ანდრო ბიწაძე - 100

16 ივნ 2016

XX საუკუნის მეორე ნახევარი აღინიშნა ოთხი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ნიკოლოზ მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, ვიქტორ კუპრაძის და ანდრო ბიწაძის დიდი საერთაშორისო აღიარებით. 22 მაისს შესრულდა 100 წელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, 1979-1983 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის ანდრო ბიწაძის დაბადებიდან. ანდრო ბიწაძე მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის, მოსკოვის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებსა და ამავე ქალაქების მათემატიკის ინსტიტუტებში. მისი ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ელიფსური, ჰიპერბოლური და შერეული ტიპის დიფერენციალური განტოლებების კვლევას, მრავალგანზომილებიანი სინგულარული ინტეგრალური განტოლებების თეორიას, ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს, არალოკალური ამოცანების თეორიას, არაწრფივი მოდელების ზუსტი ამონახსნების აგებას, დრეკადობის მათემატიკურ თეორიას და სხვ. მისი ძალიან ბევრი მიმდევარი და მოსწავლე, ასევე თითოეული ქართველი სიამაყით ივსება, როცა სამეცნიერო ლიტერატურაში წააწყდება ამოცანებს, განტოლებებს, ფორმულებს და დებულებებს, რომლებიც ანდრო ბიწაძის სახელს ატარებს.

ანდრო ბიწაძე დაიბადა 1916 წლის 22 მაისს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის ზემო იმერეთის სოფელ ცხრუკვეთში. მისი მშობლები იყვნენ მარიამ ბრეგვაძე და ვასილ ბიწაძე. ვასილს და მარიამს 8 შვილი ჰყავდათ: 5 ქალიშვილი და 3 ვაჟი. ანდრო ბიწაძე ოჯახის ყველაზე უმცროსი შვილი იყო. უფროსი შვილები მშობლებს მხარში ედგნენ და ბატონი ანდროს აღზრდაშიც დიდი წვლილი შეიტანეს. ანდრო ბიწაძის მოგონებიდან: ,,ბავშვობაში პოეტობა მინდოდა, ბუნებით ფილოლოგი ვარ, როცა ჩემი პირველი ლექსები ჩემს უფროს ძმას ვაჩვენე, გაიღიმა და მითხრა - ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ ჯობია, კაცმა პირველ რიგში სხვა საქმე აკეთოს, იყოს, მაგალითად, კარგი ინჟინერი ან კარგი მათემატიკოსი. - მაშინ ნახავ, თუ მე კარგი მათემატიკოსი არ გამოვიდე! - დავიქადნე მე”. როგორც თავად ამბობდა, დაუჯერა მასზე 15 წლით უფროს ძმას და გონების მთელი შესაძლებლობები მათემატიკისკენ მიმართა. თუმცა პოეზიის სიყვარული და ლექსების წერაც სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. 

იმერეთის საოცრებებმა, სადაც ბატონმა ანდრომ ბავშვობა გაატარა, მასში სილამაზის მძაფრი შეგრძნება და სრულყოფისკენ სწრაფვის სურვილი გააჩინა, რაც მას მთელი სიცოცხლის მანძილზე შერჩა. ამ დიდი თვისებების კვალი მის შემოქმედებასაც მნიშვნელოვნად ატყვია.

