მზექალა შანიძის ცხოვრების გზა - 90

28 აპრ 2016

„მოდით, საკუთარი გზებით ვიაროთ... მოდით, ყველამ ვისაუბროთ ჩვენს ნაციაზე, ჩვენს ლიტერატურასა თუ ენაზე: ისინი ჩვენია, ისინი თავად ჩვენა ვართ...“ 

იოჰან გოტფრიდ ჰერდერი

„მან უგრძელესი გალია გზები, უძნელეს გზებზე იარა დიდხანს“.... 

ხალხური კალევალა

მზექალა შანიძის 90 წლის იუბილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14 აპრილს, ქართული ენის დღეს, შემთხვევით არ „დაემთხვა“. სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა სრულიად განსხვავებული ფორმატით, დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ამ დღეს უნივერსიტეტის უხუცესი ემერიტუს-პროფესორი მზექალა შანიძე უჩვეულოდ გულახდილი იყო. 

როგორც ამბობენ, საკუთარი გზის პოვნა და გავლა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. „90 წლის გადმოსახედიდან მზექალა შანიძეს ბევრი გასახსენებელი აქვს, ამიტომაც დავარქვით ჩვენს დღევანდელ შეხვედრას „ცხოვრების გზა“. უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ვიცით, რომ ეს გზა საინტერესო და მრავალფეროვანი იყო - დატვირთული საინტერესო ფაქტებითა და სამეცნიერო მიღწევებით. ისიც კარგად გვახსოვს, რას ნიშნავდა მასთან გამოცდის ჩაბარება - ეს, თითქმის, უნივერსიტეტის დამთავრების ტოლფასი იყო. სამწუხაროდ, დღეს აქ შეკრებილ ახალგაზრდებს ამის საშუალება არ ჰქონიათ, სამაგიეროდ ისინი თავად მოისმენენ ქალბატონი მზექალას აზრს სხვადასხვა საკითხზე და რჩევებსაც მიიღებენ. შეხვედრა ფირზეც აღიბეჭდება, რათა მომავალმა თაობებმაც შეძლონ ამ უნიკალური კადრების ნახვა“, - განაცხადა პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ. 

„დღეს ისტორიული დღეა, რადგანაც 1978 წლის 14 აპრილს მთელი საქართველო ქართული ენის დასაცავად იბრძოდა და ამ დიდ ეროვნულ მოძრაობას სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა და პროფესურა ედგა სათავეში. მათი დამსახურებაა, რომ საქართველომ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი და 14 აპრილი სამუდამოდ შევიდა ჩვენს ისტორიაში, როგორც ქართული ენის დღე. წელს ქართული ენის დღე სიმბოლურად „დაემთხვა“ მზექალა შანიძის იუბილეს და ისიც „აღმოვაჩინეთ“, რომ მას დღემდე არ მიუღია უნივერსიტეტის მთავარი ჯილდო - ივანე ჯავახიშვილის მედალი, რაც „კურიოზად“ შეგვიძლია ჩავთვალოთ და შეცდომა გამოვასწოროთ. ეს ჯილდო მან დიდი ხნის წინ დაიმსახურა უნივერსიტეტის მიმართ ერთგულებითა და სამეცნიერო მოღვაწეობით“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ. 

