სტუდენტური თვითმმართველობის როგორ რეფორმას ითხოვს „აუდიტორია 115“

19 აპრ 2016

რა არ მოსწონს სტუდენტურ ჯგუფს ახალ კანონპროექტში?

უნივერსიტეტის სტუდენტები 16 აპრილიდან ისევ აქციებს აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით მათ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სამინისტროს მხრიდან მათთვის მიცემული პირობა არ შესრულდა და, ამდენად, საპროტესტო აქციებს ისევ განაახლებენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს აპროტესტებს „აუდიტორია 115.“ სტუდენტების განცხადებით, კანონის სამუშაო ვერსიაში მათი მოთხოვნები გათვალისწინებული არ არის. ისინი თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმებას და „ოდეერების“ მიერ უნივერსიტეტის დაუყონებლივ დატოვებას მოითხოვენ. მათი აზრით, განათლების სამინისტრო სტუდენტებს სთავაზობს არა თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმებას, არამედ მის ჩანაცვლებას სხვა სახელის მქონე, ასევე ბიუროკრატიული და, გარკვეულწილად, იერარქიული ორგანოთი.

„არ ვაპირებთ ჩვენი მოქმედებებისა და მიზნების ლოკალიზებას მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობების მიმართულებით. სტუდენტური თვითმმართველობა არის უბრალო რგოლი ამ მანკიერი სისტემისა. ჩვენი დღის წესრიგი სწორედ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ უამრავ პრობლემაზე მუშაობაა.

გვაქვს ოთხპუნქტიანი მოთხოვნა, რაც აქამდე არ დაკმაყოფილებულა: 

1) მოვითხოვთ განათლების სისტემის სრულ რეფორმირებას და მეცნიერების პრიორიტეტად ქცევას, რაც გულისხმობს გარე რეფერირებას და სხვა საკითხებს;

2) სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმებას და წარმომადგენლობითი ფუნქციის გადაცემას საბჭოებში პირდაპირი წესით არჩეული სტუდენტებისთვის;

3) რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის ახალი, დემოკრატიული წესის შემუშავებას;

4) „ოდეერების“ მიერ უნივერსიტეტების დაუყოვნებლივ დატოვებას;

სახელმწიფო და განათლების სამინისტრო სტუდენტების მოტყუებას ცდილობენ, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ქვეყნისთვის განათლება არ გახდება პრიორიტეტული დარგი და არ განხორციელდება ძირეული ცვლილებები. ჩვენ ვითხოვთ განათლების რეფორმას! “ - აღნიშნულია სტუდენტების მიმართვაში. 

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ წინადადებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ სტუდენტურ თვითმმართველობაშიც. თვითმმართველობის წევრები უნივერსიტეტის საქმიანობაში სამინისტროს რაიმე ფორმით ჩარევას ეწინააღმდეგებიან, რადგან ეს უნივერსიტეტის ავტონომიის ხელყოფას ნიშნავს. მათი აზრით, უნივერსიტეტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს - როგორი სახის თვითმმართველობა ეყოლება. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თვლის, რომ ახალი კანონპროექტი სასწავლებელში არსებულ მდგომარეობას გამოასწორებს. „ჩვენ ოპტიმალური ვარიანტი შევთავაზეთ სტუდენტებს. თვითმმართველობა ახალ პროექტში არ ფიგურირებს, არის სხვა სტრუქტურა, რომელიც ბევრად უფრო დემოკრატიულია“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თვითმმართველობები გაუქმდება და მათ ნაცვლად სტუდენტური კლუბები შეიქმნება, რომლის წევრებსაც აირჩევენ ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, 2 წლის ვადით.

პროექტის მიხედვით, სტუდენტურ კლუბში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს აკადემიური უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის სტუდენტი.

სტუდენტური კლუბების მართვის ორგანო იქნება სტუდენტური საბჭო. თითოეული სტუდენტური კლუბი სტუდენტურ საბჭოში თავისი შემადგენლობიდან აირჩევს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელს, მაგრამ არაუმეტეს სამისა. მათი რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 

სტუდენტური საბჭოს საქმიანობას ორგანიზებას გაუწევს თავმჯდომარე და სპიკერი, რომლებსაც სტუდენტური საბჭო თავისი რიგებიდან აირჩევს. 

ხოლო აქტივობებზე და სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხას მონიტორინგს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული გაუწევს. 

მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების შედეგად სტუდენტები აცხადებენ: „არსებობს ეჭვი, რომ სამინისტროზე მოხდა ზეწოლა ძალოვანი სტრუქტურების მიერ. მათ ჯერ დააგვიანეს კანონპროექტის გამოგზავნა, საბოლოოდ კი სტუდენტებს შესთავაზეს კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი, რომელიც, ფაქტობრივად, თვითმართველობის მხოლოდ „რებრენდინგს” ითვალისწინებს. ანუ სტრუქტურული ერთეული სხვა სახელით ისევ იარსებებს“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს „აუდიტორია 115“-ის წევრებმა, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა: გიორგი არობელიძემ და ნათია ქარჩილაძემ.