დაწყებითი განათლება ანდრო ბიწაძემ სოფლის ოთხწლიან სკოლაში მიიღო. 1923 წელს ამ სკოლის პედაგოგმა, შემდეგში რესპუბლიკის დამსახურებულმა მასწავლებელმა დავით ტატიშვილმა პირველ კლასში მისაღები გამოცდები ჩაატარა, რომელიც ა. ბიწაძემ წარმატებით ჩააბარა და პირველის ნაცვლად მეორე კლასში დასვეს. იგი ათი წლისაც არ იყო, როცა ცხრუკვეთის ოთხწლედი წარჩინებით დაასრულა და ჭიათურის ცხრაწლიანი შრომის სკოლის მე5 კლასში გააგრძელა სწავლა. მისი დიდი ნიჭიერება და მათემატიკის სიყვარული სკოლის ერთერთმა საუკეთესო პედაგოგმა ტიტე ბერიშვილმა შენიშნა. ამის შესახებ თავად ბატონ ანდროს ასეთი ჩანაწერი აქვს გაკეთებული: „მათემატიკისადმი სიყვარული 1928-1930 წლებში ჩამენერგა მათემატიკის მასწავლებლის ტიტე ბერიშვილის გავლენით. მან შენიშნა ჩემი მათემატიკისადმი მიდრეკილება და დიდი ინტერესითა და მონდომებით განმივითარა ამ მეცნიერებისადმი მისწრაფება“. „1930 წლის პირველი სექტემბრიდან ტიტე ბერიშვილი ჭიათურის სკოლაში ტერენტი ტყემალაძემ შეცვალა. ეს ორი მათემატიკოსი სრულიად სხვადასხვა სტილის, მაგრამ ორივე შესანიშნავი პედაგოგი იყო“. 1931 წელს ეს სკოლა პედაგოგიურ ტექნიკუმად გადააკეთეს. ა. ბიწაძემ მისი დამთავრების დიპლომი მიიღო, მაგრამ ორწლიანი პედაგოგიური სტაჟის გავლის გარეშე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება არ ჰქონდა. ამის გამო, იგი რამდენიმე ხანს სხვადასხვა სოფლის სკოლაში ასწავლიდა ფიზიკას და მათემატიკას. 

1935 წელს ა. ბიწაძე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკამათემატიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდმა მისთვის საკმაოდ საინტერესოდ, მაგრამ წინააღმდეგობებით სავსემ ჩაიარა. უნივერსიტეტში სწავლისას იგი მეტად გამორჩეული სტუდენტი იყო. მეგობრები მის უპირატესობას აღიარებდნენ და დიდად აფასებდნენ, როგორც ძალიან გონიერ და საკუთარი თავის მიმართ მეტად მომთხოვნ პიროვნებას. პედაგოგებიც აღნიშნავდნენ მის განსაკუთრებულ ნიჭიერებას და ასეთ სტუდენტთან ურთიერთობა მათ გამოცდებზეც კი დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. 

1940 წელს სახელმწიფო გამოცდებზე მან ყველა გამოცდა ,,ფრიადზე” ჩააბარა და კომისიამ, რომლის შემადგენლობაში სხვებთან ერთად იყვნენ ნ. მუსხელიშვილი (თავმჯდომარე), ი. ვეკუა და ვ. კუპრაძე, რეკომენდაცია მისცეს ჩაებარებინა თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რის შედეგად 1940-1943 წლებში იგი იყო ამ ინსტიტუტის ასპირანტი. საინტერესო ფაქტია, რომ იმ წლებში სსრკში სულ 50 ასპირანტი იყო სტალინური სტიპენდიანტი და მათ შორის ა. ბიწაძეც. ბატონი ანდროს სამეცნიერო ინტერესების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნ. მუსხელიშვილის სემინარმა, სადაც სამჯერ ზედიზედ მოისმინეს ბატონი ანდროს მოხსენებები დრეკადობის თეორიის ბრტყელი საკონტაქტო ამოცანების კვადრატურებში ამოხსნის შესახებ. ნ. მუსხელიშვილმა მიიჩნია, რომ შედეგები იმსახურებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ ,,მოამბეში” გამოქვეყნებას. ბატონმა ანდრომ მათგან მხოლოდ ერთი შედეგი გამოაქვეყნა 1942 წელს ამ ჟურნალში. ეს იყო მისი პირველი სამეცნიერო პუბლიკაცია. 

ანდრო ბიწაძემ ომის მძიმე წლებში მოამზადა და 1944 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აკადემიკოს ი. ვეკუას ხელმძღვანელობით. 1944-1948 წლებში ა. ბიწაძე თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელია.

