წევრები შეხვედრებს გეგმავდნენ როგორც პროფესორ-მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ბედით დაინტერესებულ ყველა ადამიანთან, ასევე რექტორობის კანდიდატებთანაც.

კანდიდატებთან შეხვედრა 20 სექტემბრისთვის დაიგეგმა, თუმცა უკვე 19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აუდიტორიის წევრები გიორგი შარვაშიძის რექტორად არჩევის წინააღმდეგნი არიან და აპირებენ, ბოლომდე იაქტიურონ, რათა უნივერსიტეტში ისეთი არჩევნები გაიმართოს, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ჩაურევლობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

„აუდიტორია 115“ არ დაუშვებს და ეცდება, რომ გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც ვერ გაბედა და მინისტრის მოადგილედ ყოფნისას ვერ გადადგა რეალური ცვლილებებისკენ ნაბიჯები, ვერ მოახერხოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შემდგომ გამარჯვება“, – აცხადებენ სტუდენტური გაერთიანების წევრები. როგორი იქნება მათი შემდგომი მოქმედებები, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან 19 სექტემბერს, პროფესორ-მასწავლებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის და უცხო პირებისთვის „აუდიტორია 115-ის“ შეხვედრა დაიხურა, რადგან სტუდენტებმა სამომავლო სამოქმედო გეგმის გასაჯაროება არ მოინდომეს.

რაც შეეხება პროფესორ-მასწავლებლებთან გამართული შეხვედრის დეტალებს, შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრაზე სულ რამდენიმე მათგანი მოვიდა და დიდი დაინტერესება არც აკადემიური საბჭოს წევრებს გამოუხატავთ. ერთადერთი, ვინც საბჭოს წევრებიდან შეხვედრაზე გამოჩნდა, ბატონი ნოდარ ბელქანია იყო, რომელმაც საბჭოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით შემოიარა, სტუდენტებს გაესაუბრა და ისე წავიდა, მედიასთან ღია განცხადებები არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც სტუდენტებისგან შევიტყვეთ, ნოდარ ბელქანია იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ აკადემიურ საბჭოს უნდა გააჩნდეს გარკვეული თავისუფლება, რათა მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც დაცლილი იქნება გავლენებისგან.

„აუდიტორია 115“-ის წევრის ნათია ქარჩილაძის თქმით, ნოდარ ბელქანიამ აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს გარკვეული წინასწარი განწყობები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდება რექტორი და ვინ რომელი კანდიდატის მხარდამჭერი იქნება საბჭოში. თუმცა, არის რამდენიმე ადამიანი, ვინც არ ითვალისწინებს ეგრეთწოდებულ ზეწოლებს: „ბატონი ნოდარი ამბობდა, რომ მისთვის არ დაურეკავთ, თუმცა, იყო გარკვეული საუბრები იმაზე, რომ საბჭოს წევრებს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, შარვაშიძისთვის მიეცათ ხმა“, – აღნიშნავს ნათია ქარჩილაძე.

„იმედი გვაქვს, რომ აკადემიური საბჭო ერთხელ მაინც გამოიჩენს პრინციპულობას და არ აირჩევს ამ კანდიდატურას. თუ შარვაშიძის კანდიდატურა ჩავარდება, გამოცხადდება ხელახალი არჩევნები და 50 დღის განმავლობაში ახალი კანდიდატები შეიტანენ განაცხადს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად. თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, ძნელია იმ საბჭოს პრინციპულობის იმედი გვქონდეს, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო გაეკეთებინა საჯარო განცხადებები და ყოფილიყო ავტონომიური“, – ამბობს „აუდიტორია 115“-ის კიდევ ერთი წევრი გიორგი სოფრომაძე. მისივე თქმით, ჯერჯერობით არენა აკადემიურ საბჭოს რჩება, რომელსაც აქვს არჩევანი და შეუძლია, ერთხელ მაინც მიიღოს პროგრესული გადაწყვეტილება.

რას მოიმოქმედებს „აუდიტორია 115“ გიორგი შარვაშიძის რექტორად არჩევის შემთხვევაში, ამას სტუდენტები არ აკონკრეტებენ, თუმცა, არც იმას უარყოფენ, რომ პროტესტის გარკვეულ ფორმებს მიმართავენ.

სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით სტუდენტები პოზიციას არ აფიქსირებენ და ამბობენ, რომ მკაფიოდ არიან ჩამოყალიბებულები იმაზე, ვის მიმართაც აქვთ წინააღმდეგობა. „შარვაშიძე ცალსახად მიუღებელია. ამასთან, რექტორის კანდიდატების რაოდენობა არის ძალიან მცირე, რჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე მომზადებულია კანდიდატი საიმისოდ, რათა გახდეს რექტორი, რასაც ბუნებრივია „აუდიტორია 115“ არ დაუშვებს“, – აცხადებს გიორგი სოფრომაძე.

„აუდიტორიის“ წევრები კიდევ ერთხელ აკონკრეტებენ, რომ მათთვის მთავარი მიზანი უნივერსიტეტის რეალური ავტონომიაა, რაც ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს, რომელიც თავისუფალი იქნება შიდა და გარე ჩარევებისაგან. Gგარე ჩარევებში სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურები და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები მოიაზრება, შიდა ჩარევაში კი, იმ კლანების გავლენები, რომლებიც უნივერსიტეტის შიგნით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ. მათ შორის აუდიტორიის წევრები სტუდენტურ თვითმმართველობასაც ასახელებენ და კვლავ მოითხოვენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის გადახედვას და 45-ე მუხლის გაუქმებას, რომელიც სტუდენტების კონკრეტული ჯგუფების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების საშუალებას იძლევა.

იზიარებენ თუ არა პროფესორ-მასწავლებლები „აუდიტორია 115“-ის მოსაზრებებს, ძნელი სათქმელია, რადგან 19 სექტემბერს გამართული შეხვედრით მხოლოდ რამდენიმე მათგანი დაინტერესდა. ჩვენს შეკითხვაზე, რატომ აქტიურობენ პროფესორ-მასწავლებლები ნაკლებად და რატომ ისმის მხოლოდ სტუდენტების მოთხოვნები, პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ადამიანებს აქვთ შიშის ინერცია და ფიქრობენ, რომ მათ პროტესტსა და აქტიურობას სავალალო შედეგები მოყვება. „აქედან გამომდინარე, ალბათ, იკავებენ თავს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტის პროფესორების აქტიურობის და მათი პოზიციების გასაჯაროების გარეშე შეუძლებელია პროცესი სრულფასოვანი და სანდო იყოს“, – აცხადებს ლელა გაფრინდაშვილი. მისივე თქმით: „რექტორის არჩევასთან დაკავშირებით, იყო მოლოდინი, რომ მეტი კანდიდატი იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა, პროფესორების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს არის ჩაბმა ისეთ კონკურენციაში, სადაც წარმატების გარანტია ძალიან დაბალია. ზაფხულშივე იყო ცნობილი და ამის შესახებ უნივერსიტეტში ბევრი საუბრობდა, რომ განათლების მინისტრის მოადგილე იქნებოდა ერთ-ერთი კანდიდატი და ასეც გამოვიდა. ასევე, რაც ამჟამად არის ცნობილი და რასაც ამბობენ პროფესორები, დიდია ალბათობა, ბატონი გიორგი შარვაშიძე გახდეს რექტორი“.

უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებსა და გარდაქმნების აუცილებლობაზე საუბრობს პროფესორი ნანა გუნცაძეც, რომელიც ასევე ესწრებოდა გუშინდელ შეხვედრას: „სტუდენტებს არ უნდათ თავსმოხვეული რექტორის კანდიდატურა და არც მე მინდა. მძიმე მდგომარეობაა უნივერსიტეტში, ბევრია შესაცვლელი და მომწონს სტუდენტების დამოკიდებულება, რომ არ ეგუებიან ამ ყველაფერს“.

„აუდიტორია 115“-ის წევრების თქმით, მათ მოთხოვნებს სხვა პროფესორ-მასწავლებლებიც იზიარებენ და მხარდაჭერასაც აფიქსირებენ.