თსუ-ის ფუტსალის გუნდი საქართველოს ჩემპიონია!

16 ივნ 2016

10 ივნისს ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალი ფუტსალში, სადაც ერთმანეთს თსუ და თელასი დაუპირისპირდა. თსუ-მ მოწინააღმდეგე 1:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. აღნიშნულ მატჩს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. თამაშის ბოლოს დასახელდა საუკეთესო მოთამაშეები თსუ-დან: საუკეთესო მეკარე ალექსანდრე ჯამბურია; საუკეთესო თავდამსხმელი ლაშა სიგუნავა; საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ნიკვაშვილი.

თსუ-ის ფუტსალის სტუდენტურმა გუნდმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა უმაღლესი ლიგის ფინალურ თამაშშიც და პირველი ადგილი დაიკავა. სტუდენტური ლიგის ფინალი 3 ივნისს გაიმართა, სადაც ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს ჩვენმა გუნდმა 1:0 მოუგო. 

ირაკლი ხარჯავანიძე, თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი: „საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ატარებდა ეროვნულ ჩემპიონატს უნივერსიტეტებს შორის. ეს არის უმაღლესი ლიგა. ჩვენ პირველი ადგილი ავიღეთ რეგულარულ ჩემპიონატში. ზამთარში თასი გათამაშდა და თასიც მოვიგეთ, ანუ დუბლი შევასრულეთ. მინდა, უნივერსიტეტს მივულოცო ეს წარმატება!“.