სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხედვა მიმდინარე პროცესებზე

01 ივნ 2016

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტური თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუციის, რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. თუმცა მოსაზრებას მისი გაუქმებისა და სტუდენტური გაერთიანებებით ჩანაცვლების თაობაზე არ ეთანხმება. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა მხარე დასხდეს და მთლიანად სტუდენტურმა საზოგადოებამ გადაწყვიტოს - რა არის ოპტიმალური ვარიანტი – თვითმმართველობის გაუქმება თუ რეფორმა. გვესაუბრება თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი.

- რას ფიქრობთ, საჭიროებს თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა რეფორმას? 

- ნებისმიერი სტრუქტურა, რომელიც, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში ფუნქციონირებს, რეფორმას საჭიროებს. აუცილებელია, რომ იგი თანამედროვე ცვლილებებს მოერგოს და განვითარდეს. თუმცა არსებობს უამრავი განსხვავებული შეხედულება რეფორმის შინაარსობრივი თვალსაზრისით. რეფორმა მხოლოდ თსუ-ს არ ეხება, ამიტომაც საჭიროა პლატფორმის შექმნა და ამ საკითხის განხილვა. მოლაპარაკებები დაწყებულია, ამ პროცესში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრიც ჩართულია. იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ვერ შევჯერდებით ერთ აზრზე, მაშინ არსებობს გამოსავალი: 6 თვეში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და ყველა დაინტერესებულმა სტუდენტმა, სტუდენტურმა გაერთიანებამ მიიღოს მასში მონაწილეობა, წინასწარ წარმოადგინონ თავისი პროგრამები, თუ როგორ სურთ სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება - უნდათ მხოლოდ კონკრეტული სახის ცვლილებები თუ საერთოდ გაუქმება. არჩევნების შედეგებით კი დადგინდება, თუ როგორ წარიმართება სტუდენტური ცხოვრების განვითარება. 

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის საკითხთან დაკავშირებით ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. ამ დროის განმავლობაში ყველა დაინტერესებული მხარე საკუთარ პოზიციას წარმოადგენს. ასევე, მიმდინარე წელს უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. „აუდიტორია 115“-ის წევრებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ წინასაარჩევნოდ სტუდენტურ თვითმმართველობებსა და მთავრობას შორის მოხდა გარიგება. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით? 

- ჩემთვის პირადად მიუღებელია მსგავსი სახის ბრალდება. სასაცილოა, რომ დღეს ვინმე თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. წელს მომხდარ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, მუდმივად მიმდინარეობდა სტუდენტური თვითმმართველობის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრობა დანაშაულია და ეს იმის პარალელურად, რასაც სტუდენტური თვითმმართველობა აკეთებს. უამრავი პროექტი ხორციელდება როგორც სამეცნიერო-სასწავლო, ასევე, გასართობი. ამ დროს ორგანიზატორები არანაირ ანაზღაურებას არ იღებენ. მაგალითად, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასშტაბით ორგანიზებას უწევს იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებას. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ სასწავლო პროცესში პრაქტიკული კურსების ნაკლებობას. 

- ამ დროისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თუ გაქვთ მოლაპარაკებები?

- ჩემთან, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ჯერ არანირი კონტაქტი არ ყოფილა. თუმცა, ვიდრე შალვა საბაურს უფლებამოსილება შეუწყდებოდა, სამინისტროში მიიწვიეს. იქ სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების საკითხი არ განუხილავთ, საუბარი იყო მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნაზე. ზოგადად, თუ ვინმეს არ მოსწონს ამ მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობა, მაშინ უნდა შეცვალოს დემოკრატიული პროცესით. დამთავრდეს ულტიმატუმების ენით საუბარი! ეს, პირველ რიგში, სტუდენტებისთვის არის მავნებელი, რადგან ჩვენი განვითარება ფერხდება. 

- „აუდიტორია 115“-ის წევრთა პროექტის მიხედვით, მათ სურთ, რომ საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების არჩევა პირდაპირი წესით მოხდეს...

- რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რეფორმას, ისინი ამ საკითხების განსახილველადაც კი არ მოდიან კომუნიკაციაზე...

- ანუ თქვენ მოლაპარაკებების დაწყებაზე თანახმა ხართ?

- რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებობს ძალიან ბევრი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, უბრალოდ მოცემულ სიტუაციაში რომელი არის უკეთესი, რომ პოლიტიკური გავლენებისგან თავი დავიზღვიოთ, ეს უნდა განვსაზღვროთ. შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ჩავატაროთ 20 დელეგატის არჩევნები, საუკეთესო შედეგების მქონე 9 წევრი შევა საბჭოში, დანარჩენი წევრები კი რეზერვში იქნებიან. იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ უფლებამოსილებაზე უარი თქვა, დამატებითი არჩევნების ჩატარება არ დაგვჭირდება. ვგულისხმობ, რომ საკითხს მივუდგეთ სწორად და ცუდი მენეჯმენტის გამო არ მოგვიწიოს დამატებით ფინანსური რესურსისა და დროის ხარჯვა. შეგვიძლია შერეული საარჩევნო სისტემის შემოღებაც. მაგალითად, კურსების მიხედვით, ანუ ყოველ კურსზე საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტები შევიდნენ საფაკულტეტო საბჭოში. ეს დაახლოებით ის ვარიანტებია, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. საჭიროა მხოლოდ ნება როგორც „აუდიტორია 115“-ის, ასევე, ზოგადად, სხვა სტუდენტების მხრიდანაც. 

