წესდებაში ცვლილება აკადემიური საბჭოს გაზრდას ითვალისწინებს

01 ივნ 2016

19 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ (სხდომა #3), სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების დამტკიცების შესახებ. 

ძირითადად წესდებაში ცვლილებების შეტანის მიზანი იყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სადაც არსებობს სამეცნიერო კვლევითი ერთეულები) სამეცნიერო სექტორის გაძლიერება. აქამდე კვლევითი ერთეულების შესახებ კანონში მხოლოდ ერთი ჩანაწერი არსებობდა. ამჟამად მოხდა აღნიშნული საკითხის უნივერსიტეტის წესდებაში სრულფასოვნად გაწერა. 

სენატის სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან წარმომადგენელთა რაოდენობის საკითხმა. მსჯელობის შედეგად საბჭომ დაამტკიცა ცვლილება, რომლის მიხედვითაც აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრა სამი აკადემიური პერსონალით. 

ცვლილებების მიღების შედეგად წესდებაში, ასევე, კონკრეტულად გაიწერა - თუ რას წარმოადგენს სამეცნიერო კვლევითი ერთეული, მისი მართვის ორგანოები როგორ და რა წესით ფორმირდება, ვინ ითვლება სამეცნიერო პერსონალად, მითითებულია მეცნიერ-თანამშრომელთა უვადოდ არჩევის წესი, დანარჩენი სამეცნიერო პერსონალის არჩევის ვადები, შეიცვალა სადისერტაციო საბჭოების პრინციპები და ა.შ.

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა კახაბერ ლორიამ საბჭოს წევრებს გააცნო საკითხის ძირითადი არსი, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები უნდა შევიდეს წესდებაში აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით. 

„ცვლილებები წესდებაში დიდი ხანი მზადდებოდა. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა მცირერიცხოვანი, მაგრამ ლეგიტიმურობით აღჭურვილი ჯგუფი ლევან გორდეზიანის, ბახვა კვირიკაშვილისა და კახაბერ ლორიას მონაწილეობით, რომელთაც დიდი დახმარება გაუწიეს თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ კუკულავამ, სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ღვედაშვილმა და პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ, ჩვენ გავიარეთ არაერთი აქტიური, საქმიანი და დაძაბული კონსულტაცია, მათ შორის, დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების წარმომადგენლებთან.

დღეს გამოგვაქვს ამ კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტი, რომელიც, შესაძლოა, განხილულ იქნას, როგორც ცვლილებების პაკეტი“, - აღნიშნა კახაბერ ლორიამ და ხაზი გაუსვა, რომ ამ ცვლილებებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან წარმოდგენილი აკადემიური პერსონალის რაოდენობის საკითხი, რაც ღიად არის დატოვებული.

„წინა სხდომაზე საკმაოდ კონსტრუქციული წინადადება შემოვიდა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის ირაკლი კუპრაძის მხრიდან. ამ წინადადებით, თითოეული ფაკულტეტის წარმომადგენლობა აკადემიურ საბჭოში უნდა განსაზღვრულიყო 3 წევრით. თუმცა, იყო განსხვავებული აზრიც 4 წევრის არჩევის თაობაზე. ამჟამად პროექტში მითითებულია 2 წევრი. თუ ჩვენ ცვლილებას არ შევიტანთ, დარჩება ისევ 2. კონსულტაციებზე, რომელიც მიმდინარეობდა, განსაკუთრებით სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ფიგურირებდა რიცხვი - 3“, - განაცხადა კახაბერ ლორიამ.

განსახილველ საკითხზე მოსაზრებები გამოთქვეს საბჭოს წევრებმა. 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა არნოლდ გეგეჭკორმა განაცხადა, რომ, თუ აკადემიური საბჭო გაიზრდება დიდი რიცხოვნობით, მაშინ ვერ იქნება მოქნილი, რადგან ბევრი წევრი საბჭოში ნიშნავს მეტ დებატს. „ასეთ შემთხვევაში დასკვნის გაკეთება ამ ხალხს ძალიან გაუჭირდება. ამიტომ, ვინაიდან გარდაუვალია გაზრდა, თითო ფაკულტეტიდან 3 წევრი არის ოპტიმალური რიცხვი“, - აღნიშნა მან. 

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი ლევან ლორთქიფანიძე დაინტერესდა, როგორია თსუ-სთან მიერთებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პოზიცია - რამდენს აქვს სურვილი უნივერსიტეტთან თანაარსებობის და რამდენს სურს დამოუკიდებელ ერთეულად ფუნქციონირება. მისი აზრით, ამ ინსტიტუტების წარმომადგენლობების აკადემიურ საბჭოში შესვლა კიდევ უფრო გაზრდის აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობას, რაც სწორედ რომ მისასალმებელია: „ვემხრობი, რომ გაიზარდოს წარმომადგენლობა. ვიცით, თუ როგორი მრავალპროფილიანი ფაკულტეტები არსებობს ჩვენთან - ჰუმანიტარული ფაკულტეტი - მეგა ფაკულტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი... და იქ ხშირად ბევრი მიმართულება აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლობის გარეშე რჩება წლების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ჩემთვის ტექნიკური არგუმენტები მიუღებელია“, - აღნიშნა მან. 

თსუ-ის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და აკადემიური საბჭოს წევრმა გიორგი ღვედაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სამეცნიერო კრიტერიუმებს. „ბუნებრივია, რომ არ იყო მარტივი შეხვედრა ინსტიტუტებთან. მოკლედ რომ ვთქვათ, 14 ინსტიტუტი, რომელიც დღეს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სახელს ატარებს, ავტომატურად ინარჩუნებენ ამ სტატუსს. ანუ, წესდების ძალაში შესვლას მოყვება ამ ინსტიტუტების სტატუსის შენარჩუნება, რადგან მათ აქვთ პროგრამული დაფინანსება. ჩვენ მათთვის კატასტროფული კრიტერიუმები არ მოგვითხოვია, რადგან ვადა მივეცით, რომ იმუშაონ, რათა შეეძლოთ კვლევითი პროდუქციის შექმნა, ოღონდ ეს პროდუქცია არ უნდა იყოს მდარე. იმავდროულად, ჩვენ გვაქვს ორი ძალიან კარგი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი: მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი და ილია ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლებიც კრიტერიუმებით ძალიან ბევრ ამ შემოერთებულ ინსტიტუტს სჯობნის. ეს ორი ინსტიტუტიც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სტატუსს მიიღებს იმ მიზეზის გამო, რომ, კვლევების თვალსაზრისით, ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა დაფინანსება სამინისტროსგან არ აქვს მიღებული და უნივერსიტეტის მიერ ფინანსდება. ამ შემთხვევაში ვართ წესდებაზე დამოკიდებული, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა შესაძლებლობა მიგვეცა ყველასთვის, შექმნან ღირსეული სამეცნიერო პროდუქცია. რაც შეეხება კვოტებს, კანონში წერია, რომ აკადემიურ საბჭოში უნდა შევიდეს ერთი წევრი მაინც ყოველი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიდან. ბუნებრივია, იყო მოსაზრება, რომ მათგან საბჭოში შესულიყო 2 ან 3 წევრი, მაგრამ საბოლოოდ შევჯერდით, რომ თუ იქნება მათი ერთი წარმომადგენელი, მაშინ ფაკულტეტებიდან იყოს 3 და არა მეტი“, - აღნიშნა მან. 

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრმა შალვა საბაურმა მცდარი ნორმა უწოდა სამინისტროს მიერ კანონში ჩადებულ ამ მოთხოვნას და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, უნივერსიტეტს თვითონ გადაეწყვიტა, რომელი ინსტიტუტები ჩაერთონ სხვადასხვა ფორმით უნივერსიტეტების მუშაობაში, ან მათ საერთოდ ცალკე საბჭო ჰქონოდათ: „ახლა ჩვენ ვართ ასეთი სიტუაციის წინაშე - სამინისტრომ ჩადო ეს მცდარი ნორმა სიტუაციის საკონტროლებლად და ჩვენ იძულებულები ვართ, რაოდენობა გავზარდოთ. ამის გამო შემდეგ ეტაპზე უკვე სენატის რაოდენობის გაზრდაც მოგვიწევს და მართლა სააქტო დარბაზში ხომ არ უნდა ჩატარდეს სხდომები? სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლობამ რეალურად უკვე გადააჭარბა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლობას აკადემიურ საბჭოში“, - განაცხადა მან და იკითხა - თუ ამ საკითხის კენჭისყრა გადაიდება, რა შეიძლება მოჰყვეს ამას იურიდიულად? 

დასმულ კითხვას უპასუხა თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ კუკულავამ: „რეალურად, უნივერსიტეტები, ისევე, როგორც ინსტიტუტები, ჩართული იყო ამ კანონპროექტის მომზადებაში. ჩვენი წინადადება იყო, რომ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლობა აკადემიურ საბჭოში განსაზღვრულიყო არაუმეტეს საბჭოს წევრთა რაოდენობის ერთი მესამედისა. გარკვეული დროის განმავლობაში სამინისტრომ ეს აზრი მიიღო. შემდეგ, როცა უნივერსიტეტების ჩართულობა მინიმალური იყო და კონსულტაციები მიმდინარეობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, ეს აზრი ისევ შეიცვალა. დღეის მდგომარეობით ვერაფერს ვცვლით. კანონში მითითებულია, რომ აკადემიურ საბჭოში ინსტიტუტები წარმოდგენილი უნდა იყვნენ არანაკლებ ერთი წევრისა. მე არ ვუყურებ ამას ეჭვის თვალით, რადგან არა მგონია, ამ მეცნიერებში არსებობდნენ უნივერსიტეტის მიმართ რადიკალურად განწყობილი პირები. ის რისკები, რაზედაც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, არსებობს. ვფიქრობ, 3 წარმომადგენელი ფაკულტეტებიდან და ერთი - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან, იძლევა გარანტიას, რომ უნივერსიტეტისთვის საზიანო გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული“, - აღნიშნა არჩილ კუკულავამ. 

წარმომადგენლობით საბჭოზე ხმის მიცემა მოხდა ე.წ. რეიტინგული კენჭისყრით. პირველ პოზიციას - აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტების წარმომადგენლობა განისაზღვროს 4 ადამიანით, ხმა მისცა 10-მა წევრმა. ხოლო მეორეს - აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტების წარმომადგენლობა განისაზღვროს 3-ით, ხმა მისცა 15 წევრმა. საბოლოო კენჭისყრით, 23 ხმით ორის (ლევან ლორთქიფანიძე, ზურაბ გაიპარაშვილი) წინააღმდეგ, წესდებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრა 3 ადამიანით. 

პ.ს. თსუ-ის სენატმა წესდებაში ცვლილებების პაკეტი განათლების სამინისტროს გაუგზავნა დასამტკიცებლად.

მაია ტორაძე,

ნატო ობოლაძე