„აუდიტორია 115“-ის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტში წარსადგენად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

15 ივლ 2016

განათლებისა და მეცნიეებათა სამინისტროსა და „აუდიტორია 115“-ს შორის სამთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ ვერ ელევა გააუქმოს სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც აქტივად და დროშის დამჭერად სჭირდებათ. განათლების ახალმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიაცია შესთავაზა, თუმცა სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ეს დროის გაწელვაა. „აუდიტორია 115“ „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში წარსადგენად დამოუკიდებლად ემზადება. 30 000 ხელმოწერის შეგროვებისთვის, რომელიც კანონპროექტის წარდგენას სჭირდება, მათ ერთთვიანი ვადა აქვთ. 5 ივლისს გამართულ თათბირზე „აუდიტორია 115“-ის წევრებმა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება უკვე დაიწყეს. კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს და რას გეგმავს „აუდიტორია 115“, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს ირაკლი კუპრაძეს ვკითხეთ.

- სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები შეწყდა. როგორია ახლა თქვენი სამოქმედო გეგმა?

- ბოლოს გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება განათლების ძირეული რეფორმის გატარებისთვის. ეს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბოლო შეხვედრაზეც კარგად გამოჩნდა - თითქოს იგი ვერ აკონტროლებს „სუს“-ის კონკრეტულ რგოლს, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის დამცველია და ამ ინსტიტუციის წინააღმდეგ ვერ წავა, რადგან, ვიმეორებ მის სიტყვებს - „ის უნდა იყოს ყველას ლიდერი და ყველას ხელმძღვანელი“. „სუს“-ის კონკრეტულ რგოლში ვგულისხმობ ძველ კადრებს, რომლებიც სტუდენტური თვითმმართველობის შენარჩუნებით არიან დაინტერესებულები. მან მოგვიწოდა ჩვენ დიპლომატიურობისკენ. ხელისუფლებამ სტუდენტური თვითმმართველობის რეაბილიტაცია მოახერხა. თავის მხრივ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გვესაუბრება აუდიტორია 918-ზე, რომელიც სამინისტროში არსებობს. იგი ამბობს, რომ მას ყავს „თავისი“ აუდიტორია 918, რომელთანაც უწევს კონკრეტული საკითხების შეთანხმება და ვალდებულია გააკეთოს ის, რასაც ისინი ეუბნებიან. როგორ ჩანს ამ ყველაფერში ხელის შემშლელი რგოლი „სუს“-ია. მათ სჭირდებათ და აწყობთ სტუდენტური თვითმმართველობა, რადგან ამ ძალას უნივერსიტეტში კარგად იყენებენ. ხელისუფლების პასიურობის ძირითადი მიზეზიც სწორედ ეს არის. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი რესურსით შეგვეტანა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც 30 000 მოქალაქის ხელმოწერა სჭირდება. 12 ივლისს დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც დიდი ხანია მზად გვაქვს და პარლამენტის ბიუროდან გამოვითხოვთ ხელმოწერების შეგროვებისთვის საჭირო დოკუმენტებს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ პარლამენტში მოცემულ საკითხზე განხილვები დაიწყოს. ამ დროისთვის ჩვენ უკვე შევძელით და განათლების რეფორმის თემა აქტუალური გავხადეთ. ვფიქრობთ, ესეც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ხელისუფლებამ აღიარა განათლების რეფორმის აუცილებლობა.

- აღნიშნული კანონპროექტის შესახებ დიდი ხანია საუბრობთ, თუმცა თქვენ გეგმავთ 30 000 ხელმოწერის შეგროვებას. შემუშავებული გაქვთ მექანიზმი, რისი მეშვეობითაც საზოგადოებას კანონში შესატან ცვლილებებს უფრო დეტალურად გააცნობთ?

- ვაპირებთ კონკრეტული ვიდეო-ჩანაწერების გაკეთებას, სადაც ვისაუბრებთ ამ კანონპროექტის შინაარსზე, კონკრეტულ ცვლილებებზე, შედეგებზე და, ზოგადად, თუ რატომ არის ეს ცვლილებები აუცილებელი. ჩვენ სათითაოდ მოგვიწევს 30 000 ხელმომწერთან ამ ყველაფრის ახსნა გამომდინარე იქედან, რომ შემდეგ დოკუმენტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოწმდება, ალბათობის მიხედვით გამოიკითხებიან კონკრეტული ხელმომწერები და ეკითხებიან, თუ რამდენად იცნობენ კანონპროექტს. ამაზეა დამოკიდებული - აღიარებენ თუ არა დოკუმენტების ნამდვილობას.

- ხელმოწერებს მხოლოდ „აუდიტორია 115“-ის წევრები შეაგროვებენ, თუ გაქვთ მხარდაჭერაც, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან?

- ხელმოწერების შეგროვების პროცესში მხოლოდ „აუდიტორია 115“-ის წევრები მიიღებენ მონაწილეობას - სტუდენტები, პროფესორები, უბრალო მოქალაქეები, ვისაც ამის სურვილი ექნება. ყველას მოვუწოდებთ, რომ დაგვეხმარონ ამ მნიშვნელოვან საქმეში. ადამიანური სოლიდარობისა და თანადგომის გარდა ჩვენ სხვა რესურსი არასდროს გაგვაჩნდა და არა მგონია ახლა გამოგვიჩნდეს. შესაბამისად, დამოკიდებული ვართ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე. ერთთვიანი ვადა საკმაოდ მცირეა და უნდა ვცადოთ, რომ ხარისხიანად შევაგროოთ 30 000 ხელმოწერა და კანონპროექტი პარლამენტში შევიტანოთ.

- დავაზუსტებ, ამ დროისთვის თქვენ ოფიციალურად დატოვეთ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პლატფორმა და არანირი კავშირი აღარ გაქვთ.

- დიახ, ასეა.

- 30 ივნისს თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ პირველ კორპუსში თქვენ მიერ დაკავებული აუდიტორიები დაიბრუნა...

- მათ დაიბრუნეს, შევიდნენ ამ ოთახებში, თუმცა მათი ეს პრივილეგირებული მდგომარეობა და ამ უფლების მიმანიჭებელი მუხლი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მითითებულია, რომ ისინი სარგებლობენ უნივერსიტეტის რესურსებით უთანასწოროდ - ამ ყველაფერზე დასკვნა უდევს სახალხო დამცველს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება. თუმცა, ასევე, ყველამ კარგად ვიცით, რომ მსგავსი პროცესები და საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში დროში იწელება. ამიტომ, მოვუწოდებთ თსუ-ის ადმინისტრაციას, რომ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება. უნივერსიტეტში, სადაც 30 ადგილიან აუდიტორიებში 50 და 60 სტუდენტი ზის, სტუდენტურ თვითმმართველობას ასეთი პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ეს აუდიტორიები ლექციების ჩასატარებლად უნდა გამოვიყენოთ.

- საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი კონკრეტულად როგორ არის ფორმულირებული?

- საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის რამდენიმე მუხლი, რომელიც ეხება რესურსების პრივილეგირებულ ათვისებას სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან, წარმომადგენლობით საბჭოში არჩევის დისკრიმინაციულ წესს და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. სარჩელი კარგად არის დასაბუთებული და ამისთვის დიდი მადლობა „აუდიტორია 115“-ის იურისტ წევრებსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია სარჩელის შედგენაში.