ახალი წიგნი თაროზე - „ქართული ჰაგიოგრაფია“

01 ივნ 2016

24 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტსა და წიგნის გამომცემლობებთან: „წიგნები ბათუმში“ და „ქარჩხაძის გამომცემლობა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის შემდეგ თსუ-ის ბიბლიოთეკაში „ქარჩხაძის გამომცემლობის” ახალი წიგნის - „ქართული ჰაგიოგრაფია“ - პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში წარმოდგენილია სამი ჰაგიოგრაფიული ძეგლის – „შუშანიკის წამების,” „აბოს წამების” და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე – ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას.

ძველ ქართულ ტექსტებს წინ უძღვის ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის შესავალი წერილები, სადაც პოპულარული ენით მოწოდებულია ის ძირითადი ისტორიული განმარტებები, რომელთა გათვალისწინებითაც გაცილებით იოლად აღსაქმელია ჰაგიოგრაფიის ნიმუშები.

როგორც წიგნის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ასეთი გამოცემის მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს სასწავლო პროცესს, მეორე მხრივ კი - საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს, რომელთაც, დღეს, ძველი ქართული ნაკლებად ესმით და გზა გაეხსნას ამ უნიკალური წყაროების აღსაქმელად. ჰაგიოგრაფიული ტექსტები, ტრადიციულად, დიდი შემოკლებით იბეჭდება, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში, ამ წიგნში კი თითქმის ვრცლად არის წარმოდგენილი „აბოს წამების“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ტექსტები, ხოლო „შუშანიკის წამება“ პრაქტიკულად სრული სახითაა. 

„ქარჩხაძის გამომცემლობის“ დირექტორის გია ქარჩხაძის თქმით, წიგნი გამოიცა პროექტის - „ქართული კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებისათვის“ - ფარგლებში, რომლის ძირითადი სამიზნე სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები და ქართული ლიტერატურით დაინტერესებული ის ადამიანები არიან, რომლებსაც ხშირად უჭირთ ძველი ქართულით დაწერილი ტექსტების გაგება.

„ტექსტებზე მუშაობისას „ბეწვის ხიდზე გავიარეთ“, რადგან რთული იყო ძველქართული ტექსტების თანამედროვე ენაზე ისე თარგმნა, რომ მთელი მხატვრულობა და ფაბულა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. „ქარჩხაძის გამომცემლობას“ ამ მხრივ კარგი გამოცდილება აქვს. ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოვეცით სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები და „ვეფხისტყაოსანი“, ამ მიმართულებით მომავალშიც ვგეგმავთ მუშაობას“, - განაცხადა გია ქარჩხაძემ. 

წიგნის - „ქართული ჰაგიოგრაფია“ - რედაქტორები არიან ენათმეცნიერი ლეილა ბერიაშვილი და ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი.

„ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ამ ტექსტების გაცოცხლება და იმ კატეგორიების გაცნობა, რომლითაც ისინი აზროვნებდნენ, რადგან დღეს სხვა სამყაროში ვცხოვრობთ და იმ ეპოქის ენა კი ხშირად ძნელი გასაგებია მკითხველისთვის. აქედან გამომდინარე, ეს წიგნი იქნება ერთგვარი გზამკვლევი თანამედროვე აუდიტორიისთვის“, - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.