„აუდიტორია 115“-ის წევრი სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ

20 მაი 2016

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე 5 მაისს სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრებს შეხვდა. მანამდე კი, როცა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში დარეჯან თვალთვაძე გამოცხადდა გამარჯვებულად და ,,აუდიტორია 115”-ის წევრებმა არჩევნების დღესვე მოინდომეს მასთან შეხვედრა, 10 წუთიანი დიალოგი მათ შორის მართლაც გაიმართა და მაშინ დარეჯან თვალთვაძემ „აუდიტორია 115-ის“ წევრებს განუცხადა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი ამოცანა უნივერსიტეტში სასწავლო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა და ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მართვის ორგანოების არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველყოფაა, რაშიც მას სტუდენტების და პროფესურის მხარდაჭერა ესაჭიროება.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 5 მაისს გამართულ შეხვედრაზე ახალი აკადემიური საბჭოს არჩევის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედ აკადემიურ საბჭოს უფლებამოსილება 15 მაისს შეუწყდება. თსუ-ის ყოფილმა რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, ახალი აკადემიური საბჭოს არჩევნები 11 მაისს დანიშნა. პირველ ეტაპზე ფაკულტეტებიდან 2-2 წარმომადგენელი, სულ 14 წევრი აირჩევა. ხოლო უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილების შეტანის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, აკადემიური საბჭო დამატებით შეივსება ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებით. 

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ შეხვედრის წინ ასეთი განცხადება გააკეთა: „მინდა, სტუდენტებს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები გავაცნო - რა სირთულეები გვაქვს, რას ვგეგმავთ და რა თანმიმდევრობით მოხდება ეს ყველაფერი. უპირველესი საკითხი აკადემიური საბჭოს არჩევნებია, რომლის პირველი ეტაპი 11 მაისს არის დანიშნული. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომელსაც მალე წარვუდგენთ დასამტკიცებლად თსუ-ის სენატს. ამ პროექტის მიხედვით, გაიზრდება როგორც აკადემიური საბჭოს წევრთა, ასევე ფაკულტეტის წარმომადგენელ წევრთა რაოდენობა აკადემიურ საბჭოში. სენატის მიერ დამტკიცებული პროექტი გადაეგზავნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად. 

ჩვენი ვარაუდით, მაისის ბოლოს უნივერსიტეტს წესდების ახალი ვერსია ექნება. მხოლოდ ამის შემდეგ, 1 ივლისისთვის, მოხდება აკადემიური საბჭოს გაფართოება, რომელსაც უფლება ექნება აირჩიოს უნივერსიტეტის რექტორი, ასევე უნივერსიტეტის სხვა მმართველი ორგანოები და მისი ხელმძღვანელები, მათ შორის კანცლერიც“, - განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ. 

სტუდენტებთან შეხვედრაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა კანცლერის არჩევნებზე, ახალი აკადემიური საბჭოსა და სენატის რაოდენობრივ შესაბამისობაზე, მხარი დაუჭირა სტუდენტთა პროტესტს თსუ-ის მაღლივი კორპუსის და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ეცდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე არსებული ბაგების 2 სტუდენტური საცხოვრებლის რემონტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მოიპოვოს. თუმცა, მანამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტურ საცხოვრებელში აუცილებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა სტუდენტთა კითხვებს, მათ შორის მინიმალურ სამეცნიერო სტანდარტებზე, პროფესურის ანაზღაურების წესზე და სხვა.

„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. იმედი მაქვს, ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები ყოველთვის არსებობს. 

ჩვენ ვალდებული ვართ, ამ ეტაპზე, ისე ვიმოქმედოთ, როგორც ამას მოქმედი კანონი განსაზღვრავს. სტუდენტებს სურთ და მეც ვეთანხმები მოთხოვნას - განათლების კანონში ცვლილებები შევიდეს, რათა უფრო თავისუფალი მოქმედების საშუალება გვქონდეს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დარეჯან თვალთვაძემ. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა, რომ „ოდეერის“ ფუნქციების შემსრულებელმა პირმა ივა კავსაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.

„ქალბატონი დარეჯანის ჩვენდამი დამოკიდებულება შეცვლილია. შეხვედრაზე პროფესორი ძალიან კონსტრუქციული, ეთიკური, დიპლომატიური და თავშეკავებული გახლდათ. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ძირითადად, გარდამავალი პერიოდის პროცედურულ საკითხებზე ისაუბრა. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს აკადემიური საბჭოს შემადგენლობის უმტკივნეულოდ გაფართოებისთვის. ამ საბჭოში პლურალიზმისა და მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ჩვენი უპირველესი მოთხოვნა იყო“, - ასე შეაფასა რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ. 

„შევთანხმდით, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, მოწოდებულები ვართ თანამშრომლობისკენ და ქალბატონი დარეჯანისგანაც ეს მზაობა დავინახეთ“, - ასეთი კომენტარი გააკეთა შეხვედრის ბოლოს „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა თორნიკე შევარდნაძემ.