რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიცემული არაერთი პირობა სტუდენტებთან შეხვედრისას

20 მაი 2016

28 აპრილს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძისა და სტუდენტების პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის თსუ-ში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. პროცესებში იგულისხმება „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში მიღებული ცვლილებების საუნივერსიტეტო წესდებაში ასახვა და აკადემიური საბჭოს, რექტორის, თსუ-ის კანცლერის, სენატის დაგეგმილი არჩევნები. თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკმაოდ რთული ვითარებაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილმა ღონისძიებებმა კანონის დაცვით, მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. დარეჯან თვალთვაძემ იქვე განმარტა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების შედეგების გამოცხადების დღეს „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი. მისი აზრით, არჩევის პირველივე დღეს შეხვედრა სტუდენტთა ერთ კონკრეტულ ჯგუფთან კონფრონტაციის შექმნის საფუძველს ქმნიდა, ამიტომ საჭიროდ მიიჩნია, რომ პირველი შეხვედრა თსუ-ის ყველა სტუდენტთან გამართულიყო.

„20 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი საბჭოს ახალი წევრების ასარჩევად, რომელიც 11 მაისს არის დანიშნული. განცხადებების მიღება დღეს დასრულდა. ვიმედოვნებ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. კენჭისყრის პროცესი დღეს მოქმედი კანონის მიხედვით ჩატარდება, რადგან უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებები, ჯერჯერობით, ასახული არ არის. თუმცა, პარალელურად უკვე ვმუშაობთ პროექტზე, რომლის საფუძველზეც აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს დაახლოებით 38 წევრიდან 45 წევრამდე. მთლიანობაში უნივერსიტეტის წესდებაში შესატანი ცვლილებები 24 გვერდამდეა, მათ შორის რამდენიმე მუხლი არჩევნებს ეხება. მიმდინარეობს დისკუსია აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან წარმომადგენლების გაზრდის შესახებ, ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ - იქნება ეს 3 თუ 4 წევრი. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას სენატი მიიღებს. მეორე მხრივ, „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონი გვავალდებულებს, რომ წესდებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ავსახოთ შემოერთებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების თაობაზე, რომელთაც აკადემიურ საბჭოში, ასევე, უნდა ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენლები. 14 სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ემატება მაღალი ენერგიების ფიზიკისა და გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო ინსტიტუტები. აქედან გამომდინარე, 16 ინსტიტუტს თუ 1 წარმომადგენელი მაინც ეყოლება აკადემიურ საბჭოში, დისბალანსის წინაშე ვდგებით - მათი რაოდენობა გადააჭარბებს საფაკულტეტო წარმომადგენლობას. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ფაკულტეტებიდან წევრების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაც. ეს პროცესი შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში საკმაოდ მასშტაბური ცვლილებები შევა. გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც ეს სამუშაოები 30 ივნისამდე უნდა მოვასწროთ. 15-16 მაისისთვის წესდებაში შესატანი ცვლილებები სენატს წარედგინება, მიღების შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეგზავნება, რომელმაც ცვლილებები საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს. როდესაც სამინისტროდან მივიღებთ პასუხს, უკვე შეგვეძლება აკადემიური საბჭოს გაფართოებაზე მუშაობის დაწყება, პარალელურად სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში არჩევნების ჩატარება, რათა 30 ივნისისთვის კანონდამრღვევთა რიგებში არ აღმოვჩნდეთ“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ. 

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში განსაზღვრულია, რომ უნივერსიტეტის სენატი აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები არ უნდა იყოს. შესაბამისად, უნივერსიტეტის დღის წესრიგში ასევე დგას წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობის 90+1-მდე გაზრდის საკითხი. სენატის არჩევნების ჩატარება 1 ივლისამდეა ჩანიშნული. ამავე პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უწევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევაც. აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერობის 1 შერჩეული კანდიდატი სენატს 10 ივნისს წარედგინება. დარეჯან თვალთვაძის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს, რადგან არ შეიძლება უმაღლესი სასწავლებელი დიდხანს დარჩეს არჩეული რექტორისა და არჩეული კანცლერის გარეშე“. 

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე, ისაუბრა აღნიშნულ პროცესებში სტუდენტების ჩართულობაზე. მისი თქმით, სტუდენტები მონაწილეობენ აკადემიური საბჭოს წევრების არჩევნებში და სენატის არჩევნებშიც. 

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას „აუდიტორია 115“ არ ესწრებოდა. სტუდენტებმა ამ ჟესტით გააპროტესტეს დარეჯან თვალთვაძის გადაწყვეტილება - არ შეხვედროდა მათ არჩევის პირველივე დღეს. თუმცა, 28 აპრილის შეხვედრაზე „აუდიტორია 115“-ის რამდენიმე წევრი სტუდენტი მაინც იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა ელისაბედ გეგენავამ გამოსვლისას საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, როგორც სტუდენტმა. 

„რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციაა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება. ვიცი, რომ თქვენ 10 წელია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი იყავით და იმ პერიოდში ხდებოდა ლექტორების კაბინეტებში ჩაკეტვა და პარტიული ნიშნით გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, მიჭირს, იმედი მქონდეს, რომ თქვენ პარტიულ თამაშებს თავიდან აიცილებთ. ვითხოვ პირობას, რომ თუ ვინმე ჩაერევა რექტორის არჩევნებში, მაშინ დადგება თქვენი პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, იმედი მაქვს, გამოიჩენთ კეთილ ნებას და თქვენ არ იყრით კენჭს რექტორის არჩევნებში. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ დაველოდები თქვენს პასუხს და დავტოვებ დარბაზს. აქვე დავამატებ, აქ არ არიან „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები, რადგან თქვენ უარი განაცხადეთ ჩვენთან შეხვედრაზე“, - მიმართა რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა III კურსის სტუდენტმა ელისაბედ გეგენავამ. 

პასუხად დარეჯან თვალთვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა „აუდიტორია 115“-თან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი და, ასევე, დააზუსტა მისი დეკანად არჩევისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორთა გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები. 

„20 აპრილს ღამის 21.30 წუთზე ვერ შევხვდი „აუდიტორია 115“-ს, რადგან ახალი გამოცხადებული გახლდათ არჩევნების შედეგები და ეთიკის ნორმები არ მაძლევდა საშუალებას დამეტოვებინებინა ხალხი, რომელთაც ასევე აინტერესებდათ ჩემი დამოკიდებულება შედეგებთან დაკავშირებით. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ ის, რომ, ვფიქრობ, იმ ვითარების ფონზე, რაც წინა დღეებში არსებობდა, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი შევხვედროდი მხოლოდ სტუდენტების ერთ ჯგუფს. ღრმად მწამს, რომ სტუდენტების რაიმე ნიშნით დაყოფა არ შეიძლება. ყველა სტუდენტს ერთნაირად აქვს უფლება სტუდენტის უფლება-მოვალეობებით იყოს აღჭურვილი. 

რაც შეეხება ჩემი დეკანად მუშაობის პერიოდს, ეს გახლდათ 9 და არა - 10 წელი. აქედან რამდენიმე წელი დეკანის მოვალეობას ვასრულებდი. აქ საუბარი იყო, რომ უნივერსიტეტიდან პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს პროფესორები. აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, რადგან ეს მოვლენა მოხდა 2005 წელს, 2006 წლის ზაფხულში ჩატარდა აკადემიური კონკურსი, რის შედეგადაც მე მომენიჭა პროფესორის სტატუსი, 2006 წლის ოქტომბრის ბოლოდან კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად ამირჩიეს. წლები მოვანდომეთ, რომ ფაკულტეტების გაერთიანების შედეგად მიღებული ამორფული სტრუქტურა გაგვემართა. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ეს შემიძლია გითხრათ.

ახლა რომ მთხოვენ ჯიუტად პასუხს - რა იქნება რამდენიმე თვის შემდეგ, ასევე ჯიუტად ვუპასუხებ, რომ ამ დროისთვის იმდენად ბევრი საზრუნავია უნივერსიტეტში, რომ საფიქრელად დრო არ მრჩება იმაზე - რა იქნება რამდენიმე თვის შემდეგ“, - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ. 

შეხვედრაზე თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს სთხოვა, რომ თუ საარჩევნო პროცესების დროს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შემთხვევა დაფიქსირდება, ამის შესახებ ინფორმაცია მათაც მიაწოდოს და ამ შემთხვევაში იგი ქალბატონ დარეჯანს მხარდაჭერასაც დაჰპირდა. 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია სიტუაცია, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არის ჩარევის მცდელობები. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებისას კიდევ იქნება მსგავსი შემთხვევები. მინდა, პირობა ჩამოგართვათ, რომ ასეთ დროს სტუდენტებს მოგვმართავთ დასახმარებლად და არ იბრძოლებთ მარტო“, - აღნიშნა პაატა ბახტურიძემ. 

დარეჯან თვალთვაძემ სტუდენტებს პირობა მისცა, რომ, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაციას აუცილებლად მიაწოდებს: „პაატას ნათქვამს, დარწმუნებული ვარ, ამ აუდიტორიაში ყველა ეთანხმება, რადგან ეს პოზიცია შეიძლება შემდეგი სიტყვათშეთანხმებით გამოიხატოს - „ავტონომია უნივერსიტეტს“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური და ჰქონდეს საშუალება - თავად აირჩიოს მმართველი სუბიექტები. პირობას ვდებ, თუ ვიგრძნობ ზეწოლის მინიშნებას, საჯაროდ განვაცხადებ იმ იმედით, რომ ამ ბრძოლაში მარტოს არ დამტოვებთ“. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილება, რომ პირველად არ შეხვედროდა სტუდენტთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს, სტუდენტთა ნაწილმა დადებითად შეაფასა. 

„ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომელიმე ჯგუფს ჭეშმარიტებაზე აბსოლუტური მონოპოლია აქვს, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შევეჩვიეთ. როგორი დიდი სურვილიც უნდა მქონოდა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პირველად შევხვედროდი, უარს ვამბობ ამაზე, რადგან „გაფუჭებული ტელეფონის“ პრინციპით სტუდენტებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება მაქვს“, - განაცხადა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი კაკაურიძემ. 

დარეჯან თვალთვაძესთან შეხვედრაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა თამარ გოჭოშვილმა ლექტორების მხრიდან სტუდენტების მისამართით სიძულვილის ენაზე საუბრის შემთხვევები გაახმიანა. მისი თქმით, „რამდენიმე ლექტორი მხარეს წარმოადგენს და ხშირად სტუდენტების ნაწილს „კომკავშირლებსა“ და მსგავს სახელებს უწოდებენ“. სტუდენტის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, რომ გმობს მსგავსი ფაქტების ლექციებზე გამოვლინებას და თითოეული ასეთი საკითხი ეთიკის კომისიამ უნდა შეისწავლოს. 

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის შესახებაც შეხვედრაზე იყო საუბარი - ქართულენოვანი სახელმძღვანელოების დეფიციტია. ეს საკითხი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა წამოჭრეს. მათი თქმით, ის ტემპი, რომლითაც უცხოენოვანი სახელმძღვანელოების თარგმნა მიმდინარეობს, არასაკმარისია. „ყველა საჭირო წიგნის თარგმნას, დაახლოებით, 22 წელი დასჭირდება და შედეგად ნათარგმნი ლიტერატურა უკვე მოძველებული იქნება”, - აღნიშნეს სტუდენტებმა. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალ ქმედებად ელექტრონული სასწავლო კურსების შექმნა-გააქტიურება დაასახელა და იქვე დაამატა, რომ დარწმუნებულია - აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე უნივერსიტეტის არჩეული რექტორი და თითოეული პროფესორი აუცილებლად იზრუნებს. 

შეხვედრაზე, ასევე, კითხვა დაისვა სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო ლიტერატურის შესახებაც. 

„ბოლო პერიოდში მრჩება შთაბეჭდილება, რომ თსუ პოლიტიკური ასპარეზის ველი უფროა, ვიდრე უმაღლესი სასწავლებელი. გარკვეული საკითხები, რომლებიც სტუდენტებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, უკანა პლანზე გადავიდა. მაგალითად, აქ თითქმის შეუძლებელია დისერტაციაზე მუშაობა, რადგან ლიტერატურა ძალიან ცოტაა. ასევე, სერიოზულად დგას დოქტორანტების სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელების პრობლემა და, ზოგადად, უნივერსიტეტში ახალგაზრდა კადრების დასაქმების საკითხიც“, - აღნიშნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა თათია მთვარელიძემ. 

დარეჯან თვალთვაძის თქმით, აღნიშნული ვითარებიდან გამოსავალს შემოერთებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ხედავს. 

„ეს საკითხი სტუდენტებს ნამდვილად აწუხებთ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საკმაოდ მდიდარი წიგნადი ფონდი აქვს, თუმცა აქედან დიდი ნაწილი აქტიურად მოხმარებადი აღარ არის, რადგან მეცნიერება ძალიან სწრაფად ვითარდება. უნივერსიტეტს ბევრი ახალი სამეცნიერო ნაშრომი აქვს შეძენილი, დიდი რესურსია ელექტრონულ ბაზებშიც, რომლებზე წვდომაც თსუ-ს აქვს. რამდენიმე დღეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს ფორუმში, შედეგად დამატებითი სამეცნიერო ჟურნალების ბაზა გვექნება. ვფიქრობ, მომავალში არჩეულმა რექტორმა და არჩეულმა კანცლერმა ერთობლივად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადადგან. 

რაც შეეხება ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმებას, ეს პრობლემა არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ ქვეყანაში არსებობს. რამდენიმე დოქტორანტის დასაქმება პოსტდოქტორანტის სტატუსით მოხერხდა, თუმცა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ეს საკითხი სხვა კუთხით წაიყვანა. ამ მიმართულებით პოტენციალს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში ვხედავ. მათ საკმაოდ მდიდარი წიგნადი ფონდი აქვთ. ამ ინსტიტუტებსა და ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის ინტენსივობის ხარისხი უნდა გაიზარდოს. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავებაზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალ მიზნებზე ორიენტირებული დოქტორანტურისა და მაგისტრატურის პროგრამების მონახაზი უკვე გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ფაკულტეტებზეც მიმდინარეობს მუშაობა“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა. 

28 აპრილის სტუდენტებთან შეხვედრის დასრულებისას დარეჯან თვალთვაძემ დააანონსა, რომ მომდევნო შეხვედრას იგი „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებთან გამართავს.