საგნების არჩევა - გადაუჭრელი პრობლემა?!

14 სექ 2015

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ხშირად მოგვისმენია ფრაზა, რომ აკადემიური რეგისტრაცია თსუ-ში „ჯუნგლთა კანონს“ ჰგავს და ყველაფერი „ძალმომრეობაზეა“ დამოკიდებული. ამ პერიოდში უნივერსიტეტში ხშირად გვხვდება სტუდენტებისაგან შემდგარი „ცოცხალი რიგი“ და ისინი შესაბამისი მიმართულების ტუტორებს საგნებზე ადგილების დამატებას სთხოვენ. ამ მხრივ, არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. რეგისტრაციის დაწყებიდან ძალიან მალე სოციალურ ქსელში საპროტესტო ტალღა აგორდა, შეიქმნა ჯგუფი „თსუ-ის სტუდენტები უსაგნებოდ“, რომელმაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილი გააერთიანა. მალევე დაიგეგმა საპროტესტო აქციაც. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სტუდენტების დიდმა ნაწილმა საგნები უპრობლემოდ აირჩია.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის გავესაუბრეთ Iთ სამსახურის ხელმძღვანელს ტარიელ ზარანდიას. როგორც ბ-მა ტარიელმა აღნიშნა, ტექნიკური თვალსაზრისით მცირე ხარვეზიც კი არ დაფიქსირებულა, ბაზებთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა, „მე შემიძლია ვისაუბრო ტექნიკური თვალსაზრისით, ტექნიკურად პრობლემა არ ყოფილა, არც ერთი სახის შეფერხება არ ჰქონია სისტემას, თითოეული ფაკულტეტის გახსნისას რეგისტრირდებოდა წუთში 7000-მდე საგანიც კი, შესაბამისად ოდნავი დაყოვნებაც არ ყოფილა“. მიმდინარე სემესტრში, როგორც IT დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვითხრა, მაგისტრანტები რეგისტრაციას გაივლიან ახალი ბაზით, რომელიც მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებულიც და ინფორმატიულიც.

საგანგებოდ ვუთითებთ, რომ სტატიისთვის გავესაუბრეთ მხოლოდ იმ სტუდენტთა ნაწილს, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ საგნების არჩევასთან დაკავშირებით:

გიორგი არობელიძე პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტია და იგი თავად გეგმავს, რომ აქციის ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა: „ პრობლემებს რაც შეეხება, პირველ რიგში, საგნების რაოდენობა არ შეესაბამება სტუდენტების რაოდენობას, რის გამოც ბევრი სტუდენტი დარჩა უსაგნოდ, ან ვერ აირჩია სასურველი საგანი. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის სტუდენტები, რომლებიც არიან თბილისში და მოახერხეს თსუ-ში მისვლა და ადგილზე საგნების არჩევა - ამით დაიჩაგრნენ რეგიონებში მყოფი სტუდენტები. იგეგმება აქცია 14 სექტემბერს და მოთხოვნა იქნება პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, რადგან თვითდაფინანსებაზე მყოფი უნივერსიტეტი იძულებულია მიიღოს იმაზე მეტი ბავშვი, ვიდრე ამის რესურსი აქვს და მეორე მოთხოვნა არის ადმინისტრაციის რეფორმირება, რაც გულისხმობს გაბერილი შტატების კვალიფიციური კადრებით ცვლილებას“.

ელიზაბეტ გეგენავა: „2013 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში და მახსოვს - როგორ გვპირდებოდა დეკანის მოვალეობის შემსრულებელი წინასწარი რეგისტრაციით ბაზების პრობლემების გადაჭრას, მაგრამ პრობლემები არა მარტო ვერ გადაიჭრა, არამედ ახალიც კი წარმოიშვა: კერძოდ, საგნები, რომლებიც სავალდებულოა (ამას ხაზს ვუსვამ), რომლის ყველა წინაპირობაც გავლილი მქონდა, რატომღაც ჩემი სემესტრისთვის არ აღმოჩნდა გახსნილი და როდესაც არჩევა შესაძლებელი გახდა, რა თქმა უნდა, ყველა ადგილი შევსებული იყო, რამაც გამოიწვია ის, რომ ათობით სტუდენტი ცდილობდა ტუტორებთან მოხვედრას და საგნის ჩასმას სხვადასხვა მექანიზმებით“.

ნინო ბიძინაშვილს პრობლემა მეორადი პროფესიის (ე.წ „მაინორის“) არჩევასთან დაკავშირებით შეექმნა. „წინა სემესტრის ბოლოს ავირჩიე მეორადი პროფესია. „მაინორის“ საგნების არჩევისას, 10 საათზე გაიხსნა ბაზები, თუმცაღა „გაიხსნა“ - ხმამაღალი სიტყვაა. ყველა საგანზე მიწერდა „ადგილები შევსებულია“ და ვერც ერთი საგნის არჩევა ვერ მოვასწარი, მიუხედავად იმისა, რომ 10 საათიდან ვიჯექი კომპიუტერთან. გადავწყვიტე დახმარებისთვის უნივერსიტეტისთვის მიმემართა, სადაც განმიცხადეს, რომ ვერაფერს გააკეთებდნენ და აჯობებდა - თუ „დავივიწყებდი მეორადი პროფესიის გავლას.“ კითხვაზე, მაშ რად მეძლევა არჩევანი, თუ შემდგომ შეუძლებელია ზემოხსენებული სპეციალობის აღება, პასუხი არ მიმიღია. ჩემი აზრით, მეტად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სისტემა ორიენტირებულია კრედიტების დაგროვებაზე და არა ცოდნაზე.

კახა გელაშვილი: „ვაპირებ 14 სექტემბერს აქციაზე მისვლას, რადგან ამ აქციის საშუალებით გამოიხატება პროტესტი პირველ რიგში საგნების არჩევასთან დაკავშირებით და, ზოგადად, უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციაზე“. კახა იმ სტუდენტთაგანია, რომელმაც ვერ შეძლო სასურველი საგნების არჩევა.

მოამზადა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა

თემურ ბეჟანიძემ