- როგორია სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სამოქმედო გეგმა უახლოესი 6 თვის განმავლობაში?

- ჩემი უფლებამოსილება გრძელდება 6 თვე და შემდეგ სტუდენტურმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს - ვინ იქნებიან შემდეგი მოწვევის წევრები და როგორი სტრუქტურა ექნება ამ ინსტიტუტს. ჩემი პირველი მოწოდება იყო დიალოგის დაწყება. ანუ თუ წესდებაა მიუღებელი, მაშინ შევცვალოთ, ვიმუშაოთ ამ საკითხზე. თუ სტუდენტები ფიქრობენ, რომ კულტურულ ღონისძიებებში დიდი თანხა იხარჯება, მაშინ შევამციროთ და საგანმანათლებლო პროექტების რაოდენობა გავზარდოთ. უნივერსიტეტში ბევრი კარგი ბენდია და გარედან ჯგუფების მოწვევას, სჯობს, ისინი მოვიწვიოთ, მათზე ვიზრუნოთ. თუ ჩვენი სერტიფიკატები რომელიმე ფაკულტეტზე სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვებისთვის არ გამოადგებათ, მაშინ დაველაპარაკოთ ადმინისტრაციას, რომ კარგად შეაფასონ ჩვენ მიერ ჩატარებული კონფერენციები და მერე მიიღონ გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ ორი წლის წინ განვაცხადეთ, რომ პრიორიტეტი განათლების მიმართულებაა. თუმცა, მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობა, თავისი საქმიანობით, ვერ შეძლებს განათლების ხარისხის გაზრდას. 

- სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება საპროტესტო აქციების დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. „აუდიტორია 115“ სტუდენტური თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუციის, დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვს. როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით?

- არ ვიმყოფებოდი იმ ადგილას, სადაც კონფლიქტი მოხდა. ერთი მხარე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელი 20-მა კაცმა სცემა, მეორე მხარე ამბობდა, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. რა თქმა უნდა, მე მეტი წვდომა მეორე მხარესთან მაქვს და, ადამიანური გადმოსახედიდანაც, მათი მჯერა. თუმცა, ველოდებოდი კადრებს, რომელიც თსუ-ის დაცვის სამსახურმა გაავრცელა. იქ კარგად ჩანს, თუ როგორ მიდის ცოტნე ცხვედიანი პაატა ბახტურიძესთან და რამდენი ხნის განმავლობაში ცდილობს პაატა ბახტურიძე ამ ადამიანის შეკავებას. მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. იქ სხვა სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. არც 20 ადამიანი ურტყამდა ერთ ადამიანს, როდესაც მე მათი გაშველება დავიწყე. სამწუხაროდ, მოხდა კიდევ ერთი ფაქტი. „აუდიტორია 115“-ის წევრი გოჩა სურგულაძე მოვიდა ჩვენთან და დაიწყო ჩვენი მისამართით გინება. მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტი არ არის ჩხუბის ადგილი, ყველამ უნდა ვიზრუნოთ განვითარებაზე. სხვათა შორის, ამ ინციდენტამდე ორჯერ შევთავაზე „აუდიტორია 115“-ის წევრებს მოლაპარაკებების დაწყება. საპასუხოდ კი მათ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახები დაიკავეს. იმედი მაქვს, რომ აუდიტორია 213-ში არაფერი დაიკარგება და გაფუჭდება. იქ არის სტუდენტური თვითმმართველობის არქივი 2010 წლიდან და ტექნიკა. როდესაც დავბრუნდებით ოთახში, ყველაფერს აუცილებლად აღვწერთ. სამწუხარო ფაქტია, რომ უნივერსიტეტში მშვიდ, წყნარ, სამართლებრივ სივრცეში გადასული ვითარება ისევ დაიძაბა. იმედი მაქვს, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი შექმნილ ვითარებას ობიექტურად შეაფასებს. და კიდევ, ეთიკის კომისიაზე იგეგმება აღნიშნული დაპირისპირების ფაქტის განხილვა, აპირებენ ინციდენტში მონაწილე სტუდენტების სტუდენტის სტატუსის გაუქმებაზეც მსჯელობას. ვაცხადებ, პირადად ვიზრუნებ, რომ ამ დაპირისპირებაში მონაწილე არც ერთ სტუდენტს არ შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი. მთავარია, რომ მათ მსგავსი საქციელის უარყოფითი მხარეები გაიაზრონ და აღარ გაიმეორონ. თუმცა აქვე დავამატებ, რომ არა ეს დაძაბული ფონი, არაფერი მოხდებოდა. სამწუხაროდ, იმ დღეს დილიდან საჩხუბრად იყვნენ „აუდიტორია 115“-ის წევრები მომართულები. სოციალურ ქსელში შალვა საბაურს შეურაცხყოფა მიაყენეს. საბოლოოდ, უმტყუნა ამ ადამიანებსაც მოთმინებამ. თუმცა, ვფიქრობ, რომ მეტი თავშეკავება გვმართებს. მივმართავ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასაც, რომ ამ სტუდენტებს სტატუსი არ შეუჩერდეს.