გიორგი არობელიძე:

- „აუდიტორია 115“ წევრების შეხვედრა განათლების მინისტრთან უშედეგოდ დასრულდა, რადგან განათლების სამინისტრო არაა მზად გაითვალისწინოს ჩვენ მიერ შეთავაზებული მთავარი - თანასწორობის პრინციპი. 

გვაქვს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემებს ეხება. პირველი ეს არის სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეფორმის მაგივრად შემოგვთავაზა ის, რომ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ტერმინ „თვითმმართველობას“ ჩაანაცვლებს სიტყვათშეთანხმება - „სტუდენტური კლუ­ბი“.

სტუდენტური აქციების შემდეგ სამინისტრომ მოგვცა პირობა, რომ ყველა ჩვენს პრინციპს გაიზიარებდა; მოხდებოდა სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმება და ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გამორიცხავს რაიმე ჯგუფის უპირატეს მდგომარეობაში ყოფნას.

ორი შეხვედრა გვქონდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომელსაც მინისტრი პირადად ესწრებოდა. ბოლო შეხვედრა 1 აპრილს გაიმართა, სადაც ჩვენ ის თეზისები წარმოვადგინეთ, რომლის მიხედვითაც ახალი კანონი უნდა შემუშავებულიყო. სამინისტრომ მოიწონა ჩვენ მიერ წარმოდგენილი თეზისები და მზადყოფნა გამოთქვა მუშაობის დასაწყებად. 

მათგან მივიღეთ პირობა, რომ კანონპროექტს უახლოეს დროში გადმოგვიგზავნიდნენ. ერთი კვირის შემდეგ კი მოგვდის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ტერმინ „სტუდენტურ თვითმმართველობას” ანაცვლებს ტერმინი „სტუდენტური საბჭო” და „სტუდენტური კლუბი”, სხვა ყველაფერი კი იგივე რჩება: ისევ პრეზიდენტი, ისევ მოადგილეები და ა.შ. წარმოგვიდგინეს თვითმმართველობის აბსოლუტურად იდენტური სტრუქტურა, მხოლოდ ერთი განსხვავებით - ახალი კანონმდებლობის თანახმად, ამ ორგანოს უკვე თავისი ბიუჯეტი ექნება.

რა მოხდა, რატომ შეიცვალა რადიკალურად თავისი მოსაზრება განათლების სამინისტრომ?

პასუხი მგონი ყველასათვის ნათელია. ჩვენი ვარაუდით, საქმეში ჩაერთო უშიშროების სამსახური. რა თქმა უნდა, მას არ აწყობს სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმება და თუ რატომ, ეს ყველამ კარგად იცის. 

ჩვენ გვინდა, რომ კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ” შეიცვალოს. ცვლილების თანახმად, ბუნებრივად შეიქმნება უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბები, ისე, როგორც ეს არის დასავლეთის უნივერსიტეტებში, რომელიც გულისხმობს ინტერესების გარშემო გაერთიანებულ სტუდენტებს. ასეთი კლუბები დღეს უნივერსიტეტში არსებობს, მაგალითად პოლიტოლოგთა კლუბი და სხვა. ისინი თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ პროექტებს და ა.შ. 

თსუ-ში უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც წელიწადში რამდენიმე საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს. სტუდენტური საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ერთი იდეის გარშემო გაერთიანდება, ამ კომისიაში თავის განაცხადს შეიტანს და კომისია, განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ამ პროექტს ან დააფინანსებს, ან - არა. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კანონპროექტში ასახულია რამდენიმე სერიოზული დეტალი: კერძოდ, კანონპროექტი ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლების პირდაპირი წესით არჩევას გვთავაზობს. სენატის წევრ სტუდენტებს ფაკულტეტის საბჭოში არჩევა ეკრძალებათ, ანუ ორი საბჭოს წევრობა. ამასთანავე, სამინისტრო რეგულაციებს აწესებს სტუდენტთა ხარჯების გამოყენების საკითხებზეც.

ხშირად აპელირებენ, რომ თუ თვითმმართველობას გავაუქმებთ და კლუბურ სისტემაზე გადავალთ, სტუდენტების უფლებების დაცვას ვეღარ უზრუნველვყოფთ, რაც არასწორია. თუ ჩვენ მივაღწევთ, რომ სტუდენტი ფინანსურ რესურსებთან წვდომას ჩამოვაშორეთ, მაშინ არჩევნებში მონაწილეობას ისეთი სტუდენტები მიიღებენ, რომლებიც იაქტიურებენ საფაკულტეტო საბჭოებზე, სენატში და მართლა საქმეს გააკეთებენ. ყველა სტუდენტი თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს. 

