შალვა საბაური: მხოლოდ თსუ-ში მიმდინარე პროცესების გამო არ შეიძლება კანონში ცვლილებების შეტანა!

19 აპრ 2016

ავტონომიის დარღვევა და სტუდენტების თავისუფლების შეზღუდვა - ასე აფასებს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებათა კანონპროექტის დრაფტს. შალვა საბაური მიიჩნევს, რომ კანონის რეფორმირების პროცესში საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობა უნდა ჩაერთოს, რადგან მომზადებული კანონპროექტის დრაფტი უშუალოდ მათ ეხებათ. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცვლილებების საკუთარ მოდელსაც წარუდგენს.

რატომ აფასებს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს ავტონომიის შეზღუდვად? რა პოზიცია აქვთ მის წევრებს? გვესაუბრება თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური.

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებათა კანონპროექტის დრაფტი მოამზადა. როგორ აფასებს შემოთავაზებულ მოდელს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა?

- ჩვენი პოზიცია არის ასეთი: თუ საკანონმდებლო დონეზე ხდება ცვლილება, უნდა აიხსნას - რატომ დგას ამის საჭიროება, რადგან „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 45-ე მუხლით და კიდევ რამდენიმე პუნქტით უზრუნველყოფილია სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ფუნქცია - ფაკულტეტების საბჭოებში სტუდენტების წარმომადგენლობა. სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი ფუნქცია კანონში გაწერილი არ არის და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული სტუდენტები წყვეტენ, თუ როგორ დაალაგონ ეს სტრუქტურა. შესაბამისად, ასე ხისტად ერთი მოდელის შეთავაზება, რომელიც კანონში ჩაიდება და ყველა ამას უნდა მოერგოს, არასწორია. ეს ნიშნავს პირდაპირი წესით ავტონომიის შეზღუდვას. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს კლუბური მოდელი შემოდის, შინაარსობრივად ასე არ არის - ფაკულტეტის თვითმმართველობებს ერქმევა სხვა სახელი - კლუბი და ცალკე საინიციატივო ჯგუფებს თავისთავად შეუძლიათ პროექტების შეტანა ადმინისტრაციაში, რომლისთვისაც გარკვეული მოჭრილი თანხა იარსებებს ისევე, როგორც სტუდენტური საბჭოსთვისაც იარსებებს მოჭრილი თანხა. პრაქტიკულ დონეზე იქმნება ბიუჯეტი, რომელიც წინასწარ დამტკიცდება წარმომადგენლობით საბჭოზე. ეს არასწორია, რადგან იგივე ადმინისტრაციული გავლენაა... ზოგადად, კლუბების დებულებას ამტკიცებს სენატი, სადაც სტუდენტების შემადგენლობა 1/3-ია და პროფესორებს შეუძლიათ შეუზღუდონ სტუდენტებს უფლებამოსილებები. სტუდენტური თვითმმართველობა კი არის სტუდენტების ხმა და მისი ნებისმიერი სახით შეზღუდვა ან ამის თეორიულად დაშვება არასწორი და არალოგიკურია. დღეს მოქმედი კანონით, სტუდენტების თავისუფლება დაცულია. სტუდენტებს შეუძლიათ თვითონ შეარჩიონ მოდელი – როგორი თვითმმართველობა სურთ ყავდეთ, რა უნდა რომ გააკეთონ და ა.შ.

- ფაქტობრივად, თქვენი შეფასებით, ამ ცვლილებების დაკანონების შემთხვევაში, ადმინისტრაციას სტუდენტური თვითმმართველობის კონტროლის ბერკეტი ექნება?

- დიახ! და კიდევ, ეს, ასევე, ნიშნავს ავტონომიაში ხისტად ჩარევას. სტუდენტს თავად უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს - როგორი მოდელის თვითმმართველობა სურს უნივერსიტეტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 000 სტუდენტი სწავლობს, ამიტომ 80, 200 ან თუნდაც უფრო მეტს, როდესაც ასეთი ფორმით უნდათ სტუდენტური თვითმმართველობის შეცვლა (თანაც ოფიციალური ორგანიზების გვერდის ავლით), ავტონომიის დაცვა კი არა, ავტონომიის შეზღუდვა სურთ ფრაზის - „ავტონომია უნივერსიტეტს“ - საფარქვეშ. ამ შემთხვევაში სხვა ადამიანების აზრი იზღუდება. დემოკრატიულად უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს - როგორი მოდელის სტუდენტური თვითმმართველობა სურს იყოს უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენი მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობა 6 000-მა ამომრჩეველმა აირჩია და საარჩევნო პროცესში არც ერთი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. მისი არალეგიტიმურად გამოცხადება თვითგამოცხადებული ორგანიზაციის მიერ ცალსახად არალეგიტიმურია. ყველაფერს აქვს თავისი სამართლებრივი ჩარჩო, როგორც კი პროცესი ამ ფარგლებს გასცდება, იწყება არეულობა. სტუდენტურ თვითმმართველობას, რა თქმა უნდა, რეფორმა სჭირდება! ნებისმიერი ორგანიზაციის ვალია - განვითარდეს და თანამედროვე გარემოს მოერგოს, მაგრამ, თუ არ ამბობ - რას ცვლი, როგორ და რატომ, მაშინ ეს, უბრალოდ, პოპულიზმია.

- სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის საკითხი მისი რეპუტაციის გამოც დადგა. წლების განმავლობაში არა ერთი უარყოფითი შეფასება ხმიანდებოდა ამ ინსტიტუტის მისამართით...

- კარგად უნდა გაიმიჯნოს წარსული და ახლანდელი პერიოდი. ჩვენი მოწვევის თვითმმართველობამ შეძლო ემუშავა ისეთ ვითარებაში, როდესაც სრული დეპოლიტიზება განვახორციელეთ და არც ერთი ძალადობის ფაქტი არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. ვგულისხმობ ამ ინსტიტუტის არაეთიკურად მოხსენებას, წევრი სტუდენტების დემორალიზაციის მცდელობას და ა.შ. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის, რომ ამ კანონპროექტის დრაფტში წერია, რომ „ახლა თვითმმართველობაში ყველა საფეხურის სტუდენტს შეეძლება, რომ არჩეულ იქნას“. ახლა რა, ასე არ არის? ამ მოწვევის თვითმმართველობაში უმაღლესი საგანმანათლებლო სამივე საფეხურის სტუდენტები არიან. ასეთი ფორმულირებით პროექტის დაწერა ნიშნავს იმას, რომ კანონი კარგად არ ესმით.

- ახლა რას აპირებთ, გეგმავთ თუ არა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თქვენი წინადადებები მიაწოდოთ?

- ჩვენ ჩვენეულ მოდელს შევთავაზებთ. ვფიქრობთ, რომ განათლების სამინისტროს უნდა ჰქონოდა ისეთი პოზიცია, როგორც ნებისმიერ სხვა სამინისტროს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული კანონის რეფორმირებაში, ანუ სამინისტროს უნდა შეეძლოს კანონის იმგვარად ინტერპრეტაცია, რასაც ეს კანონი გულისხმობს. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლი უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის დამოუკიდებლობას. ის, რომ მხოლოდ სტუდენტურ თვითმმართველობას აქვს წვდომა რესურსებზე, არ არის სწორი. რაღაც ლოგიკით სტუდენტური თვითმმართველობა სხვებზე უკეთ მოქმედებს, რადგან დაგროვდა გამოცდილება და წევრმა სტუდენტებმა იციან - ესა თუ ის პროექტი როგორ განახორციელონ, როგორ გაიწეროს ფინანსური ხარჯთაღრიცხვა და როგორ უნდა წარმართონ უნივერსიტეტში არსებული ბიუროკრატიის წინააღმდეგ ლოჯისტიკური ბრძოლა. სტუდენტების საინიციატივო ჯგუფებსა თუ კონკრეტულ სტუდენტებსაც ვეხმარებით ამა თუ იმ იდეის განხორციელებაში. მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 000 სტუდენტი სწავლობს და თითოეულ მათგანს ვერ გამოვკითხავთ - რამე იდეა აქვთ თუ არა, სტუდენტური თვითმმართველობა მათ ინტერესებს ემსახურება და, სურვილის შემთხვევაში, უნდა მოგვმართონ. ვინც იყენებს ამ რესურსს, კმაყოფილი რჩება. ვფიქრობ, რომ დღევანდელი კანონი ძალიან კარგია და ვისაც მისი ცვლილება სურს, ჯინიანი ბავშვივით იქცევა. სტუდენტური თვითმმართველობა არ მოსწონს 80 კაცს და დღევანდელ ვითარებაში უკვე ესეც გაზრდილი რაოდენობაა. სტუდენტური თვითმმართველობა არავის ჩაგრავს, პირიქით, ჩვენი კარი ღიაა კომუნიკაციისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, კონსტრუქციულ რეჟიმში.

- წესდების მიხედვით, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს. განსაზღვრულია თუ არა ზუსტი თარიღი?

- თვითმმართველობის არჩევნები წესითა და რიგით ტარდება მაისში, ანუ ჩვენ გვაქვს რეგულაცია, რითაც ეს თვე არის განსაზღვრული, რადგან ამ მოწვევის თვითმმართველობას ორი წელი უსრულდება. 30 ან 40 დღით ადრე უნდა გამოცხადდეს არჩევნების ზუსტი თარიღი, რადგან ვისაც მონაწილეობის სურვილი აქვს, მოსამზადებელი პერიოდიც უნდა ჰქონდეს.

გვაქვს კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც გულისხმობს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია გარკვეული ვადით არჩევნების გადაწევა. ახლა, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობის რებრენდინგზე მიდის საუბარი და სამინისტროსაც სურს ცვლილებების მოსამზადებლად დრო ჰქონდეს, შესაძლოა არჩევნები გადაიდოს. თუმცა, ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს კანონპროექტის დრაფტია და მასზე მუშაობა კიდევ საჭიროა. თანაც, ძალიან ცუდია, რომ ამ პროცესში არ არის ჩართული სტუდენტთა ის ჯგუფი, რომელსაც სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მოგებული აქვს.

- თქვენ ხომ შეგიძლიათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფრო აქტიური თანამშრომლობა შესთავაზოთ?

- როდესაც კანონზე მუშაობა იწყება, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩაერთოს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, სამთავრობო დონეზე, არსებობს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც არასამთავრობო სექტორიც ჩართულია. თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ სურს მათთან თანამშრომლობა, მაშინ შეუძლია - თავადაც შექმნას მსგავსი სივრცე. ჩემი მოსაზრებით, საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ეს მათ ეხებათ. თუნდაც, მხოლოდ თსუ-ში მიმდინარე პროცესების გამო არ შეიძლება კანონში ცვლილებების შეტანა და ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მისი თავზე მოხვევა; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შემოთავაზებული მოდელი არასწორი და ნაკლებად დემოკრატიულია.