გზა არიერგარდიდან ავანგარდისკენ

16 ივნ 2016

ვინც მარიამ გულიაშვილს იცნობს, კარგად იცის, რომ ინტერესი აღმოსავლური პოლიტიკისა და კულტურისადმი ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნისას გამოიჩინა, როდესაც ჩინური სამოსის საღამო ჩაატარა და ამით მედიის ყურადღებაც მიიპყრო. შემდეგ მან უნივერსიტეტში ჩააბარა და ინტერესი აღმოსავლური, განსაკუთრებით ჩინური პოლიტიკისადმი გაღრმავდა და გაორმაგდა. მას ეკუთვნის არაერთი საკონფერენციო ნაშრომი თუ მონოგრაფია ჩინეთის პოლიტიკური კულტურის შესახებ, რომელთა შექმნაში განსაკუთრებული წვლილი თსუ-ის პროფესორს ავთანდილ ტუკვაძეს მიუძღვის. 

გასული თვის ბოლო კი მარიამისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, მან უნივერსიტეტისგან მიიღო შეთავაზება ზაფხულის ერთი თვე ჩინეთში - შანხაიში პოლიტიკისა და სამართლის საზაფხულო სკოლაში გაატაროს. მარიამი თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ყველაზე წარმატებული სტუდენტი აღმოჩნდა, რითაც მოიპოვა შანსი ჩინეთში წასასვლელად. პროგრამაში მონაწილეობა ორმა სტუდენტმა შეძლო - მარიამ გულიაშვილმა და იურიდიული ფაკულტეტიდან თამთა მარგველაშვილმა. 

მათი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გა­მომ­­დინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მათი სახით საქართველოში ჩინური პოლიტიკისა და სამართლის მცოდნეთა სერიოზული ბაზა იქმნება, რაც ხელს შეუწყობს ჩინურ-ქართულ ურთიერთობებსა და საგანმანათლებლო ურთიერთკავშირს.

თემურ ბეჟანიძე,

თორნიკე შევარდნაძე