აკადემიკოსი ნ. მუსხელიშვილი მუდამ იყო დაინტერესებული ნიჭიერი ახალგაზრდებით და ყოველთვის ცდილობდა მათთვის ხელი შეეწყო. მისი დიდი დამსახურებაა, რომ 1948-1951 წლებში ა. ბიწაძე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დოქტორანტი გახდა. დოქტორანტურაში ა. ბიწაძის მუშაობით განსაკუთრებით კმაყოფილი იყვნენ აკადემიკოსები ი. პეტროვსკი და ს. სობოლევი. მათ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემინარებზე ოთხჯერ მოისმინეს მისი მოხსენებები. მათში გადმოცემული ორიგინალური შედეგები პატარა მოცულობის ორი სტატიის სახით გამოქვეყნდა ჟურნალებში „Доклады АН СССР“ და „Успехи математических наук“. მართალია, მ. ლავრენტიევი ძირითად სამუშაოზე კიევში იმყოფებოდა, მაგრამ შეთავსებით განყოფილებასაც განაგებდა ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში და იყო ამ ინსტიტუტის დოქტორანტ ა. ბიწაძის მეცნიერკონსულტანტი. ის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის აკადემიკოს მ. კელდიშის თანდასწრებით გაეცნო დოქტორანტ ა. ბიწაძის ანგარიშს. მეორე დღეს მ. ლავრენტიევი და მ. კელდიში კვლავ შეხვდნენ მას და შესთავაზეს ელიფსური სისტემებისადმი მიძღვნილი სადოქტორო დისერტაციის თემა, რის ფარგლებშიც ა. ბიწაძეს უკვე ჰქონდა მიღებული მნიშვნელოვანი შედეგები, შეეცვალა იმ დროისთვის უფრო აქტუალური თემით ,,შერეული ტიპის განტოლებები”. ა. ბიწაძე ნახევარი წლის დაძაბული მუშაობის შემდეგ მ. კელდიშის ცნობილ სემინარზე გამოვიდა მოხსენებით ტრიკომის ამოცანის შესახებ გამოჩენილი სპეციალისტების მ. კელდიშის, ს. ხრისტიანოვიჩის, მ. ლავრენტიევის, ა. დოროდნიცინის, ფ. ფრანკლის და სხვათა წინაშე. 1950 წლის თებერვალში კი ჟურნალში „Доклады АН СССР“ გამოვიდა მისი სტატიები — ერთი ცალკე და ერთიც მ. ლავრენტიევთან თანაავტორობით შერეული ტიპის განტოლებებთან დაკავშირებით. ორივე სტატია დასაბეჭდად წარდგენილი იყო 1949 წლის შემოდგომაზე. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმის გამო, რომ ა. ბიწაძის სტატიაში მოცემული იყო შერეული ტიპის განტოლებების გამოკვლევისთვის ფრიად საჭირო ახალი პრინციპი. 1950 წლის მაისში ეს პრინციპი ორმა ფრანგმა მათემატიკოსმაც აღმოაჩინა, მაგრამ ა. ბიწაძის ნაშრომი ადრე იყო დაბეჭდილი და ამის გამო, აღნიშნული შედეგი ახლა ,,ბიწაძის პრინციპის” სახელით არის ცნობილი. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებული ნაყოფიერი შრომის შედეგად მან გააფორმა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,შერეული ტიპის განტოლებების პრობლემისათვის“ და წარადგინა დასაცავად ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე. 1951 წლის გაზაფხულზე შედგა სადოქტორო დისერტაციის დაცვა. ოპონირებას უწევდნენ მ. კელდიში, ს. სობოლევი, ი. პეტროვსკი და ა. ტიხონოვი. დისერტაციაში დასმულ ამოცანებს მან ისეთი მოხდენილი გადაწყვეტა მოუძებნა, რომ სიმკაცრით განთქმულმა შემფასებელმა მ. ლავრენტიევმა, შედეგები ძალიან ნატიფად და მნიშვნელოვნად ჩათვალა და თავის მონოგრაფიაშიც კი შეიტანა. 

1951-1959 წლებში ანდრო ბიწაძე ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელია. იგი აღიარეს ავტორიტეტულ მკვლევარად მათემატიკის სხვადასხვა მომიჯნავე დარგში, მკაცრ და სამართლიან ექსპერტად. მისი აზრი აინტერესებდათ და ანგარიშს უწევდნენ ყველა დონეზე. 

