გადარჩება უნივერსიტეტი? - გადარჩება საქართველო!

28 აპრ 2016

მეკითხებიან, როგორ შევაფასებ უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას. არაა იოლი: ჩვენს უნივერსიტეტს თავისი საუკუნოვანი არსებობის მანძილზე ჰქონია რთული პერიოდები. ახალდაარსებულ უმაღლეს სასწავლებელს ბოლშევიკებმა შეუტიეს და დაარბიეს. დიდი ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტიდან გააგდეს; მისი მხარდამჭერები მძიმე დღეში ჩააგდეს; 1930 წელს დახურეს კიდეც უნივერსიტეტი... მაგრამ რამდენიმე წელში აღდგა მკვდრეთით და ნელ-ნელა აღიდგინა დაკარგული დიდება...

დედა უნივერსიტეტი დედა უნივერსიტეტობდა...

2004 წლიდან დაიწყო მეორე უმძიმესი შეტევა „ნეობოლშევიკებისა“... ამაზე ბევრი დაიწერა... ანალოგიისთვის ერთ ძველ ამბავს მაინც გავიხსენებ: ერთხელ ქართული ენისა და ქართველობის დაუძინებელმა მტერმა კ. იანოვსკიმ იაკობ გოგებაშვილს უთხრა, შენი „დედაენა“ დიდ ადგილს იჭერს სკოლაში, ნახევარი გაარუსულეო; როცა იაკობისგან უარი მიიღო, დაემუქრა - საერთოდ ავკრძალავ „დედაენასო“. იაკობმა თქვა: „ჯობია „დედაენა“ ამ სახით მოკვდეს, ვიდრე ისე წახდეს, როგორც იანოვსკის უნდაო, რადგანაც ამ სახით მკვდარი უფრო ადვილად აღდგება მკვდრეთით, ვიდრე ისე წამხდარი გამოსწორდებაო“... ჰოდა, მოკლეს 1930 წელს უნივერსიტეტი, მაგრამ აღდგა მკვდრეთით; წახდა 2005-2006 წლებში და... მე წამხდარის გამოსწორების სერიოზულ მცდელობას ვერ ვხედავ... ამაზე საუბრის დრო კიდევ მოვა...

***

ახლა კარს აკადემიური საბჭოს არჩევნები მოგვადგა. როგორ საბჭოს ვისურვებდი? ფაქტია, არა ისეთს, როგორიც გვყავდა...

აკადემიური საბჭო 2006 წელს აირჩიეს „ერთგულებისა და მორჩილების“ პრინციპით; არა უნივერსიტეტის ერთგულების, არამედ ხელისუფლებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთგულებისა და მორჩილების პრინციპით. გზა და გზა ხდებოდა ცვლილებები საბჭოს შემადგენლობაში, მაგრამ არ იცვლებოდა შერჩევის მთავარი პრინციპი... მოდით, გავიხსენოთ: პირველ საბჭოში იყო რამდენიმე დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, მინისტრის მოადგილეები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები... ამ ნიშნით შერჩევა შემდგომშიც გაგრძელდა... და, ცხადია, გადაწყვეტილებებიც იყო ისეთი, როგორსაც ზემოდან უკარნახებდნენ ან/და თსუ-ის ადმინისტრაცია მოითხოვდა; საბჭო „საარაკოდ ერთსულოვანი“ იყო. გავიხსენოთ: 2005-2006 წლებში უნივერსიტეტში გაქრა ფაკულტეტები, გაუქმდა კათედრები, დაიხურა კაბინეტ-ლაბორატორიები, მოკვდა სამეცნიერო სექტორი, ქუჩაში აღმოჩნდა ათასობით დამსახურებული მეცნიერი, პედაგოგი და ყოველივე ამის შემოქმედი გ. ხუბუა 2007 წელს აკადსაბჭომ ზარზეიმით აირჩია რექტორად. ამ არჩევნების დროს საბჭოს წევრთა აღტაცებული გამოსვლები გაზეთში დაიბეჭდა... სამარცხვინო იყო ყოველივე ეს... მერე? - იმავე საბჭომ 2010 წელს ერთხმად(!) გადაირჩია წიგნების ქურდობასა და სხვა მრავალ დანაშაულში ბრალდებული გ. ხუბუა; ცხადია, საბჭოს პასუხისმგებლობა არ აუღია თავის თავზე; უბრძანეს და გაუშვეს გ. ხუბუა... ერთხმად აირჩიეს მოვალეობის შემსრულებლად ნ. სურგულაძე... უბრძანეს და ორიოდე კვირაში ერთხმად გადაირჩიეს ნ.სურგულაძე და მოვალეობის შემსრულებლად ერთხმად აირჩიეს საუნივერსიტეტო სფეროსათვის სრულიად უცხო და შეუფერებელი ს. კვიტაშვილი, მერე რექტორად... უბრძანეს და 2013 წელს კვლავ მოვალეობის შემსრულებლად დაამტკიცეს ს. კვიტაიშვილი... ამ საბჭოს „მოღვაწეობაში“ ერთადერთი ნორმალური შემთხვევა იყო ვლ.პაპავას არჩევა; მაგრამ აქ სიტუაცია შეიქმნა საბჭოსათვის არასასურველი: საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდა და ვეღარ გაექცნენ ამას... მერე? მერე ისევ „დალაგდა“ ვითარება და საბჭომ თავისი „ტრადიციული თვისებები“ გაიხსენა 2016 წელს კანცლერის არჩევნების დროს. რომ არა ამ არჩევნებში საბჭოს ასეთი არაპრინციპულობა და უპასუხისმგებლობა, დედა უნივერსიტეტში დღეს სხვა ვითარება იქნებოდა...

მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ძალას, რომელმაც აიძულა ეს აკადემიური საბჭო, შეეწყვიტა თავისი საქმიანობა... კარს მოგვადგა ახალი აკადემიური საბჭოს არჩევნები...

უნივერსიტეტის გადარჩენის ერთ-ერთი გზა სწორედ აკადემიურ საბჭოზე გადის. გვეყოლება პრინციპული, მართალი, პატიოსანი, უნივერსიტეტისა და ქართული საქმის ერთგული საბჭო - გვექნება უკეთესი უნივერსიტეტი...

ისევ ისეთ საბჭოს ავირჩევთ? ჩვენი საშველი არ იქნება. ამიტომ ამ არჩევნების დროს მაინც დავივიწყოთ პარტიული და პირადი ინტერესები; ვიფიქროთ უნივერსიტეტზე, მის ინტერესებზე... გავიხსენოთ დიდი აკაკი წერეთლის შეგონება, ერთ-ერთი არჩევნების დროს რომ თქვა: „კენჭი ჭკუისა და სინდისის საქმეა; მეკენჭეს არ უნდა უღალატოს არც ერთმა და არც მეორემ, თორემ საერთო საქმე წააგებსო“... მივენდოთ „მეკენჭეთა“ ჭკუასა და სინდისს... ათიოდე წლის წინათ ჩვენი ლოზუნგი იყო: „გადარჩება უნივერსიტეტი? - გადარჩება საქართველო!“ და მერწმუნეთ, ეს ასეა! ვიფიქროთ საქართველოზე!...

გიორგი გოგოლაშვილი