განსაკუთრებული ჯილდო

დაგვიანებული ჯილდო 90 წლის იუბილარმა მისთვის ჩვეული მოკრძალებით მიიღო და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. მზექალა შანიძემ 1978 წლის 14 აპრილიც გაიხსენა: „ივანე ჯავახიშვილის მედალი უდიდესი ჯილდოა ყველასთვის, ვინც უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული, რადგან ივანე ჯავახიშვილი გახლდათ არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, არამედ დიდი ეროვნული საქმის ფუძემდებელიც, ვგულისხმობ იმ საქმეს, რომელმაც მთელი საქართველოს მომავალი განსაზღვრა. მოხარული ვარ, რომ დღეს, აქ, უფროს თაობასთან ერთად, ახალგაზრდებსაც ვხედავ, ეს მაძლევს იმედს, რომ ჩვენი მომავალი თაობა იცნობს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს ქართულ ენას აქვს და მზად არის თავისი მომავალი მოღვაწეობა ამ საქმეს დაუკავშიროს. სიმბოლურად მიმაჩნია ის ფაქტიც, რომ სწორედ დღეს, ქართული ენის დღეს, ვსაუბრობთ ამ თემაზე. 1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. საუკუნეთა განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მრავალი დამპყრობელი გვეხვია და, წმინდა ლინგვისტურად, ქართულ ენაში ბევრი უცხო სიტყვა შემოვიდა, ქართველი თავის ენას ყოველთვის უფრთხილდებოდა. A ქართული ენის დასაცავად ხალხი გარეთ გამოვიდა. მაშინ ეს ადვილი არ იყო, ქუჩაში ტანკები გამოჩნდნენ, ერმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა და მიაღწია იმას, რომ ცენტრალურ მთავრობას კონსტიტუციის ეს მუხლი „გამოგლიჯა“. დღეს ჩვენ ამ ფაქტს მადლიერებით ვიხსენებთ. მართალია, ქართულ ენას კვლავ ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თანამედროვე თაობა ისეთივე შემართებით შეხვდება დღევანდელ გამოწვევებს, როგორც მაშინ, 14 აპრილს“. 

სტუდენტებმა მზექალა შანიძეს თანამედროვე ქართული ენის პრობლემებზე დაუსვეს შეკითხვები და დაინტერესდნენ, რა სირთულეების წინაშეა დღეს ქართველოლოგიური ენათმეცნიერება. 

„დღეს მსოფლიოში ნათლად იკვეთება, რომ საფრთხე ემუქრება ისეთ ენებსაც კი, როგორიც არის ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური და სხვა. მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ის ფაქტი, რომ მაღალი ტექნოლოგიების და გლობალიზაციის ეპოქაში უკვე ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ხდება ენების შევიწროება ერთი ენის - ინგლისურის მიერ. დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა ექსპანსიამ გამოიწვია ინგლისური ენის გავრცელება და არნახული ძალდატანება სხვა ენებზე. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურისა და სხვა ენების ცოდნა აუცილებელი და სასარგებლოა ყველასთვის, ვინც ჩვენს დარგში მუშაობს, ქართული ენა არ უნდა დავივიწყოთ, რადგან, ერთია ენის შესწავლა მეცნიერული თვალსაზრისით, მეორეა - ის რეალური საფრთხე, რომელსაც ერთი ენა უქმნის მეორეს. დღეს ეს პრობლემები საერთოა მრავალი ენისთვის. მსოფლიოში ბევრი ენაა. ისტორიამ გვიჩვენა, რომ ენების უმრავლესობა უკვე გადაშენდა. ამის მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ჩრდილოეთ კავკასიის ენები დავასახელოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ენა ძალიან ძვირფასი და უნიკალურია. ჩვენ დიდი ხნის წერილობითი ისტორია გვაქვს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ ქართული ენა განაგრძობს არსებობას და გვაძლევს იმედს, რომ მას გადაშენება არ ემუქრება. ჩვენი მიზანია, რომ ქართული ენა ისე განვითარდეს, რომ მან შევიწროების საფრთხე თავიდან აიცილოს“. 

სტუდენტებმა მეცნიერს ჰკითხეს, რა როლი ითამაშა მამამ, აკადემიკოსმა აკაკი შანიძემ მისი, როგორც პიროვნებისა და მეცნიერის, ჩამოყალიბებაში, რაზეც მზექალა შანიძემ უპასუხა: „მამა ჩემს არჩევანში მაინცდამაინც არ ერეოდა. იგი თვლიდა, რომ 13-14 წლის ადამიანმა უკვე თავად უნდა იცოდეს - რა უნდაო, თუმცა, გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი თაობის მთავარი გასართობი წიგნები იყო. ახლაც მახსოვს მარი ბროსეს გამოცემული „ქართლის ცხოვრების“ დიდი, ყვითელყდიანი წიგნი, დიდხანს რომ ვერ ვბედავდი თაროდან მის გადმოღებას. ვკითხულობდით ბევრს, როგორც ქართულ, ისე უცხოენოვან ლიტერატურას. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, ის თავიდანვე ერთადერთი არ ყოფილა - ბიოლოგიაც მაინტერესებდა და იურისპრუდენციაც, თუმცა, ბოლოს, არჩევანი ქართულ ფილოლოგიაზე შევაჩერე, შემდეგ კი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. მამას გავლენით ძირითადად ხელი მეშლებოდა, ვინაიდან ჩემგან ყველა უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ყოველთვის ვფრთხილობდი, რომ მამაჩემის შვილობით რაიმე უპირატესობა არ მქონოდა. ასპირანტურა რომ დავამთავრე, უსამსახუროდ ვიყავი, მამაჩემმა მითხრა, არც იფიქრო, რომ შენი გულისთვის ვინმეს შევაწუხებო. შემდეგ ილია აბულაძემ შემომთავაზა ადგილი ხელნაწერთა განყოფილებაში და იქ დავიწყე მუშაობა“.

სტუდენტები დაინტერესდნენ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის დროს, რაზეც მზექალა შანიძემ უპასუხა: „ჩემთვის ყველაფერი ახალი მნიშვნელოვანია. 1956 წელს ხელნაწერთა განყოფილებაში აღმოვჩნდი, სადაც მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით დავინტერესდი ხელნაწერებით, რომლებიც ყოველთვის „ახალია“ და უნიკალური. 3-ჯერ ვიყავი სინას მთაზე, სადაც ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერების შესწავლა მიმდინარეობდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო, როდესაც ერთ პატარა გრამატიკულ ტრაქტატს მივაკვლიე. ეს ტრაქტატი შენიშვნის სახით არის დაწერილი, მაგრამ რეალურად დამოუკიდებელ სამეცნიერო ნაშრომს წარმოადგენს. თქვენც გი­სურვებთ, ყოველთვის გქონ­დეთ ახლის ძიების სურვილი და ინტერესი”. 

მზექალა შანიძემ კიდევ მრავალ საკითხზე და პრობლემაზე ესაუბრა სტუდენტებს და მათ სწორად მეტყველებისკენ მოუწოდა: „ენობრივი ცენზურა აუცილებელია. კარგი ქართულით უნდა იწერებოდეს როგორც ქართული, ისე სხვა დარგის სახელმძღვანელოებიც. Aახალგაზრდები თვალყურს უნდა ადევნებდეთ საკუთარ მეტყველებას. უარყავით ის ენობრივი შტამპები, რომელიც ყოველდღიურად გესმით ტელევიზიიდან, წადით სოფლებში, ჩაიწერეთ სიტყვები, იკითხეთ საუკეთესო მწერლების ნაწარმოებები და თქვენ თვითონ ისწავლეთ კარგი ქართული. დღევანდელი ქართული ენა (არ მეშინია ამ სიტყვის ხმარების) წაბილწულია არა­სწორი ფორმებით, უხე­ში და უცენზურო გამოთქმებით... თითოეულმა გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ და, როგორც დათა თუთაშხია იტყოდა - „თქვენი წილი ბოროტება მოსპეთ“. 

უფროსი თაობის კოლეგებმა, მზექალა შანიძის სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, მისი კულინარიული „ოსტატობაც“ გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ დიდი მეცნიერი წარმატებით უძღვებოდა საოჯახო საქმეებს, რაზეც ქალბატონმა მზექალამ ღიმილით უპასუხა: „ჩემი ახალგაზრდობის დროს ქალებს ბევრი შრომა გვიხდებოდა ოჯახში, ამიტომ მეც ვაკეთებდი იმას, რასაც ყველა ქალი. ვამზადებდი საჭმელს, დავდიოდი ბაზარში, ვრეცხავდი. რაც შეეხება საჭმლის გემრიელად მომზადების საიდუმლოს, ეს საიდუმლო გახლავთ ის, რომ ყველაფრის კარგად გაკეთება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ხარისხიანად აკეთებ. მურაბა მაშინ იქნება კარგი და არ ამჟავდება, თუ შაქარს არ დააკლებ - ხარისხი ყველაფერში მნიშვნელოვანია“.

სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრის შემდეგ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ორგანიზებით მეცნიერის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა