რამ შეაჩერა „აუდიტორია 115“-სა და განათლების სამინისტროს შორის მოლაპარაკებების პროცესი?

01 ივნ 2016

„აუდიტორია 115“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებასა და სტუდენტური გაერთიანებებით (კლუბებით) ჩანაცვლებას ითხოვს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართული შეხვედრების დროს შედგა შეთანხმება ერთწლიანი მორატორიუმის გამოცხადების შესახებ, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის საკითხი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად უნდა გამართულიყო. თუმცა, მოახლოვებული არჩევნების გამო და, ასევე, „აუდიტორია 115“-სა და სტუდენტურ თვითმმართველობას შორის ბოლოს მომხდარი დაპირისპირების შედეგად „აუდიტორია 115“ სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას დაუყოვნებლივ ითხოვს. მოთხოვნის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის 6 თვით გახანგრძლივებაც გახდა. „აუდიტორია 115“-ის სტუდენტები პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ. მათ განათლებისა და სამინისტროში უკვე გადაგზავნეს წერილი, სადაც დასაბუთებულია მათი 3 მთავარი მოთხოვნა: სტუდენტური თვითმმართველობის ინსტიტუტის სისტემური რეფორმა; საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტთა არჩევის წესი; რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე გამწესების წესი. „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნების შესახებ გაერთიანების წევრს გოჩა სურგულაძეს ვესაუბრეთ.

- რას გულისხმობს „აუდიტორია 115”-ის მიერ შემუშავებული პროექტი სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის კუთხით და რა ეტაპზეა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოლაპარაკებები? 

- აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს სტუდენტურ თვითმმართველობაში კონცენტრირებული ძალაუფლების დეცენტრალიზებას. ჩვენ თვითმმართველობის ორი ფუნქცია გამოვყავით – 1. სტუდენტური თვითმმართველობა, როგორც წარმომადგენლობითი ინსტიტუტი და 2. თვითმმართველობა, როგორც სტუდენტური აქტივობების/ცხოვრების (საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული) ორგანიზატორი. 

ცენტრალიზებული სტუდენტური კავშირის რეფორმირებისთვის კანონში გაჩნდება ჩანაწერი, რომ: სტუდენტები საფაკულტეტო საბჭოში თავიანთ წარმომადგენლებს აირჩევენ პირდაპირი და ფარული კენჭისყრით; სტუდენტს არ აქვს უფლება ერთდროულად ორ წარმომადგენლობით საბჭოში (სენატი და საფაკულტეტო საბჭო) იქნას არჩეული; უნივერსიტეტ(ებ)ს დაევალებათ, სტუდენტური ხარჯების გამოყოფის დროს შიდა წესდებით შექმნან ისეთი მექანიზმი, რომელიც დაეფუძნება თანასწორობის, გამჭვირვალობის, ყოვლისმომცველობის და სხვა დემოკრატიულ პრინციპებს, ანუ მასზე წვდომა ნებისმიერ სტუდენტს ან გაერთიანებას თანასწორად ექნება. 45-ე მუხლი თვითმმართველობის შესახებ გაუქმდება და მისი უფლებები თავისუფალი ნების პრინციპზე დაფუძნებულ გაერთიანებებს გადაეცემათ.

აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებისთანავე, უნივერსიტეტ(ებ)მა შიდა წესდებით უნდა შეიმუშაონ, ერთი მხრივ, ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევის მეთოდი და, მეორე მხრივ, პრიორიტეტებისა და კრიტერიუმების დოკუმენტი, რის საფუძველზეც იხელმძღვანელებენ დაფინანსების მაძიებელი სტუდენტები ან/და გაერთიანებები. იმის გამო, რომ აქამდე სტუდენტური ცხოვრების დაფინანსების მახინჯი ფორმა არსებობდა, სტუდენტთა ჩართულობაც და ინტერესიც მეტწილად ნაკლები იყო. 

- თქვენი შეთავაზების მიხედვით, პარალელურად სტუდენტური თვითმმართველობა, როგორც ინსტიტუცია, ფუნქციონირებას განაგრძობს?

- „თვითმმართველობის“ ცნება უფრო დიდია, ვიდრე სტუდენტური კავშირი. „აუდიტორია 115” თავიდანვე აყენებდა მოთხოვნას სტუდენტური თვითმმართველობის „ფორმალური” ინსტიტუტის გაუქმების შესახებ და მხარს უჭერდა „არაფორმალურ” ინსტიტუტს - თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული გაერთიანებების არსებობას.

სამინისტროსთან ბოლო დროინდელი შეთანხმებით, 45-ე მუხლზე 1 წლიანი მორატორიუმი გამოცხადდება, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითმმართველობა ფუნქციონირებას შეწყვეტს მანამდე, ვიდრე საკანონმდებლო ხარვეზები არ მოწესრიგდება. თვითმმართველობის არჩევიდან ვადის ამოწურვის შემდეგ, მათ უწყდებათ ყოველგვარი უფლებამოსილებები, გარდა ამისა, აღარ ჩატარდება არჩევნები. 

- კანონმდებლობაში ეს ცვლილებები კონკრეტულად როგორ აისახება?

- გაუქმდება თვითმმართველობის 45-ე მუხლი. სტუდენტები საფაკულტეტო საბჭოებში თავიანთ წარმომადგენლებს პირდაპირ აირჩევენ. ამის პარალელურად გაძლიერდება სტუდენტთა უფლებების ამსახველი 43-ე მუხლი. 

მაგალითად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სტუდენტს ან/და გაერთიანებას ექნებათ ფინანსური რესურსით სარგებლობის თანაბარი უფლება, ამის შესაძლებლობა კი უნივერსიტეტმა შიდა წესდებით უნდა უზრუნველყოს. ჩვენ მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ კანონპროექტში მკვეთრი ჩანაწერების გაკეთება, რადგან კანონი საყოველთაოა და სხვა უნივერსიტეტებზე, შესაძლოა, უარყოფითად ემოქმედა.

- ახლა რა ეტაპზეა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოლაპარაკებები?

- იმის გამო, რომ მოლაპარაკების პროცესი სამინისტრომ სპეციალურად გაწელა და, იმავდროულად, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები (20 კაცი) „აუდიტორია 115“-ის აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჩვენ ყოველგვარი მოლაპარაკებები შევწყვიტეთ.

მოლაპარაკებების შეწყვეტამდე სამინისტროსთან მივაღწიეთ გარკვეულ შეთანხმებას. 45-ე მუხლზე გამოცხადდებოდა მორატორიუმი, მორატორიუმის გამოცხადების შემდგომ შეიქმნებოდა საერთო პლატფორმა, სადაც „აუდიტორია 115”, განათლების ექსპერტები და სამინისტროს წარმომადგენლები იმსჯელებდნენ თვითმმართველობის (როგორ წარმომადგენლობითი ინსტიტუტის და სტუდენტთა ცხოვრების ორგანიზატორის) უფლებამოსილებების განხორციელების ახალ ფორმაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს დაეფუძნებოდა.

მოლაპარაკებების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ სამინისტრომ არ დაგვიდასტურა კანონის ამოქმედების შემთხვევაში თვითმმართველობის უფლებამოსილებების შეწყვეტის შესაძლებლობა (იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთი ნებით გაიხანგრძლივებდნენ მანდატებს). ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მთავრობას არ გააჩნია პოლიტიკური ნება წინა საარჩევნოდ გააუქმოს აღნიშნული „მახინჯი“ წარმონაქმნი, როგორიც სტუდენტური თვითმმართველობაა. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ სტუდენტური თვითმმართველობების ლიდერები წარმოადგენენ მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივს. აღნიშნული პრაქტიკა წინა ხელისუფლების დროსაც გამოიყენებოდა და, უნდა ითქვას, არც თუ ისე ცუდად.

ამ ეტაპზე, განათლების სამინისტრო კვლავ გვთავაზობს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას, მაგრამ ჩვენ იქამდე ვეტყვით უარს, ვიდრე ისინი არ აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აღნიშნული ინსტიტუტის გაუქმების შესახებ. 

- სტუდენტური თვითმმართველობისა და „აუდიტორია 115“-ის წევრებს შორის ბოლოს მომხდარ დაპირისპირებას სტუდენტური თვითმმართველობის წევრები თქვენი მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებენ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? თქვენს ინტერესებში ხომ არ შედიოდა დაძაბულობის შექმნა, რათა დაგეწყოთ აქტიური საპროტესტო აქციები, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი, რომელიც უკვე პარლამენტში უნდა ყოფილიყო შეტანილი, ჯერაც გაუმართავია... 

- არსებობს ვიდეო მასალა, სადაც გარკვევით ჩანს - ლექციიდან გამოსულ ცოტნე ცხვედიანს როგორ უსწორდება სტუდენტური თვითმმართველობის 20-მდე პირი. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ აღნიშნული კონფლიქტი თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტის ფოტოს გამოქვეყნებას უკავშირდება, სადაც შალვა საბაური ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად მოსახლეობას ხვდება.

ძალადობას წინ უძღოდა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის - პაატა ბახტურიძისა და შალვა საბაურის პრესკონფერენცია, სადაც ისინი „შეპარვით“ გვემუქრებოდნენ, ერთი მხრივ, სამინისტროს და, მეორე მხრივ, „აუდიტორია 115“-ის აქტივისტებს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ დესტრუქციულ მეთოდებს მიმართავდნენ. ისინი თანამდებობიდან გადადგნენ, რამაც გასაქანი მისცათ დაპირისპირების მსგავს ფორმაში გადასატანად.

ეს არ იყო მათ მიერ სტუდენტებზე ძალადობის პირველი შემთხვევა. ისინი წლების განმავლობაში ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობდნენ სტუდენტებზე და ამის ვიდეო მასალაც არსებობს.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ ცოტნე ცხვედიანის მსხვერპლად ქცევა ჩვენს მიზანს ემსახურებოდა თუ არა?! - ამაზრზენად მიმაჩნია. ჩვენთვის ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია. მათ შორის მიუღებელია თვითმმართველობის წევრთა მიერ ჩვენი აქტივისტის ფიზიკური ჩაგვრა.

- თქვენ საუბრობთ „უმაღლესი განათლებისა შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანაზე. კანონი საქართველოში არსებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს ეხება. თანამშრომლობთ სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან? როგორია მათი პოზიცია?

- „აუდიტორია 115“ არ გახლავთ მხოლოდ თსუ-ის სტუდენტთა გაერთიანება. ჩვენს რიგებში არიან სტუდენტები ილიაუნიდან, სამხატვრო აკადემიიდან, ტექნიკური უნივერსიტეტიდან, კონსერვატორიიდან, სამედიცინო უნივერსიტეტიდან და სხვა სასწავლებლებიდან. ჩვენ უკვე ჩავატარეთ გასვლითი შეხვედრები რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის, ბსუ-ში, აწსუ-ში, თსსუ-ში, სოხუმის უნივერსიტეტში და სხვა სასწავლებლებში. ახლო პერიოდში ვგეგმავთ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრებს.

სიმართლე გითხრათ, სისტემის ჩავარდნა არა მხოლოდ თსუ-ში, არამედ სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც ფიქსირდება. სტუდენტური თვითმმართველობის არსებული ფორმა სხვა სასწავლებლებშიც არ მოსწონთ. ისინი, თსუ-ის თვითმმართველობის მსგავსად, ათასობით ლარს ფლანგავენ გართობასა და დასვენებაში. სტუდენტებს და ლექტორებს „სხვა” უნივერსიტეტშიც არ მოსწონთ რექტორის, დეკანის, კანცლერის, ლექტორის და სხვა პირთა არჩევისა თუ დანიშვნის წესები. 

ჩვენ ვითხოვეთ მეტ დემოკრატიას ძალადობის, დაშინებისა და მუქარის ნაცვლად.

„აუდიტორია 115“-ის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შესახებ სრული ინფორმაცია ჩვენს ბლოგზე – Aუდიტორიუმ115.წორდპრესს.ცომ - არის განთავსებული.