ბატონი ანდროს შედეგები იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მალევე ითარგმნა რამდენიმე ენაზე, მათ შორის ჩინურზეც. ეს თარგმანები მისი პეკინში მიწვევის მთავარი მიზეზი გახდა. მას საერთოდ მრავალი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი, მაგრამ განსაკუთრებით დიდი პერიოდი მოუწია ჩინეთში ყოფნამ. იგი 1957 წლის 1 ოქტომბერს ჩაფრინდა პეკინში და მაშინვე დაიწყო პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა. მისმა ლექციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მრავალი ჩინელი მათემატიკოსი დააინტერესა მის მიერ შეთავაზებულმა თემატიკამ. ჩინეთში მისი მოღვაწეობა უამრავი მადლობით და სიგელით აღინიშნა. 

ჩინეთში ყოფნისას, 1958 წლის მარტში მოსკოვიდან მას აკადემიის პრეზიდენტი ა. ნესმეიანოვი შეეხმიანა, რათა დათანხმებულიყო კენჭი ეყარა აკადემიის წევრკორესპონდენტის ვაკანტურ ადგილზე ციმბირის განყოფილების ხაზით. შემდეგ მან აკადემიის ფიზიკისა და მათემატიკის განყოფილების აკადემიკოსმდივნის მ. ლავრენტიევის ანალოგიური შინაარსის დეპეშაც მიიღო და არავის გაკვირვებია, როდესაც 1958 წელს, 42 წლის ასაკში, იგი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტად აირჩიეს.

1959 წელს ბატონი ანდრო ოჯახთან ერთად ნოვოსიბირსკში გადავიდა. ეროვნებით ბელორუსი მეუღლე, მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ნინა ალექსანდრეს ასული ბადერკო წლების განმავლობაში თავისი სპეციალობით მუშაობდა მოსკოვში. ნოვოსიბირსკში კი იგი უნივერსიტეტის უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი გახდა. მაშინ ძალიან პატარა, ნიჭიერი შვილი ანდრია, ახლა პოლიტოლოგიისა და ისტორიის პროფესორია. 

ცნობილია ის დიდი ღვაწლი, რაც ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბებაში მისი უნივერსიტეტის პირველ რექტორს, აკადემიკოს ილია ვეკუას მიუძღვის. ამ აღმშენებლობაში მისი ერთერთი თანამდგომი ანდრო ბიწაძეც იყო. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბატონი ანდრო ყოველთვის აქტიური იყო, რაც განსაკუთრებით ციმბირში მუშაობის წლებში გამოვლინდა. მან დიდი შრომა გასწია ნოვოსიბირსკის აკადემქალაქის დაფუძნებასა და განვითარებაში. ხელმძღვანელობდა ფუნქციათა თეორიის განყოფილებას მათემატიკის ინსტიტუტში და ამავე დასახელების კათედრას ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სემინარები და ლექციები თავიდანვე პოპულარული იყო. ა. ბიწაძის ცნობილი სემინარი უხვად იზიდავდა დამწყებ თუ გამოცდილ სპეციალისტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. იგი იმდენად მარტივად და გასაგებად გადმოსცემდა ახალ აქტუალურ პრობლემებს და უკვე მიღებულ შედეგებს, რომ მსმენელებს ბუნებრივად უჩნდებოდათ მათი გაღრმავების და განზოგადების სურვილი. ა. ბიწაძისეული სემინარის სტილი, სადაც კი ტარდებოდა, მუდამ უცვლელი იყო. იგი ყველასგან დაბრკოლებათა გადალახვის საკუთარი გზების მოძიებას მოითხოვდა. ეს ყველაფერი განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდიდა ა. ბიწაძის გვერდით მუშაობას. ამ მომენტებმა მნიშვნელოვნად განაპირობა მისი მოწაფეებისა და მიმდევრების მრავალრიცხოვნება როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ბევრი მათგანი შეიძლება სულაც არ დასწრებია ანდრო ბიწაძის სემინარებს, მაგრამ თავს მაინც მის მოწაფედ თვლიდა და თვლის, რადგან სამეცნიერო თემატიკას მისი ნაშრომებიდან ეზიარა. ანდრო ბიწაძის სახელმძღვანელოები, სტატიები და მონოგრაფიები იმავე სულისკვეთების მატარებელია, როგორიც მის სემინარებზე სუფევდა. აზრის გამოთქმის მისი სხარტი და ლაკონური სტილი, საგნის ყოველმხრივ გააზრებული წარმოჩენა მხოლოდ მის სემინარებს და ლექციებს არ ახასიათებდა და მარტო მის ნაშრომებს არ ატყვია. ბატონი ანდრო ძალიან ბევრისთვის სასურველი რედაქტორი იყო. ავტორები თვლიდნენ, რომ ა. ბიწაძის ჩართულობით მათი ნაშრომები უმჯობესდებოდა.

1959 წელს გამომცემლობამ „Наука“ გამოსცა ა. ბიწაძის ძალიან ცნობილი მონოგრაფია „Уравнения смешанного типа“, რომელიც შემდგომ სხვადასხვა ენებზეც ითარგმნა. 1960 წელს დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი „Сибирский математический журнал“, რომლის მთავარი რედაქტორი იყო გამოჩენილი მათემატიკოსი ა. მალცევი, რედაქტორის მოადგილე კი ა. ბიწაძე. ამ ჟურნალმა ძალიან მალე მოიპოვა დიდი ავტორიტეტი და იყო პირველი საბჭოთა მათემატიკური ჟურნალი, რომელიც ინგლისურად ითარგმნებოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იბეჭდებოდა. ბატონი ანდრო მრავალი მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიების წევრიც იყო.

1962 წელს ა. ბიწაძე ლონდონის სამეფო საზოგადოების მიწვევით სამი კვირით იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებით დიდ ბრიტანეთში, რასაც როგორც სხვა მეცნიერები, ასევე თავად ბატონი ანდროც, დიდ დაფასებად აღიქვამდა. დიდ ბრიტანეთში ბატონი ანდროს მეცნიერული ტურნე გლაზგოს უნივერსიტეტიდან დაიწყო. გლაზგოს უნივერსიტეტში მან ორი მოხსენება გააკეთა. ამ სხდომების მაღალ დონეზე ორგანიზებას ხელმძღვანელობდა შოტლანდიელი მეცნიერი, მათემატიკისა და მექანიკის ცნობილი სპეციალისტი ი. სნედონი, რომლის რედაქტორობითაც იმ დროს ინგლისურად უკვე ითარგმნა ა. ბიწაძის მონოგრაფია „Уравнения смешанного типа“ და მას დასაბეჭდად ამზადებდა გამომცემლობა „Pერგამონ Pრესს“. შემდეგ მან მოხსენება გააკეთა ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი მათემატიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი რ. ტიტჩმარში. მოხსენებას საკმაოდ ბევრი მსმენელი დაესწრო. ა. ბიწაძის მოხსენების შემდეგ დაინტერესდნენ ოქსფორდელი მათემატიკოსები სპექტრალური ამოცანით შერეული ტიპის ოპერატორებისთვის. 

1963 წელს ნოვოსიბირსკში გაიმართა დიდი მნიშვნელობის მქონე სსრკ - აშშის სიმპოზიუმი, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ძალიან ცნობილი სპეციალისტები. აქ ა. ბიწაძემ მეტად საინტერესო მოხსენება გააკეთა. სიმპოზიუმზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა არაფრედჰოლმური ტიპის სასაზღვრო ამოცანები ელიფსურ განტოლებებისა და ელიფსური სისტემებისთვის. ეს მიმართულება კარგად იყო წარმოდგენილი ციმბირის განყოფილების მათემატიკის ინსტიტუტის ფუნქციათა თეორიის განყოფილებაშიც, რომელსაც ა. ბიწაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ განყოფილებაში მიღებულ მაღალ მეცნიერულ შედეგებს მისცა გაზეთში „Известия“ მაღალი შეფასება აშშის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელგანთქმულმა მეცნიერმა, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საზღვარგარეთელმა წევრმა რ. კურანტმა.

კომპლექსური ცვლადის ანალიზურ ფუნქციათა თეორიის სავალდებულო კურსის გარდა ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტში უფროსკურსელი სტუდენტებისთვის და ციმბირის განყოფილებაში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერთანამშრომლებისთვის ა. ბიწაძე კითხულობდა სპეციალურ კურსს სახელწოდებით “სასაზღვრო ამოცანები მეორე რიგის ელიფსური ტიპის განტოლებებისთვის”. ამ კურსის საფუძველზე შეიქმნა მისი კიდევ ერთი ცნობილი მონოგრაფია, რომელიც 1966 წელს გამომცემლობამ „Наука“ გამოაქვეყნა მოსკოვში და მალე ინგლისურ ენაზეც გამოსცა გამომცემლობამ „orthHolland“.

ანდრო ბიწაძის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ყოველთვის დიდი ყურადღების ქვეშ ექცეოდა. მისი საიუბილეო თარიღები როგორც წესი აუცილებლად აღინიშნებოდა. 1966 წლის 22 მაისს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილებამ მისი დაბადების 50 წლისთავი აღნიშნა. ოფიციალურ საიუბილეო სხდომაზე, რომელიც შესავალი სიტყვით მ. ლავრენტიევმა გახსნა, სამეცნიერო მოხსენება თავად ანდრო ბიწაძემაც გააკეთა. შემდეგ სამეცნიერო დაწესებულებათა და უმაღლეს სასწავლებელთა ბევრი წარმომადგენელი გამოვიდა მისასალმებელი სიტყვით. მათ შორის არც ა. რაზმაძის სახელობის ინსტიტუტს დავიწყებია თავისი ყოფილი თანამშრომელი და არც მშობლიურ თბილისის უნივერსიტეტს, რამაც ბატონი ანდრო განსაკუთრებით გაახარა. იუბილეს აღსანიშნავად ჟურნალებმა „Сибирский математический журнал“ და „Дифференциальные уравнения“ გამოაქვეყნეს წერილები ბატონი ანდროს მეცნიერული შემოქმედების შესახებ.

მეცნიერებაში შეტანილი თვალსაჩინო ღვაწლისთვის 1969 წელს ბატონი ანდრო არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

1971 წლის 1 სექტემბრიდან ა. ბიწაძემ მუშაობა განაახლა ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, ამჯერად უკვე განყოფილების გამგედ და სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ თანამდებობაზე. 1972 წლის გაზაფხულზე მოსკოვის საინჟინროფიზიკური ინსტიტუტის დირექციამ იგი მიიწვია პროფესორად და მიმართა თხოვნით, შეთავსებით დაეკავებინა ამ ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგის თანამდებობა. მან არსებითად გარდაქმნა კათედრის საქმიანობა და შეძლო მათემატიკაში სასწავლო პროგრამების გადახალისება იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებსაც ცხოვრება ინჟინერფიზიკოსებს უყენებდა. ბატონი ანდრო აღნიშნავდა, რომ პედაგოგიური მოღვაწეობის ხანგრძლივ გზაზე პატივისცემა არსად ისე არ უგრძვნია, როგორც მოსკოვის საინჟინროფიზიკურ ინსტიტუტში. რაც გამოიხატებოდა არა მარტო ყოველწლიურად საპატიო სიგელებით დაჯილდოებაში თუ მადლობების ოფიციალურ გამოცხადებაში, არამედ ყოველდღიურ საქმიან კონტაქტში ამ დაწესებულების სტუდენტებთან, პროფესორმასწავლებლებთან და ხელმძღვანელობასთან. ის დიდი სიამოვნებით იხსენებდა და არ ავიწყდებოდა სტუდენტებით, ასპირანტებითა და ახალგაზრდა მეცნიერებით სავსე მისი აუდიტორიები. იგი 1978 წლამდე იყო ამ კათედრის გამგე.

ღრმა დაკვირვებებმა ბატონი ანდრო დაარწმუნა, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო, გარკვეული შეფერხებები ხდებოდა საშუალო სკოლებში მათემატიკის სწავლებაში, რაც მერე ბუნებრივია იგრძნობოდა უმაღლეს სასწავლებლებშიც. სწორედ ამასთან შებრძოლების მიზნით, 1972 წლის შემოდგომაზე იგი დათანხმდა ტელეგადაცემებისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თხოვნას, სათავეში ჩასდგომოდა მეთოდურ საბჭოს, რომელსაც უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელთათვის მათემატიკაში ტელეკურსების მუშაობა მაღალ დონეზე უნდა განეხორციელებინა. იგი აქტიურად მონაწილეობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკური განყოფილების ბიუროს გაფართოებული სხდომის მუშაობაშიც, რომელმაც კრიტიკულად განიხილა ა. კოლმოგოროვის მოხსენება ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში ახალი პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით მათემატიკის სწავლების მდგომარეობის შესახებ.

1978 წლის 29 დეკემბერს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა ა. ალექსანდროვმა ა. ბიწაძეს აცნობა, რომ გადაწყვეტილი იყო თბილისში თსუის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში დირექტორად და მეცნიერ ხელმძღვანელად შეთავსებით მისი მუშაობის დაწყება და ამის თაობაზე თავისი წერილიც გააცნო. იმ განცდის შესახებ, რაც მან ამ მომენტში მიიღო, ბატონი ანდრო ასე იხსენებს „ახალ 1979 წელს მოსკოვში შევხვდი, 1 იანვარს კი თბილისში გავემგზავრე. 31 წლის შემდეგ ვბრუნდებოდი, ნახევრად, მაგრამ მაინც ვბრუნდებოდი ჩემს საყვარელ სამშობლოში — საქართველოში“. ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექციამ მას ნება დართო მთელი წლის ნახევარი თვეგამოშვებით თბილისში ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად გამოეყენებინა. ბატონი ანდრო დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით ჩაერთო ადმინისტრაციულ, სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში. მის მიერ ჩამოყალიბებულმა ახალმა განყოფილებამ და სემინარმა „კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებები“ დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდების მათემატიკის ამ მეტად მნიშვნელოვანი მიმართულებით დაინტერესებაში. ბევრი მათგანი სიღრმისეულად ეზიარა ა. ბიწაძის მიერ ნათლად გადმოცემულ თანამედროვე მიღწევებს. თავის მოგონებებში იგი დიდი კმაყოფილებით აღნიშნავს განყოფილებაში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერთა წარმატებულ საქმიანობას. სემინარის მუშაობაში ბევრი მათემატიკოსი მონაწილეობდა. მათ შორის ხშირად იყვნენ უცხოეთიდან მივლინებით სპეციალურად ჩამოსული ცნობილი მეცნიერებიც. აღსანიშნავია, რომ ბატონი ანდროს ინსტიტუტიდან წასვლის შემდეგაც რამდენიმე წელი ამ სემინარის მუშაობა გრძელდებოდა. სასიხარულოა, რომ დირექციის გადაწყვეტილებით 2016 წელს მისი სახელობის აღნიშნული სემინარის მუშაობა ისევ განახლდა.

თბილისში პარალელურად მოღვაწეობისას 1981 წელს ბიწაძის კიდევ ერთი მონოგრაფია „Некоторые классы уравнений в частных производных“ გამოაქვეყნა გამომცემლობამ „Наука“, რომელმაც სპეციალისტთა დიდი ყურადღება დაიმსახურა და მალევე ითარგმნა ინგლისურ ენაზე. სამწუხაროდ, 1983 წლის ბოლოს ბატონ ანდროს მოუწია ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დატოვება.

მოსკოვში სრულად დაბრუნებულს ა. ბიწაძეს სამეცნიერო მუშაობასთან ერთად პედაგოგიური მოღვაწეობაც არ შეუწყვეტია და 1983 წლიდან გარდაცვალებამდე მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც იყო.

1988 წელს ბატონ ანდროს სთხოვეს გაზეთში ,,კომუნისტი” გამოექვეყნებინა წერილი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებიდან 70 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით. მის სტატიაში „ცოდნის, განსწავლის მშობლიური დიდი ტაძარი“ ჩანს, რომ მისი ფენომენალური მეხსიერება იტევდა ინფორმაციას უამრავ როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე მოვლენაზე და მრავალ ღირსეულ პიროვნებაზე. მას პროფესიონალის დონეზე შეეძლო ესაუბრა მრავალი მიმართულების სხვადასხვა საკითხზე.

