თსუ-მ ახალი აკადემიური საბჭოს შემადგენლობა აირჩია

20 მაი 2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნებზე 13 წევრი აირჩიეს. თსუ-ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი დვალიძის განცხადებით - „არჩევნების შედეგად აკადემიური საბჭოს 13 წევრი აირჩა: ირმა ხარშილაძე, ირინე ქურდაძე (იურიდიული ფაკულტეტი), ნოდარ ბელქანია, ამირან ბერძენიშვილი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი), გიორგი ღვედაშვილი, ომარ ფურთუხია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), თამარ აბაშიძე, რუსუდან სანაძე (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი), ელგუჯა მექვაბიშვილი, მარინე მინდორაშვილი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი), პაატა იმნაძე, ნინო ოკრიბელაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი), ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური საბჭოს მხოლოდ ერთი წევრი გამოვლინდა - დავით გოცირიძე. ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს აპოლონ სილაგაძემ და ქეთევან ხუციშვილმა. ხელახალი კენჭისყრის თარიღი უახლოეს პერიოდში დაინიშნება“.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი დვალიძის ინფორმაციით, 791 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში 666-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა სრული შემადგენლობის 84,1%-ია. თსუ-ის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების (ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ახალგაზრდა ადვოკატები“, „განათლების რეფორმის მხარდამჭერთა ასოციაცია“) წარმომადგენლები და ინდივიდუალური დამკვირვებლები აკვირდებოდნენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის კონსტანტინე სალუქვაძის განცხადებით, „აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა“.

თსუ-ის აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 35-მა კანდიდატმა გაიარა. აქედან ერთი კანდიდატი წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, ხოლო ერთმა - თავად გააუქმა განაცხადი. თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების 11 მაისს ჩატარების შესახებ შესაბამისი ბრძანება თსუ-ის ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 20 აპრილს გამოსცა. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი აკადემიური საბჭო მუშაობას 16 მაისიდან შეუდგება. 

ვინ არიან აკადემიური საბჭოს ახალი წევრები?