ხოლო რაც შეეხება სტუდენტის თუU სტუდენტური ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პროექტის დაფინანსებას და ფინანსურ ანგარიშვალდებულებას შესაბამის ორგანოსთან, ამისთვის შეიქმნება საფაკულტეტო კომისია, რომელიც პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ბუნებრივია, პირველ რიგში პრიორიტეტი იქნება მეცნიერება და განათლება, ხოლო შემდეგ კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. გარდა ამისა, კომისიას გაწერილი ექნება ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასდება სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტები. ეს თავისთავად გამოიწვევს იმას, რომ გაჩნდება უამრავი სტუდენტური ინიციატივა და მათთვის შეიქმნება თანაბარი სასტარტო პირობები. ამ შემთხვევაში, სტუდენტური თვითმმართველობაც შეიძლება გადაკეთდეს ახალ ერთეულად და მონაწილეობა მიიღოს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. 

სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში კიდევ ბევრი საკითხია გადასახედი. მაგალითად, რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევნების საკითხი. კანონპროექტის მიხედვით, რექტორს და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევს არა საარჩევნო კოლეგია, როგორც ეს დადგენილია მოქმედი კანონით, არამედ აკადემიური საბჭო, რაც უნივერსიტეტის დემოკრატიულობის ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს, მაშინ, როდესაც, უნივერსიტეტში უამრავი სტუდენტი სწავლობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გაიზარდოს როგორც სტუდენტთა, ისე აკადემიური საზოგადოების ჩართულობა, რომელიც გამოიწვევს ამ პროცესების გაჯანსაღებას. როგორც გამოჩნდა, თსუ-ის აკადემიურ საბჭოს აღარ შესწევს ძალა უნივერსიტეტში ძირეული ცვლილებები განახორციელოს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტში დღეს არის კლანური მმართველობა და კლანებს შორის დაპირისპირება, თუნდაც აკადემიურ საბჭოში.

ნათია ქარჩილაძე:

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თვითმმართველობის რეფორმის ჩვენეული ხედვა შევთავაზეთ. ვითხოვდით, რომ თვითმმართველობის სტრუქტურა, როგორც ასეთი, გაუქმებულიყო და საფაკულტეტო საბჭოებში მომხდარიყო სტუდენტების პირდაპირი არჩევა. 

რეალურად, განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა ის, რომ თვითმმართველობის სახელი, უბრალოდ, კლუბების სახელით ჩაანაცვლა და ის ბიუროკრატიული სისტემა, რაც სტუდენტურ თვითმმართველობას ჰქონდა, კვლავ ისე დატოვა. 

ერთადერთი წინსვლა, ჩვენი აზრით, არის ის, რომ საფაკულტეტო საბჭოებზე სტუდენტების არჩევა პირდაპირი წესით მოხდება, სწორედ ისინი მიიტანენ სტუდენტურ ხმას უნივერსიტეტის მმართველ ორგანოებთან. მინისტრის ერთ-ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა არსებობდეს სტრუქტუირებული კლუბები, არის ის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაკვდება სტუდენტური ცხოვრება, რაშიც ვერ დავეთანხმებით. ამის საშიშროება ნამდვილად არ შეიქმნება. 

მაშინ, როცა უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ გრანტებზე თავისუფალი წვდომა იქნება, უფრო მეტი სტუდენტური კლუბი შეიქმნება და უფრო მეტი სტუდენტი ჩაერთვება სხვადასხვა აქტივობებში. დარწმუნებული ვარ, თუ თვითმმართველობის სახით ბიუროკრატიული სისტემა არ იარსებებს, სტუდენტთა დაინტერესება უფრო დიდი იქნება. როდესაც ჩვენ სამინისტროს სტუდენტური კლუბების შექმნის ინიციატივაზე ვესაუბრებოდით, ვგულისხმობდით არა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას, არამედ მის გაწერას შიდა საუნივერსიტეტო დებულების სახით.

გარდა ამისა, სამინისტროს შევთავაზეთ „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონპროექტში შეეტანა კიდევ ერთი შესწორება, რომელიც რექტორის არჩევის წესს შეეხებოდა. კანონპროექტის მიხედვით, რექტორს აირჩევს აკადემიური საბჭო, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით. აუცილებელია, რომ რექტორის არჩევნების უფრო დემოკრატიული მეთოდი დაინერგოს. თუ აკადემიურ საბჭოში ღირსეული, მიუკერძოებელი წარმომადგენლები გვეყოლება, მაშინ ეს გამართლებული იქნება, მაგრამ ამის გარანტიებს არავინ მოგვცემს. უნივერსიტეტში დღეს არსებობს კლანები, რომლებიც გარკვეული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავენ. 

რადგან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ვაპირებთ, დავწეროთ კანონპროექტის ჩვენეული ვერსია და უკვე პარლამენტის გზით დავიწყებთ მის ლობირებას. რა პროექტიც განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა, იმის ფორმირებას აზრი არ აქვს, არც მის პუნქტობრივ ჩასწორებას, რადგან ძირეული საკითხები შეუთანხმებელია. 

მინდა, ერთ ფაქტზეც გავამახვილო ყურადღება: რატომღაც ხდება იმის ინტერპრეტირება, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი - სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმაა. ეს ასე არ არის! ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა, რომელიც უკვე გავაჟღერეთ. ეს საკითხები თვითმმართველობის თემაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია.