ახალი რეალობა და ახალი პროექტები

14 სექ 2015

„თქვი შენი სათქმელი“ - ამ მოწოდებას რამდენიმე წლის წინ რისკ-ფაქტორიც ახლდა და სტუდენტების უკუ-რეაქციაც: - „ვიტყვი, მაგრამ დაბეჭდავთ რო? თუ დაბეჭდავთ, ვინ მოგვისმენს? თუ ვინმე მოგვისმენს, არ დაგვაჯარიმონ ან თვალში არ მოვხვდეთ მავანთ შემდგომი რეაგირებისთვის!“ - ეს დრო და სიტუაცია ყველასთვის ნაცნობი შეიძლება გარეთ იყო და არა „შინ“... „შინ“ ანუ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის სახეს კი ყველა დროში უნივერსიტეტის გაზეთი „ძერწავდა“. და იმისათვის, რომ უნივერსიტეტის სუნთქვას დღესაც გრძნობდეთ, მისი გაზეთის უახლეს ისტორიულ ნიუანსებსაც უნდა იცნობდეთ. სწორედ ამიტომ ვიხსენებთ ახლა იმ რთულ პერიოდს, რომელიც შეგვაძლებინებს აწმყოს გააზრებას უნივერსიტეტის იდეასთან მიმართებაში.
„ფაქტები ყველაფრის მეტყველია“

„თქვი შენი სათქმელი“ - ამ მოწოდებას რამდენიმე წლის წინ რისკ-ფაქტორიც ახლდა და სტუდენტების უკუ-რეაქციაც: - „ვიტყვი, მაგრამ დაბეჭდავთ რო? თუ დაბეჭდავთ, ვინ მოგვისმენს? თუ ვინმე მოგვისმენს, არ დაგვაჯარიმონ ან თვალში არ მოვხვდეთ მავანთ შემდგომი რეაგირებისთვის!“ - ეს დრო და სიტუაცია ყველასთვის ნაცნობი შეიძლება გარეთ იყო და არა „შინ“... „შინ“ ანუ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის სახეს კი ყველა დროში უნივერსიტეტის გაზეთი „ძერწავდა“. და იმისათვის, რომ უნივერსიტეტის სუნთქვას დღესაც გრძნობდეთ, მისი გაზეთის უახლეს ისტორიულ ნიუანსებსაც უნდა იცნობდეთ. სწორედ ამიტომ ვიხსენებთ ახლა იმ რთულ პერიოდს, რომელიც შეგვაძლებინებს აწმყოს გააზრებას უნივერსიტეტის იდეასთან მიმართებაში.

2007 წელს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია დახურვას გადაურჩა ე.წ. „მეამბოხე!“ სტუდენტებთან და უნივერსიტეტიდან 2006 წელს დევნილ პროფესურის ნაწილთან ურთიერთობების გამო. ის, ვინც 2007 წელს გაზეთი დახურვას გადაარჩინა, პროფესორი, მაშინდელი აკადემიური საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე გახლდათ. მან მაშინ შეახსენა რექტორს, რომ „თბილისის უნივერსიტეტი“ ერთ-ერთი უძველესი გამოცემაა საქართველოს მასშტაბით, რომელიც ჯერ კიდევ 1927 წელს დაარსდა. მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ თარიღია, რადგან პირველ გაზეთს „პროლეტარულ სტუდენტთა ხმა“ ერქვა და, დამეთანხმებით, რომ მისი იდეურ-შინაარსობრივი მხარე, როგორ ჩვენი გაზეთის წინამორბედისა, საამაყოდ ვერ გამოგვადგება. თუმცა საბჭოთა ეპოქის ბოლო წლებში, საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღზევების პერიოდში უნივერსიტეტის გაზეთს თეთრი ტაძრიდან მონაბერი სულის ნაწილად თვლიდნენ, იმდენად პროგრესული, ეროვნული და ქართველი ერისთვის მოამაგეობრივი იყო. იმ პერიოდის გაზეთის ტრადიციებს მართლაც უნდა შენარჩუნება განვითარების კვალდაკვალ. თუმცა საბჭოთა ეპოქა უნივერსიტეტის გაზეთს 2008 წელსაც შეახსენეს და მაშინ უხეში ადმინისტრაციული ჩარევისგან გაზეთი სოციოლოგმა, პროფესორმა, უნივერსიტეტის გაზეთის რედკოლეგიის წევრმა იაგო კაჭკაჭიშვილმა იხსნა. ეს გვარ-სახელები ძვირფასია უნივერსიტეტის გაზეთის რედაქციისთვის და ყველა ჩვენი გულშემატკივრისთვის, ვინც თვლიდა, რომ უწყებრივი გაზეთის უხეში ცენზურით დაკნინება უნივერსიტეტის იდეის დაკნინებაც იყო (უნივერსიტეტის გაზეთი ხომ რომელიმე სამინისტროს გაზეთს არ უნდა წააგავდეს). თუმცაღა გაზეთისადმი ასეთი დამოკიდებულება ვის გაუკვირდებოდა იმ ფონზე, როცა უნივერსიტეტი ღირსეული პროფესურის ნაწილისგან დაცალეს და სისტემა, იდეა, არსი „მოარღვიეს“, უნივერსიტეტი კი საყოველთაო სიყვარულისგან დაშრიტეს. ალბათ, ამიტომაც იჯერებდა საზოგადოება უმალ ცუდსა და ავს უნივერსიტეტზე და ხან პანთეონის განადგურებაზე და ხან პირველი ქართული უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე ჭორებს ჰყვებოდა. უნივერსიტეტის თავზე მოგროვებული შავი ღრუბლები მაშინ საზოგადოებრივი სასოწარკვეთის განცდასაც იტევდა. უნივერსიტეტში დასადგურებული პოლიცია უშიშროების მანტიით ბოლშევიკური საქართველოს დროინდელ ნეგატივიზმს ბადებდა და ეს ნეგატივიზმი დედა-უნივერსიტეტის ფუნქციური მოშლილობის წრეში ყველა რგოლს, ყველა სტრუქტურას, პიროვნებას ითრევდა... პიროვნებები აშავებდნენ თუ პოლიტიკური სისტემა აშავებდა - ამას არავინ არჩევდა... როცა იდეა დამახინჯდა, ჩირქი მოეცხო სუყველას...

გადაიფურცლა თუ არა მძიმე წლების ტევადი წიგნის ეს გვერდი? „არ გათეთრდების ყორანიო“ - ნათქვამია, მაგრამ ის, ვინც თეთრი ტაძრის ღირსეულ შვილად მიიჩნევდა თავს, იმ ჭუჭყს იბერტყავს, რომელიც დრომ და გარემოებამ მოაცხო. დრო კი უდავოდ შეიცვალა. „ფაქტები ყველაფრის მეტყველია“ - ამას გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტისთვის“ მიცემული თავისუფლების დღევანდელი ხარისხი გვალაპარაკებს. გვერწმუნეთ, ეს ერთგვარი საზომია „ახალ ეპოქაში“ გადარჩენის იმ გზის, რისკენაც უნივერსიტეტმა გაიხედა. შევნიშნავთ იმასაც, რომ გაზეთისთვის ახალი სივრცის გახსნამ საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილში აკადემიურობის დაკარგვის საფრთხის შიშიც კი გააჩინა, თუმცა აქვე განვმარტავ: გაზეთისთვის აკადემიზმის მოთხოვნის წაყენება ხშირად საუნივერსიტეტო პრობლემებზე ღიად მსჯელობის და მწვავე დისკუსიების შეფარვით აკრძალვასაც გულისხმობდა. ჩემი აზრით, აკადემიურობის მოთხოვნა გაზეთისთვის სიტყვის თავისუფლების პრინციპის პატივისცემასაც უნდა მოიცავდეს (ყვითელი პრესის ენით ლაპარაკის გარეშე).

რაც შეეხება იმის დაკონკრეტებას, თუ რა შეიცვალა გაზეთისთვის, ჩვენ მხოლოდ ფაქტებით შემოვიფარგლებით და სიახლეებზე გავაკეთებთ აქცენტს (შეფასება კი მკითხველისთვის მიგვინდვია):

1. გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია 2015 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს: „პუბლიცისტური ნარკვევები“, რომელშიც აისახება უნივერსიტეტის დამაარსებლების, სამეცნიერო სკოლების დამფუძნებლების და ცნობილ თანამედროვე მეცნიერთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო ეპიზოდები ექსპერტთა შეფასებებით. „პუბლიცისტური ნარკვევები“ ბროშურად გამოიცემა. უკვე გამოცემულია ორი კრებული ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

2. გაზეთის რედაქცია ახალი სასწავლო წლიდან საუნივერსიტეტო საზოგადოებას შესთავაზებს გაზეთის ვებ-გვერდს, რომელიც ყოველდღიური სიახლეებით დაიტვირთება.

3. გაზეთის რედაქციასთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა 2014 წლის მარტიდან დაიწყო პროექტი: „დოკუმენტური ფილმები“, რომელიც ცნობილი საუნივერსიტეტო საზოგადო მოღვაწეების შესახებ დოკუმენტური ფილმების გადაღებას და პარალელურად მათ საიუბილეო საღამოებზე ფილმების ჩვენებას ემსახურება. ამ პროექტის ფარგლებში უკვე ნაჩვენებია ფილმები პროფესორ მიხეილ ქურდიანზე, მთარგმნელ გივი გაჩეჩილაძეზე და აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეზე.

4. გაზეთის რედაქციასთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა 2014 წლის მარტიდან დაიწყო საუნივერსიტეტო გადაცემების „უნივერსიტეტი“ მომზადება, რომელიც უნივერსიტეტის ახალი ამბების, ინიციატივების, პრობლემების ასახვას და საუნივერსიტეტო საზოგადოების ყოველმხრივი საქმიანობის წარმოჩენას ისახავს მიზნად. გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გადის ყოველ შაბათს, 17:00 საათზე და მზადდება გაზეთის რედაქციაში მოწვეული თანამშრომლების მიერ და თსუ-ის მულტიმედიაცენტრის ბაზაზე.

5. გაზეთის რედაქციასთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფი 2015 წლის 1 ოქტომბრიდან იწყებს ახალგაზრდულ თოქ-შოუს, რომელიც გადაცემა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროექტია. პროექტი თსუ-ის სტუდენტთა ყოველმხრივი პოზიციებისა და მოსაზრებების წარმოჩენას მოემსახურება. თოქ-შოუს წარუძღვებიან ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი. პროექტის მთავარი აქტორები თსუ-ის სტუდენტები იქნებიან.

ყველა ამ პროექტის ხელშემწყობთა ვინაობა ადვილი მისახვედრია, რთული ზოგიერთისთვის მხოლოდ იმის გაცნობიერებაა, რომ დრო მართლაც შეიცვალა და რომ ხმაამოღებული საუნივერსიტეტო საზოგადოების არსებობა იმის წინაპირობაა, რომ უნივერსიტეტი კვლავაც იტყვის თავის სათქმელს. ხმის ამოღებასა და ხმლის ამოღებას შორის ზღვარის გავლებაში კი, იმედია, თავად დრო და გარემოება დაგვეხმარება - ჩვენ ყველას ერთად!!!

ნინო კაკულია,
გაზეთ „თბილისის
უნივერსიტეტის“ რედაქტორი