ბატონი ანდროსთვის დამახასიათებელი გადმოცემის სტილი მხოლოდ მის მათემატიკურ ნაშრომებში არ იგრძნობა. იგი ამ სტილს ნ. მუსხელიშვილს უმადლოდა. თავის მასწავლებლებად ნ. მუსხელიშვილს, ი. ვეკუას და მ. ლავრენტიევს თვლიდა. მოწიწებული იყო მისი დამოკიდებულება ყველა მისი მასწავლებლის მიმართ. შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ მათი ხსოვნისათვის პატივი არ მიეგო. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბატონი ანდრო ნ. მუსხელიშვილის სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი იყო (1982 წ.), მიღებული ჰქონდა როგორც სსრკ, ასევე საქართველოს მრავალი სახელმწიფო ჯილდო, ძალიან უხაროდა ჭიათურის საპატიო მოქალაქედ არჩევა.

აკადემიკოსი ანდრო ბიწაძე არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რამდენიმე ძალიან ცნობილი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი, რომლებზეც ახლაც კეთდება უამრავი ციტირება. სხვადასხვა დროს იყო მიწვეული ლექციების და მოხსენებების წასაკითხად საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში: აშშ, გერმანია, ინგლისი, იაპონია, იტალია, საფრანგეთი, ფინეთი, ჩინეთი და სხვა. იგი ყველა კონფერენციაზე და სიმპოზიუმზე, მაღალი დონის საერთაშორისო შეკრებებზეც, როგორც წესი, პლენარული მომხსენებელი იყო და მისი გამოსვლები დიდი ყურადღებით და ინტერესით ისმინებოდა.

ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში 20-24 სექტემბერს თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის დღეებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“, რომელიც მიეძღვნება ანდრო ბიწაძის 100 წლისთავს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 75-ე წლისთავის იუბილეზე, აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის ინიციატივით, გადაწყდა მეცნიერის 100 წლისთავის აღნიშვნა. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, აკადემიკოს ივანე კიღურაძის ხელმძღვანელობით, დეკემბერში დაგეგმილია კონფერენციის International Workshop on the Qualitative Theory of Differential Equations „QUALITDE – 2016“ მიძღვნა ბატონი ანდროს ხსოვნისადმი. ასევე აღვნიშნავთ, რომ ამა წლის 2023 აპრილს უკვე შედგა ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის ტრადიციულად ქცეული XXX გაფართოებული სხდომები, რომელზეც განსაკუთრებულად აღინიშნა ა. ბიწაძის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. ამ სემინარის კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების სექციის მუშაობა კი სწორედ მისი 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომელზეც მოხსენებები ძირითადად მისმა მოწაფეებმა და მიმდევრებმა გააკეთეს. აქვე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ერთ ძალიან დასაფასებელ ინიციატივაზე, რომელიც მოსკოველ მეცნიერებს ეკუთვნით. 2016 წლის 16-18 ივნისს მოსკოვში დაგეგმილია ანდრო ბიწაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის „Actual Problems in Theory of Partial Differential Equations, dedicated to the memory of A.V. Bitsadze“ მოწყობა.

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ანდრო ბიწაძემ სამშობლოდან შორს გაატარა. 32 წლის წავიდა საქართველოდან და მიუხედავად მისი დიდი სურვილისა და ბევრი მცდელობისა, ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. ამის გამო, მას ძალიან წყდებოდა გული. 78 წლის ასაკში, 1994 წლის 6 სექტემბერს გარდაიცვალა ქალაქ მოსკოვში და დიდი დარდი და წუხილი წაიღო თან. ამჟამად ურნა მისი ფერფლით საქართველოდან შორს, მოსკოვის დონის მონასტრის პანთეონის კოლუმბარიუმში განისვენებს.

100 წელი გავიდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ანდრო ბიწაძის დაბადებიდან. იმედია, მომავალი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ამაგდარი მამულიშვილის ღვაწლს და დამსახურებას.

გიორგი ჯაიანი,

ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკამათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

თემურ ჯანგველაძე,

ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკამათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი