რისმაგ გორდეზიანი: „ინოვაცია, ფორმალიზმი, ავანგარდი ანტიკურ ლიტერატურაში“

16 ივნ 2016

„ჩემი ამოცანა იყო - გადმომეცა არა ანტიკური კულტურის ისტორიის ახალი ვარიანტი, არამედ გამომეკვლია ინოვაციის და სიახლისკენ ლტოლვის ისტორია“, - პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა 76-ე დაბადების დღე ახალი წიგნის პრეზენტაციას დაამთხვია. „ინოვაცია, ფორმალიზმი, ავანგარდი ანტიკურ ლიტერატურიაში“ ვრცელი და არაჩვეულებრივად საინტერესო ნაშრომია, რომელიც საჩუქარია როგორც ანტიკური ლიტერატურის სპეციალისტებისა და მოყვარულებისთვის, ისე ყველა იმ ხელოვანისთვის, ვინც ახალი ფორმებისა და მიგნებების ძიებაშია. მთელი ამ მონოგრაფიის სათქმელი კი, ალბათ, ერთია: ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ეს ყველაფერი კი ძველი საბერძნეთიდან მოდის!

პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართა. იუბილარის კოლეგებს, მეგობრებსა და სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ბატონი რისმაგის არაჩვეულებრივი ლექცია მოესმინათ და ემოგზაურათ მზიან და მარად ახალგაზრდა ანტიკურ სამყაროში. ეს სამყარო ჰომეროსით იწყება, რომლის შემოქმედებაც დღემდე რჩება რისმაგ გორდეზიანის აღფრთოვანების, სიყვარულისა და სამეცნიერო კვლევის მთავარ თემად: მიუხედავად იმისა, რომ ჰომეროსი ბერძნულ ლიტერატურაში პირველია, იგი უკვე ნოვატორია და სწორედ მან შექმნა საფუძველი, რომ ბერძნულ ლიტერატურაში სიახლეები დანერგილიყო. ბერძნული კულტურა, რომელიც ეგეოსურ კულტურას დაეფუძნა, შუამდინარული და ეგვიპტური კულტურისაგან განსხვავებით, გვიჩვენებს სხვა მიმართულებას: „ეს არის გაცნობიერებულ ცვლილებებზე ორიენტირებული კულტურა. რაღაცის შეცვლა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გაქვს ლტოლვა სიახლისკენ. სწორედ ამ თვალსაზრისით შევეცადე განმეხილა ბერძნულ-რომაული ლიტერატურა“, – აღნიშნა რისმაგ გორდეზიანმა. 

წიგნში ერთი თავი მთლიანად ჰომეროსს ეძღვნება. მკვლევარი „ილიადას“ და „ოდისეას“ ავტორის ნოვატორობის ჩვენებას რამდენიმე პარამეტრით შეეცადა: ეს არის ნაწარმოების სტრუქტურული ორგანიზაცია, მოქმედების ერთიანობის გააზრება, ლიტერატურული ტექსტით თამაში და, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გმირების ხასიათები. არისტოტელე, რომელსაც საუკუნეები აცილებს ჰომეროსისგან, ამბობდა, რომ ჰომეროსია სწორედ ის შემოქმედი, რომელიც ხასიათებს ქმნის და ყველა პერსონაჟი აქ ხასიათითაა. „ჰომეროსი პირველად და, მგონი, უკანასკნელადაც, ანტიკურ ლიტერატურაში ეგზისტენციალურ ხასიათებს წარმოგვიდგენს. ეს ხასიათის ის კატეგორიაა, რომელიც ადამიანში თანდაყოლილია და რომელსაც არისტოტელე ეთოსს უწოდებს. მაგალითად, ჰექტორმა კი არ ისწავლა, არამედ მასში ზის ის, რომ თანამოქალაქეთა წინაშე სირცხვილისა და პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა იყოს მისი მთელი მოქმედების მოტივი. სწორედ ეს ხასიათი განსაზღვრავს ჰექტორის ბედისწერას და არა ღმერთების ნება. ასეა აქილევსის, აგამემნონის და ყველა სხვა გმირის შემთხვევაშიც. „ანტიკურობაშივე მივიდნენ ამ დასკვნამდე, რომ არ დარჩენილა ლიტერატურული ხერხი, რომელიც ჰომეროსს არ ჰქონდეს გამოყენებული, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს ხერხი არ ხდება დომინანტური. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრი ასეთია: ეს არის ამოუწურავი პარადიგმა ტრადიციის და ინოვაციის თანაარსებობისა. სწორედ ამ პარადიგმაში იქმნება ანტიკურ ლიტერატურაში დიდი და გენიალური ნაწარმოებები“, – ამბობს რისმაგ გორდეზიანი.

ჰომეროსს ე.წ. ლირიკის პერიოდის ახლებური სული და ფორმები მოჰყვება, შემდეგ უკვე არქაიკა იწყება ტრადიციებთან და ძირითად ღირებულებებთან დაპირისპირებით, ბოლოს კი ელინისტური და პოსტელინისტური ეპოქის ინოვაციები და ექსპერიმენტებია. „ელინისტურ პერიოდში კლასიკამ უკვე იმ სრულყოფილებას მიაღწია, რომ მასთან შეჯიბრს აზრი აღარ აქვს და ჩნდებიან ხელოვანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოვიდა მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი ახლით უნდა ჩანაცვლდეს: იწყება ექსპერიმენტები პოეზიაში, ტექსტებით ჟონგლიორობა, სადაც დომინანტური უკვე ფორმაა. ამგვარად იქმნება სიმიასის ფიგურული ლექსები, რომლებშიც იგივე პრინციპია გამოყენებული, რომელიც XX საუკუნის ცნობილ ავანგარდისტთან გიიომ აპოლინერის კალიგრამებში გვხვდება“, – აცხადებს რისმაგ გორდეზიანი. მან წიგნში უხვად ჩართო საილუსტრაციო მასალა და ანალიზი, რომელიც გააოცებს მკითხველს პოსტელინისტებისა და ჩვენი დროის ფუტურისტ-ავანგარდისტების შემოქმედების მსგავსებით. 

ბერძნული ლიტერატურის შემდგომ რომაული ლიტერატურის ანალიზი იწყება: „რა სიახლეა რომაულ კლასიკაში? ეს არის ისეთი სიახლე, რომელიც იმის დანგრევას კი არ გვთავაზობს, რაც იყო, არამედ განვითარებას და ახალ სიმაღლეზე აყვანას. ამ წიგნზე მუშაობისას ხელახლა აღმოვაჩინე ჰორაციუსი - ძალიან ღრმა პოეტი, რომელთანაც მთელი რიგი საკვანძო ცნებებია გახსნილი, მათ შორის კარპე დიემ! მოწყვიტე დღე, ანუ იცხოვრე ამ დღით და რომ გაივლის თქვი, ვიცხოვრე, იმიტომ რომ არ იცი, რა გელის ხვალ და ღმერთები რამდენ დღეს მოგითვლიან. პირადად ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო. რაც მეტად შევდივარ ასაკში, ჩემს თავს სწორედ ამით ვინუგეშებ: რაღაცა მომწონს, რაღაცას ვსწავლობ. სანამ სწავლის უნარი გაქვს, ცხოვრებასაც აქვს აზრი! ეს წიგნი დამთავრდა, ახლა ვფიქრობ, თუ ღმერთმა ინება და „კენჭი მიმადებინა“, მომავალ დაბადების დღეზე ახალ წიგნს შემოგთავაზებთ!“, – ასე დაასრულა პროფესორმა 76-ე დაბადების დღეზე, 9 ივნისის წვიმიან საღამოს გამართული პრეზენტაცია. ბატონი რისმაგის მეგობრისა და კოლეგის, თამაზ კვაჭანტირაძის თქმით: „რისმაგ გორდეზიანი თავის პიროვნულ საწყისებს დაუბრუნდა ამ წიგნით. იგი ბუნებით ფუტურისტია და მიდრეკილია ყოველთვის სიახლისა და ინოვაციებისკენ, ჩემთვის მისგან ამგვარი წიგნის დაწერა არ არის მოულოდნელი“.